USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Tbilisi
სააღდგომოდ - ჰოკინგის უნიკალური წიგნი „დროის მცირე ისტორია“ ადასტურებს, რომ ღრმა ფიზიკა ფილოსოფიაა. უფრო მეტიც: ღვთისმეტყველება!
Date:  442
ჯანდაბას პოლიტიკა! ბევრი რამაა სხვა საინტერესო: აი, მაგალითად. ჰოკინგის უნიკალური წიგნი „დროის მცირე ისტორია“......იგი ადასტურებს, რომ ღრმა ფიზიკა ფილოსოფიაა. უფრო მეტიც: ღვთისმეტყველება!
ჰოკინგი არსად ამბობს, რომ ღმერთისა სწამს, მაგრამ ამ გენიალური ასტროფიზიკოსისა და კოსმოლოგის წიგნი სწორედ ამას ღაღაღადებს.
აი, ნახეთ, რა ელვარე არგუმენტი მოაქვს - ყველასათვის იოლად გასაგები და უეჭველი:
ავტორი სვამს ერთი შეხედვით მოულოდნელ და უცნაურ კითხვას, როდესაც დროის ფენომენზე მსჯელობს: „რატომ გვახსოვს წარსული და არ გვახსოვს მომავალი?“
ჰოკინგმა, კოლეგებთან ერთად, საბოლოოდ დაამტკიცა, რომ სამყაროს საწყისი, დაახლოებით 12-13 მილიარდი წლის წინ, იყო ე.წ. „დიდი აფეთქება“. მას შემდეგ სამყარო ფართოვდება „სინგულარული წერტილიდან“ - ყველა მიმართულებით. ამ განვითარების შედეგი იყო ჯერ სიცოცხლის, შემდეგ ადამიანის წარმოშობა. მაგრამ...... ჰოკინგი ამტკიცებს, რომ თუ უფლის ნებას გამოვრიცხავთ, ეს ფიზიკის, მათ შორის თერმოდინამიკის ელემენტარულ კანონებს ეწინააღმდეგება:
„წარმოიდგინეთ ჭიქა, რომელიც მაგიდაზე დგას“ - წერს ჰოკინგი - შემდეგ რაღაც ძალამ (არა აქვს მნიშვნელობა - მიწისძვრამ, ქარის დაბერვამ.....) ჭიქა მაგიდიდან გადმოაგდო და იგი დაიმსხვრა. ასეთი ალგორითმი მთლიანად შეესაბამება თერმოდინამიკის კანონებს, რადგან ისინი გულისხმობენ განვითარებას „წესრიგიდან - უწესრიგობისკენ“.
ეს ფიზიკის იმდენად ფუნდამენტური კანონია, რომ მის გარეშე თვით ფიზიკაც არ არსებობს: ჭიქა, რომელიც მაგიდაზე დგას - „წესრიგია“, ხოლო გადმოვარდნილი და დამსხვრეული ჭიქა - თერმოდინამიკური „უწესრიგობა“.
ეს ბუნებრივია.
მაგრამ არაბუნებრივი იქნება თუ წარმოვიდგენთ, რომ მოხდა პირიქით: ნამსხვრევები „რატომღაც“ ალაგდნენ, მაგიდაზე აფრინდნენ და ისევ მთელი ჭიქა შექმნეს. ჰოკინგის მიერ გამოკვლეულ „შავ ხვრელში“, სადაც დრო-სივრცის კანონები არ მოქმედებს, ადამიანს შეიძლება ახსოვდეს მეორე, მაგრამ არ ახსოვდეს პირველი. ახსოვდეს მომავალი და არ ახსოვდეს წარსული. და ამის მიუხედავადაც კი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იცვლება: განვითარება ხდება წესრიგიდან - უწესრიგობისკენ!
ახლა კი გავიხსენოთ, რას უწოდებენ მატერიალისტები სიცოცხლეს და მათ შორის ადამიანს? რა განსაზღვრება გახსენდებათ უპირველეს ყოვლისა? სწორია - „მაღალორგანიზებული მატერია“. დავაკვირდეთ საკვანძო ტერმინს „ორგანიზებული“!!!
ჰოკინგი ამბობს, რომ სიცოცხლის და მოაზროვნე ადამიანის წარმოშობა ფიზიკის ფუძემდებლურ კანონს ეწინააღმდეგება. იმიტომ, რომ ბუნებრივი განვითარება ხდება „წესრიგიდან - უწესრიგობისკენ“ (მთელი ჭიქიდან - ნამსხვრევებისკენ) და არა პირიქით!
ერთ-ერთი ინტერვიუში, ჰოკინგი, ასეთ შედარებას მიმართავს იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად აბსურდულია შეხედულება, თითქოს სოცოცხლე და ადამიანი ბუნებრივი ევოლუციის შედეგად შეიძლებოდა წარმოშობილიყო „დიდი აფეთქების“, ესე იგი სინგულაურულობაში არსებული „წესრიგის“ დანგრევის შედეგად: „წარმოიდგინეთ მანქანების სასაფლაო. აგდია უამრავი მანქანა, - ძველის-ძველი, დაჟანგული..... იქვე ყრია მათი ნამსხვრევები, ნაწილები.......უცებ ატყდა „ძაბრისებული გრიგალი“, შეისრუტა ეს ყოველივე - ატრიალა, ატრიალა, ატრიალა და...როცა გრიგალი ჩადგა იმავე ადგილას ცინცხალი „მერსედესი“ გაჩნდა - ნაწილები „შემთხვევით“ ისე შეეწყვნენ ერთმანეთს, რომ მერსედესი შექმეს საწვავით სავსე ავზით.
ფიზიკის კანონთა შესაბამისად, ეს არის სრული აბსურდი" გრიგალს შეეძლო შეექმნა მხოლოდ უფრო მეტი უწესრიგობა და არა წესრიგი. მით უმეტეს „მაღალორგანიზებული მატერია“ - ანუ ცინცხალი „მერსედესის “ მსგავსი „მოწესრიგებული“ სისტემა.
სწორედ ამას ჰგავს მტკიცება, თითქოს ევოლუციის შედეგად შეიძლებოდა წარმოშობილიყო „მაღალორგანიზებული მატერია“ - სიცოცხლის და მოაზროვნე ადამიანის სახით.
ქმედების უნარის მქონე პითეკანტროფიდან - „ჰომო საპიენსისკენ“ ევოლუცია თერმოდინამიკის კანონებს არ ეწინააღდმეგება. იმიტომ, რომ ამ პროცესში მოქმედებს თუმცა პრიმიტიული, მაგრამ მაინც „ნება“. ეს გასაგებია. მაგრამ აი უსულო მატერიიდან - ადამიანის შექმნა ამ კანონთან შეუსაბამოა.
შემდეგ ჰოკინგს მოაქვს მეორე მაგალითი: „წარმოიდგინეთ, რომ მშობლებმა ბავშვს მოუტანეს „ფაზლი“, რომელიც ყუთში დევს და ჟირაფს გამოხატავს. ბავშვი ფაზლს გადმოყრის და სურათები უწესრიგოდ განიფინებიან ნოხზე. ეს არის ბუნებრივი, წრფივი განვითარება თერმოდინამიკის კანონების შესაბამისად: წესრიგიდან - უწესრიგობისკენ.
მაგრამ შემდეგ.......ბავშვი იწყებს ნახატის აღდგენას ანუ ავითარებს წრფეს საპირისპირო მიმართულებით უწესრიგობიდან - წესრიგისკენ ოღონდ.......ეს არ ხდება „ბუნებრივად“. ეს ხდება გარეგანი ჩარევით!!! ამიტომაც ფიზიკის ფუნდამენტურ კანონთა დარღვევა აქ არ არის!
ასევე, „სინგულარული წესრიგის“ დარღვევიდან - ადამიანის გაჩენამდე წრფივი მოძრაობა ვერანაირად ვერ მოხდებოდა გარეგანი „ჩარევისა“ და ნების გარეშე. სხვა შემთხვევაში, „დიდი აფეთქების“ შემდგომი წრფივი განვითრება იქნებოდა არ წესრიგისკენ, არამედ სულ უფრო მეტი უწესრიგობისკენ.
მაგრამ..... სიცოცხლისა და ადამიანის წარმოშობა მოხდა ამ წრფის საწინააღმდეგოდ, ესე იგი „უწესრიგობიდან - წესრიგისკენ“ და არა პირიქით, იმიტომ, რომ.......არსებობდა გარეგანი უზენაესი ნება!
შესანიშნავია არა?
ფუძემდებლური, თანაც აბსოლუტურად უეჭველი დებულებაა, რომ თუ დინამიკაში განვიხილავთ (ხაზაგსმით ვამბობ: თუ განვიხილავთ არა სტატიკაში, არამედ დინამიკაში) კონსტრუქცია არაბუნებრივია, ხოლო დეკონსტრუქცია - ბუნებრივი.
ანუ, მოძრაობა კონსტრუქციიდან - დეკონსტრუქციისკენ ბუნებრივია, ხოლო ქაოსიდან - კონსტრუქციისკენ.....მხოლოდ და მხოლოდ უფლის ნებით!!!
და ყველაზე საგულისხმო იცით რა არის? ეს გენია ათწლეულების განმავლობაში ფეთქავდა და ქმნიდა ავადმყოფობით დამახინჯებულ სხეულში. ახლახანს მიიცვალა და........უფალო განუსვენე ნათელში მონასა შენსა, გენიალურ ფიზიკოსს, ღრმად მორწმუნე ადამიანს, სტივენ ჰოკინგს!
დათო
analytics
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way