USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
თბილისი
„რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში - საფრთხეები და მიზნები“ - ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების თვალსაზრისები
თარიღი:  1367

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში - საფრთხეები და მიზნები“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების თვალსაზრისები რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის დაარსების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„არ არსებობს ურთიერთობა მოსკოვთან, როცა ორივე მხარე გამარჯვებულია“ - ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ მაშინაც კი, როცა მის წარმომადგენლებს ე.წ. "არგაღიზიანების, პრაგმატული პოლიტიკის“ იმედი აქვთ, ეს რუსეთთან არ იმუშავებს და ის მხოლოდ მეტის წართმევას შეეცდება. რატომ დასჭირდა მოსკოვს ოჩამჩირის პორტი, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის და რას - საქართველოსთვის? რას შეცვლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა და რა რისკებს უქმნის ეს ანაკლიის პორტის პერსპექტივებს?

„ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობის „პრაგმატული პოლიტიკა“ უკრაინაში ომთან და ზოგადად რუსეთთან დაკავშირებით, ჩავარდა“, - ამბობს რობერტ (ბობ) ჰამილტონი, თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოქტომბრის დასაწყისში თქვა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. რუსეთის განზრახვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაგმეს და ეს „შავი ზღვის რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის“ არსებულ საფრთხედ შეაფასეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართული მორიგი პროვოკაციული მცდელობაა“. ოპოზიციის წარმომადგენლები კი მმაართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან ამაზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

"მოსკოვთან ე.წ "პრაგმატული, არგაღიზიანების პოლიტიკა" არ მუშაობს“ - ასეთია ამერიკელი ყოფილი დიპლომატებისა და ყოფილი სამხედრო ლიდერების შეფასებები ოჩამჩირეში მუდმივი რუსული საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ კარგის ნიშანია უკრაინისთვის, რომელიც უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში განლაგებულ რუსულ საზღვაო ძალებს. მეორე მხრივ კი - სულაც არაა მოვლენათა სახარბიელო განვითარება თბილისისთვის. რადგან ომი საქართველოსთან ახლოს სწორედ მოსკოვს მოაქვს და არა - დასავლელ პარტნიორებს, როგორც ამას მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს.

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე; აღადგინა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები; პრემიერ-მინისტრმა ომი ნაწილობრივ მაინც ნატოს გაფართოებას დააბრალა; საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს მისი ომში ჩათრევის მცდელობაში. და ირონიულია, რომ ახლა თავად რუსეთს მოაქვს ომი საქართველომდე. ესაა ბაზა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის“, - ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი და განმარტავს: „დიახ, მას თბილისი ათწლეულებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ ეს მაინც იქნება სამართლებრივად ქართული ტერიტორია, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დიდწილად მაინც რუსეთის სამხედრო აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა, და არა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის დემონსტრირების სურვილით. რადგან მოსკოვში საქართველოს მთავრობისგან რაიმე საფრთხისშემქმნელი ნაბიჯის მოლოდინი ნამდვილად არ აქვთ. ამასთან, მათი თქმით, ცხადია საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროცესებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად ძლიერ უკმაყოფილებას გამოხატავს ის.

„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი რუსეთი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის ამა თუ იმ მიზნით გამოყენებას გადაწყვეტს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული კამპანიის მხარდასაჭერად, ეს მისი პასუხისმგებლობაა და არა - საქართველოს მთავრობის. მაგრამ ხელისუფლებისგან ამის წინააღმდეგ მეტი პროტესტის გამოხატვა და „ხმის ამაღლება“ იქნებოდა მოსალოდნელი.

„ვიმედოვნებდი, რომ საქართველოს მთავრობა გააპროტესტებდა საქართველოს მიწის გამოყენებას რუსეთის აგრესიული მიზნებისთვის. იმ ერთი მიზეზით მაინც, რომ ამას ნამდვილად მოაქვს ომი საქართველოსთან უფრო ახლოს. საქართველოს მთავრობა ზოგჯერ იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა „ომის გლობალური პარტია“. და, რას ვფიქრობთ ახლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომის საქართველოსთან მოტანაზე? იფიქრებდით, რომ საქართველოს მთავრობა სულ მცირე გააპროტესტებდა მაინც [ამას]“, - ამბობს დენ ფრიდი. „სამართლიანები რომ ვიყოთ, მთავრობა რუსებს ამის გაკეთებას ვერ დაუშლის, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ“.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად წარმატებით ახერხებს უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში განლაგებული რუსული საზღვაო ფლოტისთვის საფრთხის შექმნას, ამას კი ნატოს წევრი პარტნიორების მიერ მიწოდებული უფრო და უფრო გრძელი რადიუსის სისტემებთან ერთად, ქვეყნის შიგნითვვე წარმოებულ-ადაპტირებული იარაღით აკეთებს.

„უკრაინელები წარმატებით იყენებენ საზღვაო დრონებს და სხვა გრძელი რადიუსის შესაძლებლობებს, იქნება ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები თუ ის სხვა საშუალებები, რომლებიც ნატოს პარტნიორებმა მიაწოდეს ან თვითონ შექმნეს“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ დევიდ პეტრეუსმა, თადარიგის გენერალმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა.

„შავი ზღვის ფლოტს დასჭირდა მისი გემების დიდი ნაწილის სევასტოპოლის პორტიდან გაყვანა იმისთვის, რომ უკრაინის დარტყმის რადიუსს გასცლოდნენ. ეს საქართველოსთვის, რომელსაც ამ [აფხაზეთის] ტერიტორიის დაბრუნება შეიძლება სურდეს, გამამხნევებელი სულაც არაა. ეს ნიშნავს რუსული ძალების მეტ და მუდმივ წარმომადგენლობას იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიიტაცეს“, - დასძენს დევიდ პეტრეუსი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედიას უთხრა, რომ ოჩამჩირეში ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა ფრეგატების მიღებას. ამ ინფრასტრუქტურის გარდაქმნას კი სულ მცირე, სამი წელი მაინც დასჭირდება.

ექსპერტების ნაწილი ამ შეფასებას ადასტურებს: ისინი ამბობენ, რომ ოჩამჩირის პორტს ამ ეტაპზე არც საკმარისი სიღრმე აქვს და არც ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დიდი საბრძოლო გემები მიიღოს, მაგრამ საოკუპაციო ძალები ამ პორტის გაღრმავებას უკვე ცდილობენ. ამასთან, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას მაინც გააუარესებს. მათ შორის, საფრთხეს შეუქმნის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის პერსპექტივას, როგორიც ანაკლიის პორტია. ოჩამჩირეში რუსეთის საზვაო ფლოტი ანაკლიიდან 35 კმ-ით იქნება დაშორებული.

„არ ვიცი, რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ იმ საჭირო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც გემების მისაღებად სჭირდებათ, ეს ლეგიტიმური არგუმენტია. დიახ, სამზადისს შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა“, - ამბობს პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი. ყოფილი სამხედრო მეთაური და ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი ხსნის, რომ შავი ზღვის ამ ნაწილში რუსეთის ფლოტის მუდმივი განლაგება მის მავნე პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის და ამ რისკების შემცირებულად წარმოდგენა საჭირო არაა.

„ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ამის მნიშვნელობის დაკნინებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნამდვილად არაა კარგი რამ. ეს ნამდვილად აყენებს ანაკლიის პორტს რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან უფრო ახლო რადიუსში. ასე რომ, თუკი რუსეთი მოინდომებს, რომ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ნაოსნობას შეაფერხებს ან ხელს შეუშლის, როგორც ის ამას უკრაინული პორტების წინააღმდეგ აკეთებს, ეს მას უფრო გაუადვილდება, რადგან მისი სამხედრო გემები გაცილებით ახლოს იდგება“, - ამბობს ბობ ჰამილტონი.

ექსპერტები ეკონომიკურ რისკებზეც საუბრობენ. რადგან ანაკლიის პორტით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს დამატებითი კითხვები ექნებათ იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია მის სიახლოვეს განლაგებული რუსული ფლოტი. ამ კითხვებმა კი შესაძლოა პორტის პოტენციალიც დააზარალოს და მის მიმართ ინტერესიც შეამციროს.

