საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.