არქიტექტურა ქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის მკაფიო და ნათელი გამოხატულებაა, რომელიც ურბანულ სტრუქტურას, მის იერსახეს ქმნის. არქიტექტურის მეშვეობით შესაძლებელია საზოგადოების კულტურული ღირებულებების, ტრადიციების, შემოქმედებითი ხედვის თუ თავისუფლების ხარისხის განსაზღვრა, ან პირიქით, მათი შეზღუდულობისა და დოგმატური შეხედულებების დანახვა.
ამ მხრივ საინტერესო საკვლევი თემაა საბჭოთა არქიტექტურა, რომელიც იდეალურად გადმოგვცემს ერთი მხრივ სისტემის „სიდიადის" წარმოჩენის, მასებზე ზემოქმედების მცდელობას, მეორე მხრივ კი შეზღუდულ ხედვას და თავისუფლებისგან, ხელოვნებისგან დაცლილ გარემოს, რისი კარგი გამოხატულებაც მასობრივად ნაგები ე.წ. საბჭოთა „ხრუშჩოვკებია". ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ემართება ქალაქს, როდესაც სისტემა თავისი შემზღუდველი საცეცებით ყველა სფეროს ეხება და სადაც თავისუფლება და შემოქმედებითობა დანაშაულია. ასეთი ტიპის შენობებში აქცენტი პრაქტიკულობასა და ეკონომიაზე კეთდება, რის გამოც ისინი მხოლოდ მინიმალურად აკმაყოფილებს ადამიანთა მოთხოვნებს. ამის საპირწონედ, მეორე მხარესაა თავისუფალი, განვითარებული დასავლეთი, განსხვავებული არქიტექტურული ხედვებით, ხარისხის, ეკოლოგიურობისა და მდგრადობის მიმართ ყურადღების გამახვილებით.
საბჭოთა კავშირში სტალინის გარდაცვალებას მისი კულტის დამხობა და მთელი რიგი სტრუქტურული, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული ცვლილებები მოჰყვა. ახალმა მმართველმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის პოლიტიკა, მისი არქიტექტურული გემოვნება და ის ზედმეტი მონუმენტურობისა და პომპეზურობის გამო საბჭოთა კავშირისთვის შეუსაბამოდ მიიჩნია. ამასთან, საბჭოთა კავშირი დიდ ფინანსურ, ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა და მსგავსი ტიპის ნაგებობები ფინანსურად წაგებიანი იყო.
ხრუშჩოვმა 1950 წელს არქიტექტორთა ყრილობაზე საბინაო კრიზისის გადაჭრის ბრძანება გასცა, რომელიც მაქსიმალურად ნაკლებ დანახარჯს ითვალისწინებდა. ამასთან, ამ პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ინდუსტრიალიზაციის პროცესი, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ქალაქებში მასობრივად ჩამოჰყავდათ. საჭირო იყო ამ ადამიანების ბინებით უზრუნველყოფა, რაც საბინაო კრიზისის მოგვარების საჭიროებას კიდევ უფრო ზრდიდა. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე მთავარი აქცენტი ხარისხის ნაცვლად საცხოვრებლების რაოდენობაზე გაკეთდა და მთავარი მიზანი ჩქარი ტემპით მოსახლეობის სახლებით უზრუნველყოფა გახდა. საბინაო კრიზისის დადგენილების მიღების შემდეგ, მოსკოვში ბეტონის ფილების ჩამოსასხმელი ქარხანა გაიხსნა და მასიური მშენებლობა აქტიურად დაიწყო.
1950-80-იან წლებში ყველაზე მეტად გავრცელდა 3-5 სართულიანი საცხოვრებელი ნაგებობები, რომელიც დღემდე „ხრუშჩოვკების" სახელით არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროექტი არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის.
„ხრუშჩოვკები" წინასწარ, ქარხანაში გამზადებული მზა ბლოკებისგან იგებოდა, რაც მშენებლობას საკმაოდ აიაფებდა და პროცესს აჩქარებდა. ეს უხარისხო, უსახური საცხოვრებლები საბჭოთა კავშირის „თანასწორობის" იდეას გამოხატავდა და სიმარტივით, ხელოვნებისგან დაცლილი, ზედმეტი არქიტექტურული გადაწყვეტებისგან თავისუფალი, ტიპური იერსახით ხასიათდებოდა. კომპლექსები, ძირითადად ერთ-ორ ოთახიან სტანდარტულ, ერთმანეთის იდენტურ ბინებად ნაწილდებოდა, რომლებიც მოუხერხებელი დაგეგმარებით, დაბალი ჭერით (ხშირ შემთხვევაში მათი სიმაღლე 2,48 მ-ს არ აღემატებოდა), კედელში ჩაშენებული სათავსოებით გამოირჩეოდა, ასევე უმეტესობას არ ჰქონდა აივნები და მობინადრეთა პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამგვარი ნაგებობები დროებით საცხოვრებლად იყო გათვლილი და მოსახლეობა უკეთესი ცხოვრების მოლოდინში არაკომფორტულ ბინებში ატარებდა წლებს. ეს მოლოდინი უსასრულოდ გაგრძელდა და დღემდე, თბილისის ქუჩებში საბჭოეთის გადმონაშთები კვლავ მრავლად გვხვდება.
თბილისში „ხრუშჩოვკები" 1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, მასიური მშენებლობა კი საბურთალოს რაიონიდან დაიწყო, შემდეგ მას სხვა უბნები — გლდანი, ვარკეთილი, დიღომი და თემქაც მოჰყვა.
„ხრუშჩოვკების“ ფართის სიმცირე, მოუხერხებელი დაგეგმარება და დაუკმაყოფილებელი საცხოვრებელი მოთხოვნები ბინების გადაკეთებას საჭიროებდა. ამან გამოიწვია უკანონო მიშენებები, რომელმაც ისედაც უსახური შენობები სრულ სიმახინჯედ და ავარიულ კონსტრუქციებად აქცია.
უკანონო მიშენებების პროცესი საბჭოთა კავშირში 1980-იანი წლებიდან, ე.წ. „პერესტროიკის" პერიოდიდან დაიწყო. საბჭოთა რეჟიმმა დაადგინა პროგრამა „საცხოვრისი 2000", რომლის მიზანიც საცხოვრებელი ფართის ზრდა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. რადგან საბჭოთა მმართველობას ამის აღსრულების ფინანსური რესურსი არ გააჩნდა, მან დაუშვა ამ პროცესში მოსახლეობის თანამონაწილეობა.
შედეგად, საქართველოში საბჭოთა რეჟიმმა 1987 წელს გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომელიც მრავალსართულიან (მაქსიმუმ 9 სართულიან) სახელმწიფო და კოოპერატიულ შენობებში მცხოვრებლებს უფლებას რთავდა ბინებისთვის საკუთარი ფინანსებით დამატებითი ფართი, ლოჯიები თუ აივნები მიეშენებინა. სახელმწიფოს აზრით, ეს ნაბიჯი საბინაო პრობლემის მოგვარებას შეუწყობდა ხელს. თუმცა აღნიშნულ დადგენილებას მოჰყვა უკონტროლო მიშენება, ფართების თვითნებური ზრდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი არეულ, მოუწესრიგებელ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად იმატა უკანონო მშენებლობებმა, რამაც სრულად დაამახინჯა ქალაქის გარეგნული მხარე, ურბანული გარემო და საფრთხე შეუქმნა თავად შენობის მოსარგებლეებს. 50-80-იან წლებში ნაგები „ხრუშჩოვკების" საექსპლუატაციო ვადა 25-მაქსიმუმ 50 წელი იყო, უხარისხო შენობების მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა თვითნებური, სიცოცხლისთვის საშიში მიშენებებით.
მაშინ, როდესაც საქართველოში საბჭოთა უსახური „ხრუშჩოვკების" მშენებლობა მიმდინარეობდა, დასავლეთში, თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნებში ხარისხზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საცხოვრისებს აგებდნენ. განსხვავებით საბჭოეთისგან, თავისუფალ სახელმწიფოებში არქიტექტურული სტილი, დიზაინი და ურბანული განვითარება სისტემის მიერ არ კონტროლდებოდა და ინდივიდუალური მიდგომებით ხასიათდებოდა. გარდა ზოგადი სტანდარტების დაკმაყოფილებისა, დასავლეთი ხარისხზე, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და ეკოლოგიურ მიმართულებებზე იყო ორიენტირებული, საბჭოეთში კი აქცენტი დაბალ ფასსა და რაოდენობაზე კეთდებოდა.
ამასთან, საცხოვრებლის დაგეგმარებაში დიდი ყურადღება ეთმობოდა მოსახლეობის ინდივიდუალურ საჭიროებებს, საზოგადოებრივ სივრცეებსა და გამწვანებას, რაც საბჭოთა კავშირში ფაქტობრივად უგულებელყოფილი იყო. დასავლური პროექტები უნიკალური არქიტექტურული და დიზაინერული ხედვით გამოირჩევა, „ხრუშჩოვკები" კი ერთფეროვანი, სტანდარტული და ერთმანეთის იდენტური შენობებია. კონტრასტის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, რომელზე ნათლად ჩანს განსხვავება საბჭოთა უსახურ შენობებსა და დასავლურ, ინოვაციურობაზე, ხარისხსა და კომფორტზე ორიენტირებულ მიდგომებს შორის.
მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Unite d'Habitation მარსელში 1947-52 წლებში აშენდა არქიტექტორ ლე კორბუზიეს (Le Corbusier) ავტორობით. Unite d'Habitation-ის მშენებლობის მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში საცხოვრებლის კრიზისის და საბინაო პრობლემატიკის მოგვარება იყო, ნაგებობა კი ძირითადად საშუალო და დაბალ ფენაზე იყო გათვლილი. აღნიშნული შენობა ევროპაში გახდა ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომელიც ახალი საცხოვრებელი ტიპის მოდელს ქმნიდა და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
ლე კორბუზიეს მასშტაბური პროექტი მრავალფუნქციურ სივრცეს სთავაზობდა მობინადრეებს, სადაც ცხოვრება, დასვენება, მუშაობა, გართობა, ვაჭრობა და სოციალური აქტივობები ერთ სივრცეში იყო შესაძლებელი. პროექტში მთავარი აქცენტი სრულფასოვან კერძო სივრცეებზე, დღის შუქსა და ბუნებასთან ინტეგრაციაზე გაკეთდა.
ლე კორბუზიეს ნამუშევარი არქიტექტურულ, სოციალურ ექსპერიმენტსა და ურბანული დაგეგმარების კონცეფციას ითვალისწინებდა. ის 330 საცხოვრებელ ბინასა და საზოგადოებრივ სივრცეებს აერთიანებდა. დიდი მნიშვნელობა ექცეოდა სახურავსაც, რომელზე გამწვანება, აუზი, სპორტული და გასართობი ზონები მოეწყო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ინოვაციური იყო.
შენობა შემაღლებულ ბიძებზე დგას, რათა ეს სივრცე გადაადგილებისთვის, გამწვანებისა და ავტომობილებისთვის ყოფილიყო გამოსადეგი. ბინები აივნებითა და ვიტრაჟებით არის მოპირკეთებული, რათა ბუნებრივი განათება და ვენტილაცია უზრუნველყოს. ამასთან, მშენებლობის ხარჯების შესამცირებლად და ეკონომიის მისაღებად გამოყენებულია ბეტონი, თუმცა "ხრუშჩოვკებისგან" განსხვავებით არქიტექტურა ისეა შედგენილი, რომ ეს მასალა ნაგებობას მეტ მიმზიდველობას სძენს და ბრუტალიზმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად აქცევს.
შეფილდში მდებარე Park Hill Estate-ის საცხოვრებელი კომპლექსი არქიტექტორების ჯეკ ლინისა და აივორ სმიტის (Jack Lynn and Ivor Smith) ავტორობით 1961 წელს აშენდა. მსგავსად პირველი შენობისა, ეს კომპლექსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქალაქებში საცხოვრებელი ფართების ნაკლებობის, საბინაო პოლიტიკის მოსაგვარებლად შეიქმნა და მაღალი სიმჭიდროვის კომფორტული საცხოვრებელი სივრცის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. Park Hill Estate-ის კომპლექსი მუშათა კლასზე, საშუალო ფენაზე იყო გათვლილი და ხელსაყრელი ადგილმდებარეობით გამოირჩეოდა. შემაღლებული ადგილი ქალაქის ხედს გადაჰყურებდა და ქალაქის ცენტრს ფეხით სავალი გზით მარტივად უკავშირდებოდა, რაც მობინადრეებისთვის ტრანსპორტის საჭიროებას ამცირებდა.
პროექტი "Streets in the Sky"-ის კონცეფციით შეიქმნა, რაც გულისხმობდა ოთხ დამოუკიდებელ შენობას, რომლებიც ერთმანეთს მასიური ბლოკებით, გამავალი მოაჯირებით უკავშირდებოდა და სოციალური ურთიერთობისთვის საერთო სივრცეებს ქმნიდა. Park Hill Estate-ის ინოვაციურობას სწორედ სოციალურ ურთიერთობებზე მორგებული კონცეფცია წარმოადგენდა, რომელიც გარდა კომფორტული საცხოვრებლისა, მობინადრეებს მულტიფუნქციურ ზონებს, კომერციულ, გასართობ, სამედიცინო და დასასვენებელ სივრცეებს სთავაზობდა. შენობა ბეტონითა და განსხვავებული ფერის აგურით იყო ნაგები, რაც მას ესთეტიკურ მიმზიდველობას მატებდა. თავად სივრცე კი 1000 მცხოვრების საჭიროებებზე მორგებული ბინებისგან შედგებოდა, რომლებიც ტერასულად იყო განლაგებული.
1980-იანი წლებიდან შეფილდის ფოლადის მრეწველობის კრიზისმა საგრძნობლად დააზარალა ქალაქის ეკონომიკა და უმუშევრობის დონე გაზარდა, რამაც იმოქმედა საცხოვრებელი კომპლექსის მდგომარეობაზე და ის ვანდალიზმისა და დანაშაულის კერად იქცა. ყველაფერი 1997 წლიდან შეიცვალა, როდესაც ნაგებობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა და მის რეკონსტრუქციაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა, რამაც ბრუტალიზმის სახასიათო ელემენტები შეუნარჩუნა და შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა.
ერთ-ერთი გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი Habitat 67, მონრეალში 1967 წელს, არქიტექტორ მოშე საფდის (Moshe Safdie) პროექტის მიხედვით აშენდა. 12-სართულიანი კომპლექსი წარმოადგენს ინოვაციურ ნაგებობას, რომელიც სტანდარტული მრავალბინიანი შენობის კონცეფციის არღვევს. მე-20 საუკუნის გამორჩეული ნაგებობა თავდაპირველად მსოფლიო ექსპოზიციაზე წარსადგენად, კანადური პავილიონისთვის შეიქმნა და წარმოადგენდა ექსპერიმენტულ გადაწყვეტას მჭიდრო ურბანულ გარემოში მაღალი ხარისხის, ეკონომიური საცხოვრებელი სახლების. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი თავდაპირველად უფრო მასშტაბური იყო და 1000 საცხოვრებელ ბინას, მულტიფუნქციურ სივრცეებს მოიცავდა, საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ ბინათა რაოდენობა შემცირდა.
გარდა განსხვავებული დიზაინისა, პროექტი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით არის საინტერესო, რომელიც მწვანე არქიტექტურასა და მდგრადი განვითარების პრინციპებს ემყარება. Habitat 67-ის პროექტში გამოყენებულია მოდულური მშენებლობა, რაც გულისხმობს კუბის ფორმის კონსტრუქციების წინასწარ, ქარხნულად დამზადებას და შემდგომ მათ ადგილზე აწყობას, რაც მშენებლობის დროისა და ხარჯების შემცირებას განაპირობებს. ამასთან, კუბების განლაგება და მათი კომბინაცია ისეა შემუშავებული, რომ თითოეული კონსტრუქცია მის მომიჯნავე კუბს ხელს არ უშლის და სახლის სახურავის ათვისების შესაძლებლობას იძლევა, სადაც გამწვანებები გვხვდება.
თითოეულ კუბში საცხოვრებელი ზონაა მოწყობილი, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება. საცხოვრებელი კომპლექსი თავისი არქიტექტურით, დიზაინით, გარემოსთან კავშირითა და სამშენებლო მიდგომით არაერთი არქიტექტურული პროექტის შთაგონების წყარო გამხდარა და თავის უნიკალურობას დღემდე ინარჩუნებს.
ამგვარად, არქიტექტურული მაგალითები ცხადყოფს, როგორ ვითარდებოდა ქვეყანა ჩაკეტილი, ტოტალიტარული, ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში, სადაც არქიტექტურა და ხელოვნება მკაცრად კონტროლდებოდა, ინდივიდუალურობა და შემოქმედებითობა კი დანაშაულად ითვლებოდა. მეორე მხრივ, იმავე პერიოდში, განვითარებულ, დასავლურ სამყაროში საბინაო პრობლემები განსხვავებული მიდგომებით გვარდებოდა, აქცენტი კი საბჭოთა სისტემისგან განსხვავებით, ხარისხზე, ეკოლოგიურ სტანდარტებზე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ინოვაციებზე, შემოქმედებითობასა და მდგრად მშენებლობაზე კეთდებოდა, რის გამოც ისინი დღემდე არქიტექტურის ისტორიაში გამორჩეულ ნიმუშებად ითვლება.