USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
რუსეთის ეკონომიკა ომიდან ნახევარი წლის თავზე
дата:  576

 

ნახევარი წლის წინ, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა და უკრაინის აქტიური მილიტარიზაცია დაიწყეს, თუმცა აღნიშნულმა ჯერჯერობით ვერ გამოფიტა რუსეთის საბრძოლო უნარი, რადგან უკრაინის აღმოსავლეთით ომი გრძელდება. აუცილებელია ითქვას, რომ სანქციების მიზანი მყისიერი შედეგი ვერ იქნება და მისი ნეგატიური ეფექტი გრძელვადიანი პერიოდისთვის უფრო თვალსაჩინო უნდა იყოს, ვიდრე ახლო მომავალში.
 
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო უკვე მეორე კვარტალში 4.0%-ითაა შემცირებული. ამდენად, 2022 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის 0.4%-იანი კლებაა. გასულ წელის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკის 5.0%-იანი ზრდა იყო, ხოლო პანდემიის პირველ წელს კი - 3.1%-იანი კლება. ამდენად, მიმდინარე ეტაპზე რუსეთის ეკონომიკა უფრო ნაკლებითაა შემცირებული, ვიდრე პანდემიის პირველ წელს, მაგრამ გაცილებით მეტით, ვიდრე ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების მომდევნო ეტაპზე.

გრაფიკი 1: რუსეთის ეკონომიკის კვარტალური ზრდა (%)
წყარო: რუსეთის სტატისტიკის სამსახური

დაწესებული სანქციების ძირითადი ნაწილი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, პოლიტიკოსების და ადგილობრივი გიგანტების მესაკუთრეთა პერსონალურ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასეთი სანქციები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ დაწესდა. ასევე, აღსანიშნავია, იაპონიის, კანადის, შვეიცარიის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები. რიგი ქვეყნების გამოკლებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნულ სანქციებს შეუერთდა, რათა ადგილი არ ჰქონდეს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

მასშტაბური სანქციები ფინანსურ სექტორს უკავშირდება. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის რამდენიმე ძირითადი კომერციული ბანკი გლობალური გადახდის სისტემიდან გამოირთო, ხოლო თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული სავალუტო რეზერვების ½ , 640.0 მილიარდი აშშ დოლარი გაიყინა. რუსეთიდან რიგი საქონლის იმპორტი და ექსპორტი შეიზღუდა, რაც ნაწილობრივი ნავთობის ინდუსტრიას შეეხო. გარდა ამისა, რუსეთის ბაზრიდან გავიდა ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ, რომელთა საერთო ინვესტიცია მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 40.0%-ია. თუმცა, ბევრი კომპანია ჯერ კიდევ ბაზარზე რჩება ან მათი აქტივები ადგილობრივებმა იყიდეს და ოპერირებას განაგრძობენ.

გრაფიკი 2: რუსეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (ტრილიონი რუბლი, 2016 წლის ფასები)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ადრეულ პერიოდში არსებულ მოლოდინებს არ შეესაბამება. სანქციების დაწესების პირველ ეტაპზე ეკონომიკის უფრო მკვეთრი შემცირების პროგნოზები არსებობდა, ვიდრე დღეს. ასეთი მოლოდინები თავად რუსეთის საჯარო უწყებებსაც ჰქონდათ. რუსეთის ცენტრალური ბანკის ადრეული შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკის 8.0 – 10.0%-იანი კლება იყო მოსალოდნელი, რაც მიმდინარე ეტაპზე 4.0 - 6.0%-ით არის პროგნოზირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2022 წლისთვის რუსეთის ეკონომიკის 6.0%-იან შემცირება ვარაუდობს, რაც აპრილის პროგნოზით 8.5% იყო. შედარებით ოპტიმისტურია რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო, რადგან მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.2%-იან შემცირებას ვარაუდობს.

როგორც ჩანს, რუსეთის ეკონომიკაზე თავად ომის და ომის გამო დაწესებული სანქციების გადაჭარბებული ეფექტის მოლოდინი არსებობდა, რომელსაც ადრეულ პერიოდში რუსული რუბლის გაცვლითი კურსი მკვეთრი გაუფასურებაც ხელს უწყობდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ მარტის ბოლოსკენ აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებდა, რომ „უპრეცედენტო სანქციების შედეგად, რუბლი თითქმის მაშინვე ნანგრევებად იქცა“. თუმცა, რუსული რუბლი მალევე ომამდე ნიშნულს დაუბრუნდა.

გრაფიკი 3: რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით
წყარო: ბლუმბერგის პლატფორმა

მიმდინარე წლის 07 მარტს, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალ, 138.93-იან ნიშნულს მიუახლოვდა, რომლის შემდეგ რუბლი მკვეთრად გამყარდა. მიმდინარე ეტაპზე რუბლის გაცვლითი კურსი ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30.0%-ით უფრო მყარია. ეს კი რუსეთის მთავრობის და ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული რიგი ზომების შედეგია. ადრეულ პერიოდში ასეთი რუბლის უცხოურ ვალუტაში გაცვლის გართულება და კაპიტალის კონტროლი იყო, რომელიც მოგვიანებით შემსუბუქდა. თავდაპირველად რუბლის გაცვლაზე საკომისიო 30.0%-ს ოდენობით დაწესდა, რაც შემდეგ 12.0%-მდე შემცირდა. თუმცა, უფრო მკვეთრად გამოხატული ზომა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო. ჯერ კიდევ ომამდე პოლიტიკის განაკვეთი 9.5% იყო, რაც მყისიერად 20.0%-მდე გაიზარდა. თუმცა, მალევე პოლიტიკის შერბილება დაიწყო, რაც 25 ივლისიდან ომამდე არსებულ ნიშნულზე დაბალი, 8.0%-ია.

რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, ერთი მხრივ, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის დათრგუნვაზე ორიენტირებული ზომები იყო და მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის მიწოდების ხელშეწყობისკენ გადადგმული ნაბიჯები. მიწოდების მხრიდან დადებითად მოქმედი ზომა ექსპორტიორი კომპანიების მიერ მიღებული უცხოური შემოსავლების 80.0%-ის სავალუტო ბაზარზე მყისიერი გაყიდვის ვალდებულებაა. ასეთი შემოსავლები ძირითადად რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტს და ორ უმსხვილეს ენერგოგიგანტს - "როსნეფტს" და "გაზპრომს" უკავშირდება. სწორედ, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გამო რუსეთის სავაჭრო სალდო პროფიციტულია - ექსპორტის ღირებულება აჭარბებს იმპორტისას. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობის სალდომ 192.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 75.7 მილიარდი დოლარი იყო. ეს კი შედეგია ექსპორტის არსებითი ზრდის და იმპორტის შემცირების.

გრაფიკი 4: რუსეთიდან ნედლი ნავთობის საზღვაო გადაზიდვები (მლნ ბარელი დღეში)
წყარო: ბლუმბერგის მონიტორინგი

რუსეთის საექსპორტო პოზიციები კი ნავთობისა და გზის ინდუსტრიას უკავშირდება. მართალია დასავლეთი და განსაკუთრებით, ევროპის კავშირი ცდილობს რუსული ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას, მაგრამ რუსეთიდან ნავთობის საექსპორტო ძირითადი დანიშნულება კვლავ ევროპა რჩება. მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთიდან ევროპის კავშირში ნავთობის ექსპორტის მოცულობა დღეში საშუალოდ 4.0 მლნ ბარელი იყო, რაც ივნისში 2.9 მლნ ბარელამდეა შემცირებული, მაგრამ ამ პერიოდში რუსული ნავთობისთვის სხვა ბაზრები გაფართოვდა. ასეთი კი ჩინეთი და ინდოეთია. მაგალითად, თუ იანვარ-თებერვალში ინდოეთში რუსეთიდან დღეში საშუალოდ 0.1 მლნ ბარელი ნავთობი გადიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი საშუალოდ 0.8 მლნ ბარელია.

ენერგო რესურსებზე გაზრდილი ფასების და ამ უკანასკნელის რუსეთიდან ექსპორტის მოცულობის არსებითი არ-შემცირების ფონზე, რუსეთის ეკონომიკის მიერ მისაღები შემოსავლები გაიზარდა. ბლუმბერგის ადრეული შეფასებით, მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ენერგო რესურსებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლები 320.7 მლრდ აშშ დოლარითაა მოსალოდნელი, რაც 2021 წელს 235.6 მლრდ აშშ დოლარი იყო. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს უახლესი პროგნოზით, მიმდინარე წელს ენერგო რესურსების ექსპორტის ღირებულება 337.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 255.8 მილიარდი აშშ დოლარითაა ნავარაუდევი. აღნიშნული არამხოლოდ ექსპორტის ძირითადი კომპონენტია, არამედ მთლიანად რუსეთის ეკონომიკის არსებით ნაწილია. ამდენად, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დიდწილად ამ ინდუსტრიაზეა დამოკიდებული.

გრაფიკი 5: რუსეთის სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა (%)
წყარო: რუსეთის ცენტრალური ბანკი; სტატისტიკის სამსახური.

ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ინფლაციაა, რომელიც სამომხმარებლო ფასების დონის ზრდითაა შეფასებული. ამ მხრივ, მდგომარეობა არამხოლოდ რუსეთში, არამედ უმეტეს ქვეყნებში გაუარესდა და ინფლაცია ბოლო ათწლეულების რეკორდულ ნიშნულზეა. რუსეთში ინფლაცია ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან იზრდება, რაც ომის დაწყების დროს 9.2% იყო, ხოლო უკვე მარტში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 16.7% შეადგინა. ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მაისიდან ინფლაციამ კლება დაიწყო. ამ პერიოდიდან მონეტარული პოლიტიკაც მსუბუქდება, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე 20.0%-მდე გაიზარდა, ხოლო ამ ეტაპზე ომამდე არსებულ ნიშნულზე დაბლა, 8.0%-ია. მიმდინარე წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 15.1% შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

ამდენად, ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ რუსეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შედარებით შემცირებულია, ხოლო ეკონომიკური პერსპექტივა ნაკლებად დრამატული ვიდრე, ეს ომის პირველ თვეებში იყო მოსალოდნელი. როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლისთვის რუსეთის ეკონომიკის შემცირების პროგნოზები შემცირებულია. თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აპრილში ეკონომიკის 8.5%-იან კლებას ვარაუდობდა, ეს მაჩვენებელი ივლისში 6.0%-მდე შეამცირა. საერთო ჯამში, ომამდე პერიოდთან შედარებით, 2022-23 წლებში ეკონომიკის 9.8%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც ჯერ კიდევ აპრილის პროგნოზებით 10.6% იყო. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო უფრო ოპტიმისტურია და ამ უკანასკნელის შეფასებით, ორწლიან პერიოდში დანაკარგი 7.3% იქნება.


(სტატიის ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს BM.GE-ის რედაქციის პოზიციას)
წყარო: https://bm.ge/
аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати