USD 2.6950
EUR 3.1604
RUB 3.4588
Тбилиси
რუსული სახელმწიფო კომპანიების მილიონიანი შემოსავლები საქართველოში
дата:  1026

რუსული სახელმწიფო კომპანიები საქართველოში არაერთი მსხვილი ბიზნესის ბენეფიციარი მფლობელები არიან. რუსული სახელმწიფო კომპანიები ყველაზე აქტიურად საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, ასევე საწვავის იმპორტისა და ტრანზიტის, ასევე საფინანსო სექტორში არიან წარმოდგენილი.

Inter Rao საქართველოში:

რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao თბილისის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიების “თელასისა” და “თელმიკოს” ბენეფიციარი მფლობელია. ორივე კომპანიაში 75%-იანი წილი Inter Rao-ს მიერ ჰოლანდიაში დაფუძნებულ Silk Road Holdings B.V-ს ეკუთვნის, თავად “ინტერ რაოს” მესაკუთრე კი რუსეთის ფედერაციაა. “თელასში” მინორიტარული 24.5%-იანი წილი 2020 წლიდან ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული წილი $10 მილიონად “საპარტნიორო ფონდისგან” შეიძინა.

2021 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ქვეყანას Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ის საქართველოს მიერ Inter Rao-სთან გაფორმებული ხელშეკრულების და მემორანდუმის დარღვევას ეხებოდა. მთავრობის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

რაც შეეხება უშუალოდ საოპერაციო შემოსავლებს, Inter Rao-ს ძირითადი შვილობილის, “თელასის” ფინანსური შედეგები ასეთია:

● 2020 წლის შემოსავალი - 411.1 მილიონი ლარი, ზარალი 72.9 მილიონი ლარი;
● 2019 წლის შემოსავალი - 453 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 14 მილიონი ლარი.

Inter Rao საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების გარდა, დენის იმპორტის ბიზნესშიც არის ჩართული.

2019 წლის მაისში Inter Rao-მ და ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა ლუქსემბურგულმა კომპანია “ევგ ჰოლდინგმა” 50.01% და 49.99%-ის წილების თანაფარდობით დააფუძნეს ახალი კომპანია “ინტერ რაო საქართველო”, რომელიც რუსული ელექტროენერგიის იმპორტით არის დაკავებული.

კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ “ინტერ რაო საქართველომ” 2020 წელს 38.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი მისი შემოსავალი 65.3 მილიონი ლარი იყო. 2020-ში კომპანიის წმინდა მოგება 4.4 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი ფირმა მოგების ნაცვლად 0.6 მლნ ლარის ზარალზე იყო.

Gazprom Export

2021 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 108%-ით გაიზარდა და მან $77 მილიონ დოლარს მიაღწია. ასეთი მკვეთრი მატება რუსული გაზის იმპორტში არცერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს სახელმწიფო კომპანია Gazprom Export-ისგან ყიდულობს.

ამავე კომპანიასთან ასევე არის გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის მომსახურების ხელშეკრულება, 2015 წლის ჩათვლით, საქართველო რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული სატრანზიტო გაზის საფასურს ნატურით იღებდა, რაც ტრანზიტის 10%-ს შეადგენდა, თუმცა რუსული მხარის მოთხოვნით ტრანზიტის ანაზღაურების წესი შეიცვალა. 2016 წლიდან მოყოლებული ქვეყანა გატარებული გაზის საფასურს ფულადი სახით იღებს, თუმცა ეს ფულადი ანაზღაურება უფრო მცირეა ვიდრე ის 10%, რასაც საქართველო ტრანზიტისთვის იღებდა. საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა.

Rosneft-ი საქართველოში:

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ი ფლობს არამაკონტროლებელ, 49%-იან წილს კომპანია “პეტროკას ენერჯი ინთერნეიშენალ ლიმითედში”, რომელიც თავის მხრივ, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ-იმპორტიორის “გალფის” მესაკუთრეა.

Rosneft-ის გარდა, კომპანიის მსხვილი აქციონერია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც “პეტროკას ენერჯი ლიმითედის” 38%-იანი წილი ეკუთვნის.

“გალფი” საქმიანობს საწვავის როგორც საბითუმო ასევე საცალო სეგმენტში და მას ქვეყნის მასშტაბით 150-მდე გასამართი სადგური აქვს.

“გალფის” ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი 2020 წელს - 535.3 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან 54 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 1.9 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს - 229.4 მილიონი ლარი.

“პეტროკას ენერჯი” საქართველოში ასევე ფლობს ფოთის ნავთობტერმინალს. “ჩენელ ენერჯი ფოთის” ანუ ფოთის ნავთობტერმინალის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი 2020 წელს - 18.5 მილიონი ლარი, 2019 წელს 18.2 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 8.66 მილიონი ლარი, 2019 წელს 7.67 მილიონი ლარი.
● კომპანიის აქტივები - 60.2 მილიონი ლარი.

ფოთის ნავთობტერმინალის გარდა, “პეტროკასი” საავიაციო საწვავის ბიზნესშიც არის წარმოდგენილი და თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას” შემოსავალი 2020 წელს 59 მილიონი ლარი, 2019 წელს კი 142 მილიონი ლარი იყო. 2020-ში მისი წმინდა მოგება 8 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2019-ში 10.9 მილიონი ლარი. კომპანიის აქტივები 34.5 მილიონი ლარია.

VTB ბანკი

რუსული სახელმწიფო ბანკი VTB შვილობილ ბანკებს არაერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ფლობს. VTB ბანკი საქართველო აქტივების ზომით საბანკო სექტორის მეოთხე უმსხვილესი მოთამაშეა (2.15 მილიარდი ლარი). 2021 წლის მდგომარეობით, ბანკის საკრედიტო პორტფელი 1.55 მილიარდი ლარია, რითიც ის ბანკებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, VTB ბანკმა 2021 წელს 37.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რითიც საბანკო სისტემაში მეექვსე პოზიცია დაიკავა.

აშშ-ს სექტორული სანქციები რუსულ კომპანიებს და საქართველო:

რაც შეეხება რუსეთზე დაწესებულ ამერიკულ სექტორულ სანქციებს, მასში ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან შედის Gazprom-ი, ასევე Rosneft-ი და VTB ბანკი.

ამ კომპანიების შვილობილებიდან სანქციების სრულ სიაში აშშ-ს მხოლოდ ერთი ქართული შვილობილი - "VTB ბანკი საქართველო" ჰყავს მოხსენიებული. აშშ სექტორული სანქციები ვრცელდება არაერთ მსხვილ რუსულ კერძო კომპანიაზეც, მათ შორის Lukoil-ზეც, თუმცა ამ უკანასკნელის ქართული შვილობილი სექტორული სანქციების სიაში შეყვანილი არაა.

https://bm.ge/

мир
კანადის პრემიერის მარკ კარნის ისტორიული გამოსვლა დავოსში
,, სასიამოვნოც არის და ვალდებულებაც — თქვენთან ყოფნა ამ გარდამტეხ მომენტში, როგორც კანადისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, „ლამაზი ისტორიის“ დასრულებაზე და იმ მკაცრი რეალობის დასაწყისზე, სადაც გეოპოლიტიკა აღარ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას.
მაგრამ ამავე დროს გეუბნებით: სხვა ქვეყნები — განსაკუთრებით საშუალო ძალის სახელმწიფოები, როგორიცაა კანადა — უძლურნი არ არიან. მათ აქვთ უნარი, შექმნან ახალი წესრიგი, რომელიც გააცოცხლებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაკლებად ძლიერთა ძალა იწყება სიმართლით.
ყოველდღე გვახსენებენ, რომ ვცხოვრობთ დიდი ძალების დაპირისპირების ეპოქაში. რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება. რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანენ იმას, რაც უწევთ.
დიდეს ეს აფორიზმი თითქოს გარდაუვალობადაა წარმოდგენილი — საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა, რომელიც კვლავ იჩენს თავს. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ხშირად უჩნდებათ ცდუნება „შეუერთდნენ დინებას“: მოერგონ, თავი აარიდონ პრობლემებს, იფიქრონ, რომ მორჩილება უსაფრთხოებას მოუტანთ.
არ მოუტანს.
მაშ, რა არჩევანი გვაქვს?
1978 წელს ჩეხმა დისიდენტმა ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესსე სახელწოდებით „უძლურთა ძალა“. მან მარტივი კითხვა დასვა: როგორ ახერხებდა კომუნისტური სისტემა არსებობას?
მისი პასუხი იწყებოდა ბოსტნეულის გამყიდველით. ყოველ დილით ის მაღაზიის ვიტრინაში აკრავს პლაკატს: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მას არ სჯერა ამის. არავის სჯერა. მაგრამ მაინც აკრავს — პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მორჩილების საჩვენებლად, „რათა საქმე მშვიდად წავიდეს“. და რადგან ყველა ქუჩაზე ყველა მაღაზია იგივეს აკეთებს, სისტემა გრძელდება.
არა მხოლოდ ძალადობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ რიტუალებში, რომლებიც თავადაც იციან, რომ სიცრუეა.
ჰაველმა ამას უწოდა „ცხოვრება სიცრუეში“. სისტემის ძალა მოდის არა მისი სიმართლისგან, არამედ ყველას მზადყოფნისგან, მოიქცეს ისე, თითქოს ის მართალია. და მისი მყიფეობაც აქედან მოდის: როგორც კი ერთი ადამიანი შეწყვეტს ამ თამაშს — როგორც კი ბოსტნეულის გამყიდველი ჩამოხსნის პლაკატს — ილუზია იწყებს ბზარვას.
დროა კომპანიებმა და ქვეყნებმა ჩამოხსნან თავიანთი პლაკატები.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები, როგორიცაა კანადა, სარგებლობდნენ იმით, რასაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებდით. ჩვენ შევედით მის ინსტიტუტებში, ვაქებდით მის პრინციპებს და ვიღებდით სარგებელს მისი პროგნოზირებადობისგან. მისი დაცვის ქვეშ შეგვეძლო ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება.
ვიცოდით, რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მცდარი იყო. რომ ძლიერები საჭიროებისამებრ თავს ითავისუფლებდნენ წესებისგან. რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა. და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით ვრცელდებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან მსხვერპლი.
ეს ფიქცია სასარგებლო იყო, და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ სიკეთეებს: ღია საზღვაო გზებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების გადაწყვეტის ჩარჩოებს.
ამიტომაც დავკიდეთ პლაკატი. ჩავერთეთ რიტუალებში. და უმეტესად თავი ავარიდეთ რიტორიკასა და რეალობას შორის არსებული უფსკრულის გამოძახილს.
ეს შეთანხმება აღარ მუშაობს.
პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვცხოვრობთ რღვევის და არა გარდამავალი ეტაპის ეპოქაში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა გამოავლინა უკიდურესი გლობალური ინტეგრაციის რისკები.
ახლახან კი დიდმა ძალებმა ინტეგრაცია იარაღად აქციეს: ტარიფები — ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურა — ზეწოლის საშუალებად, მიწოდების ჯაჭვები — სისუსტედ, რომელსაც ექსპლუატაციას უკეთებენ.
შეუძლებელია „იცხოვრო სიცრუეში“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის შესახებ, როდესაც ინტეგრაცია შენი დაქვემდებარების წყაროდ იქცევა.
მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომელზეც საშუალო ძალები ეყრდნობოდნენ — WTO, გაერო, COP — მნიშვნელოვნად დასუსტებულია.
შედეგად, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: საჭიროა მეტი სტრატეგიული ავტონომია — ენერგიაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში.
ეს იმპულსი გასაგებია. ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება, ენერგიით უზრუნველყოფა ან დაცვა, არჩევანი თითქმის არ აქვს. როცა წესები აღარ გიცავს, თავად უნდა დაიცვა თავი.
მაგრამ ნათლად დავინახოთ, სად მივყავართ ამას: ციხე-სიმაგრეების სამყარო უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი იქნება.
და კიდევ ერთი სიმართლე არსებობს: თუ დიდი ძალები საბოლოოდ უარს იტყვიან წესებისა და ღირებულებების თუნდაც ფორმალურ შენარჩუნებაზე და დაუბრკოლებლად მიჰყვებიან ძალასა და ინტერესებს, „ტრანზაქციონალიზმის“ სარგებელი სულ უფრო რთული გასამეორებელი გახდება. ჰეგემონები ვერ შეძლებენ უსასრულოდურთიერთობების მონეტიზაციას.
მოკავშირეები დაიწყებენ დივერსიფიკაციას, გაურკვევლობისგან დაზღვევას, არჩევანის გაზრდას. ეს აღადგენს სუვერენიტეტს — სუვერენიტეტს, რომელიც ადრე წესებზე იყო დაფუძნებული, ხოლო ახლა უფრო მეტად უნარზე იქნება დამყარებული, გაუძლოს ზეწოლას.
როგორც ვთქვი, ეს კლასიკური რისკმენეჯმენტი ფასიანი სიამოვნებაა, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიის, სუვერენიტეტის ეს ფასი შეიძლება გაზიარებული იყოს. კოლექტიური ინვესტიციები მდგრადობაში იაფია, ვიდრე ყველასთვის საკუთარი ციხის აშენება. საერთო სტანდარტები ამცირებს ფრაგმენტაციას. ურთიერთშემავსებლობა დადებითი ჯამია.
საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა არ არის — მოვერგოთ თუ არა ახალ რეალობას. უნდა მოვერგოთ. კითხვა ის არის: მოვერგებით მხოლოდ კედლების ამაღლებით, თუ შევძლებთ უფრო ამბიციურს?
კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარს მოუსმინა და საფუძვლიანად შეცვალა სტრატეგიული პოზიცია.
კანადელებმა იციან, რომ ძველი, კომფორტული დაშვება — თითქოს გეოგრაფია და ალიანსები ავტომატურად გვაძლევდა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას — აღარ არის მართებული.
ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბი „ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმს“ უწოდებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვინდა ვიყოთ პრინციპულიც და პრაგმატულიც.
პრინციპულები — ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის ფარგლებს გარეთ, ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პრაგმატულები — იმ რეალობის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვურთიერთობთ, გახელილი თვალებით. ვმოქმედებთ სამყაროში ისეთად, როგორიც არის — და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა რომ იყოს.
კანადა აკალიბრებს ურთიერთობებს ისე, რომ მათი სიღრმე ასახავდეს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს ფართო ჩართულობას, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი გავლენა — მსოფლიო წესრიგის რისკებისა და მომავალი ფსონების გათვალისწინებით.
ჩვენ აღარ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას — არამედ ჩვენი ძალის ღირებულებასაც.
ჩვენ ვაშენებთ ამ ძალას შინ.
ჩემი მთავრობის მოსვლის შემდეგ შევამცირეთ გადასახადები შემოსავლებზე, კაპიტალურ მოგებაზე და ბიზნესინვესტიციებზე; მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი შიდაპროვინციულ ვაჭრობაში; დაჩქარებული წესით ვახორციელებთ ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო დერეფნებსა და სხვა სფეროებში.
2030 წლამდე ვაორმაგებთ თავდაცვის ხარჯებს და ამას ვაკეთებთ ისე, რომ გავაძლიეროთ შიდა ინდუსტრიები.
ჩვენ სწრაფად ვახდენთ დივერსიფიკაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გავაფორმეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთან, მათ შორის შევუერთდით SAFE-ს — ევროპის თავდაცვის შესყიდვების სისტემას.
ბოლო ექვს თვეში ოთხ კონტინენტზე თორმეტი სხვა სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება გავაფორმეთ.
ბოლო დღეებში კი ახალი სტრატეგიული პარტნიორობები დავამყარეთ ჩინეთთან და ყატართან.
ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ASEAN-თან, ტაილანდთან, ფილიპინებთან, მერკოსურთან.
გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ვიყენებთ „ცვლად გეომეტრიას“ — სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა კოალიციებს, ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ მსურველთა კოალიციის ბირთვული წევრი და ერთ-ერთი უდიდესი ერთ სულ მოსახლეზე დამცველი და უსაფრთხოების მხარდამჭერი.
არქტიკის სუვერენიტეტზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიასა და დანიასთან ერთად და სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიის უნიკალურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ურყევია.
ჩვენ ვმუშაობთ ნატოს მოკავშირეებთან (მათ შორის სკანდინავიურ-ბალტიურ ქვეყნებთან ), რათა კიდევ უფრო გავამაგროთ ალიანსის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფლანგები — მათ შორის უპრეცედენტო ინვესტიციებით ზეჰორიზონტულ რადარებში, წყალქვეშა ნავებში, ავიაციაში და ადგილზე განლაგებულ ძალებში. კანადა მკაცრად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და მოითხოვს მიზნობრივ მოლაპარაკებებს არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად.
პლურილატერალურ ვაჭრობაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ძალისხმევას, შეიქმნას ხიდი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის — ახალი სავაჭრო ბლოკი 1.5 მილიარდი ადამიანისთვის.
კრიტიკულ მინერალებზე ვქმნით მყიდველთა კლუბებს G7-ის ფარგლებში, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს კონცენტრირებული მიწოდებისგან.
ხელოვნურ ინტელექტში ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიებთან, რათა საბოლოოდ არ დაგვჭირდეს არჩევანი ჰეგემონებსა და ჰიპერსკეილერებს შორის.
ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების აშენება — საკითხიდან საკითხამდე — პარტნიორებთან, ვისთანაც საკმარისი საერთო გვაქვს ერთობლივი მოქმედებისთვის. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
და ეს არის ვაჭრობის, ინვესტიციისა და კულტურის მჭიდრო ქსელის შექმნა, რომელზეც მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში დავეყრდნობით.
საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ.
დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო თამაში — მათ აქვთ ბაზრის ზომა, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების დასაწესებლად. საშუალო ძალებს — არა.
და როცა ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივად ვლაპარაკობთ, სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ვიღებთ იმას, რასაც გვთავაზობენ. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ იქნება უფრო დამყოლი.
ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის სუვერენიტეტის თამაში დაქვემდებარების მიღებით.
დიდ ძალათა კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: ერთმანეთს შეეჯიბრონ კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — გავლენიანი გზა.
მყარ ძალაზე ზრდამ არ უნდა დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმურობის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად ავამოქმედებთ.
და აქ ვუბრუნდები ჰაველს.
რას ნიშნავს საშუალო ძალებისთვის „ცხოვრება სიმართლეში“?
ეს ნიშნავს რეალობის სახელის დარქმევას. შეწყვიტეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ მოხმობა ისე, თითქოს ის კვლავ მუშაობს ისე, როგორც აღწერილია. უწოდეთ სისტემას ის, რაც არის: დიდი ძალების მზარდი კონკურენციის პერიოდი, სადაც ყველაზე ძლიერები ეკონომიკურ ინტეგრაციას ზეწოლის იარაღად იყენებენ.
ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას. ერთნაირი სტანდარტების გამოყენებას მოკავშირეებსა და მეტოქეებზე. როცა საშუალო ძალები აკრიტიკებენ ეკონომიკურ ზეწოლას ერთი მხრიდან და დუმილს ინარჩუნებენ მეორეზე — ისინი კვლავ ტოვებენ პლაკატს ფანჯარაში.
ეს ნიშნავს იმის აშენებას, რისიც გვჯერა. ძველი წესრიგის დაბრუნების მოლოდინის ნაცვლად — ისეთი ინსტიტუტებისა და შეთანხმებების შექმნას, რომლებიც რეალურად მუშაობს.
და ეს ნიშნავს ზეწოლის ბერკეტების შემცირებას. ძლიერი შიდა ეკონომიკის აშენება ყოველთვის უნდა იყოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. საერთაშორისო დივერსიფიკაცია არა მხოლოდ ეკონომიკური წინდახედულობაა — ეს არის გულწრფელი საგარეო პოლიტიკის მატერიალური საფუძველი. ქვეყნები იმსახურებენ პრინციპულ პოზიციებს მაშინ, როცა ამცირებენ საკუთარ მოწყვლადობას შურისძიების მიმართ.
კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ. გვაქვს კრიტიკული მინერალების უზარმაზარი მარაგი. გვყავს მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და დახვეწილია. გვაქვს კაპიტალი, ტალანტი და მთავრობა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფისკალური შესაძლებლობები გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
და გვაქვს ღირებულებები, რომელთა მიმართ სხვები ისწრაფვიან.
კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალია. კანადელები კვლავ ერთგულნი არიან მდგრადობის.
ჩვენ ვართ სტაბილური, სანდო პარტნიორი — სამყაროში, რომელიც ასეთად აღარ არის — პარტნიორი, რომელიც ურთიერთობებს აშენებს და აფასებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კანადას აქვს კიდევ რაღაც: გააზრება იმისა, რაც ხდება, და გადაწყვეტილება, იმოქმედოს შესაბამისად.
ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ადაპტაციას. ის მოითხოვს გულწრფელობას სამყაროს მიმართ — ისეთად, როგორიც არის.
ჩვენ ვიღებთ პლაკატს ფანჯრიდან.
ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება. არ უნდა ვიგლოვოთ იგი. ნოსტალგია არ არის სტრატეგია.
მაგრამ ბზარიდან შეგვიძლია ავაშენოთ რაღაც უკეთესი, ძლიერი და უფრო სამართლიანი.
ეს არის საშუალო ძალების ამოცანა — მათ აქვთ ყველაზე მეტი დასაკარგი ციხე-სიმაგრეების სამყაროში და ყველაზე მეტი მოსაპოვებელი ნამდვილი თანამშრომლობის სამყაროში.
ძლიერებს აქვთ თავიანთი ძალა. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც — უნარი, შევწყვიტოთ მოჩვენება, დავარქვათ სახელი რეალობას, გავაძლიეროთ საკუთარი თავი შინ და ვიმოქმედოთ ერთად.
ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ღიად და თავდაჯერებულად ვირჩევთ.
და ეს არის გზა, რომელიც ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მზად არის, მას ჩვენთან ერთად დაადგეს.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати