USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ხმების 49.72%-ით ლიდერობს
თარიღი:  898

წინასწარი მონაცემების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს, - ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 88.17% დათვლის შემდეგ „ერთიან რუსეთს“, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია, ხმების 49.72% აქვს, არჩევნებში მის მთავარ კონკურენტს, „კომუნისტურ პარტიას“ – 19.59%. მესამე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, 7.51%-ით.

პირველ ხუთეულში შედიან ასევე პარტია "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" 7.36%-ით და "ახალი ხალხი" 5.31%-ით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ ათასობით დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები.

ამასთან, Golos-ის ინფორმაციით, მიიღეს "უამრავი შეტყობინება" ადამიანებისგან, რომ ისინი დამსაქმებლებმა აიძულეს, არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ პირველად 1993 წლის შემდეგ, არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საარჩევნო დამკვირვებლები.

არჩევნებში ვერ მონაწილეობდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ.

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 17-დან 19 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, ამომრჩევლებს ასევე საშუალება ჰქონდათ, არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონული კენჭისყრის გზით მიეღოთ. პროცესის შედეგად 225 დეპუტატი პარტიული სიის მიხედვით, ხოლო დანარჩენი 225 კი ერთმანდატიანი ოლქებიდან აირჩევა. სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში 14 პარტია იღებს მონაწილეობას. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის