USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რუსი ექსპერტები - ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში ახალი სტრატეგია გვჭირდება
дата:  417

როგორ ხედავენ რუსეთის მმართველი ელიტები და ექსპერტული წრეები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში შექმნილ მდგომარეობას. არეულობა ბელორუსში, სამხედრო კონფლიქტი ყარაბაღში, პრო-დასავლური მაია სანდუს გამარჯვება მოლდოვაში, უკრაინისა და საქართველოს დეკლარირებული სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისაკენ- რას უპირისპირებს ამას რუსეთი. ვფიქრობთ დაგაინტერესებთ სტატია, სადაც რუსი და უკრაინელი ექსპერტების მოსაზრებებია განხილული ყველა ზემოხსენებულ საკითხზე.

"რუსეთის მეზობელი ქვეყნების ინტერესები ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა.  ახალგაზრდა თაობებისთვის  საბჭოთა კავშირი არაფერს არ ნიშნავს. ასეთ სიტუაციაში მოსკოვმა მათ რაიმე სრულებით ახალი უნდა შესთავაზოს, ისეთი, რაზეც უარს ვერ იტყვიან და დასავლეთთან მეგობრობაზე  ბევრად მომგებიანი იქნება.

2020 წელი სამყაროს , რა თქმა უნდა კორონავირუსით დაამახსოვრდება, რომელმაც მილიარდობით ადამიანის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა, თუმცა არანაკლებ დასამახსოვრებელი იქნება კონფლიქტური ზონების წარმოშობა და გამწვავება  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში .  თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი შექმნილ ვითარებაში, ექსპერტებმა ონლაინ დისკუსიის დროს განიხილეს, რომელიც ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა.  

ფული ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრს წყვეტს.

ეკონომბანკის მთავარი ეკონომისტი ანდრეი კლეპაჩი აღნიშნავს, რომ როგორც რუსეთი, ისევე პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სერიოზული წყალგამყოფის წინაშე დგანან. ახლა ცვლილებებია ყველგან, განსაკუთრებით კი იცვლება ის ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებიც სახელმწიფოებმა 2000-იან წლებში ჩამოაყალიბეს. ყველა ქვეყანამ გაიარა განვითარების 2 ძირითადი ეტაპი. 1990 - იანებში ევროპულ ტერიტორიაზე მდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნები  აქტიურად ცდილობდნენ  ევროპულ ალიანსებსა და ეკონომიკაში თვითინტეგრაციას. ცენტრალური აზიის ქვეყნებმა  კი ამ პერიოდში  რუსეთთან დაიწყეს მჭიდრო თანამშრომლობა, ამავდროულად ცდილობდნენ, კეთილმეზობლური და სავაჭრო ურთიერთობები თავიანთ სხვა ახლო მეზობლებთანაც - მაგალითად ჩინეთთან დაემყარებინათ.  უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული ცენტრალური აზიის ქვეყნები ახერხებდნენ კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონოდათ ამერიკასთან, რაც 2000 იან წლებში ავღანეთის ომის დროს თავიანთი ბაზების ვაშინგტონისთვის გადაცემით გაამყარეს.

დღეს რუსეთი სრულიად ახალ რეალობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთანაც და ამერიკასთანაც დიპლომატიური დიალოგები გრძელდება , რუსეთი საკმაოდ სერიოზულ ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფება, ხოლო მის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციული ომი კი დღევანდელი რეალობაა.

რატომ და როგორ კარგავს რუსეთი ბელორუსების სიმპატიებს?

«შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკვე ცხადია, რომ ბელორუსია შიდა კრიზისის წინაშე დგას. ახლა ქვეყანაში ღირებულებების გადაფასება მიმდინარეობს. ისევე როგორც რუსეთსა და უკრაინაში, ბელორუსიაშიც ახალი თაობა გაიზარდა, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ  და მის შესახებ ისმენენ ისტორიებს, რომლებიც თანამედროვე ღირებულებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუ კი რუსეთი დროულად არ ჩაერევა და არ წამოიწყებს დიალოგებს თავის ყოფილ მოკავშირეებთან, ახალი თაობები სრულიად ახალი ცოდნით გაიზრდებიან, ჩამოყალიბდება ახალი ელიტა და ერთ დღეს სრულიად ახალ სამყაროში გავიღვიძებთ“  - ამბობს დისკუსიის მონაწილე კლეპაჩი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ბელორუსია თავისი ეკონომიკური ზრდის ციფრებიტ ძალიან უკმაყოფილოა. „ ისინი ხედავენ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც საბჭოეთის დაშლის შემდეგ კურსი ევროპისკენ აიღეს და ახლა მათი ეკონომიკური ზრდა 40-50%-ს შეადგენს. ბელორუსია კი რუსეთის მოკავშირედ დარჩა და ახლა თვლის, რომ სწორედ ამიტომაა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. 

