USD 2.6874
EUR 3.1636
RUB 3.5985
თბილისი
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თარიღი:  354
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრის 01:00 საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მერაბ კოსტავას ქუჩისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან სანდრო ინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.
შეზღუდვის დროს, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, ხოლო მოხვევა შესაძლებელი იქნება ზეთისხილის ხესთან.
30 დეკემბრიდან 2026 წლის 1-ელი იანვრის ჩათვლით ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით მოძრაობა შეიზღუდება; გადაადგილება ასევე შეიზღუდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან სანდრო ინაშვილის ქუჩის გამოყენებით ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიამდე.
რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, მოძრაობა კი დასაშვები იქნება რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან 1-ელი იანვრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და სანდრო ინაშვილის ქუჩაზე (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან). ასევე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან ზეთისხილის ხემდე.
მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მიმავალი იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც სვლას უკუმიმართულებით, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით გააგრძელებენ.
აღნიშნულ პერიოდში, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც რუსთაველის გამზირის გავლით უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოსახვედრად იმოქმედებს ანალოგიური მარშრუტი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის