USD 2.6104
EUR 2.9933
RUB 3.1028
Тбилиси
„რუსული სამყარო“ და მისგან მომდინარე საფრთხეები
дата:  1524

საყოველთაოდ ცნობილია კრემლის დაუოკებელი სიყვარული მის მიმართ ქვეშევრდომული გრძნობების ფრქვევისადმი არა მარტო რუსეთის მოქალაქეების, არამედ იმ ხალხებისა და ქვეყნების მხრიდანაც, რომლებსაც იგი „რუსული სამყაროს“ ("Русский мир") ნაწილად განიხილავს. იქაურ ისტებლიშმენტს არაფერი სიამოვნებს ისე, როგორც მარადიული ურყევი ერთგულების მლიქვნელური ფიცი. სწორედ ამაში მდგომარეობს "რუსული სამყაროს მთელს მსოფლიოზე განვრცობის" იმ პროექტის ესთეტიკური თავისებურებაცა და „სულიერი ღერძიც“, რომელსაც რუსეთი უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ლობირებს.

მოდით, განვიხილოთ, მაინც რას წარმოადგენს ე.წ. რუსული სამყარო, რომელშიც კრემლი სულ უფრო მეტი სახელმწიფოსა და ხალხის შეტყუებას ცდილობს.

მართალია, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას შორეულ წარსულში მიმავალი ფესვები აქვს, მაგრამ მისი რეინკარნაცია/აქტიური პოპულარიზაცია 2000-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ანუ ფაქტობრივად, პუტინის დაუსრულებელი მმართველობის დასაწყისიდან.

ამ აგრესიული კონცეფციის საფუძველში რუსული ენის, როგორც ყველა იმ ადამიანის გამაერთიანებელი ფაქტორის აღქმა დევს, რომლებიც რუსული კულტურისადმი ერთგვარ ლტოლვას განიცდიან. ამავდროულად, "რუსული სამყაროს" ნაწილად შეიძლება, იქცეს ნებისმიერი ტერიტორია, სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსულად საუბრობს.

გახსოვთ, როგორ შეუსწორა ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს მოსწავლეს, რომელსაც თავად ჰკითხა რუსეთის საზღვრების შესახებ? მაშინ მან განაცხადა, „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდებაო“. და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, პუტინი ამას პირდაპირი მნიშვნელობით ამბობდა: რუსეთის ფედერაცია ხომ დღემდე აგრძელებს საკუთარი საზღვრების გაფართოების მცდელობებს, ამ წუთებშიც აწარმოებს რა მორიგ დამპყრობლურ ომს უკრაინაში და ანექსირებული აქვს რა ქვეყნის 4 ოლქი ყირიმთან ერთად.

პუტინის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, შემდგომში კორუფციისა და უკრაინაში განცდილი წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან გადაყენებულმა ვლადისლავ სურკოვმა თავის დროზე ზუსტად განმარტა „რუსული სამყაროსა“ და პუტინის იმ სიტყვების არსი: "პუტინმა ბრძანა, რომ რუსეთს საზღვრები არ აქვს. ვფიქრობ, მას ეს ჰქონდა მხედველობაში. რა არის რუსული სამყარო? რუსული სამყაროა ყველგან, სადაც ადამიანები რუსულად საუბრობენ და ფიქრობენ… სადაც პატივს სცემენ პუტინს. მას კი პატივს სცემენ ბევრგან - ისინიც კი, ვინც რუსულად არ საუბრობს და საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს რუსეთზე. [რუსული სამყაროა] იქ, სადაც ადამიანებს ეშინიათ რუსული იარაღის, - იქაც ჩვენი გავლენის სფეროა... რუსული სამყაროა იქაც, სადაც პატივს სცემენ ჩვენს მეცნიერებს, მწერლებს, ხელოვნებას.... - ეს ყველაფერი რუსული სამყაროა".

„რუსული სამყაროს“ კონცეფციის ფარგლებში კრემლი უცხოეთში რუსულენოვან მოსახლეობას საკუთარი გავლენის იარაღად იყენებს და სამწუხაროდ, დროდადრო ეს ეკონომიკურად განვითარებულ და პოლიტიკურად მედეგ სახელმწიფოებშიც კი გამოსდის. სწორედ რუსულენოვანი მოსახლეობა იყო გამოყენებული დესტაბიიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითს წარმოადგენდა „ბრინჯაოს ჯარისკაცის“ მონუმენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელიც ტალინში საბჭოთა მეომრების მემორიალის დემონტაჟს უკავშირდებოდა.

მაგრამ კრემლის მხრიდან ყველაზე დიდი საფრთხე „ახლო უცხოეთის“ ისეთი ქვეყნებისადმია მიმართული, როგორიცაა უკრაინა და ბელარუსი, რომელთაც მოსკოვი „რუსული სამყაროს“ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სწორედ „რუსული სამყაროს კულტურული ერთობის აღდგენისა“ და „რუსული ენისა და მასზე მოსაუბრე მოქალაქეების დაცვის“ საბაბები გამოიყენა კრემლმა უკრაინაში საკუთარი ტერიტორიული ექსპანსიის გასამართლებლად. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა - The Economist სტატიაში "ომის ახალი რუსული კულტი" აღნიშნავდა: "რუსული სამყარო" წარსულში ბუნდოვანი ისტორიული ტერმინი იყო საერთო ეთნიკურობაზე, რელიგიასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული სლავური ცივილიზაციის აღსანიშნად. პუტინის რეჟიმმა კი ეს იდეა თავისებურად გააცოცხლა და საკუთარ პროპაგანდაში ანტიდასავლური ვაქჰანალიის, მართლმადიდებლური დოგმის, ნაციონალიზმის, შეთქმულების თეორიისა და სტალინური ტიპის საპოლიციო სახელმწიფოს ვულგარული ნაზავის სახით დაამკვიდრა".

რუსეთმა უკვე მოახდინა ბელარუსის რუსიფიცირება, ის კი არცთუ მცირე ევროპული ქვეყანაა არცთუ ყველაზე სუსტი ეკონომიკით და დიდი ადამიანური კაპიტალით. წარმატებული რუსიფიკაციის შედეგად დღეს 10-მილიონიან ბელარუსში, რომლის მოსახლეობაში ბელარუსები სჭარბობენ, ბელარუსულ ენას მხოლოდ სოფლებში თუ გაიგებთ. როგორც ავტორიტეტული გამოცემა DW აღნიშნავს, UNESCO-ს მსოფლიო ენების ატლასზე ბელარუსული აღნიშნულია vulnerable-ად (მოწყვლადად, დასუსტებულად), ეს კი კვდომის 4-საფეხურიანი გზის პირველი საფეხური გახლავთ.

გაძლიერებულ რუსიფიკაციას ექვედებარებიან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკებიც. აბორიგენი ხალხების არაერთი ენა უკვე განწირულია გაქრობისთვის. ამმხრივ ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ბელარუსებიც კი არა ორენოვანებისკენ მიემართებიან, როგორც, მაგალითად, შოტლანდიაში ან უელსში, არამედ საკუთარი ენის რუსულით სრულად ჩანაცვლებისკენ.

ენა - ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მაგრამ შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს „რუსული სამყაროს“ პრაქტიკული მდგენელი - ის, თუ რა წესები მოქმედებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც „რუსულმა სამყარომ“ მოიკიდა ფეხი. უცვლელი პუტინი, სამარადჟამო ლუკაშენკო და კადიროვი – ეს „რუსული სამყაროს“ სავიზიტო ბარათია. ყოვლისმომცველი კორუფცია, ძალოვანებისა და ჩინოსნების სრული ძალაუფლება, ადამიანის საბაზისო უფლებების იგნორირება და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, აგრესიის პროპაგანდა და ჯიბის მედია - ესაა ის, რასაც „რუსული სამყარო“ გვთავაზობს. და ვინ ჰყავს მას მეგობრებში? - სირია, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, "ჰესბოლა" და "ჰამასი"... ვერ გამოსდის „რუსულ სამყაროს“ მეგობრობა დემოკრატიებთან, მათთან, ვინც ნორმალური, ადამიანური, ჰუმანისტური საზოგადოება ჩამოაყალიბა.

„რუსული სამყარო“ დაუნდობელია თავის პროპაგანდაში. სახელმწიფო სატელევიზიო არხები გადაიქცნენ მონსტრებად, რომელთათვისაც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების, ხალხებისა და სახელმწიფოების მიმართ სიძულვილის გაღვივების, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ნორმების უარყოფისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობის წაქეზების მიზნით სიცრუის ფრქვევა ნორმად იქცა. მსგავსი აღვირახსნილი პროპაგანდის მაგალითია რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის სიუჟეტი „ჯვარზე გაკრული რუსი ბიჭუნას“ შესახებ: 2014 წლის 18 მარტს რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია განახორციელა - და კრემლს დასჭირდა საკუთარი მოსახლეობის შოკირება ამ ქმედებისთვის ლეგიტიმაციის მისაცემად; იმავე წლის 12 ივლისს რუსეთის „პირველ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინიდან დევნილი ყვებოდა, როგორ „დასაჯეს საჯაროდ უკრაინელმა სამხედროებმა სლავიანსკში პრორუსი აქტივისტის ცოლი და 3 წლის ვაჟი“; მოგვიანებით არაერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო ფეიქი, ხოლო თავად „თვითმხილველმა“ ქალმა, რომელიც ამას ყვებოდა, აღიარა, რომ ეს ამბავი „სხვებისგან ჰქონდა გაგონილი“.

„ჯვარზე გაკრული ბიჭუნას“ შესახებ სიუჟეტს მკვლევარები იმის ერთ-ერთ მტკიცებულებად იყენებენ, რომ დეზინფორმაცია და სიცრუე ნორმაა თანამედროვე რუსული მედიისთვის. როგორც ამერიკული ჟურნალისტიკის ვეტერანი, Wall Street Journal-ის უშტატო ავტორი, სსრკ-ისა და რუსეთის თემატიკის კურატორი დევიდ სეტერი აღნიშნავს, ხსენებული სიუჟეტის მიზანს ნაციონალისტური ისტერიის გამოწვევა წარმოადგენდა. ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი საბჭოთა ემიგრატების ოჯახიდან ლინდა კინსტლერი აცხადებს, რომ სიუჟეტმა რუსეთში ანტიუკრაინული განწყობები და საომარი მოქმედებების მხარდაჭერა გააძლიერა. დასავლურ მედიას კი ეს სიუჟეტი რუსული პროპაგანდისტული სიყალბის - იმთავითვე არასანდო, აბსურდული ინფორმაციის მაგალითად მოჰყავს.

და მსგავსი მაგალითი უამრავია. ავიღოთ თუნდაც რუსული მედიის სიუჟეტი ბერლინში მიგრანტების მიერ 13 წლის რუსი გოგონას ვითომდა გაუპატიურების თაობაზე. ე.წ. „ლიზას საქმე“ ფეიქი აღმოჩნდა, მაგრამ გერმანიაში თავის დროზე არეულობის გამოწვევა და კრემლის მფარველობით მოსარგებლე მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსების პოზიციების მომძლავრება შეძლო.

აი, ასეთია „რუსული სამყარო“ მთელი მისი ყალბი „სიკეთეებით“. თავად მისი კონცეფცია შეიცავს პირდაპირ სასიკვდილო საფრთხეს ხალხთა ეროვნული თვითმყოფადობის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, განსაკუთრებით - რუსეთის სამეზობლოში.

ხოლო იმისათვის, რომ დატკბე ჩაიკოვსის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებებით, ან, გნებავთ, ჩეხოვისა და გოგოლის დანატოვარით, სულაც არაა აუცილებელი, „რუსული სამყაროს“ ნაწილი იყო, - საკმარისია, გიყვარდეს მუსიკა და ლიტერატურა.

რაჟდენ ქაჯაია

წყარო: https://accentnews.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати