USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რუსეთის ჩრდილქვეშ - რატომ „აღარ გვადარდებს“ ოკუპირებული ტერიტორიები?!
Date:  610

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ  წამოწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მსოფლიო ლიბერალური წესრიგი შეარყია, კიდევ უფრო აშკარა გახადა რუსეთის რევიზიონისტული, იმპერიალისტური მიდრეკილებები და აამოქმედა ევგენი პრიმაკოვის 1990-იანი წლების ამბიციური ევრაზიონისტული  დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს ახალი იმპერია კვლავ უნდა აეშენებინა და  ერთგვარი ევრაზიული კონტინენტური „გული“ (Heartland) გამხდარიყო. ამ დოქტრინის „სულისკვეთებით“  ხელმძღვანელობდა ვლადიმერ პუტინი 2005 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლას საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა უწოდა. მოგვიანებით კი, 2007 წლის თებერვალში, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მთელი მსოფლიოს წინაშე დაუფარავად გამოფინა საერთაშორისო წესრიგთან შეუთავსებელი ყველა ის მისწრაფება, რომელთა რეალურ მოქმედებასაც ახლა უკრაინაში ვუყურებთ, 2008 წელს კი საქართველოში ვნახეთ.

ამ მასშტაბის რუსულმა აგრესიამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, დიდი თავის ტკივილი და ამავდროულად, შიში გაგვიჩინა. ომის ადრეულ ეტაპზე იყო განცდა და იმ დროისათვის არც თუ ისე უსაფუძვლო, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინას არ დასჯერდებოდა. დღეს ეს შიში ნაკლებად რეალურია. არა იმიტომ რომ პუტინის რუსეთმა საკუთარ აგრესიულ მიდრეკილებებს უთხრა უარი, არამედ უკრაინის მედეგობამ და ბრძოლისუნარიანობამ რუსეთის, როგორც უძლეველი ზესახელმწიფოს, სუპერძალის იმიჯი წელში გადატეხა. მოწინააღმდეგის სათანადოდ ვერშეფასების მოვლენა არახალია ისტორიისთვის, არაერთი მაგალითი გვახსოვს,  როდესაც დიდმა სახელმწიფომ პატარა ქვეყნის თვითგადარჩენის სურვილსა და მისწრაფებას წამოსდო ფეხი და თავადაც გვარიანად დაზარალდა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ დასავლური დახმარება და ერთიანობა უკრაინისადმი დამოკიდებულებებში, რამაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს უკრაინა კვლავ სუვერენული და ბრძოლისუნარიანი სახელმწიფოა.

ვინ, თუ არა საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე უკეთ ვიცით, როგორი მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე, როდესაც რუსეთი გავლენის სფეროდ მოგნიშნავს და სამიზნე ობიექტად გირჩევს. რუსეთმა ჯერ აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა და საქართველო დაანაწევრა, მერე აგვისტოს ომი წამოიწყო, რის შედეგადაც, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დავკარგეთ, განვითარების შესაძლებლობა ჩამოგვართვა, მშვიდობიანი ტრანზიციის პროცესში ტანკები შემოაგორა, შემდეგ კი რბილი  ძალით შემოგვიტია, საზოგადოება დაქსაქსა და ღრმა პოლარიზაციაში შეგვიყვანა. თითოეულ დასახელებულ პრობლემასა და დამდგარ მძიმე შედეგებში, რუსეთის ფაქტორი, ბუნებრივია, არ გამორიცხავს ჩვენს ბრალეულობასაც, მაგრამ მთავარი „ინსპირატორი“, მაპროვოცირებელი და არეულობის შემომტანი ყოველთვის ის არის. რთულია თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა ააშენო რუსეთის ჩრდილქვეშ, რამდენჯერაც განვითარების გზას დავადექით, იმდენჯერ ხან ხისტი, ხან რბილი და ხანაც ჰიბრიდული ძალით შემოგვიტია. ნებისმიერ ძლიერ და განვითარებულ ქვეყანას გაუჭირდებოდა, ალბათ, ჩვენს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. თუ 2008 წელს დასავლური საზოგადოება ამაში ჯეროვნად ვერ დარწმუნდა/დავარწმუნეთ, 2022-2023 წლებში გამოჩნდა, რომ რუსეთის მეზობლობა, მისი ინტერესის ობიექტად ყოფნა და  მშვიდობიანი განვითარება შეუთავსებელია ერთმანეთთან.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი ჩვენი, როგორც ომგამოვლილი საზოგადოების წუხილი ძალიან მაღალი იყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ, მაგალითად, 2008 წლის სექტემბერ - ოქტომბერში საქართველოს საზოგადოებას ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აწუხებდა და რუსული აგრესია და ომის განახლების შესაძლებლობა აშფოთებდა. ეს გასაგებიც არის: ომის ტრაგედიამ გვაიძულა, ყველა სხვა წუხილი გვერდით გადაგვედო და მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვასა და სუვერენიტეტის დაუფარავ შელახვაზე გვეფიქრა. იმავე გამოკითხვებით, მომდევნო წლებში ოკუპირებული ტერიტორიებისადმი ჩვენი წუხილები მეტწილად მცირდებოდა, უკანასკნელ წლებში კი დრამატულად შემცირდა და ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ გაქრა.