„არსებობს ეკონომიკური რისკიც. ინვესტორები შეშფოთებულნი იქნებიან, თუკი ნახავენ, რომ ომი საქართველოსთან ახლოს მოდის“, - მიიჩნევს დენიელ ფრიდი. პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი კი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ინვესტორისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გადამწყვეტი იქნება:

„ვინც ამ ტიპის ინვესტიციებს აკეთებს, მრავალგვარ რისკს ითვალისწინებს. რუსეთის საზღვაო ბაზის ასე ახლოს გახსნა იმ პორტთან, რაზეც საქართველო იმედებს ამყარებს, რაც შავი ზღვის უმთავრესი პორტი და სავაჭრო კორიდორის ნაწილი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა არ იქნება ინვესტორებისთვის კარგი. ეს ზრდის რისკს და სავარაუდოდ გაზრდის დაზღვევის თანხებსაც ყველაფრისთვის, რაც ამ პორტში უნდა შევიდეს და გავიდეს. ყველა საზღვაო გადაზიდვა უფრო ძვირიც დაჯდება, რადგან ამ ნაპირის გასწვრივ, ზემოთ, ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზა იქნება“, - განმარტავს თადარიგის პოლკოვნიკი.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7352983.html

 

მსოფლიო
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრამპმა ისეთი ამერიკა მიიღო, რომელიც რომის იმპერიას ჰგავს დაცემის პერიოდში“ (ავტორი - ტიმ სტენლი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორი ასეთ ისტორიას ჰყვება: ერთხელ სტუდენტ ქალიშვილისთვის გასაუბრება ჩაუტარებია რომაელ კლასიკოსებზე და, როგორც ხდება ხოლმე, გოგონას ვერაფერი ვერ უთქვამს. ბევრს ეცადა პროფესორი - ხან აქედან მიუდგა, ხან იქიდან, ხან მიანიშნა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ლექტორი შეევედრა - „მითხარი, საერთოდ რაიმე თუ იცი რომაული სამყაროდან, არაფერმა არ დაგაინტერესა?“. პაუზა. სტუდენტი ფიქრობს და ბოლოს გახარებული ამბობს: „გლადიატორი“. ლექტორს იმედი მიეცა, იქნებ რაიმე ვრცლად იცის გლადიატორებზეო და ჰკითხა: „და რამ დაგაინტერესა „გლადიატორში“ - რომის პოლიტიკამ, კულტურამ, საზოგადოებამ?“. „რასელ ქროუმ“, - უპასუხა გოგონამ. ლექტორს უკანასკნელი იმედი გაუქრა...

გასულ კვირას ლონდონში, კინოთეატრ Imax-ში „გლადიატორი II“-ს ვუყურე. ვფიქრობ, მასში რასელ ქროუ რომ არ თამაშობს, ფილმისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა რიდლი სკოტმა თავის ქმნილებაში საკუთარი სათქმელი მაინც თქვა.

კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიქველი უფრო ნიჰილისტურია, ვიდრე ორიგინალი, რომელიც ეკრანზე 2000 წელს გამოვიდა. პირველ ფილმში ნათქვამი იყო, რომ მარკ ავრელიუსის - იმპერატორისა და ფილოსოფოსის - რომის იმპერიის გარდაქმნის იდეა იმედიანად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი ვაჟის, იმპერატორ კომოდუსის მმართველობის დროს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მართალია, გენერალ მაქსიმუს დეციმუს მირიდის მსგავს კარგ ადამიანებს სიტუაციის გამოსწორება შეეძლოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ამერიკა, როგორიც 2000 წლის 11 სექტემბრამდე [იგულისხმება მომხდარი ტერაქტების თარიღი] არსებობდა, შეიძლება იმდროინდელ რომად ჩავთვალოთ, როცა იმპერიის ხელისუფლების გეგმები „დიდი იმედების მომცემი“ იყო. ფილმში მარკ ავრელიუსის მმართველობიდან ორი ათეული წლის შემდეგ „გლადიატორი II“-ის სლოგანი გახდა „რომი უნდა დაეცეს“ - იმიტომ, რომ იმპერია შიგნიდან დალპა და გარდაქმნას საჭიროებდა. რომს მართავენ ტყუპი ძმები - იმპერატორები სეპტიმიუს გეტა და სეპტიმუს კარაკალა, ისინი გაუთავებლად ომობენ ბარბაროსებთან და რომის მოსახლეობას სპორტის სასტიკი სახეობით ართობენ, კონსულად კი მაიმუნს ნიშნავენ. იმპერატორების გარემოცვა, თანამედროვე გაგებით, ზელიბერალურია...

დღევანდელი ამერიკელი კონსერვატორები (ჩათვალე - რესპუბლიკელები) თვლიან, რომ ამერიკა ბოლო წლებში ლიბერალური რომის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

ნაციონალისტები მიუთითებენ, რომ ლიბერალურმა რომმა თავშესაფარი მისცა გოთებს (ბარბაროსებს), რომლებმაც საბოლოო ჯამში იმპერია გაძარცვეს და დაანგრიეს; ქრისტიანები რომაელ ლიბერალებს სექსუალურ თავაშვებულობაში ადანაშაულებენ, ხოლო მკაცრი ინდივიდუალისტები - საომარი სულის დაკარგვაში. „რომი დაეცა იმიტომ, რომ რომაელებმა რომაელების გაჩენა და აღზრდა შეწყვიტეს“, - თქვა ამას წინათ ილონ მასკმა ინტერვიუში. ტრადიციულად, მდიდრულ საზოგადოებაში უფრო ცოტა ბავშვი იბადება, რაც ამ საზოგადოების ელიტას აიძულებს სამუშაო ძალის იმპორტი განახორციელოს და დაქირავებულების იმედად იყოს. ამგვარ საზოგადოებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს კულტურული თვითმკვლელობის იდეას. ყველა დროის საზოგადოებებში ხდება ომები და ეპიდემიები, მაგრამ ძლიერებს ყველაფერს უძლებენ, სუსტები კი კრახს განიცდიან.

ამერიკას ერთი მუჭა არისტოკრატიული ოჯახები მართავენ. დონალდ ტრამპს, ისევე როგორც იულიუს კეისარს (ცეზარს), ხელისუფლებაში მოსვლა დიდწილად იმიტომაც სურდა, რომ თავისი ხელშეუხებლობა შეენარჩუნებინა და პატიმრობა თავიდან აეცილებინა. ერთი შეხედვით, თითქოსდა არაკეთილშობილური ქცევაა, მაგრამ ასე აკეთებდნენ ხალხები და პოლიტიკოსები ყველა დროში.

დონალდ ტრამპის ლოზუნგი - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ - ეხმიანება როგორც მარკ ავრელიუსისა და გენერალ მაქსიმუს დეციმუსის („გლადიატორი - I“) ოცნებას, ასევე მაქსიმუსის ვაჟის ლუციუსის („გლადიატორი II“) სურვილს - რომისათვის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ.

საბოლოო ჯამში, „გლადიატორი II“ არ იძლევა პასუხებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მასშია ნაჩვენები. მართალია, დაგმობილია კოლიზეუმის არენაზე მიმდინარე ბრძოლები, მაგრამ ახლო რაკურსით ვხედავთ გლადიატორების ყველა ტრამვას, შეტაკებაში მიღებულს. რიდლი სკოტი სიქველში კვლავ იმეორებს ინგლისურ-ამერიკულ რწმენას ღმერთივით პიროვნების მიმართ, მაგრამ ხალხის ცხოვრება ნაკლებად არის წარმოჩენილი. ფილმში არსად არავინ ლაპარაკობს მონების მდგომარეობაზე, დევნილ ებრაელებზე თუ ქრისტიანებზე, მთავარ გმირს ლუციუსს არ აქვს შედგენილი გეგმა რომში რესპუბლიკური მმართველობის აღსადგენად. ლუციუსი მხოლოდ დადებითი გმირის როლს ასრულებს, მას ხალხი მაინცდამაინც არ აინტერესებს - იმიტომ, რომ იგი იმპერატორის შთამომავალია.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2024/11/24/trump-america-rome-gladiator-lawfare-concubines/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.