USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
Tbilisi
საბაზო განათლების მქონე სტუდენტები პროფესიულ და ზოგადი განათლებას ინტეგრირებულად მიიღებენ
Date:  678

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს განცხადებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პროფესიული განათლების სისტემა პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.
ქობულეთის კოლეჯში ,,ახალი ტალღა" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მომავალ პედაგოგებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი პროგრამის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში სავალდებულო საბაზო განათლების (9 კლასი) დასრულების შემდეგ, მოზარდებს ორი არჩევანი ჰქონდათ- სწავლა გაეგრძელებინათ საშუალო საფეხურზე, ან პროფესიული განათლების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში კი, იქმნება შესაძლებლობა, საბაზო განათლების მქონე სტუდენტებმა პროფესიული და ზოგადი განათლება ინტეგრირებულად მიიღონ. ამგვარი პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელი იქნება და კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ, ხოლო სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.

ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას, 2020 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ექვსი პროფესიული კოლეჯი დაიწყებს, მათ შორისაა ქობულეთის კოლეჯი „ახალი ტალღა“.

განათლების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასრულებს ინიციატივის დანერგვისთვის საჭირო მოსამზადებელ ფაზას, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს და რომლის ნაწილია ინტეგრირებული პროგრამების სწავლების მიზნით შერჩეული მასწავლებლების ტრენინგი. პირველი ტრენინგი კოლეჯში ,,ახალი ტალღა" გაიმართა.
თებერვალსა და მარტში, რამდენიმე ეტაპიან ტრენინგს 100-ზე მეტი კანდიდატი გაივლის. ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიზნით კი, დაგეგმილია კოლეჯების შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებები.

business
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way