- ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ხშირად იწერებოდა, რომ ომების მომავალი დრონებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ დრონების შესაძლებლობა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა: თუკი ომის პირველი თვეების განმავლობაში დაჭრილები და დაღუპულები ძირითადად საარტილერიო დარტყმებზე მოდიოდა, ახლა ეს ტენდენცია დრონების სასარგებლოდ შეიცვალა. ბოლო თვეებია ომში მსხვერპლის 50% დრონების მოქმედებაზე მოდის. არის ვერსია რომ შეიძლება ეს რიცხვი მეტიც შეიძლება იყოს. უშუალოდ ტყვიით მოკლული ან დაჭრილი ტყვეების რაოდენობა 5%-ს არ აღემატება.
ეს ყველაფერი უკრაინას გარკვეულ უპირატესობას აძლევს და ცოცხალი ძალის დეფიციტის დაბალანსების წყაროც ხდება. უკრაინელები ათასობით დრონს იყენებენ ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გასანადგურებლად - ერთ სამიზნეზე რამდენიმე ათეულსაც კი. ამასთან, იმ ფონზე, რომ დასავლურ დრონებში ხელოვნური ინტელექტის ელემენტი უკვე არსებობს, ეს გრძელვადიანად უპირატესობის საშუალებას იძლევა თუმცა ომების ხასიათს კიდევ უფრო შეცვლის.
უკრაინელებმა შეიმუშავეს კიდევ ერთი ტექნოლოგია: დაიწყეს უპილოტო საზღვაო დრონიდან მფრინავი სამხედრო დრონების გაშვება. ამით რუსული საზღვაო სამიზნეები და ყირიმი უფრო მეტად დაფარვადი ხდება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რის გამოც ბოლო კვირებია ყირიმში უკრაინული დრონები აქტიურ იერიშებს ახორციელებენ.
- კრემლი ყოველგვარი სერიოზული მოლაპარაკების წინააღმდეგია თუკი მას ეს უკრაინის კაპიტულაციას არ მოუტანს. როგორც მოსალოდნელი იყო არ იმუშავა რამდენიმე დღის წინ მიღწეულმა შეთანხმებამ - ირანული წარმოების რუსულმა დრონებმა მასირებული დარტყმები მიიტანა დნიპროსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე. სამიზნეებს შორის ენერგოინფრასტრუქტურა იყო.
გარდა სამხედრო კომპონენტისა თავად ვლადიმერ პუტინის განცხადებიდანაც ნათელი შეიქნა, რომ კრემლი სერიოზულად არ უდგება მოლაპარაკებების პროცესს და მხოლოდ პოლიტიკურ თამაშშია ჩართული: მოსკოვი უკრაინაში ხელისუფლების დაუყოვნებლივ ცვლილებას ითხოვს და მხოლოდ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში განიხილავს სერიოზულად მოლაპარაკების საკითხს. პუტინის ვერსიით თუნდაც გაეროს მიერ იყოს ჩამოყალიბებული უკრაინის ახალი მთავრობა, მაგრამ მას აღარ უნდა წარმოადგენდნენ ზელენსკი და მისი გუნდი. ამ ყველაფრით უკრაინაში შიდა არეულობის მიღწევას ცდილობს იგი, ხოლო საერთაშორისოდ ისე წარმოაჩენს თავს, თითქოს კომპრომისის ძიებას სერიოზულად უდგებოდეს.
- რუსეთი საგაზაფხულო/საზაფხულო შეტევისათვის ემზადება. რუსეთის მიერ წარმოებული ტექნიკის საკმაოდ დიდი ნაწილი ფრონტის ხაზზე აღარ ჩანს. საგაზაფხულოდ გაწვეული სამხედროების მომზადებაც გრძელდება. შესაძლოა რუსეთი მრავალმიმართულებიანი და შეიძლება უკანასკნელი ამგვარი შეტევისათვისაც კი ემზადებოდეს. სასაზღვრო რაიონებში რუსული ცოცხალი ძალის თავმოყრა გრძელდება.
რეალურად რუსეთს ორი მიდგომა აქვს ამ ომში: ან მასობრივი, რამდენიმე ფლანგიანი შეტევით დაამარცხოს უკრაინა ან გრძელვადიანი, გამოფიტვის პოლიტიკა აწარმოოს. ამ ორ ვარიანტს პერიოდულად კომბინირებულად ვადევნებთ ხოლმე თვალს, მაგრამ ნათელია, რუსეთს ომში გამარჯვების რწმენა არ დაუკარგავს. და როდესაც გამარჯვებას ვწერ არ ვგულისხმობ მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, არამედ ოლქების საზღვარზე გასვლასა და საოლქო ცენტრების დაკავებასაც კი.
უკრაინაც ემზადება. ბევრი ახალი ბრიგადა ჩამოყალიბდა ამ ერთ წელიწადში, ხოლო ძველ ბრიგადებში, რომელშიც ცოცხალი ძალის დეფიციტი იყო თანდათან შეივსო. ამასთან, სამხედრო ნაწილების გამსხვილებაც და საარმიო კორპუსებად გარდაქმნაც მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პოტენციური ინდიკატორი უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევის დაწყებისა ისიც შეიძლება გახდეს, თუკი რუსეთი ნაგროვები ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების ერთიან გახარჯვას დაიწყებს უკრაინული ქალაქებისა და პოზიციები წინააღმდეგ.
- აღმოსავლეთის ფრონტზე, დონეცკის ოლქში, ქალაქი ტორეცკისათვის ბრძოლა საკვანძო ფაზაშია შესული. ქალაქს რუსები მერვე თვეა უტევენ. ნიუ-ორკის დაკავების შემდეგ ქალაქს სამხრეთის დამცავი პოზიციები მოერღვა, რის შემდეგაც რუსები ქალაქის ფარგლებს შიგნით 2024 წლის აგვისტოში შევიდნენ. მიუხედავად სწრაფი წინსვლისა და ქალაქის 90%-ის დაკავებისა, უკრაინელებმა ამ თვის დასაწყისში მასირებული კონტრშეტევა წამოიწყეს, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს, ხოლო ფლანგებიდან რუსი სამხედროები ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშეც კი დგანან, თავი რომ დავანებოთ გართულებულ ლოჯისტიკას. ალბათობა იმისა, რომ რუსები ალყაში მოექცნენ მაღალი არაა, რადგან გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში უკან დახევას ვიხილავთ, მაგრამ დიდი რაოდენობით ტყვეების მოპოვება უკვე შეძლეს უკრაინელებმა, ისევე როგორც რუსული ჯავშანტექნიკის განადგურება.
ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ რუსები წინსვლის გაგრძელებით ცდილობენ უკრაინელთა შეტევის მოგერიებას, რაც ზოგადად იმის მანიშნებელია, რომ ფრონტის ხაზზე წინსვლის მცდელობა ორივე მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქი ტორეცკისათვის ბრძოლა ამ ომში ერთ-ერთ საკვანძო წერტილადაა წარმოდგენილი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლიდან ამ მიმართულებაზე მხოლოდ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ.
- დონეცკის ოლქში ქალაქი პორკოვისათვის ბრძოლა მის შემოგარენში გრძელდება. მიუხედავად რუსული კოლოსალური დაწოლისა მათ დასახლების არათუ აღება ვერ შეძლეს, მის შიგნით შეღწევაც კი ვერ მოახერხეს. ქალაქი პოკროვსკი ძალიან კარგადაა გამაგრებული, ხოლო მისი შემოგარენი ფორტიფიცირებულია. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქის დასავლეთით რამდენიმე შრიანი თავდაცვის ზღუდეა მოწყობილი, რაც რუსების შემდგომ წინსვლას ძალიან გაართულებს. ამ დონეზე გამაგრებული პოზიციების უკრაინელებს ფრონტის სხვა ხაზებზე შეიძლება არც კი ჰქონდეთ.
ამასთან, ბოლო სამი კვირაა უკრაინული კონტრშეტევა მიმდინარეობს პოკროვსკის სამხრეთით, რასაც ოთხი დასახლებული პუნქტის გათავისუფლებაც მოჰყვა.
შეგახსენებთ, ქალაქ პოკროვკისაკენ სვლა რუსებმა 2024 წლის თებერვლიდან დაიწყეს. 13 თვიანი ბრძოლის შემდეგ კი მხოლოდ 35 კილომეტრით წაიწიეს წინ, მთლიანობაში, დონეცკის ოლქში კი 50 კილომეტრიანი წინსვლა აქვთ დასავლეთით.
- უკრაინელები ბელგოროდის ოლქში ორ დასახლებულ პუნქტში იმყოფებიან - დემიდოვკასა და პოპოვკაში. დასახლებების შემოგარენში ბრძოლები ახლაც გრძელდება. უკრაინელებმა რუსების თავდაცვის პირველი ზღუდე უკვე გაარღვიეს. სწორედ ასეთი მანევრები აიძულებს რუსებს მოხსნან სამხედრო ძალები სხვადასხვა მიმართულებიდან და სწორედ ამ მიმართულებით გადმოისროლონ. ამასთან, კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ დაკავებული უშუალოდ საზღვართან მომიჯნავე სოფლები ჯერაც არ დაუბრუნებიათ რუსებს.
- დამატებითი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნა გრძელდება უკრაინელთა წინააღმდეგ. მათ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს საკუთარ თავზე, როდესაც რუსებმა ისინი ე.წ. "ხორცის შტურმებში" გაუშვეს, ყოველგვარი სერიოზული ტექნიკის გარეშე. პერსპექტივაში რომ შევხედოთ - ორი ატომური სახელმწიფო ერთ არა ატომურ სახელმწიფოს ებრძვის და ვერ ამარცხებს.
- აშშ-ში თანდათან დაიწყო კრიტიკა უკრაინასთან მიმართებით ტრამპის მიდგომასთან დაკავშირებით. ამას დაემატა რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი აშშ-ს მტერია და რომ ის არასდროს იქნება მისი მოკავშირე. The Telegraph-მა ისიც კი დაწერა, ტრამპი ხვდება, რომ რუსეთი მას ატყუებსო. ეს რამდენად რეალურია მალე გამოჩნდება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რუსეთთან პოლიტიკური ფლირტის გაგრძელება აშშ-ს პოზიციებს კიდევ უფრო დაასუსტებს და ეს მის მტრებს გააძლიერებს მხოლოდ.
- ევროპულ პრესასა და აქტიურ პოლიტიკაში მუსირებს აზრი, რომ რუსეთი ევროპასთან ომისათვის აქტიურად ემზადება. ოღონდ ამ განცხადებების მიზანი საკუთარი მოქალაქეების დაშინება კი არაა, პირიქით, მობილიზება. მართლაც, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში გაიზარდა იმ მოხალისეთა რაოდენობა, რომლებიც აქტიურ სამხედრო გადამზადებას გაივლიან და სარეზერვო ძალებს შექმნიან. ეს სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად არ სურს რუსეთს - ევროპის სამხედრო გამოღვიძება.