USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  401

საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში [23.01.2024]:

- რუსული იერიშები დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკას მიმართულებით ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარებს როგორც ქალაქის აღმოსავლეთ პერიფერიასა და გარეუბანში, ისე ქალაქისაგან მოშორებით, ფლანგებზე.
რუსი სამხედროები ტყის მხრიდან ცდილობენ გადაადგილებას უშუალოდ ქალაქის მიმართულებით. ამ მონაკვეთზე უკრაინულთა კარგად დაცული თავდაცვითი პოზიციებია მოწყობილი. ასევე არის რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევი. ტყის შემდეგ იწყება პირველი დასახლებული უბანი.
რუსები ცდილობენ ქალაქი სექტორ-სექტორ დაყონ და ისე აიღონ. იქ მყოფები კი ლოკალურ ალყაში მოაქციონ და ისე ებრძოლონ. თუმცა იმ პირობებში რომ ქალაქი დიდია, რუსების მხრიდან სწრაფი წარმატების მიღწევის შანსი თითქმის არ არსებობს.
ფლანგებიდან იერიშები გრძელდება სტეპოვესა და ბერდიჩის მიმართულებით, ქალაქის ჩრდილოეთით, ხოლო სევერნესა და ტონენკეზე, ქალაქის სამხრეთით. უკრაინელები კარგად იცავენ პოზიციებს.
თუკი წინა კვირებში მთავარი დაწოლა ფლანგებიდან იყო ახლა უკვე უშუალოდ ქალაქზე მოდის, აღმოსავლეთის მიმართულებიდან.
- ავდიივკას დასავლეთით, უკრაინელები ძალიან მყარ ფორტიფიკაციებსა და თავდაცვის ზღუდეებს აგებენ. პრაქტიკულად ყველა დიდი და პატარა დასახლება რამდენიმე შრიანი ზღუდით იქნება დაცული. ეს იმის მანიშნებელია, რომ უკრაინელები მთელს აღმოსავლეთის ფრონტზე აპირებენ პოზიციების შენარჩუნებას და ავდიივკას დაკარგვის შემთხვევაში რუსული შემდგომი წინსვლის სრულად აღკვეთას.
- კვლავ გრძელდება უკრაინული საჰაერო იერიშები რუსულ ინდუსტრიულ პოზიციებზე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ბოლო კვირაში ორჯერ დაიბომბა ლენინგრადის ნავთობ და გაზსაცავები. ამასთან, დაიბომბა ტულას ოლქში მდებარე საწარმოები.
- საინტერესოა ორი რიტორიკა დასავლელ სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში:
1. რუსეთის სამხედრო მზაობა და შესაძლებლობები უკიდურესად დაქვეითებულია;
2. რუსეთის დასუსტება მისი მხრიდან მიმდინარე და შემდგომი პოტენციური აგრესიების შემცირებას არ მოასწავებს, ამიტომ დასავლეთი სერიოზულად უნდა ემზადოს რუსეთთან ომისათვის.
ეს კომენტარი ნორვეგიის გენშტაბის უფროსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსული საფრთხე რეალისტურია. გერმანელმა გენერალ მაიორმა ქრისტოფერ ფროიდინგმა კი აღნიშნა, რომ სერიოზული მუშაობაა საჭირო დასავლეთისათვის, რათა დიდი დრო დაუთმოს გადამზადებას და ყველა სცენარზე მუშაობას. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი მოცემული არმიის პროფესიონალური ხარისხი არსებულ ეტაპზე, პრაქტიკულად, სრულად განადგურებულია.
ეს კომენტარები კი ორ რამეზე მიუთითებს - დასავლეთს სჯერა რომ რუსეთი ახლა ისეთი ძლიერი აღარაა, როგორც ომის დაწყების წინ და შესაბამისად, დამარცხებადია, მაგრამ ამასთან, ხაზს უსვამენ ფაქტს რომ ეს ყურადღების მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და პირიქით, ეს დრო უნდა გამოიყენონ გადაიარაღებისათვის. რუსეთი შეიძლება სუსტია, მაგრამ ახალ აგრესიებზეც კი წამსვლელია. რეალურად, მათი კომენტარები დასავლური საზოგადოების უკეთ მობილიზებისათვისაა გაკეთებული და სამხედრო გამოწვევების ყოველდღიურობაში დაბრუნებაზე მიუთითებს.
- ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისათვის 1.2 მილიარდი დოლარის ჭურვების დამზადება განხორციელდება. მანამდე ამ ყველაფერს დასავლურ მედიაში აქტიური გაშუქება უძღოდა წინ, რომელიც საუბრობდა, რომ რაკეტებისა და ჭურვების დეფიციტია უკრაინის სამხედრო ძალებში და ზოგიერთ მონაკვეთზე 1:10-თანაა შეფარდება რუსების სასარგებლოდო. ამასთან, ცნობილია რომ რუსეთმა მხოლოდ 2023 წელს 2 მილიონი ჭურვი აწარმოა, ხოლო ერთი მილიონი შეისყიდა.
- რუსები ისევ მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. დღეს დაიბომბა ხარკივი და კიევი. ნგრევა და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშია.

- პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს, რომ რუსეთის იმპერიის დროსა და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული ქონების მოძიება და მათი გასხვისებისა და მოქმედი სტატუსის განსაზღვრა და განკარგვა უნდა მოხდეს. ეს რომ პირველ რიგში ალასკაზე მინიშნება იყო ამაზე რამდენიმე დღეა საუბრობენ, თუმცა გუშინ აშშ-ს სახელმწიფო სამდივნომ ღიად განაცხადა, რომ რუსეთი 1867 წელს აშშ-ს მიერ ნაყიდ მიწას უკან ვეღარ მიიღებს და პუტინისეულ ნებისმიერ დოკუმენტს ძალა არ აქვს.

წყაროს სანახავად მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის