USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
“რუსული კანონი“ & სანქციები - რა ეკონომიკურ ფასს გადაიხდის საქართველო?
Date:  477

„ძალიან მაღალ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით“ - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან მმართველი პარტიის წარმომადგენლების დასანქცირების შემდეგ, არ არის გამორიცხული ევროკავშირმაც საქართველოსთან ურთიერთობების დროებით გაყინვის გადაწყვეტილება მიიღოს, შეჩერდეს ის პირდაპირი დახმარება, რასაც ქვეყანა აშშ-დან და ევროკავშირიდან იღებს, გაუარესდეს ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგი და ქართული კომპანიებიდან უცხოური კაპიტალის გადინება დაიწყოს.

„ევროკავშირში ზუსტად იგივე განწყობაა, რაც აშშ-ში. ევროკავშირს აქვს რამდენიმე პრობლემა ამ შემთხვევაში, სწრაფად მოქმედებისთვის. ერთია, რომ ვართ კანდიდატი სახელმწიფო, ვართ ევროკავშირის გაფართოების ნაწილი, ასე მარტივად კანდიდატი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესება, გაუქმება ვიზალიბერალიზაციის, დასჯა, მისი პარლამენტის დიდი ნაწილის და მთავრობის დიდი ნაწილის დასანქცირება, ეს ყველაფერი ამ პოლიტიკის კონტექსტში, შეიძლება აღმოჩნდეს კონტრპროდუქტიული. აქ ხომ ევროკავშირის გაფართოებაზეა საუბარი, ამიტომ რასაც გაფართოების პოლიტიკაში ევროკავშირი აწარმოებს და რაზედაც მუშაობს, პრაქტიკულად ის უნდა მოიკვეთოს, ამიტომ მარტივი გადასაწყვეტი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განწყობებია, როგორც აშშ-ში.

არის წინააღმდეგობა 1-2 ქვეყნის მხრიდან, რომლებიც ჯერ არ არიან მომხრეების სანქციების, მაგრამ აშშ-ში მიღებული ზომები და მის მერე განვითარებული სიტუაცია, თუ დაინახეს, რომ აშშ-ს ზომებმა არანაირი გავლენა არ იქონია და ხელისუფლება აგრძელებს ისევ ისეთ კურსს და იყენებენ ძალადობას, მაშინ ევროკავშირი ერთსულოვნებას მიაღწევს ამ საკითხში, რომ პოლიტიკის დაზიანების მიუხედავად საქართველოსთან გაყინოს ურთიერთობები რაღაც დროით, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, თუმცა ხალხთან შეინარჩუნებენ ურთიერთობას, რადგან მუხტი მაღალია“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ამის ეკონომიკური ფასი ძალიან მაღალია. გარდა იმისა, რომ 700-800 მილიონის დახმარებას იღებს ქვეყანა აშშ-სა და ევროკავშირისგან და ამის დაკარგვის საფრთხე არსებობს, დაფინანსება შეიძლება შეაჩერონ მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, შემცირდეს პირდაპირი და პროფილური ინვესტიციები. საუბარია მილიარდობით თანხაზე, რასაც გოგოლაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა საერთაშორისო იზოლაციის პირობებში დაკარგავს.

„დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ ზიანზე, რასაც მივიღებთ. ევროკავშირის და აშშ-ს პირდაპირი დახმარების რაოდენობა - დაახლოებით 700-800 მილიონი წელიწადში მოდის ისეთ პროექტებში, რომლებიც არის ტექნიკური დახმარების პროექტები და საბიუჯეტო დახმარების პროექტები. წარმოიდგინეთ, რომ ეს თანხა ამოვიდა ეკონომიკიდან. მეორეა გრძელვადიანი კრედიტები სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, არამარტო აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირიდან. საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებული მშენებლობებიც გაჩერდება, მსოფლიო ბანკის პროექტებიც გაჩერდება, მილიარდებზეა საუბარი, რომელიც მოაკლდება ჩვენს ეკონომიკას.

პირდაპირი დარტყმა შეიძლება მიადგეს ჩვენს საინვესტიციო რეიტინგს, რომლის დაცემა გამოიწვევს რა თქმა უნდა პირდაპირი და ასევე პორტფელური ინვესტიციების შემცირებას. ქართულ ბანკებში, ასევე დიდი კომპანიებშიც დიდი წილია უცხოური კაპიტალის, მათი გადინებაც შეიძლება მოხდეს, საკუთარს აქციებს ან გაასხვისებენ ან შეწყვეტენ დაფინანსებას. გასათვალისწინებელია მოსახლეობის გადინება, კვალიფიციური პერსონალის გაქცევა.

სანქციების ქვეშ ქვეყნები ცხოვრობენ, მაგრამ როგორც ცხოვრობენ? როგორც ცხოვრობენ ირანში. პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა იმის გამო, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს ნაწილების გამოცვლა, სანქციების გამო. საქართველო ირანზე უფრო ძლიერი ქვეყანაა? იმათ ნავთობი მაინც აქვთ, აქვთ შიდა რესურსები, რომლითაც ახერხებენ თავის გატანას, მაგრამ საქართველოსთვის ეს საერთაშორისო იზოლაცია ეკონომიკური თვალსაზრისით დამღუპველი იქნება.

ამას მოჰყვება შედეგი ის, რომ თუ მთავრობა დარჩა ამის კომპენსაცია მოახდინოს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებით, რასაც მოჰყვება მძლავრი პოლიტიკური შედეგები. ჩვენ გადავიქცევით მაგათი ინტერესების გამტარებლად და აგენტად. მაშინ მართლა ყველანი გავხდებით აგენტები, გავხდებით რუსეთის ინტერესების აგენტი ქვეყანა და ასეთი კვალიფიკაცია გვექნება საერთაშორისო თანამეგობრობაში. თუ ხელისუფლება შეიცვლება ყველა ეს პრობლემა მოიხსნება. ეს იქნება სტიმული ევროკავშირისთვის დააჩქაროს მოლაპარაკება და გაგვიორმაგოს დახმარება“,-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.

წყარო:https://bm.ge/

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way