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთიც უკრაინაც და ბელორუსიაც ფაქტობრივად ერთ ადგილს ტკეპნიან. როგორც ეკონომიკური, ისე საკადრო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური კუთხით. მისი თქმით ამ სახელმწიფოებს თავისუფლად შეუძლიათ ბიზნესის კეთებისთვის უკეთესი გარემო შექმნან.       

კლეპაჩის თქმით, რა თქმა უნდა, ცხოვრების დონე რუსეთში ბევრად მაღალია, მაგრამ დონბასში, რომელიც როგორც კლეპაჩი იმედოვნებს, ოდესმე შევა უკრაინის საზღვრებში, ცხოვრების დონე ბევრად დაბალია, ვიდრე თავად უკრაინაში.  იქ არ ჩამოყალიბებულა განვითარების მოდელი, რომელიც უკრაინელებს მიმზიდველად მოეჩვენებოდათ და აჩვენება მათ, რომ რუსეთის მხარდამხარ განვითარება ჯობს დასავლეთისკენ ორიენტირის აღებას.

მოსკოვი აქამდეც ასუბსიდირებდა და ახლაც ასუბსიდირებს რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას, მაგალითად სომხეთს, მაგრამ მხოლოდ  სუბსიდიების ხათრით მოკავშირეებს ვერ შეიძენს. ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა ახალ ფორმატზე გადასვლა. რუსეთმა უნდა შექმნა ახალი „თამაში“, რომლის წესებსაც თავად შესთავაზებს მონაწილე ქვეყნებს.უნდა შექმნას საერთო ინფრასტრუქტურული ფონდები და დააფინანსოს პროექტები. რუსეთს აქვს იმდენი რესურსი, რომ ურთიერთობების ახალი მოდელი შექმნას და ეს უნდა გამოიყენოს.  

«ის ფონდები, რომლებიც უკვე არსებობს, პროექტების დაფინანსებას არ უზრუნველჰყოფენ. მაგალითისთვის რომ ავიღოთ უკრაინა. იგი ობიექტურად ბევრს კარგავს იმით, რომ რუსეთთან ურთიერთობები სრულიად აქვს შეწყვეტილი, თუმცა ჩვენ მათ მაკონპენსირებლად  არაფერს ვთავაზობთ. ხოლო თუ კი ევროპა მათ ევროპული ფონდებისგან მხარდაჭერას შესთავაზებს, ჩვენ უკვე შესაწინააღმდეგებელი ინსტრუმენტები აღარ დაგვრჩება. გასაგებია, რომ ჩვენ ჩვენი პრობლემებიც ბლომად გვაქვს, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ შესაძლოა მასშტაბური პროექტების განხორციელებითა და ინვესტირებით მეტი მოვიგოთ. ეს განსაკუთრებით ცენტრალურ აზიას ეხება, სადაც მთავარი მოთამაშის როლი ახლა ჩინეთს აქვს. სწორედ ის ითვლება მთავარ ინტეგრატორად, როცა ისტორიულად რუსეთი ყოველთვის ჩინეთზე წინ იდგა მსგავს საკითხებში“ - აცხადებს კლეპაჩი.  

კლეპაჩის თქმით ლიდერობა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა. მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დროს რუსეთის ლიდერობამ და კომპრომისების ძიების უნარმა შეაჩერა ომი და ღმერთმა არ ქნას, თუ ისევ რომელი წერტილში გამძაფრდება სიტუაცია, სწორედ რუსეთი იქნება ის, ვინც კონფლიქტს კვლავ დაარეგულირებს.

ომი რუსეთის საზღვართან სულ უფრო ახლოა.

უსაფრთხოების საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა დონბასის კონფლიქტის ფონზე შეიძინა. ამას დაემატა ბელორუსიაში დაწყებული პროტესტი და მთიანი ყარაბახის ომი. მართალია ყარაბახში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია.

ყოფილი გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ბორდიუჟი, რომელიც 2003-2016 წლებში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მდივანი იყო, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 90-იანების დასაწყისში რეგიონის პოლიტიკური ელიტა მკვეთრად მოწყდა მოსკოვს და განვითარების ახალ ვექტორის ძებნა დაიწყო. 

