USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
თბილისი
რუსული ჩექმა და ქართული ეკლესია - ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ
თარიღი:  520

ქართველისთვის ქრისტიანობა და საქართველო განუყრელი მცნებებია. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოსათვის ბრძოლა ქრისტიანობისთვის ბრძოლას ნიშნავდა და პირიქით. ეს კარგად იცოდა ყველა დამპყრობელმა და პირველი იერიშიც სწორედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მოჰქონდა, რადგან თუ ქართველ კაცს წაართმევდნენ სარწმუნოებას, ეროვნულ სულსაც ადვილად ჩაუკლავდნენ...

მოდიოდნენ ხმლით, ხიშტით, ჩექმით, მაცდური სიმდიდრით... სისასტიკითა და ვერაგობით არც ერთმორწმუნე რუსეთი ჩამორჩენია ისლამურ სამყაროს...

XIX ს. დასაწყისშივე გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე ჩვენმა ,,უფროსმა ძმამ“: სამეფო ტახტი გაგვიუქმა, რიგით გუბერნიად გვაქცია, ავტოკეფალია წაგვართვა, ეკლესიებში ფრესკები შეგვითეთრა, წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღგვივლინა, ქართველისთვის გაუგებარი გახადა რუდუნებით გადარჩენილი დედარელიგია. XX ს. 20-30-იან წლებში ახლა უკვე ბოლშევიკურმა რუსეთმა აშკარად და დაუნდობლად, ცინიკურად და სიძულვილით დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა მართლმადიდებლური საქართველოს წინააღმდეგ.

,,მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლუციამ თუკი მიბრძანა! და ეცემოდა დედო-ზარები, ინგრეოდა ეკლესიები, ეწამებოდნენ და იხვრიტებოდნენ ჩვენი სულებისა და ქვეყნისთვის მლოცველი

მოძღვრები და ბერები... იქმნებოდა იდეოლოგია, რომელიც აკნინებდა ყველაფერ ეკლესიურს, რელიგიურს, ტრადიციულს... და ამ ყოველივეს, ვაი, რომ გადაგვარებული ქართველის ხელით აკეთებდნენ! დიახ, გადაგვარებული ქართველი კომკავშირელები, კომუნისტები – საგანგებო კომისიის (ЧК), სახელმწიფო პოლიტსამმართველოს (ГПУ), შინსახკომის (НКВД) თანამშრომლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ,,ანტირელიგიური კამპანიის” გატარებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცული მასალები საშუალებას გვაძლევს გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმ დროს არსებულ მძიმე ვითარებაზე. ჩვენ მიერ მოკრძალებულად შემოთავაზებული სტატია დღის შუქს ჰფენს იმ ,,საქმეებს,~ რომლებიც მშრალად გადმოსცემს ,,სამშობლოს მოღალატისა~ და ,,ხალხის მტრის“ _ სასულიერო პირების ,,დანაშაულებებსა~ და ბედ-იღბალს.

1923 წლის 3 ივნისს თბილისის ქართველი სამღვდელოების საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა უმაღლეს ხელისუფლებას. Aამ განცხადების პირველ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია იმ ღვაწლზე, რომელიც ქრისტიანობას მიუძღვის ქართველი ერის ისტორიაში: ,,ეკლესია შედუღებულ-შესისხორცებული იყო ჩვენი ერის სულიერ თუ ნივთიერ კულტურაში... სასულიერო თუ საერო მწერლობა, მწიგნობრობა, ყოველივე ესე ან სასულიერო პირთა შექმნილია, ან ქრისტიანობის ღრმა ზეგავლენით არის წარმოებული... ჩვენი ეკლესია, თვის სამღვდელოებით, დრო და ჟამის შესაფერათ ერთგულად სწევდა ერის და სამშობლო ქვეყნის საერთო ჭაპანს“...

 მიმართვაში მინიშნებულია, რომ საქართველოში ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის დიდი პატივით ეპყრობოდა სხვა სჯულის აღმსარებელს, არ დევნიდა და ავიწროებდა მას, რომ ჩვენში ,,ადამიანის სინდისის თავისუფლება მუდამ დაცული იყო...“ თუ ვინმე უღირსი გაერეოდა სასულიერო პირებში და ,,ეკლესიაშიც შემოჰქონდა თავისი გამხრწნელი ზეგავლენა... საქართველოს ეკლესია ებრძოდა ამ დუხჭირ მოვლენას, შეძლებისდაგვარად სცხრილავდა ის სამღვდელოებას ასეთი ელემენტებისაგან...~“ გრძნობენ რა თავიანთ განწირულ მდგომარეობას, ავტორები განცხადების დასკვნით ნაწილში ცდილობენ, დაარწმუნონ

,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი~, რომ ქრისტიანობა ,,შემაფერხებელი არ არის ქვეყნის და კაცობრიობის წინმსვლელობისა, პირიქით, ის მოგვიწოდებს, როგორც ზნეობრივ, ისე გონებრივ უსაზღვრო განვითარებაში~ და სთხოვენ, ,,საბჭოთა ხელისუფლებამ მისცეს ქართველ სამღვდელოებას შესაძლებლობა თავისუფლად მოაწესრიგოს რელიგიური მოთხოვნილება მორწმუნე ერისა...

ქვეყნის და კულტურის საკეთილდღეოდ ჩვენ გთხოვთ გარკვეულ და შესაფერ კანონმდებლობის ქვეშე გამოცხადებულ იქნას ჩვენი ეკლესია და მისი სამღვდელოება. ...სარწმუნოებრივი ორგანიზაცია ჩვენი სდგას და იდგება ყოველივე პარტიულ დაPპოლიტიკურ მიმდინარეობის გარეშე, ლოიალურ მოქალაქეობრივ ცხოვრების გზაზე, _ საერთო სახელმწიფოებრივი კანონების წინაშე პასუხის მგებლობით“...

 საგულისხმოა, რომ სასულიერო პირები უარს არ ამბობენ ეკლესიის მართვა-გამგეობაში სათანადო ცვლილებებზე, წმინდა წერილის მიხედვით საეკლესო წესების გამარტივებაზე, მაგრამ ეს მიმართვა ისევე, როგორც მრავალი სხვა, დარჩა ,,ქვად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,“ ისევ იჭერდნენ, ისევ ხვრეტდნენ, ისევ ხურავდნენ...

ასე დაიხურა 1923 წლის გაზაფხულზე თელავის მაზრის ყველა ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნენი ,,ურწმუნოთა რიცხვის შედარებით შეადგენენ შეუდარებელ უმრავლესობას, და რომლისთვისაც სამლოცველო სახლები საჭიროა მათ სარწმუნოებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფოლებლად,  ,,არამც თუ არ გახსნეს, არამედ ერთი ეკლესია, უძველესი და უძვირფასესი, რომელსაც ქართველი ერისთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, სრულებით დაცალეს და მისი ქონება სხვა ეკლესიაში გადაიტანეს, არ ვიცით იმ ეკლესიის შენობა რისთვის უნდათ...“ _ ვკითხულობთ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხა ცხაკაიასადმი გაგზავნილ თხოვნაში, ,,ასეთი უპატივცემლობა ადამიანის რწმენისადმი აღელვებს ხალხს, ამისთვის გთხოვთ გასცეთ განკარგულება, რათა თელავში გახსნან ყველა ეკლესიები, და ამით მისცეთ საშუალება მორწმუნეებმა შეასრულონ ღვთის მსახურება“...

ამ მიმართვას ხელს აწერს 765 კაცი. რა თქმა უნდა, თელავის ეკლესიები არ გახსნილა... არ გახსნილა არც სიღნაღის მაზრის დახურული ეკლესიები. აი, როგორ აღწერენ სოფელ აფენის მცხოვრებნი _ დარია შუბითიძე და ელენე აბესაძე სამრევლო ეკლესიის გაუქმების ამბავს: ,,მიტინგზე დასვეს საკითხი ამგვარად ,,ეკლესია, მღვდელი, ნათვლა გინდათ თუ არაო“?! ხალხმა სიტყვა ,,გინდაზე“ ასწია ხელი _ ესე იგი გვინდაო, _ განაცხადა, ხოლო ,,არაზე“_ დასწია. მიუხედავად ამისა მიტინგის ხელმძღვანელებმა დაიძახეს: ,,არ უნდათ, არ უნდათო“! და დღემდე დაკეტილია ჩვენი ეკლესია, ჩვენი შრომითა და ხარჯით აგებული... ჩვენ არ შეგვიძლია უეკლესიოდ ან უმღვდლოდ ცხოვრება, _ ჩვენ ვასრულებთ მთავრობის ყოველივე კანონიერ მოთხოვნილებას, ოღონდ ნუ შეეხებიან ჩვენს რწმენას და სინიდისს...“

ასევე უყურადღებოდაა დარჩენილი მათხოჯის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლის _ იღუმენია ქეთევანის მიმართვა საქართველოს რესპუბლიკის კომისართა საბჭოს თავმჯდომარისადმი, რომელიც თარიღდება 1923 წლის 3 მაისით.3მონასტერში ცხოვრობდა ოცდაათი მონაზონი, ამათგან თექვსმეტი _ მოხუცი და უმწეო. მონაზვნები თავს თავად ირჩენდნენ. ჭრა-კერვა, ქარგვა, ქსოვა მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო ორმოცი წლის განმავლობაში. რადგან მონასტერი მაღალ და ,,კარგ ჰაეროვან~ ადგილზე იყო, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საავადმყოფოს გახსნა. მონაზვნებს ქუჩა-ქუჩა მათხოვრობა დაემუქრათ. იღუმენი ქეთევანი სთხოვს  ხელისუფალთ: ,,თუ მონასტრის დახურვა მთავრობას განუზრახავს პრინციპიალურის მოსაზრებით _ მაშინ რა ვქნათ შეველევით და დახურეთ ეკლესია, ხოლო ჩვენ კი დაგვტოვეთ ჩვენს ბინაში ან ყოველ შემთხვევაში საავათმყოფო თუ გაიხსნა ჩვენც იქ გვამსახურონ...“

რა ბედი ეწიათ მონაზვნებს, წარმოდგენა თქვენთვის მოგვინდვია...

 იმერეთში, სოფელ როდინაულში მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ დროისათვის. ბოლშევიკებმა სოფლის ეკლესია გააუქმეს და გადააკეთეს თეატრად, მაგრამ მორწმუნეების დაჟინებული მოთხოვნით ეკლესიას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა. საჭირო გახდა მისი ხელმეორედ კურთხევა, რისთვისაც 1924 წლის 30 ივლისს სოფლის საეკლესიო საბჭოს წევრმა ვლადიმერ მაღლაკელიძემ თხოვნით მიმართა ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას. იერარქი სხვა საეკლესიო პირებთან ერთად 2 აგვისტოს ეწვია როდინაულს. მწუხრის და ცისკრის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე, სოფლის მღვდელ მამა დომენტი გიორგაძესთან ერთად მოსასვენებლად ესტუმრნენ ახლომოსახლე გლეხ მათე ჩუბინიძეს, სადაც დაგვიანების გამო ვახშმადქცეული სადილი გაიმართა. რასაკვირველია, ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩებოდათ მავანთ. სოფელ სვირის რაიაღმასკომში სასწრაფოდ მივიდა ცნობა ,,როდინოულის თემში“  ჩატარებული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკომუნისტური ,,სერობის~ შესახებ. რეაქციამაც არ დააყოვნა. რაიაღმასკომის თავმჯდომარის მოადგილემ ამბერკი ჯუღელმა და რაიპარტკომის ინსტრუქტორმა გიგინეიშვილმა ოპერატიულად გაგზავნეს სვირის რაიმილიციის უფროსის მოადგილე ბარნაბა გედევანის ძე მაღლაკელიძე დავალებით: _ ,,წასულიყო, მოენახა მღვდლები, დაეპატიმრებინა და წარმოედგინა სვირის რაიაღმასკომში“.

იმ საღამოს მათე ჩუბინიძის სახლს მიადგნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: როდინაულის თემის საბჭოს თავმჯდომარე ხაჭაპურიძე, სვირის რაიმილიციის უფროსის მოადგილე მაღლაკელიძე, მილიციელები: უგრეხელიძე და ბურჯანაძე. დავალება წარმატებით შესრულდა: ,,მონახულ და დაპატიმრებულ~ იქნა ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარე ლეჟავა, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, დეკანოზი ერთაოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, მღვდელი პოლიევტო ვარდოსანიძე, მღვდელი დომენტი გიორგაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, მთავარდიაკონი ისიდორე სვანიძე, მოწაფე ნიკოლოზ ლეჟავა, მოწაფე არჩილ ლეჟავა (მიტროპილიტის ძმისშვილები).

აი, რას წერს დაკითხვის ოქმში 56 წლის მიტროპოლიტი: ,,...ჩემი საწოლიდან კვლავ ამაგდეს და გამაგდეს ზალაშიდ, საიდანაც კვლავ ცემა ტყეპით და შემდეგ მიჩვენა რაღაცა წითელი მელნით წარწერა რომლითაც მათ ევალებოდათ დაეპატიმრებიათ მღვდლები და არა მიტროპოლიტი და მღვდელ მთავარი, ამ საშინელი წამების შემდეგ მე დაღლილ დაქანცულს შეუძლებლათ მიმაჩნდა მათ გავყოლოდი, და ვფიქრობდი რომ ისინი მე დამატყვევებდნენ სახლშიდ, მაგრამ მათ მე სულ მთლად გაშიშვლებული პერანგის ამხანაგის სამარა ღამის პირველი საათი იქნებოდა დაახლოებით ძალით დამაწვინეს ურემზედ, შემიკრეს ხელ ფეხი ვით ბოროტ ავაზაკს, და საშინელი ურმის რაძგუნით და ტკივილების გრძნობით ღამითვე მიმიყვანეს ერთ სახლშიდ, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა აღმასკომის და იქ შემაგდეს როგორც პატიმარი ერთ პატარა ოთახშიდ: ჩვენება ესე ჩემს მიერ სისწორით ნაჩვენები და რომელიც წამიკითხა და შემდეგ ჩემს საკუთარ ხელს ვაწერ ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი“

დაპატიმრებულები, სულ თერთმეტი კაცი, თანდართული ოქმებით 1924 წლის 4 აგვისტოს გადაეგზავნენ ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს. მათ, რომლებიც განსაკუთრებით საშიშნი იყვნენ, რომლებმაც არ უარყვეს მღვდელმსახურება, კონტრრევოლუციური მიზნებისთვის არალეგალური შეკრებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო სამეულის სხდომის 1924 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით, მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა! დახვრეტილ იქნენ : მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა _ 56 წლის, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე _ 56 წლის, დეკანოზი ერთაოზ ნიკოლაძე _ 59 წლის, მღვდელი სიმონ მჭედლიძე _ 60 წლის, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე _ 53 წლის. დანარჩენები ,,განთავისუფლებულ იქნენ დარაჯ ქვეშ ყოფნიდან.“

 საქმე # 590 დაიხურა და გადაეგზავნა საქართველოს საგანგებო კომისიას არქივში ჩასაბარებლად. არქივში ჩაბარდა და დღემდე შემოინახა ათასობით სხვა საქმე, რომლებსაც ეტაპობრივად შემოგთავაზებთ...

წყარო: შსს საარქივო მოამბე N2 2008

ანალიტიკა
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.