USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
რუსთავიდან ლოს-ანჯელესისკენ ლონდონის გავლით - ქართველი ქორეოგრაფის ჰოლივუდური ისტორია
Date:  1506

მოცეკვავე და ქორეოგრაფი ლაშა მძინარაშვილი 2022 წელს "ტაურუსის" მფლობელი გახდა. საბრძოლო სცენა, რომელმაც მას კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის უმაღლესი ჯილდო მოუტანა, ლაშამ რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმ “The King’s Man-ისთვის” დადგა.

თავად ლაშას ამბავიც ფილმის სიუჟეტს ჰგავს:

– დამიკავშირდა რეჟისორი დავით ხუბუა, რომელთანაც თორმეტი წლის წინ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი კასკადიორად და მითხრა, რომ ჰოლივუდში საბრძოლო სცენებისთვის ხალხური ცეკვების მცოდნე მსახიობებს ეძებდნენ. კარგად მახსოვს შენი მუშაობის სტილი და თუ შენც მოისურვებ, კასტინგზე წარგადგენო.

ისეთი ადამიანი ვარ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, ახალ-ახალ გამოწვევებს ვეძებ. ამ კონკურსშიც გამოწვევა დავინახე და, რა თქმა უნდა, ჩავერთე. მონაწილეები თხუთმეტი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული. ლონდონში გამოსაცდელი ვადით, ერთი კვირით მიმიწვიეს და საბოლოოდ ოთხი თვით დამტოვეს. ცნობილ მსახიობს ჯეკი ჩანს ჰყავს რამდენიმე ჯგუფი, რომლებშიც საუკეთესო მებრძოლები და კასკადიორები არიან თავმოყრილი. ეს ჯგუფები თანამშრომლობენ კინოსტუდიებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მსახიობებს შესაბამისი სცენების მომზადებაში ეხმარებიან. მე მოვხვდი ჯგუფში, რომელსაც ბრედ ალენი ხელმძღვანელობდა და პროფესიონალთა ამ გუნდთან მუშაობა კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

საბრძოლო სცენისთვის ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვებიდან აღებული ილეთები გამოიყენა. ფილმის პროდიუსერმა სწორედ ამ ორიგინალურ სანახაობაზე შეაჩერა არჩევანი.

– ასეთ წარმატებაზე არც მიოცნებია. "ტაურუსზე" წარდგენა ჩემთვის უკვე წარმოუდგენლად დიდი გამარჯვება იყო. დაუჯერებელი მეჩვენებოდა, რომ მივიღებდი ჯილდოს, რომლის მფლობელებიც არიან არნოლდ შვარცენეგერი, სილვესტერ სტალონე, ჰარისონ ფორდი, კიანუ რივზი...

“ტაურუსი” 2001 წლიდან გაიცემა. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიას ამერიკული კინოს მექა – ლოს-ანჯელესი მასპინძლობს.

ყველა კასკადიორისთვის საოცნებო ფრთოსანი ხარი ლაშას 2022 წლის 17 სექტემბერს “პარამაუნტ ფიქჩერსის” დარბაზში გადაეცა. როგორც თავად ამბობს, ემოციებისგან რამდენიმე დღე აკანკალებდა.

ქართული ცეკვა

ჰოლივუდში ხელჩართული ბრძოლის სცენები უმეტესად აზიური საბრძოლო ხელოვნების ელემენტებზეა დაფუძნებული. პოპულარულია ასევე ორთაბრძოლის ბრაზილიური სისტემა – კაპუეირა. ქართული ხალხური ცეკვის ილეთებით გამდიდრებული საბრძოლო სცენა, რომელიც, ამასთანავე, მწვანე ეკრანის, თოკებისა და ციფრული ეფექტების გარეშე გადაიღეს, ჰოლივუდისთვის აღმოჩენად იქცა. ფილმში მონაწილე მსახიობებს მეთიუ გუდს, რის ივანსს და რეიფ ფაინსს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავთ, რომ ქართული ფოლკლორის ელემენტებმა ბრძოლის სცენებს ცეცხლი შემატა.

– მსოფლიო კინოში ქართული ცეკვის ელემენტები პირველად გამოჩნდა და ვამაყობ, რომ ამაში მეც შევიტანე წვლილი, – ამბობს ლაშა, – “სუხიშვილების", "ერისიონის", "რუსთავის" დამსახურებით ქართულ ცეკვას მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა კინოს გაცილებით ფართო აუდიტორია ჰყავს და ქართული ქორეოგრაფიის ფარული რესურსის წარმოჩენის შესაძლებლობაც მეტია.

წელს კი ლაშა მძინარაშვილი თვითონვეა "ტაურუსის" ჟიურის წევრი. დაჯილდოება 11 მაისს გაიმართება:

– ამ პოზიციიდან მეტი შესაძლებლობა მაქვს, ჩემს თანამემამულეებს რეკომენდაცია გავუწიო. მჯერა, რომ არც ისე შორს არის დრო, როდესაც ქართველი კასკადიორები მსოფლიო კინოინდუსტრიაში დამსახურებულ ადგილს დავიკავებთ.

ჰოლივუდამდე

ლონდონში ვარჯიშის დროს მაგიდა გადაუყირავდა და ხერხემალი დაიზიანა. მთავარი სცენები ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ გადაიღო. ნებაზე მიშვებულმა ტრავმამ სრული პარალიზების საშიშროება წარმოშვა. ოპერაცია გარდაუვალი გახდა. კისრის მალებში ხელოვნური დისკები ჩაუსვეს. ურთულესი პერიოდი გამოიარა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

როგორც თავად ამბობს, სიზმარშიც კი ცეკვავს. ისეთ გარემოში გავიზარდე, ცეკვის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელიც იყოო, აღიარებს. მამა სიმღერისა და ცეკვის ნაციონალურ ანსამბლის, ახლანდელი "ერისიონის" წევრი გახლდათ. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები. თავად ექვსი წლისამ ნუგზარ ჯიქურის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "თერგში" აიდგა ფეხი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი ქორეოგრაფიის მიმართულებით და აქვს "სუხიშვილებში" ცეკვის ხუთწლიანი გამოცდილება. ამჟამად ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – “რუსთავის” წევრია და თავისივე დაარსებულ მოზარდთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ "შუშპარს" ხელმძღვანელობს:

–  საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ექსპერიმენტულმა სიახლეებმა ქართული ქორეოგრაფია ფოლკლორის რელსებიდან გადაიყვანა, მე კი ვფიქრობ, რომ რაც არ ვითარდება, კვდება. შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ დრო ყველაფერს საცერში გაატარებს და ის, რაც დარჩება, იქნება მარგალიტი.

ქართული ცეკვა ტექნიკურადაც დაიხვეწა და განვითარდა. ადრე თუ მოცეკვავე ორ ბრუნს ასრულებდა, ახლა ერთ ჯერზე ოთხი-ხუთი ბრუნის შესრულებაც შეუძლია. ტრადიციებს არავინ გვართმევს, მაგრამ ყველა სფერო თანამედროვეობას უნდა ესადაგებოდეს.

ოჯახი

მეუღლე, გვანცა, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო. "სუხიშვილებში" ერთად ცეკვავდნენ. "შუშპარსაც" ერთად ხელმძღვანელობენ.

– სტუდენტობიდან დღემდე ბევრი სირთულე გადავლახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე სამ შვილს ვზრდით. უფროსი გოგონები ცეკვავენ. ნაბოლარა ბიჭუნა ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. მშობლები ბავშვების აღზრდაში გვეხმარებიან, ხელს გვიწყობენ, რომ პროფესიული განვითარებისთვის პირობები გვქონდეს. ოჯახის მხარდაჭერა რომ არა, ამის ნახევარსაც ვერ მივაღწევდი.

არ გვჭირდება ერთმანეთისთვის იმის ახსნა, რა შრომის, რა ძალისხმევის ფასად მოდის წარმატება. არ არის იოლი თვეების განმავლობაში ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ  რაღაც კომპრომისები გარდაუვალია.

მიუხედავად ტრავმისა, წუთითაც არ ისვენებს. პანტომიმის თეატრის მსახიობებს ავარჯიშებს, თანამშრომლობს კასკადიორთა ასოციაციასთან და ვიდეორგოლებსა და ფილმებში ექსტრემალურ ილეთებს ასრულებს. თებერვალში კი ტოკიოში იყო მიწვეული, სადაც სუმოს ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის, კარიერის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით წარდგა.

თამარ ციბალაშვილი

ჟურნალი "ავერსი"

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way