გრაფიკი 1: IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევებში კითხვაზე: „ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს თქვენი ქვეყანა დგას?“ - ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დასახელების განაწილება (%) და რიგითობა

წყარო: International Republican Institute (IRI)

როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, 2008 – 2015 წლებში, IRI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, გამოკითხულთა 35-45 პროცენტისთვის დაკარგული ტერიტორიების - ოკუპაციის საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. 2008 წელს წუხილი  ყველაზე უფრო მაღალი - 45% იყო და მთავარ პრობლემად დასახელდა. წლების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მცირდებოდა და პრობლემის რიგითობაც იცვლებოდა. მაგალითად, 2016 წელს ოკუპაციის საკითხი გამოკითხულთა 29%-თვის იყო მთავარი გამოწვევა და რიგით მე-3 პრობლემად დასახელდა. 2019-2021 წლებში კი ტერიტორიული მთლიანობისადმი წუხილი დრამატულად შემცირდა. 2021 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 3%-თვის იყო ოკუპაცია გამოწვევა, რაც შეეხება რიგითობას, ამ საკითხმა მე-7 პრიორიტეტად გადაინაცვლა მოსახლეობის განწყობებში და მნიშვნელოვნად ჩამორჩა ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: უმუშევრობა, მაღალი ფასები,  სიღარიბე, Covid პანდემია, განათლების საკითხები. რაც შეეხება უკანასკნელ ორ წელს, აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლის გამოკითხვებში, ზუსტად იმავე კითხვაზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, როგორც პრობლემა,  ცალკე არ დასახელდა და პასუხებში საერთოდ ვერ მოხვდა, თუმცა, ზოგადად, შიდა და გარე კონფლიქტების გამო, მოსახლეობის 7-8 პროცენტი წუხს.

ტენდენციის თვალსაზრისით, თითქმის იგივე სურათია NDI-ის გამოკითხვებშიც, მიუხედავად იმისა, რომ NDI, მსგავსი შინაარსის კითხვაზე, რესპონდენტს მხოლოდ სამი მთავარი პრობლემის დასახელებას სთხოვს და შესაბამისად, პასუხები ლიმიტირებულია, ტენდენციის თვალსაზრისით, მაინც მსგავს სურათს ვიღებთ. 2009 წელს გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე წუხდა, 2021 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 16% იყო.

გრაფიკი 2: NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხზე  ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დასახელების განაწილება (%) და რიგითობა

წყარო: National Democratic Institute (NDI)

 

რატომ შეიძლება აღარ გვადარდებდეს  ტერიტორიული მთლიანობა? რატომ გაქრა ჩვენი ყოველდღიურობიდან ოკუპაციის საკითხი?

პირველ რიგში, დროის ფაქტორზე უნდა ვიფიქროთ, ხანგრძლივ კონფლიქტებსა და განსაკუთრებით, „გაყინულ“ კონფლიქტებს, მისდამი მოსახლეობის ინტერესის შემცირება ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ხელოვნური ბარიერებით, ღობეებით, მავთულხლართებით  პერმანენტულად აკორექტირებს ე.წ. საზღვარს (ბორდერიზაცია), ასევე, არ ერიდება ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში ადამიანების გატაცებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას (ზოგჯერ - გამოსასყიდის სანაცვლოდ, ზოგჯერ, უბრალოდ, ძალის დემონსტირირებისა თუ შეხსენებისთვის, რომ ისე მოიქცევა, როგორც მას უნდა და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ), მაინც ბევრი წელია, უმეტესწილად, სტატუს-კვო არ იცვლება. ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს მეხსიერებაზე. დრო კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის უშუალოდ 1992-1993 წლების ომისადმი ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას, თაობათა ცვლა ბუნებრივი მოკავშირეა ოკუპანტისთვის. ჩვენც ნაკლებად გვახსოვს ერთიანი საქართველო და აფხაზებსა და ოსებშიც ნელ-ნელა ქრება ის მოგონებები, როდესაც თავს დამოუკიდებელ (ან/და რუსეთზე დამოკიდებულ) ერთეულად (სახელმწიფოდ) კი არა, ერთიანი საქართველოს განუყოფელ ნაწილად გრძნობდნენ. ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს გაჩნდა თაობები, რომელთაც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელ ნაწილად არ უნახავთ. უფრო მეტიც, დღეს საქართველოს  მოსახლეობის 20.7%  2008 წელს და მის შემდგომ პერიოდშია დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მეხუთედს არათუ აფხაზეთი და სამაჩაბლო, აგვისტოს ომიც  კი არ უნახავს.

საკითხისადმი ინტერესის კლების მიზეზები სხვა პრობლემების სიუხვეშიც უნდა ვეძიოთ.  უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია და ა.შ. ეკონომიკური გამოწვევები გაცილებით უფრო მტკივნეულ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ვიდრე სხვა ნებისმიერი საკითხი. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ, მაგალითად, NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, სადაც რესპონდენტმა სამი მთავარი პრობლემა უნდა დაასახელოს, ფასების ზრდა, სიღარიბე და სამუშაო ადგილების სიმცირე ნაკლებად ტოვებს სივრცეს სხვა პრობლემების დასახელებისთვის. ამ ნაწილში, შესაძლოა დავუშვათ, რომ ოკუპაციაზე წუხილი კი არ შევამცირეთ, სხვა საკითხებზე გავაძლიერეთ შფოთვა.

კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება, სავარაუდოდ, პოლიტიკოსთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხრიდან საკითხისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა. საკითხის მნიშვნელობა ან ქვემოდან ზემოთ, საზოგადოებრივი ნარატივებიდან  პოლიტიკურ ნარატივებში უნდა გადაიღვაროს, ან პირიქით, ზემოდან - ქვემოთ, პოლიტიკოსები/გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა ქმნიდნენ ნარატივებს საზოგადოებისთვის. ეს უკანასკნელნი კი, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ დიდი ხანია, ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოეთხოვნენ და მთელი მათი აქტიურობა მხოლოდ „აღსანიშნავ დღეებში“ მემორიალებზე სიარულითა და საარჩევნო პროგრამებში დიდაქტიკური, შინაარსისგან დაცლილი, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიღმა არსებული  ფრაზებით შემოიფარგლება.

უფრო მეტიც, ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დე-ფაქტო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ, უკიდურესად შემაშფოთებელ, განცხადებებზე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები,  როგორც წესი, დუმილს ამჯობინებენ. დუმილისა და მორალური კაპიტულაციის გზას ირჩევენ რუსი პოლიტიკოსების განცხადებების საპასუხოდაც.

მიმდინარე წლის 23 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა: „სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია, რომ სპეციალური საომარი ოპერაცია აწარმოოს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის, მთელი ევროპა და ამერიკა. ამის ფონზე, იმავე ძალებს საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ“. ბჟანიას ეს განცხადება იყო ერთგვარი გაგრძელება ოკუპირებული ტერიტორიების საზოგადოებებში არსებული იმ დიდი აჟიოტაჟისა, რომელიც  თბილისში  ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის პირველ ნახევარში გამართულ ფართომასშტაბიან საპროტესტო ტალღას მოჰყვა. აქციების კვლადაკვალ, რუსი მაღალჩინოსნები პანიკასა და დაბნეულობას თესავდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მაგალითად, 10 მარტს  პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია და არსებობს აგრესიის სერიოზული რისკები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსული ნარატივის მთავარი გზავნილი იყო, რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა.

მეორე ფრონტის პროპაგანდისტული გზავნილი საქართველოს რეალობაშიც არაერთხელ მოგვისმენია.  „აბა, ომი გინდათ?!“ - ეს ფრაზა გახდა ნებისმიერი მოთხოვნისა თუ პროტესტის მეორე მხარე ჩვენს რეალობაში, უტრირებით, რომ, ვთქვათ, თუ გზა არ მოგწონს - „ომი გინდა“, თუ ინფლაცია გაწუხებს - „ომი გინდა“, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობას თუ აპროტესტებ - „ომი გინდა“ და ა.შ.

ამ ჟანრის პროპაგანდისტული გზავნილია „გლობალური ომის პარტიაც“, რომელიც პირველად რუსეთში გამოიყენეს და რომელიც აქტიურად დამკვიდრდა ქართულ რეალობაშიც. ერთ წელზე მეტია, „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაგეგმილი  „მეორე ფრონტის“ დისტოპიურ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ რიტორიკის ლოგიკური შედეგია, ოკუპირებული ტერიტორიები და იქიდან წამოსული უკიდურესად გასაკრიტიკებელი ნარატივი რომ დავივიწყეთ და აღარ გვადარდებს. სხვა რეალობაში, ალბათ, ძალისხმევას არ დავიშურებდით, რათა  ბჟანიას სიტყვები „გაგვენეიტრალებინა“, მაგრამ, როგორ გინდა გამოხვიდე და დაგმო მისი განცხადება, როცა „მშვიდობის პარტიის“ მანტია მოისხი და სხვა ყველა პარტია თუ მოწინააღმდეგე სუბიექტი დასავლეთიდან მართულ, გლობალური ომის მაპროვოცირებელ ძალად გამოაცხადე.

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც, ალბათ, ნაკლებად ვფიქრობთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ის უძრაობა და გაყინულობაა, რაც, კონფლიქტის მსგავსად, მისი მოგვარების ამ დროისათვის არსებულ მთავარ პოლიტიკურ პლატფორმას - ჟენევის ფორმატს სჭირს. ჟენევის შეხვედრები აბსოლუტურად სტერილურია და ხელშესახები შედეგებისგან დაცლილი. შესაძლოა ვთქვათ, რომ საერთოდ ფორმატის არარსებობას, სჯობს გვქონდეს ფორმატი, სადაც მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან და მინიმუმ, ისაუბრებენ მაინც. თუმცა ფაქტია, რომ შეხვედრების დაბალი წარმომადგენლობა, დახურულობა და რუსეთის პოზიციონირება, თითქოს მომლაპარაკებელია და არა - მხარე, ფორმატის მიმართ ნდობას არყევს. ყოველი ახალი რაუნდის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებაში ამინდის პროგნოზის ტიპის სიახლის განცდას აჩენს. ჟენევის რაუნდების წინარე და შემდგომი პერიოდიც ვერ ქმნის ნარატივს, რომ ჩვენ ოკუპაციაზე ვიფიქროთ.

ალბათ, სხვა ფაქტორებიც უხვად მოიძებნება, მაგრამ ამ მოსაზრებაში იდენტიფიცირებული რამდენიმე ფაქტორი რომ შევაჯამოთ, კვლავ და კვლავ, რუსეთამდე  მივდივართ. დრო რუსული ოკუპაციის სასარგებლოდ მოქმედებს - გადატანილს გვავიწყებს; სიღარიბის დამარცხების შესაძლებლობა - დასავლურ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია - მეტწილად, ჩვენივე დახმარებით, რუსეთმა დაგვიმუხრუჭა; მეორე ფრონტის შესახებ არსებული პოლიტიკური რიტორიკა კი რუსული პროპაგანდის მინიმოდელია, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ჩვენს რეალობასთან.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კონფლიქტის მხარე რუსეთია, ვიდრე ის ამ კონფლიქტიდან არ ამოირიცხება და გაძევდება, მანამდე სიტუაციის რეალური გარდაქმნა მიუღწეველი მდგომარეობაა.

რატომ „აღარ გვადარდებს“ ოკუპირებული ტერიტორიები? - იმიტომ, რომ რუსეთის ჩრდილქვეშ ვცხოვრობთ და თუ გვადარდებს, ჩვენი ყოველდღიურობა საპირისპიროზე რატომ მეტყველებს?

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი

წყარო:https://gnomonwise.org/

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way