«2010-2014 წლებში ჩვენზე მკაფიო ზეწოლა დაიწყო. დღეს უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების მცდელობებისა, პრიბალტიკას, უკრაინასა და საქართველოს მკვეთრად ანტირუსული კურსი აქვთ აღებული. მათ რიგებს მალე მოლდოვაც შეუერთდება. ასეთი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ არასტაბილურობის საფრთხის წინაშე ვდგავართ, არამედ არის საფრთხე იმისა, რომ შესაძლოა წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი კონფლიქტები. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან უამრავი სანქციაა ამოქმედებული და მიზანმიმართული ინფორმაციული ომი მიმდინარეობს საფრთხე განსაკუთრებით რეალური ხდება. ‘’

ბორდიუჟის თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანაა სასწრაფოდ მიიღოს ზომები საკუთარი ტერიტორიების და ინტერესების დასაცავად. ამისთვის იგი რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს სთავაზობს.

1. პირველ რიგში, ზუსტად უნდა ჩამოყალიბდეს რა არის რუსეთის მიზანი და რისი მიღება სურს მას.

«რა პოტენციალი აქვს ჩვენს სამშვიდობო მისიას ამ ეტაპზე რეგიონში? რა თქმა უნდა, აუცილებელია შენარჩუნდეს სტაბილურობა და ამასთან არ დავკარგოთ კეთილმეზობლური დამოკიდებულება არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან.   ასევე აქტიურად უნდა ვიფიქროთ ბელორუსიაზე. როგორ უნდა ვიმოქმედოთ? უნდა დავსახოთ გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმა . ასევე უნდა მოვიქცეთ უკრაინასთან მიმართებაშიც, მითუმეტეს რომ უკრაინა დღეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ლოკომოტივია.  მოლდოვასთან დაკავშირებით გვაქვს რაიმე გეგმა? საქართველოსთან? - არა. ამიტომაც უნდა შეიქმნას გრძელვადიანი გეგმები ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართბაში - აცხადებს ბორიუჟი. 

2.საერთაშორისო ინსტრუმენტების განვითარება: იქნება ეს ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის კრება, სნგ თუ სხვა. სნგ განსაკუთრებით არ უნდა დავივიწყოთ, რადგან მას განვითარების დიდი პოტენციალი

«ოდბკ  — მუშა ორგანიზაციაა, რომლის ფარგლებშიც საკმაოდ ბევრი და ეფექტური პროექტები და ინსტრუმენტები შეიქმნა. თუმცა ახლა რატომღაც დავიწყებას მიეცა. ჩვენ ხშირად გვესმის ამა თუ იმ ქვეყნებისგან, რომ მათ სჭირდებათ ევროინტეგრაცია, ევროკავშირში გაერთიანება და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ჩვენც ისეთივე სასურველი პარტნიორები გავხდეთ, როგორც მაგალითად ამერიკა და ევროპა არიან. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია გვყავდეს სანდო, ერთგული პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ინიციატივებს მხარს დაუწერენ. ასეთი პარტნიორების ყოლის შემთხვევაში, ჩვენ გვექნებოდა მხარდაჭერა მაგალითად სირიაში. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ურთიერთპატივისცემა და ურთიერთდაინტერესება ქვეყნებს შორის , რომელიც იქნება მექანიზმი იმისა, რომ სწორი და სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ მიმდინარე მოვლენებზე.

3. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მთავრობათაშორის კომისიებს, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ფორმალურად მუშაობენ.

«ასეთი კომისიები უნდა გვაძლევდნენ იმის შესაძლებლობას, რომ განხილული იყოს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც საერთო პროექტების დაწყებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია კარგად ნაფიქრი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა და ბევი ფიქრი იმაზე, თუ ვის რა უნდა შევთავაზოთ იმისთვის, რომ თანამშრომლობა დაიწყოს ანდაც გაგრძელდეს. „ - ამბობს ექსპერტი.

4. საერთო პროექტების განვითარება ეკონომიკისა და უსაფრთხოების დარგებში - ეს სახელმწიფოებს საერთო ინტერესებს მოანახინებს და მათი რეალიზების საშუალებას თანამშრომლობის გზით მისცემს. უხეშად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი საერთო სურვილი ექნებათ ქვეყნებს, მით უფრო სავარაუდოა რომ მათი კავშირი ჩამოყალიბდეს და დროთა განმავლობაში განმტკიცდეს.

«გარდა ამისა, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სტაბილურობის შენარჩუნებას სასაზღვრო რეგიონებში. განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენი სამხედრო ბაზები და ჩვენი სამშვიდობო მისიები იმსახურებენ ყარაბახში. რადგან სწორედ ესენია ის ინსტრუმენტები, რითიც რუსეთი აქამდე ახერხებს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ მხრივ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებებს მივესალმები და ვიწონებ», — ამბობს ბორდიუჟი.

 

სტატია მომზადებულია ვებ-გვერდზე  www.ukraina.ru გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати