USD 2.8310
EUR 2.9171
RUB 2.7833
Tbilisi
რუსეთი-უკრაინის ომი გეოპოლიტიკური თეორიების პრიზმაში - გიორგი ანთაძე
Date:  325

 „But precisely because I expect little of the human condition, man’s periods of felicity, his partial progress, his efforts to begin over again and to continue, all seem to me like so many prodigies which nearly compensate for the monstrous mass of ills and defeats, of indifference and error. Catastrophe and ruin will come; disorder will triumph, but order will too, from time to time.“

Marguerite Yourcenar, Memoirs of Hadrian (1951)

გეოპოლიტიკა ზეგავლენას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე ახდენს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა ომში იმყოფება თუ მშვიდობიანად არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უშუალოდ გეოპოლიტიკის საგნის მიმართ განელებული იყო ინტერესი, ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გეოგრაფია და გეოპოლიტიკა კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი დისციპლინაა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროცესების შეფასებისათვის. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამყაროს ორი დიდი მოთამაშე წმინდა გეოპოლიტიკური კონცეფციებითა და პოსტულატებით აზროვნებს. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კი დაგვანახა, რომ მსგავსი ტენდეციების მიმართ ხანგრძლივი წაყრუება შორს მიმავალი საზიანო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. თავის მხრივ გეოპოლიტიკური თეორიებიც ცდილობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა თეორიული პრიზმის ქვეშ გატარებასა და ახსნას. შესაბამისად, აღნიშნული ცოდნით შეიარაღება გარკვეულ წილად გვიადვილებს საქმეს უკეთ გავიგოთ ამა თუ იმ კრიზისის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური შიგთავსი, ან მიმდინარე კონფლიქტების გეოპოლიტიკური კონტექსტი.

 
ცხადია რუსეთ-უკრაინის ომი დღეს პლანეტაზე არსებული უმთავრესი კრიზისია, რომლის შედეგებიც უამრავი მიმართულებით პლანეტარული მასშტაბით იგრძნობა. მიმდინარე მოვლენების ფონზე უმთავრეს მოლოდინს დღეს, უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, აღნიშნული მოვლენა არა მარტო სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, არამედ იმისათვის რომ განვსაზღვროთ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კონტრ-შეტევამ ომის სამხედრო-პოლიტიკურ მიმდინარეობაზე, მნიშვნელოვანია შევაფასოთ ამ მომენტისთვის არსებული გლობალური გეოპოლიტიკური გარემო.

 

უშუალოდ ომის მთავარი ეპიცენტრი ახლა რა თქმა უნდა ქალაქი ბახმუტია, რომლის ირგვლივაც უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად მიმდინარე ომის მთავარ მოლოდინს სწორედ ზემოთნახსენები დაგეგმილი უკრაინული კონტრშეტევაა და მისი შედეგებია.


თუმცა, სანამ თემას დავუბრუნდებით საინტერესო იქნება მიმდინარე პროცესები და პირველ რიგში, რუსული და უფრო კონკრეტულად, ვლადიმერ პუტინის მიერ ომის დაწყებამდე არა ერთხელ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის ლოგიკა ჩავსვათ რამდენიმე გეოპოლიტიკურ თეორიაში: ეს არის ჰელფორდ მაკინდერის ისტორიის გეოგრაფიული ღერძი, ალფრედ მეჰენის საზღვაო ძლიერების კონცეფცია და ნიკოლას სპაიკმენის Rimland-ის ცენტრიზმი. 
 

ომი გეოპოლიტიკური თეორიების პრიზმაში  


ტერმინ ”გეოპოლიტიკას” ხშირად შეხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში - პუბლიკაციებში, პოლიტიკოსთა გამოსვლებში, ელექტრონული მასმედიით, ჩვენთან თუ საზღვარგარეთ. ხშირად ეს ტერმინი ასეთი შეხამებითაც გვხვდება: ”გეოპოლიტიკური ინტერესები”, ”გეოპოლიტიკური მდებარეობა”, ”გეოპოლიტიკური ბალანსი” და სხვ.


მაინც რა არის გეოპოლიტიკა?


თითქოს ვიცით რა არის ეს, მაგრამ, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა ადამიანებს, ზოგჯერ საკმაოდ გამოცდილებსაც, როგორც წესი, უჭირთ ამ კითხვაზე პასუხის ჩამოყალიბება. სტუდენტები, ჩვეულებრივ, მარტივად წყვეტენ საკითხს და დაახლოებით ასე პასუხობენ: გეოპოლიტიკა ესაა გეოგრაფიული პოლიტიკა. ასეთი პასუხი ბუნებრივია, რადგან, როდესაც არ იცი საგნის შინაარსი, პირველ ყოვლისა, მის სახელში ცდილობ ამოიცნო იგი. და მართლაც, გეოპოლიტიკა ახლოა გეოგრაფიასთანაც და პოლიტიკასთანაც, მაგრამ ასევე სხვა სამეცნიერო დარგთან და საზოგადოებრივ საქმიანობასთან - საერთაშორისო ურთიერთობებთან, ისტორიასთან, ეკონომიკასთან, პოლიტოლოგიასთან, სოციოლოგიასთან და სხვ. გეოპოლიტიკა კომპლექსური საგანი და კვლევის სფეროა. მან ცოტ-ცოტა ყველა ამ დარგისგან მისთვის საჭირო ცოდნა და მეთოდი აიღო. მაგრამ, იგი არ არის სხვა დარგების მექანიკური ჯამი, არამედ, ცოცხალი, განსაკუთრებული ხასიათის მატარებელი საგანია. სიცოცხლეს კი მას აძლევს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გაჩენილი ინტერესი მსოფლიოში საკუთარი სახელმწიფოს ადგილის დამკვიდრების მიმართ და საერთოდ, საერთაშორისო პოლიტიკური საქმიანობის და მასთან დაკავშირებული რეალობების, კანონზომიერებებისა და იდეების მიმართ.


გეოპოლიტიკა ასწავლის სივრცით აზროვნებას და ასწავლის სახელმწიფოებისა და სხვადასხვა აქტორების ინტერესების ურთიერთკავშირსა და ადგილს გეოგრაფიულ სივრცეებში. 


სწორედ ამგვარად, რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლის მერე აქტუალური გახდა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე რუსეთის როლის და ადგილის საერთაშორისო წესრიგში გადახედვის და ახალი ადგილის ძებნის კონცეპტუალური ხედვების ჩამოყალიბება. იქნებოდა ეს რუსული ევრაზიონიზმით ნაკარნახები კონცეფციები, თუ  რუსული სამყაროს იდეის განვითარება, ერთი რამ უცვლელი იყო - იკითხებოდა აშკარა უკმაყოფილება რუსეთის როლითა და ადგილით ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც აშშ-ს დომინირებით ყალიბდებოდა. სწორედ ამის დადასტურება გახდა ვლადიმერ პუტინის მიერ 2007 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ კატასტროფად მონათვლა და მოსკოვის საგარეო პოლიტიკურ ველზე პირველი დიდი გააქტიურების დასაწყისიც. შიდაპოლიტიკური კონსოლიდაციის და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევის მერე, რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში აშკარად იკვეთება უახლოესი სამეზობლო ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები და მანამდე ნატოს გაფართოებით შექმნილი უკმაყოფილების დაფიქსირება. როგორც ვიცით, აღნიშნული საკითხი მოგვიანებით, 2022 წლის 24 თებერვლამდე ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკური პრეტენზიების ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი გახდა. 


თუ ჩვენ 2007-2022 წლებში რუსეთის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ მოსკოვი იწყებს მისი გეოპოლიტიკური ადგილის თანმიმდევრულ გადახედვას. აღნიშნული პროცესების ჩასმა გეოპოლიტიკურ თეორიებში საინტერესო სურათს იძლევა რუსეთის „გეოპოლიტიკური კომპლექსების“ გასაგებად. დავიწყოთ ჰელფორდ მაკინდერის ცნობილი თეორიით.


სერ ჰელფორდ ჯონ მაკინდერი (Halford Mackinder, 1861-1947), ბრიტანელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეოპოლიტიკური თეორიის ავტორია. მაკინდერმა ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ერებისა და სახელმწიფოების ბედის განმსაზღვრელ ფაქტორს მათი გეოგრაფიული მდებარეობა წარმოადგენს. ამასთან, გეოგრაფიული მდებარეობის გავლენა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე მის ისტორიულ განვითარებასთან ერთად კი არ მცირდება, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მაკინდერის ძირითადი იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მსოფლიო პოლიტიკის და ისტორიის საყრდენ რეგიონს ევრაზიის უზარმაზარი შიდა სივრცეები წარმოადგენს და რომ ამ სივრცეებზე ბატონობა შეიძლება მსოფლიო ბატონობის საფუძვლად იქცეს.
 

მაკინდერის მსოფლიოს სტრატეგიული ხედვა მაშინ ყალიბდებოდა, როცა ბრიტანეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერის პოზიციების დათმობა დაიწყო. აშკარად გამოიკვეთა ორი სერიოზული მეტოქე - გერმანია და აშშ. იქმნებოდა პირველობის დაკარგვის საფრთხე, არა მარტო მსოფლიო, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი. აღნიშნულმა გარემოებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მაკინდერის შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.
 

მარტივად რომ ვთქვათ, მაკინდერის გეოპოლიტიკური მოდელი ბრიტანეთის ტრადიციული პოლიტიკის ისტორიულ-გეოგრაფიულ დასაბუთებას წარმოადგენდა. ბრიტანეთის    ტრადიციული პოლიტიკა კი, მისი მხრიდან, ევროპაში ძალთა იმგვარი ბალანსის მიღწევის მცდელობას ასახავდა, როცა ვერც ერთი კონტინენტური ქვეყანა ვერ გაბედავდა დამუქრებოდა მის ჰეგემონიას. მაკინდერის კონცეფციის მიხედვით, აღნიშნული პოლიტიკა მიმართული უნდა ყოფილიყო იქითკენ, რომ წინ აღსდგომოდა გერმანიისა და რუსეთის ალიანსს. ამგვარი ალიანსი აზიის ცენტრალური ნაწილის („საყრდენი წერტილის“) რესურსების ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოყენების საშიშროებას ქმნიდა. მაკინდერის აზრით, ბრიტანეთის პოზიციები, სავარაუდო კონტინენტური ძალის აგრესიის წინაშე, არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი და მყიფე, როგორც იმჟამად (XX საუკუნის დასაწყისში).
 

მაკინდერი ამტკიცებს, რომ სახელმწიფოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდგომარეობას წარმოადგენს მისი ცენტრალური მდგომარეობა. ცენტრიზმი ამ შემთხვევაში შეფარდებითი ცნებაა და ყოველ გეოგრაფიულ კონტექსტში იგი შეიძლება ვარირებდეს, მაგრამ პლანეტარულ მასშტაბით/გადმოსახედიდან სამყაროს ცენტრში ევრაზიული კონტინენტია, ხოლო მის ცენტრში კი „სამყაროს მსოფლიო გული, იგივე  “Heartland”-ი მდებარეობს. „Heartland”-ი ეს ევრაზიის კონტინენტური მასების თავმოყრაა. იგი ყველაზე ხელსაყრელ გეოგრაფიულ სივრცეს, პლაცდარმს წარმოადგენს მთელს დანარჩენ მსოფლიოზე  ბატონობისათვის.


„Heartland”-ი წარმოადგენს საკვანძო ტერიტორიას უფრო ფართო მსოფლიო კუნძულის “World Island”-ის კონტექსტში. მსოფლიო კუნძულში მაკინდერი სამ კონტინენტს მოიაზრებს: აზიას, აფრიკასა და ევროპას.


შესაბამისად მაკინდერი პლანეტარულ სივრცის იერარქიას ახდენს კონტინენტური წრეების სისტემის მეშვეობით. „ისტორიის გეოგრაფიული ღერძი“ ან „ღერძული არე“ – “Pivot Area” არის ყველაზე ცენტრში. ეს გეოპოლიტიკური გაგება გეოგრაფიულად მიესადაგება ზუსტად რუსეთს. 
 

შემდგომ მოდის „შიდა ანუ განაპირა ნახევარმთვარე“ (Iner or marginal area). ეს სარტყელი ემთხვევა ევრაზიის კონტინენტის სანაპირო სივრცეების კონტურებს. მაკინდერის თქმით „შიდა ნახევარმთვარე“ წარმოადგენს ცივილიზაციათა განვითარების ყველაზე ბუნებრივ ზონას. ეს ემთხვევა ისტორიულ ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ცივილიზაცია მდინარეებისა და ზღვების სანაპიროებზე ჩაისახა, ე.წ. „პოტამისტური“ თეორია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეორია მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს ყველა გეოგრაფიული კონსტრუქციისთვის. საზღვაო და სახმელეთო სივრცეების გადაკვეთა წარმოადგენს საკვანძო ფაქტორს ხალხებისა და სახელმწიფოების ისტორიაში. ეს თემა მომავალში სპეციალურად იქნება განვითარებული კარლ შმიტისა და ნიკოლას სპაიკმენის მიერ, თუმცა გეოპოლიტიკური ფორმულა პირველმა სწორედ მაკინდერმა გამოიყვანა.
 

შემდგომ მოდის უფრო გარე წრე, „გარე ანუ კუნძულოვანი  ნახევარმთვარე- outer or insular crescent. (იხილეთ რუქა №1) მსოფლიო კუნძულის მატერიკულ მასასთან მიმართებაში, ეს ზონა მთლიანად გარეა გეოგრაფიულად და კულტურულადაც.  
 


 
რუქა 1


მაკინდერი თვლის, რომ ისტორიის მსვლელობა დეტერმინირებულია შემდეგი   პროცესებით:


Heartland-ის ცენტრიდან მის პერიფერიაზე ხდება მუდმივი ზეწოლა. განსაკუთრებით თვალნათლივ ეს მონღოლურ დაპყრობებში აისახა, ფიქრობს მაკინდერი. მონღოლებს წინ უძღოდა სკვითები, ჰუნები, ალანები და ასე შემდეგ. „ისტორიის გეოგრაფიული ღერძის“ ანუ ჰართლენდის ყველაზე შიდა სივრცეებიდან გამოსულ ცივილიზაციებს, მაკინდერი აზრით, გააჩნიათ „ავტორიტარული“, იერარქიული“, „არადემოკრატიული“ და „არა სავაჭრო“ ხასიათი“. ძველ სამყაროში ეს განხორციელებულია დორიული სპარტისა და ძველი რომის მსგავს საზოგადოებებში. 
 

გარედან, „კუნძულოვანი ნახევარმთვარიდან“ „მსოფლიო კუნძულზე“ ხორციელდება ზეწოლა. ეს კოლონიური ექსპედიციები არა ევრაზიული ცენტრიდან, მიმართული იყო გაეწონასწორებინა სახმელეთო იმპულსები, რომლებიც კონტინენტის შიდა სივრცეებიდან მომდინარეობს. „გარე ნახევარმთვარის“ ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელია სავაჭრო ხასიათი და პოლიტიკის დემოკრატიული ფორმები. ძველ დროში, მაკინდერის აზრით ასეთები ათენი და კართაგენი იყო.
 

ამ ორი პოლარული ცივილიზაციურ-გეოგრაფიული იმპულსების შორის იმყოფება „შიდა ნახევარმთვარის ზონა“, რომელიც ორგვაროვანი არის და მუდმივად განიცდის თავის თავზე ურთიერთსაწინააღმდეგო ცივილიზაციების ზეგავლენას, რის შედეგადაც ის ყველაზე უფრო მოძრავია და ამის გამო გახდა ცივილიზაციური განვითარების პრიორიტეტულ არეალად.
 

მისივე აზრით, ისტორია გეოგრაფიულად კონტინენტური ღერძის გარშემო ტრიალებს. ეს ისტორია ყველაზე მეტად „შიდა ნახევარმთვარის“ არეში იგრძნობა, მაშინ როცა ჰართლენდში „გაყინული“ არქაიზმია, ხოლო „გარე ნახევარმთვარეში“ გარკვეული ცივილიზაციური ქაოსი.
 

თვითონ მაკინდერი თავის ინტერესებს აიგივებდა ანგლო-საქსური კუნძულოვანი სამყაროთი, ანუ „გარე ნახევარ მთვარესთან“. ასეთ სიტუაციაში გეოპოლიტიკური ორიენტაციის საფუძვლად იგი ჰართლენდის მაქსიმალურ დასუსტებაში ხედავდა. მაკინდერი ხაზს უსვამდა „ისტორიის გეოგრაფიული ღერძის“  სტრატეგიულ პრიორიტეტს მთლიან მსოფლიო პოლიტიკაში და ასე ჩამოაყალიბა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კანონი:
 

„ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, დომინირებს ჰართლენდზე; ის ვინც დომინირებს ჰართლენდზე დომინირებს მსოფლიო კუნძულზე; ის ვინც დომინირებს მსოფლიო კუნძულზე, დომინირებს მთელს მსოფლიოზე.“
 

პოლიტიკურ დონეზე ეს ნიშნავდა სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთის მდებარეობის წამყვანი როლის აღიარებას. აღნიშნული ხედვები მუდმივად გავლენას ახდენდა უშუალოდ რუსეთის წიაღში ჩასახულ სხვადასხვა გეოპოლიტიკურ კონცეფციებსა და ხედვებზეც, ამ მხრივ არც ვლადიმერ პუტინის მიერ წლების განმავლობაში სამყაროს რუსული ხედვის მისეული მოდელი ყოფილა გამონაკლისი.
 

მაგალითად მაკინდერი წერდა რომ: „რუსეთს მთელი მსოფლიოს მიმართებაში ისეთივე ცენტრალური ადგილი უკავია, როგორც გერმანიას ევროპასთან მიმართებაში. მას შეუძლია თავდასხმა განახორციელოს ყველა მიმართულებით და ამავე დროს ყველა მხრიდან დარტყმის ობიექტი შეიძლება გახდეს, გარდა ჩრდილოეთისა“.
 

აქედან გამომდინარე მაკინდერი თვლიდა, რომ ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის ამოცანაა, არ დაუშვას სტრატეგიული კონტინენტური კავშირის შექმნა რუსეთის გარშემო (უნდა ითქვას რომ ეს ერთხელ შესაძლებელი მაინც გახდა, საბჭოთა კავშირის დროს. 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა კინაღამ დაღუპვის პირას მიიყვანა ანგლო-საქსური გეოსტრატეგია). შესაბამისად გარე ნახევარ მთავრის სახელმწიფოების სტრატეგია შეადგენს იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი სანაპირო სივრცეების წართმევა შეძლოს ჰართლენდისაგან და მათი „კუნძულოვანი ცივილიზაციების“ მმართველობის ქვეშ გადაცემა.
 

თუ ჩვენ დავაკვირდებით მაკინდერისეულ სამყაროს ისტორიის გეოგრაფიულ ღერძს და რუსეთის ადგილს მასში, დავინახავთ დინამიკას, რომ რუსეთი 2008 წლიდან თანმიმდევრულად ცდილობს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, როგორც უშუალოდ მის სამეზობლოში, ისევე ზოგადად გლობალურ არენაზე. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანია წარმატების შემთხვევაში, რუსეთი ფაქტობრივად დაასრულებდა „Heartland”-ს „ამოვსებას“ და დასავლეთის წიაღში არსებული ბზარები კიდევ უფრო გაფართოვდებოდა, ხოლო მოსკოვის სამიზნეები დარჩენილი სამეზობლო ტერიტორიისკენ იქნებოდა მიდრეკილი და შიდა ნახევარსფეროს მაკინდერისეულ საზღვრებსაც მიებჯინებოდა. 
 

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი წერდა თავის ცნობილ წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“: „ ..უკრაინა, ახალი და მნიშვნელოვანი სივრცეა ევრაზიის საჭადრაკო დაფაზე იმიტომ, რომ წარმოადგენს გეოპოლიტიკურ ცენტრს. საკუთრივ მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა გვეხმარება, მოვახდინოთ რუსეთის ტრანსფორმირება. უკრაინის გარეშე რუსეთი წყვეტს ევრაზიულ იმპერიად ყოფნას... მაგრამ თუკი მოსკოვი დაიბრუნებს კონტროლს უკრაინაზე, მის 52-მილიონიან მოსახლეობაზე და დიდ რესურსებზე, აგრეთვე შავ ზღვაზე გასასვლელებზეც, მაშინ რუსეთი, ავტომატურად, კვლავ მიიღებს საშუალებას იქცეს ევროპასა და აზიაში განფენილ მძლავრ იმპერიულ სახელმწიფოდ. უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა დაუყოვნებლივ თავის შედეგს იქონიებდა ცენტრალურ ევროპაზე, მოახდენდა გაერთიანებული ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან პოლონეთის ტრანსფორმირებას გეოპოლიტიკურ ცენტრად.“ ამრიგად უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი რუსეთის სახელმწიფოს განვითარების გზის და მასში გაბატონებული გეოპოლიტიკური კონცეფციების  გათვალისწინებით ლოგიკური და პროგნოზირებადი მოვლენა იყო, თუმცა აქვე  აღსანიშნავია რომ უშუალოდ სამხედრო გზით უკრაინაზე კონტროლის დამყარების კალკულაციებში მოსკოვის მხრიდან ფუნდამენტური შეცდომები იყო დაშვებული.
 

ამასთან ერთად, რუსეთის დაპირისპირება ნატოსთან, დასავლურ სამყაროსთან და ამ დაპირისპირებაში ჩინეთის ფაქტორი პირდაპირ ჯდება მაკინდერისა და ჩვენს მიერ ქვემოთ მოყვანილი გეოპოლიტიკური მოაზროვნეების ხედვებში. ამ მხრივ საინტერესოა ასევე ალფრედ მეჰენის საზღვაო ძლიერების კონცეფციაც. იგი დასავლეთის და აშშ ჰეგემონიის გეოპოლიტიკური ჭრილში გასააზრებლად უმნიშვნელოვანესი თეორიაა და განსაკუთრებით ჩინეთთან მიმართებაშია აქტუალური.

ამერიკელი სამხედრო-საზღვაო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი, კონტრ-ადმირალი (1906), გეოპოლიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი 1885 წლიდან „Naval War Collage”- ში ასწავლიდა სამხედრო ფლოტის ისტორიას. 1890 წელს თავისი პირველი წიგნი გამოაქვეყნა, რომელიც მაშინათვე გახდა სამხედრო ისტორიის კლასიკური ტექსტი. მისი ნაშრომებია: „საზღვაო ძალები ისტორიაში (1660-1783)“, „საზღვაო ძალის ზეგავლენა საფრანგეთის რევოლუციაზე და იმპერიაზე“. „ამერიკის დაინტერესება საზღვაო ძალებში აწმყოსა და მომავალში“, „აზიის პრობლემა და მისი ზეგავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე“ და „საზღვაო ძალა და მისი კავშირი ომთან“.
 

თითქმის ყველა წიგნი ეძღვნება „საზღვაო ძალას“- Sea Power. მეჰენის სახელი სინონიმი გახდა ამ ტერმინისა.
 

მეჰენისათვის პოლიტიკის უმთავრეს ინსტრუმენტს ვაჭრობა წარმოადგენს. სამხედრო მოქმედებებმა მხოლოდ ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას პლანეტარულ მასშტაბის სავაჭრო ცივილიზაციისთვის. მეჰენი ეკონომიკურ ციკლებს განიხილავს სამ მომენტში:
 

  • წარმოება (საქონლისა და მომსახურებების გაცვლა წყლის გზებით);
  • ნავიგაცია (რომელიც ამ გაცვლას უზრუნველყოფს);
  • კოლონიები (რომლებიც საქონლის გაცვლის ცირკულაციას ახდენენ მსოფლიო დონეზე)


მეჰენი თვლის, რომ სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტრატეგიის ანალიზი ექვსი კრიტერიუმის საფუძველზე უნდა მოხდეს.
 

  1. სახელმწიფოს გეოგრაფიული მდგომარეობა, მისი გახსნილობა ზღვებთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან საზღვაო კომუნიკაციების შესაძლებლობა, სახმელეთო საზღვრების სიგრძე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების კონტროლის შესაძლებლობა. საკუთარი ფლოტით მოწინააღმდეგეზე მუქარის შესაძლებლობა;
     
  2. სახელმწიფოს ფიზიკური კონფიგურაცია, ანუ საზღვაო სანაპიროს კონფიგურაცია და მასზე განლაგებული პორტების რაოდენობა. ამაზეა დამოკიდებული ვაჭრობის აღმასვლა და სტრატეგიული დაცულობა;
     
  3. ტერიტორიის სიგრძე. იგი სანაპირო ზოლის სიგრძის ტოლია;
     
  4. მოსახლეობის სტატისტიკური რაოდენობა. ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უნარისათვის ააშენოს და მოემსახუროს საზღვაო ხომალდებს;
     
  5. ნაციონალური ხასიათი. ხალხის უნარი დაკავდეს ვაჭრობით, ვინაიდან საზღვაო ძლიერება მშვიდობიანი და ფართო ვაჭრობის შესაძლებლობას ემყარება;
     
  6. მმართველობის პოლიტიკური ხასიათი. ამაზეა დამოკიდებული საუკეთესო ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ორიენტირება ძლიერი საზღვაო ძალის შესაქმნელად“.


უკვე ამ ჩამონათვალიდან ჩანს , რომ მეჰენი თავის გეოპოლიტიკურ თეორიას „საზღვაო ძალის“ და მისი ინტერესებიდან გამომდინარე აგებს. მეჰენისათვის საზღვაო სახელმწიფოს ნიმუში კართაგენი იყო, ხოლო უფრო მოგვიანებით XVIII-XIX საუკუნეების ინგლისი.
 

„საზღვაო ძლიერების“ გაგება მეჰენისათვის დამყარებულია მთლიანად „საზღვაო ვაჭრობაზე“, ხოლო სამხედრო-საზღვაო ფლოტი, მხოლოდ გარანტორის როლს ასრულებს ამ ვაჭრობის უზრუნველყოფისათვის. მეჰენი უფრო შორსაც მიდის და „საზღვაო ძალას“ განსაკუთრებულ ცივილიზაციურ ტიპად მიიჩნევს, რომელიც კარგი და ეფექტურია და შესაბამისად მოწოდებულია მსოფლიო მბრძანებლობისაკენ.


მეჰენის იდეებმა ფართო გავრცელება ჰპოვა მთელს მსოფლიოში და გავლენა მოახდინა ბევრ ევროპელ სტრატეგზეც. თვით სახმელეთო და კონტინენტურმა გერმანიამ ადმირალ ტირპიცის სახით მიიღო ეს თეზისები და აქტიურად დაიწყო თავისი საზღვაო ფლოტის განვითარება.


მეჰენი პრეზიდენტ მონროს (1858-1831) დოქტრინის აქტიური მომხრე იყო. იგი თვლიდა, რომ ა.შ.შ. „საზღვაო ბედისწერა“ აქვს და „ბედისწერის მანიფესტი“ (Manifest Destiny) მდგომარეობს იმაში, რომ პირველ ეტაპზე მოახდინოს ამერიკის კონტინენტის სტრატეგიული ინტეგრაცია და შემდგომში მსოფლიო დომინირების დამყარება. (როგორც ვხედავთ მეჰენის ეს ლამის წინასწარ-მეტყველური თეზისი სრულად ახდა).

 
წიგნში „ამერიკის დაინტერესება საზღვაო ძალაში“ მეჰენი ამტკიცებდა- იმისთვის, რომ ა.შ.შ. გახდეს მსოფლიო ზესახელმწიფო მანდ უნდა შეასრულოს შემდეგი პუნქტები:
 

  1. აქტიურად ითანამშრომლოს ბრიტანეთის საზღვაო ძალასთან;
     
  2. წინ აღუდგეს გერმანიის საზღვაო პრეტენზიებს;
     
  3. თვალყური ადევნოს იაპონიის ექსპანსიას წყნარ ოკეანეში და წინ აღუდგეს მას;
     
  4. კოორდინირება გაუკეთოს ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად აზიის ხალხების წინააღმდეგ მოქმედებას; (მომავალში ჩინეთი). 
     

მეჰენი ა.შ.შ.-ის მომავალს ხედავდა იმაში, რომ „გარე ნახევარმთვარის“ პერიფერიულ სახელმწიფოში აეღო წამყვანი პოზიციები ეკონომიკური, სტრატეგიული და იდეოლოგიური თვალთახედვით.

   
მაკინდერისგან დამოუკიდებლად, მეჰენიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა „საზღვაო ძალის“ უმთავრესი საფრთხეების განხილვისას. მისი აზრით, ეს საფრთხეები პირველ რიგში კონტინენტური სახელმწიფოებია: რუსეთი და ჩინეთი, მეორე რიგში კი-გერმანია. აღსანიშნავია ყოველივე  ამის კონტექსტში, რომ მართლაც უდიდესი საფრთხის შემცველი გახდა  გერმანია-რუსეთის (სსრკ) მოკავშირეობა 1939 წელს „გარე ნახევარმთვარის“ პერიფერიული სახელმწიფოებისათვის, ამას თან დაერთო ასევე მეჰენის მე-3 პუნქტში ნახსენები იაპონიის სტრატეგიული აქტივობა და მისგან წამოსული საფრთხეები.

  
მეჰენმა პლანეტარულ დონეზე გადმოიტანა „ანაკონდას“ პრინციპი, რომელიც გენერალ მაკ-მილანის მიერ გამოიყენებოდა სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს პრინციპი გულისხმობდა მოწინააღმდეგის ტერიტორიების ბლოკირებას ზღვიდან და სანაპიროებიდან, რაც მისი თანდათანობითი სტრატეგიული გამოფიტვა უნდა გამოეწვია. შესაბამისად ამერიკის ამოცანაა მისი პოზიციების გაძლიერება ზემოდ აღწერილი ექვსი პუნქტის მიხედვით და მოწინააღმდეგის დასუსტებას ამავე პუნქტებში.


ფაქტობრივად, აშშ-ს და ნატო-ს სტრატეგიის ძირითადი ხაზი, ასევე სხვა ბლოკების საბჭოთა კავშირის შეკავებისას, პირდაპირ წარმოადგენს ადმირალ მეჰენის ძირითადი თეზისების განვითარებას, რომელიც ამის საფუძველზე სავსებით ადვილად შეიძლება თანამედროვე ატლანტიზმის ინტელექტუალური მამაც ვუწოდოთ.


აღსანიშნავია, რომ ჩინური ფაქტორის გამოჩენის შემდგომ ანალოგიური ხედვაში პირდაპირ ჯდება AUKUS-ის ბლოკის შექმნის იდეა, რომელიც ჩინეთის გარე ზღვებში (ოკეანეებში) გამოსვლის წინააღმდეგ მიმართული გაერთიანებაა. სწორედ ამიტომ, აშშ-ს დომინირებული გლობალური წესრიგის სამხედრო-პოლიტიკური კონკურენციისთვის პეკინისთვის აუცილებელი გახდა საზღვაო ფლოტის გაძლიერება, პორტებისა და ინფრასტრუქტურის გაშლა მაკინდერისეულ „გარე ნახევარმთვარის“ სარტყელში, რასაც ჩინეთი ბოლო ათწლეულებია აქტიურად ესწრაფვის და ახორციელებს კიდეც. (პორტები ჯიბუტში, ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხელოვნური კუნძულები და ა.შ). ჩინური „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივა, ამ საზღვაო ექსპანსიის სახმელეთო სავაჭრო-ლოგისტიკურ უზრუნველყოფას წარმოადგენს ფაქტობრივად. 

 
კიდევ ერთი მოაზროვნე რომლის ხედვებიც საინტერესოა თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების განხილვისთვის არის ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი ნიკოლას სპაიკმენი და მისი გეოპოლიტიკური თეორია, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს მეჰენის ხაზის გაგრძელებას.
 

სპაიკმენმა ყურადღებით შეისწავლა მაკინდერის შრომები და გეოპოლიტიკური სქემის თავისი საბაზისო მოდელი შექმნა, რომელიც რამდენადმე განსხვავდებოდა მაკინდერისგან მოდელისაგან. სპაიკმენის უმთავრესი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მისი აზრით მაკინდერმა გადააჭარბა ჰართლენდის მნიშვნელობა. იგი თვლიდა, რომ „შიდა ნახევარმთვარის“, რიმლანდის სანაპირო ზონების“ გეოგრაფიული ისტორია თავისთავად ხორციელდება და არა „ხმელეთის მომთაბარეების“ ზეწოლის შედეგად. ამ გადმოსახედიდან ჰართლენდი მხოლოდ პოტენციურ სივრცეს წარმოადგენს რომელიც ყველა იმპულსს სანაპირო ზონებიდან იღებს და თავის თავში არ ატარებს არანაირ დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ მისიას ან ისტორიულ იმპულსს. რიმლენდი და არა ჰართლენდი წარმოადგენს სპაიკმენის თქმით, გასაღებს მსოფლიო ჰეგემონიისთვის. (იხ. რუქა 2.)
 


რუქა № 2, სპაიკმენის მოდელი
 

გავიხსენოთ მაკინდერის გეოპოლიტიკური ფორმულა: „ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას დომინირებს ჰართლენდზე, ის ვინც დომინირებს ჰართლენდზე დომინირებს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც დომინირებს მსოფლიო კუნძულზე დომინირებს მთელს მსოფლიოზე“. სპაიკმენმა შემოგვთავაზა მისეული ვარიანტი: „ის ვინც დომინირებს რიმლენდზე დომინირებს ევრაზიაზე, ის ვინც დომინირებს ევრაზიაზე ხელთ უპყრია მსოფლიოს ბედ-იღბალი.“ 
 

პრინციპში სპაიკმენს ამით ახალი არაფერი უთქვამს. თვითონ მაკინდერისთვისაც „სანაპირო ზონა“ „გარე ნახევარმთვარე“ ან რიმლენდი, გადამწყვეტი სტრატეგიული პუნქტები იყო კონტინენტზე ბატონობისთვის. მაგრამ მაკინდერი ამ ზონას განიხილავდა არა როგორც დამოუკიდებელ, თვითმყოფად გეოპოლიტიკურ წარმონაქმნებს, არამედ როგორც ორი „სახმელეთო და საზღვაო იმპულსების“ დაპირისპირების სივრცეს. სპაიკმენმა აქცენტების ცვლილება თავის გეოპოლიტიკურ დოქტრინაში მაკინდერის წარმოდგენებთან მიმართებაში წარმოადგინა, როგორც რაღაც რადიკალურად ახალი, თუმცა სინამდვილეში უნდა ითქვას, რომ სახეზე ნიუანსური გაგების კორექციასთან გვაქვს საქმე.
 

რიმლენდის გადაფასების გარდა სპაიკმენმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამატება შემოიტანა სამყაროს გეოპოლიტიკურ სურათში, რომელიც „საზღვაო ძალის“ პრიზმიდან იყურება. მან შემოიტანა ე.წ. „შუა ოკეანის“, „Midland Ocean” -ის ცნება. ამ გეოპოლიტიკური წარმოდგენის საფუძველში დევს ხაზგასმული ანალოგია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკისა ისტორიაში ხმელთაშუა ზღვის როლის და დასავლეთ ცივილიზაციების უახლოეს ისტორიაში ატლანტიკის ოკეანის როლებს შორის. იმდენად რამდენადაც, სპაიკმენი, „სანაპირო ზონას“ რიმლანდს თვლიდა ძირითად ისტორიულ ტერიტორიად, ძველი ხმელთაშუა ზღვის არეალი წარმოადგენს მისთვის კულტურის ფორმას რომელიც კონტინენტის შიგნით გავრცელდა და ასევე ცალკეულ ტერიტორიებზე რომლებიც მხოლოდ საზღვაო გზებით იყო ხელმისაწვდომი. მსგავსად ამ ხმელთაშუა ზღვის მოდელისა, ახალ დროში, გაზრდილ პლანეტარულ მასშტაბში იგივე ემართება ატლანტიკის ოკეანესაც, რომლის ორივე სანაპიროც, ამერიკული და ევროპული, წარმოადგენს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ პლანში ყველაზე განვითარებული დასავლური ცივილიზაციის არეალს.
 

„შუა ოკეანე“ (Midland Ocean) ასეთ მოცემულობაში არა გამყოფი, არამედ გამაერთიანებელი ფაქტორია, „შიდა ზღვა“ (Mare Internum) ხდება. ასე, რომ სპაიკმენის მიერ იჭვრიტება გეოპოლიტიკური რეალობა, რომელსაც შეიძლება პირობითად „ატლანტიკური“ ვუწოდოთ, რომლის ცენტრშიც როგორც ტბა სახმელეთო რეგიონში, ატლანტიკის ოკეანე მდებარეობს. ეს ტერიტორიული კონტინენტი დაკავშირებულია დასავლეთ-ევროპელი წარმოშობის კულტურის ერთობით, დემოკრატიისა და ლიბერალური კაპიტალიზმის იდეოლოგიის, ეთნიკური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური ბედისწერის ერთიანობით. საქართველოს გაცხადებული კურსი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესახებ, სწორედ ამ სივრცისკენ გეოპოლიტიკურ მოძრაობას გულისხმობს.
 

სპაიკმენმა ფაქტობრივად წინასწარ განჭვრიტა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები, როგორებიც იყო ნატოს შექმნა, ევროპის სახელმწიფოების სუვერენიზმის კლება ომის შემდგომ სამყაროში (იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი) და ა.შ.შ.-ის პლანეტარული ჰეგემონიის პერიოდი.
 

ა.შ.შ.-ის გამარჯვებამ ცივ ომში აჩვენა სპაიკმენის თეზისების სისწორე რიმლენდის სტრატეგიული უპირატესობის და შიდა ოკეანის შესახებ. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ მაკინდერის თეორია ევრაზიის ცენტრის პოლიტიკური აღორძინების და კონტინენტური ექსპანსიისკენ სწრაფვის შესახებ,რომ ჯერ კიდევ აქტუალურია სწორედ რუსეთ - უკრაინის ომმა აჩვენა. თუ ჩვენ რუსეთის მოქმედებებს სპაიკმენის თეორიის ჭრილშიც დავაყენებთ, ეს იქნება პირდაპირი დაპირისპირების მცდელობა დასავლეთთან, რომელიც Midland Ocean-ს და რიმლენდზე რუსეთის მორიგი ისტორიული დაწოლაა. ანუ, თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ძალისმიერი  გადახედვის მცდელობა, სადაც უკრაინის უდიდესი ნაწილი და სამომავლოდ ალბათ ბელორუსიც რუსეთის გავლენის ნაწილი უნდა გამხდარიყო გეოპოლიტიკურ ჭრილში სწორედ ამდაგვარ დაპირისპირებად წარმოგვიდგება. 
 

ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებამდე წაყენებულ ულტიმატუმებში ნატოსა და დასავლეთის მიმართ, ფაქტობრივად რიმლენდის მომიჯნავე მიწებიდან უკან დახევას ითხოვდა ჰართლენდთან მიმართებაში, რომელიც რუსეთის გულს წარმოადგენს დღემდე. ამრიგად რა სახელიც არ უნდა ვეცადოთ ვუპოვოთ რუსეთისა და კონკრეტულად თუნდაც მისი პრეზიდენტის გეოპოლიტიკურ ხედვებს, თამამად შეიძლება თქვას, რომ გეოპოლიტიკური თეორიებით დღეს არსებული უდიდესი კონფლიქტი ახსნადია. ცალკე საუბრის თემაა, ამ შექმნილ მოცემულობაში უმთავრესი გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესები ჩვენი ზემოთ მოყვანილი მსჯელობის ჭრილში. 
 

აღმოსავლეთის დრაკონი
 

აღნიშნულ გეოპოლიტიკურ დიქოტომიაში ჩინეთის ფაქტორი უმთავრესი ცვლადია, რომელიც გლობალური გეოპოლიტიკური წესრიგის გადაწყობის მთავარი ინიციატორია. უკრაინის ომთან მიმართებაში პეკინს თავისი მკაფიო ინტერესები გააჩნია, რომელიც პირდაპირ ჯდება ასევე ჩვენს მიერ მოყვანილი თეორიების პრიზმაშიც. 
 

დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, დაახლოებით ორ ნაწილად გაყოფილ სამყაროს ვხედავთ: აშშ თაოსნობით დასავლურ კოალიციას, რომელსაც რამდენიმე აზიური სახელმწიფო უერთდება და სახელმწიფოთა ჯგუფს, რომელიც ე.წ. „თავშეკავებული პოლიტიკით“ გამოირჩევა, ე.წ. „გლობალური სამხრეთი“ - ბრაზილია და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაწილი, სამხრეთ აფრიკა და აფრიკული ქვეყნების ნაწილი, ნაწილობრივ ინდოეთი და აქვეა ჩინეთიც. თუ ამ სახელმწიფოებს გეოგრაფიულ მდგომარეობას დავხედავთ, ეს ის სარტყელია რომელიც აშშ-ს გლობალურ საზღვაო-სავაჭრო დომინირებას ცდილობს დაუპირისპირდეს. თუმცა, გლობალური მსოფლიო წესრიგის ჭრილში ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ცვლილებების მთავარი ინიციატორი ბოლო ათწლეულში რა თქმა უნდა რუსეთი და ჩინეთია.
 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინეთს უკრაინის ომთან მიმართებაში რამდენიმე ფუნდამენტური ინტერესი გააჩნია ამჟამად.  პირველ რიგში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სიმტკიცე და ახლო მომავალში მისი დაცემის არ დაშვებაა მნიშვნელოვანი. რუსეთი პუტინის სათავეში ჩინეთისთვის ღირებული აქტივია. მოსკოვი მნიშვნელოვანია ჩინეთის ცივი ომის სტილის მეტოქეობაში შეერთებულ შტატებთან, რომელიც სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ასევე, რუსეთი უზრუნველყოფს იაფ ენერგიას და დიდ ბაზრებს ჩინეთისთვის. პეკინს არ სურს, რომ პუტინი შეცვალოს ნაკლებად მეგობრული ლიდერით და უკრაინაში წაგებული ომით გამოწვეული შიდა არასტაბილურობა დაიწყოს რუსეთში. უარეს შემთხვევაში, რუსული სახელმწიფოს ფრაგმენტაციამ შეიძლება ჩინეთის საზღვრებთან ქაოსი მოიტანოს, რაც შეაფერხებს ჩინეთის შესაძლებლობას ივაჭროს ცენტრალურ აზიასთან, სამხრეთ კავკასიასთან და ევროპასთან. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი და სი ძინ პინი, ალბათ, არ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, ისინი თანხმდებიან, რომ რუსეთის აშკარა დამარცხება ორივესათვის მიუღებელი სცენარია.
 

ჩინეთს ასევე ესმის, რომ უკრაინის ომს აქვს ფუნდამენტური შედეგები საერთაშორისო წესრიგზეც. ანუ იმ პროცესზე, რომლის გადახედვასაც ჰართლენდის მთავარი ძალა რუსეთი ბოლო 20 წელია ასე აქტიურად ცდილობს და რომელიც პეკინის სიტუაციური მოკავშირეა ამ მხრივ. ჩვენს მიერ განხილული თეორიების ჭრილში თუ შევაფასებთ  პეკინის შესაძლებლობებს და ბოლო 20 წლის აქტივობებს საგარეო არენაზე,  იგივე მეჰენის კრიტერიუმებით, დავინახავთ რომ იგი ცდილობს ახალ გლობალურ საზღვაო ძალად ჩამოყალიბებას, რომელსაც იგივე მეჰენის კლასიფიკაციით, რამდენიმე მიმართულებით უკვე ძალზედ დიდი გეოპოლიტიკური წარმატებები აქვს. ესენია: 

 

  • სახელმწიფოს ფიზიკური კონფიგურაცია, ანუ საზღვაო სანაპიროს კონფიგურაცია და მასზე განლაგებული პორტების რაოდენობა. ამაზეა დამოკიდებული ვაჭრობის აღმასვლა და სტრატეგიული დაცულობა;
  • ტერიტორიის სიგრძე. იგი სანაპირო ზოლის სიგრძის ტოლია;
  • მოსახლეობის სტატისტიკური რაოდენობა. ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უნარისათვის ააშენოს და მოემსახუროს საზღვაო ხომალდებს;
  • ნაციონალური ხასიათი. ხალხის უნარი დაკავდეს ვაჭრობით, ვინაიდან საზღვაო ძლიერება მშვიდობიანი და ფართო ვაჭრობის შესაძლებლობას ემყარება.
  • მმართველობის პოლიტიკური ხასიათი. ამაზეა დამოკიდებული საუკეთესო ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ორიენტირება ძლიერი საზღვაო ძალის შესაქმნელად


პირველი პუნქტი მეჰენთან, რომელიც სახელმწიფოს გეოგრაფიული მდგომარეობას, მისი გახსნილობას ზღვებთან მიმართებაში, სხვა ქვეყნებთან საზღვაო კომუნიკაციების შესაძლებლობას, სახმელეთო საზღვრების სიგრძეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების კონტროლის შესაძლებლობას და საკუთარი ფლოტით მოწინააღმდეგეზე მუქარის შესაძლებლობას გულისხმობს, პეკინის მიერ ბოლო ათწლეულების უმთავრესი საზრუნავი იყო და დღესაც აქტიურად ავითარებს. 
 

ამ კონტექსტში ტაივანის პრობლემა ჩინეთის ყურადღების რეგიონში მიჯაჭვულობის უმთავრესი წყაროა, რომლის მოგვარების შემდგომაც პეკინს საშუალება ექნება მთლიანად გლობალურ პროცესებზე გადაერთოს.
 

შესაბამისად მოსკოვის ზეწოლა დასავლეთზე, ჰართლენდიდან რიმლენდზე, ანუ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით თანმხვედრი სასარგებლო პროცესი იყო. მაშინ როდესაც ვაშინგტონს ღიად აქვს დაფიქსირებული, რომ უახლოეს მომავალში მისი ძირითადი მეტოქე ჩინეთი იქნება ხოლო, აშშ-ს და მისი მოკავშირეების რესურსების დიდი ნაწილი აქეთ უნდა იყოს მიმართული, ხანგრძლივი ომი უკრაინაში, წარუმატებელიც კი, ჩინეთის ინტერესებში ჯდება. 
 

თუ ომი დასავლური პირობებით დასრულდებოდა უკრაინის აშკარა გამარჯვებით, შეერთებული შტატები ომის შედეგებს განსაზღვრავდა, როგორც ტრიუმფს თავისი საერთაშორისო წესრიგისთვის, მისი წესებისთვის, ძალაუფლებისთვის და მისი დიპლომატიური გონისთვის. გეოპოლიტიკური თეორიების ჭრილში, ეს ატლანტიზმის მორიგი გამარჯვება იქნებოდა. 
 

აღნიშნული დარტყმას მიაყენებს ჩინეთის მისწრაფებებს ახალი გლობალური წესრიგისკენ ჩინური (ან ჩინურ-რუსული) მახასიათებლებით. მაგრამ, პირიქით, თუ ომი გაგრძელდება და ეს პროცესი განაგრძობს წვლილი შეიტანოს ინფლაციასა და სასურსათო დაუცველობაში მთელს მსოფლიოში, ჩინეთს შეუძლია კონფლიქტი შეაფასოს, როგორც აშშ-ს ხელმძღვანელობით არსებული საერთაშორისო წესრიგის წარუმატებლობის მტკიცებულება, სადაც ოცდაათწლიანმა ამერიკულმა ჰეგემონიამ ჩიხამდე მიიყვანა სამყარო. ჩინეთს შეეძლება თავი წარმოაჩინოს, ამავდროულად ალტერნატიულ საერთაშორისო წესრიგში პასუხისმგებელ დაინტერესებულ მხარედ. უფრო პროზაულად რომ ვთქვათ, ჩინეთი ბედნიერია ომის გაგრძელებით იმდენად, რამდენადაც ის ინარჩუნებს აშშ-ს ყურადღებას და რესურსებს ევროპისკენ, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნიდან შორს.
 

ჩინეთის მესამე ინტერესი, რომელიც შეიძლება არ იყოს სრულად თავსებადი მის მეორე ინტერესთან, არის მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს უკრაინაში ომის შემდგომ პერიოდში. პეკინი დიდ წილად კმაყოფილია იმით, რომ რუსეთმა და დასავლეთმა თავი შეიძლება დაიქანცოს უკრაინაში და არ არის გამორიცხული სწორედ პეკინი წარმოგვიდგეს იმ ძალად რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ფორმატების მთავარი გარანტორი იქნება (ამის ნიშნები უკვე გვაქვს). ჩინეთს ომამდე ჰქონდა მზარდი ეკონომიკური ურთიერთობა უკრაინასთან და ის უდავოდ დიდ როლს შეასრულებს უკრაინის ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში. მიუხედავად იმისა, რომ კიევი ამტკიცებს, რომ ომში მისი მხარდამჭერები უნდა იყვნენ იმ შესაძლებლობების მთავარი ბენეფიციარები, რომლებიც მოჰყვება ქვეყნის აღორძინებას, უკრაინა საბოლოოდ შეიძლება მიმართოს პეკინს, რათა დაეხმაროს მისი უზარმაზარი რეკონსტრუქციის საჭიროებებში. სამშვიდობო გეგმა სი-მ ცოტა ხნის წინ შესთავაზა პუტინს მოსკოვში, თუმცა ცალმხრივი, ნიშანი იმისა, რომ ჩინეთს სურს იყოს როგორც შუამავალი, ასევე ეკონომიკური მოთამაშე უკრაინაში; მას სურს იყოს მაგიდასთან ისე, რომ როდესაც ომი დამთავრდება, იმოქმედოს თავისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, ახალი მშვიდობის მოსაპოვებლად.  ყოველივეს ფონზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია, რომ ჩინეთი ღიად დაეხმაროს რუსეთს, თუმცა ამის ბოლომდე გამორიცხვა არ იქნებოდა სწორი.
 

აღნიშნულ რეალობაში ევროკავშირი როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე აშშ-თან სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება, როგორც უკრაინის მიმართ ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ისე ჩინეთთან სამომავლო პოლიტიკის მხრივაც. მაგალითად, პარიზსა და ბერლინს დღემდე განსხვავებული პოზიციები აქვთ ჩინეთთან ინვესტიციების შესახებ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების კუთხით. გარდა ამისა, მიუხედავად უკრაინაში არსებული მძიმე სიტუაციისა, ევროკავშირი იძულებული გახდა, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაეწესებინა ადგილობრივი მწარმოებლების დასაცავად უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გავრცელებაზე.  ომი ყველა დონეზე გადასულია გამოფიტვის სტრატეგიის რეჟიმში, სადაც არა მარტო კიევის მორალური და ფიზიკური მდგრადობა იცდება, არამედ აშშ-სა და დასავლეთის გამძლეობა და რესურსების მობილიზაციის უნარი და ნება. ევროკავშირი ყოველივეს გათვალისწინებით მაინც ვაშინგტონზე მიბმული გეოპოლიტიკური აქტორია და ის ერთიანობაში უნდა განვიხილოთ.
 

ამერიკაში მოსალოდნელი არჩევნების ფონზე, სადაც რესპუბლიკელების ნაწილი აშკარად კითხვის ქვეშ აყენებს უკრაინის მიმართ არსებული მოცულობით დახმარების აუცილებლობას როდესაც უმთავრეს საფრთხედ ჩინეთია გამოცხადებული, რუსეთის ინტერესი იქნება, მაქსიმალურად აიცილოს წელს გამანადგურებელი სამხედრო მარცხი უკრაინაში, რაც მას საშუალებას მისცემს დრო მოიგოს, დაელოდოს აშშ-ს არჩევნების გავლენას და პეკინთან ერთად სიტუაციური მოკავშირის როლში შეძლოს სახე შენარჩუნებული გამოვიდეს ამ ომიდან. აღნიშნული სიტუაცია უკრაინისა და დასავლეთისგან აუცილებლად მოითხოვს ერთიანობის შენარჩუნებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მუდმივ რეჟიმში შენარჩუნებას.
 

ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინის დაგეგმილ კონტრ შეტევას დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ რიგში მორალური თვალსაზრისით და აუცილებელია, რომ ის გარდამტეხი თუ არა, მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების მომცემი იყოს უკრაინისა და დასავლური კოალიციისთვის, რათა ამან შესაბამისი დადებითი გავლენა მოახდინოს ომის გლობალურ გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ განზომილებაზეც. იმდენად რამდენადაც, ჩიხში შესული რუსეთ-უკრაინის ომი ვერ გაგრძელდება დაუსრულებლად, ის ან გაიყინება, ან რაღაც სამშვიდობო შეთანხმებაზე/ფორმატებზე დაიწყება საუბარი, სადაც გლობალური მსოფლიო წესრიგის უმთავრესი აქტორები საკუთარი გავლენის გატარებას შეეცდებიან. ამიტომ სამხედრო კამპანიის მსვლელობას, შესაბამისად უკრაინის კრიზისის შემდგომ ახალ მშვიდობას, შორს მიმავალი შედეგები ექნება პლანეტარული მასშტაბით. რაც უფრო წარმატებული იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო დიდი შანსი ექნება დასავლეთს და უკრაინას მისთვის სასურველ პირობებს დათანხმდეს პეკინი და მოსკოვი. 
 

დასკვნა
 

დასავლეთმა თავის დროზე ერთხელ უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც არა სათანადოდ შეაფასა რუსეთის ამბიციები, თანამედროვე სამყაროსათვის დრომოჭმულად გამოაცხადა გეოპოლიტიკურ ტერმინებში საერთაშორისო ურთიერთობების და სახელმწიფოთა ამბიციების განხილვა და დღეს ჩვენ ყველანი სწორედ ბოლო ათწლეულებში დაშვებული ამ შეცდომების ფასს ვიხდით. ამის პირველი მაგალითი საქართველო იყო 2008 წელს, როდესაც მოსკოვმა მისი კავკასიის ქედს სამხრეთით ყოფნა დაიბრუნა.
 

გეოპოლიტიკური ხედვები და თეორიები, შეიძლება არა ყოვლისმომცველად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად გვეხმარებიან თანამედროვე გლობალური პროცესების დანახვაში და გაანალიზებაში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც გლობალური აქტორების - ჩინეთის და რუსეთის საგარეო პოლიტიკური პათოსი კვლავინდებურად თავისი არსით გეოპოლიტიკურია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. განსხვავებები მხოლოდ რეალიზაციის გზებსა და მიდგომებშია, რაც მეტწილად აქტორების სტრატეგიული კულტურითა და ისტორიული გამოცდილებით არის განპირობებული.
 

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო კვლავინდებურად სწორედ მისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, გეოპოლიტიკური ქარტეხილების მიჯნაზე იმყოფება და რეალობა მისგან რაციონალური და გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, რათა თბილისი ისტორიის არა სწორ მხარეს არ აღმოჩნდეს და რაც მთავარია არ დაზარალდეს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. 
 

გეოპოლიტიკა კი როგორც დარგი, კვლავინდებურად აქ არის, არსად წასულა და არც მომავალში აპირებს, ვინაიდან ის პოლიტიკური დისციპლინაა, რომლის მთავარ ინტერესს სახელმწიფოთა შორის ძალაუფლების განაწილება და მსოფლიო არენაზე ძალთა თანაფარდობა წარმოადგენს.

  გამოყენებული წყაროები:

  1. გეოპოლიტიკა, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, ESM თბილისი, 2004 წ;
  2. მონოგრაფია - გეოპოლიტიკური აზროვნების ევოლუცია;  გიორგი ანთაძე, 2012 წ;
  3. ზბიგნევ ბზეჟინსკი, დიდი საჭადრაკო დაფა; არტანუჯი, თბილისი, 2014 წ;
  4. ინტერნეტ რესურსები. 

ფოტო: Murat Gocmen

წყარო:https://gantadze.blogspot.com

Unknown Known
მერაბ კოკოჩაშვილი: ყველაფერი, რაც ჩვენი ქართველობის გამომხატველია, ადრე ცოცხლად იყო ჩვენს ეზოებში, ჩვენს სახლებში, ჩვენს აივნებზე

„ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. თუ ბოლომდე დაიხარჯები სიკეთით, ეს არის ის, რაც ცხოვრებას მშვენიერს და ბედნიერს ხდის - ამბობს რეჟისორი  მერაბ კოკოჩაშვილი, რომელმაც   ქართულ კინემატოგრაფიაში  განსაკუთრებული სიტყვა თქვა, და ფილმებით, რომელიც მან ათეული წლების წინ გადაიღო, გამოხატა ის, რაც მისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი - სიმართლე, რაც აუცილებლად უნდა თქვას ხელოვანმა, მაშინ, როდესაც  ეს ქვეყანაში  განსაკუთრებით  აუცილებელია.      

გარდა საყვარელი საქმისა,  ბატონმა მერაბმა, როგორც პედაგოგმაც, დიდი როლი შეასრულა ახალი თაობის კინემატოგრაფების გაზრდაში. ის წლების განმავლობაში  იყო კინოფაკულტეტის პედაგოგი,  მის სახელთანაც არის დაკავშირებული  ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის შექმნა. 89 წლის რეჟისორი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე,   კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებზე, მეგობრებზე და  იმ ადამიანებზე  საუბრობს, ვინც  მისი საინტერესო  ცხოვრების  ყველაზე ძვირფას  მოგონებებად  დარჩენენ.    

 

-  ბატონო მერაბ, რატომ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი კინორეჟისორობაზე? როგორ მოვიდა კინო თქვენს  ცხოვრებაში?  

კინო ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვანაირად მოვიდა, მაგრამ გარკვეულწილად გამიზნულად. ყველაფერი  რაც თავიდან კინოსთან მაკავშირებდა იყო  ჩემი ბავშვობა, 6-7 წლის ვიყავი, როდესაც  შესანიშნავმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა წამიყვანა  „გიორგი სააკაძის“ გადაღებაზე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, მე  რატომ ამირჩია, არ ვიცი, თითქოს ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. რომ გითხრათ, ამ გადაღებების გამო კინოს მიმართ ინტერესი გამიჩნდა, ასე არ ყოფილა.  იმის მიუხედავად, რომ  უაღრესად  დიდ სითბოს ვგრძნობდი  მსახიობების მხრიდან, წარმოიდგინეთ, ვერიკო ანჯაფარიძე რომ  გეალერსება და  აკაკი ხორავა გიღიმის, ჩემი ინტერესი აბსოლუტურად სხვა რამ იყო.  ყველაზე მეტად მაინტერესებდა ცხენი, რომელზედაც შემსვავდნენ ხოლმე,  რაც  ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო და მაინტერესებდა  ხმალი და ხანჯალი, რომელიც მეკიდა.  ამ თვალსაზრისით იყო ჩემთვის საინტერესო იქ ყოფნა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც დედა მომცემდა უფლებას და მე ვიყავი ცხენოსნებთან ერთად, რომლებიც  კარვებში ცხოვრობდნენ და იმ დროს, როდესაც გადაღებები არ იყო, ცხენზე მსვავდნენ.   გადაღებები გვქონდა   ანანურში, პირველად მაშინ ვნახე არაჩვეულებრივი ანანური, ეკლესია შესანიშნავი ხედით და მდინარე არაგვი, სადაც ბანაობა შეიძლებოდა.  ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გაქრა.  კინოს ინტერესი   სხვა დროს დაიწყო, როდესაც მე -8  ან  მე -9 კლასში ვიყავი,  თბილისის ეკრანებზე, გარდა შესანიშნავი ფილმისა “ქეთო და კოტე“, გაჩნდა იტალიური ნეორეალიზმის ფილმები, რომლებსაც იღებდნენ  იტალიის ბრწყინვალე რეჟისორები: როსელინი, ვისკონტი, შემდეგ  უკვე ფელინი, ანტონიონი და სხვები.  ეს გახდა საფუძველი, რამაც  კინოს მიმართ ჩემი ინტერესი გაამძაფრა.  ნეორეალისტურ ფილმებში იმდენად დიდი სიმართლე იყო  იმ ტყუილების პარალელურად, რაც იმ პერიოდში საბჭოთა კინოში იყო,   მაშინ მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა  ამისი  კეთება.  ჩემს გადაწყვეტილებას  მოჰყვა ის განცდა, რომ უნდა მესწავლა  კარგად.  ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, მე ვსწავლობდი პირველ სკოლაში, რომელიც მაშინ იყო ვაჟთა სკოლა.  სამი წელი კარგად ვისწავლე, ძალიან მიშველა მედალმა რომელიც სკოლაში მივიღე. გარდა სპეციალობის გამოცდებისა, სხვა გამოცდები მოსკოვში აღარ ჩამიბარებია.  ჩემი მოსკოვში  სწავლა  შეიძლება ითქვას, რომ  უშანგი ჩხეიძის დამსახურებაც არის, რომელიც ჩვენი მეზობელი იყო. დედა  ძალიან ღელავდა და როგორც ჩანს, უშანგს  სთხოვა, აბა დაელაპარაკე მერაბს, ღირს თუ არა მისი გაგზავნა მოსკოვში სასწავლებლადო.   უშანგთან  ბავშვობიდან მქონდა  ურთიერთობა, მაგრამ სასაუბროდ პირველად შემოვიდა ჩვენთან. ვისაუბრეთ, რის  შემდეგაც   მან დედას უთხრა: გაუშვი მერაბი მოსკოვშიო.  ერთ მშვენიერ  დღეს სახლში აღარ დამხვდა ჩვენი ფორტეპიანო, დედამ გაყიდა და უფრო იაფი პიანინო იყიდა. ასე მივხვდი, რომ მოსკოვში  მიშვებდნენ  სასწავლებლად.  

 - რეპრესირებული ოჯახის შვილი  იყავით, ამას  მოსკოვის ყველაზე ცნობილ, სახელმწიფო  კინემატოგრაფიის  ინსტიტუტში ჩაბარებაში ხელი არ შეუშლია?  

- ეს იყო  1953 წელს,  როდესაც გარდაიცვალა სტალინი. 18 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში  გამოცდების  ჩასაბარებლად ჩავედი,  ბერიაც დააპატიმრეს. ქართველების მიმართ არ იყო მარტივი დამოკიდებულება, მით უმეტეს, რომ მამაჩემი რეპრესირებული იყო.   კარგად ჩავაბარე გამოცდები, მაღალი ქულები მივიღე, მაგრამ როდესაც სია გამოაკრეს, სიაში არ ვიყავი. მითხრეს, შენ კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროო და დამიბარეს ინსტიტუტში. დამატებითი „გამოცდის“ შემდეგ, რომელსაც კგბ-ს ორი თანამშრომელიც  ესწრებოდა და ძირითადად მშობლებთან დაკავშირებული შეკითხვებით  შემოიფარგლებოდა,   ჩემი გვარიც აღმოჩნდა  სიაში.  ინსტიტუტში არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, პირიქით, ნელ-ნელა წლებთან ერთად ეს ყველაფერი მეორე პლანზე გადადიოდა. შესაძლოა ჩემზე უფროსები, ვინც რეპრესირებული ოჯახებიდან  იყვნენ, საზოგადოებისგან მეტ ზეწოლას გრძნობდნენ, ჩემ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, უფრო მეტიც, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემ  მიმართ  ადამიანების დამოკიდებულება იყო ჰუმანური. ზაფხულობით  კახეთში, სოფელ საბუეში ჩავდიოდით,  საიდანაც ჩემი წინაპრები იყვნენ,  იქაურები რომ მეფერებოდნენ, დიდი მამის ნაპერწკალიო, ასე მეძახდნენ.   დედა ჯორჯაძის ქალი იყო, ძლიერი ხასიათით, მაღალი კულტურით და  ზნეობით,  მან  ჩემზე უზარმაზარი გავლენა იქონია. ის იყო ჩემთვის დედაც, მამაც.   ის  იყო პირველი, ვინც გამაგებინა რა არის სიმართლე და რა უნდა აკეთოს ადამიანმა.  მეორე კლასში ვიყავი, როდესაც  სკოლაში ლექსის დაწერა დაგვავალეს.  კლასში  ჩემთან ერთად  რეპრესირებულების  შვილები  სწავლობდნენ.  მამები არ გვახსოვდა, ზოგის მამა ომში იყო წასული, ზოგიერთის  გადასახლებაში ან დახვრეტილი.  ჩვენს ოთახს  სტალინის ოთახი ერქვა,  კედლებზე  ბოლშევიკური ლოზუნგები და ლიდერების ფოტოები იყო გაკრული.  როგორც ჩანს, ამის გავლენით, ჩემი კლასელების უმეტესობამ  სტალინზე დაწერა ლექსი, მე ბერიაზე დავწერე.  საღამოს ეს ამბავი დედას მოვუყევი ამაყად. ლექსიც ვუთხარი. დედამ მითხრა, არ გავიგო ამის შემდეგ შენ ლექსი დაწეროო. ორი დღის შემდეგ მომიტანა ორი ძალიან კარგი პოეტური კრებული, ერთი ნიკოლოზ ბარათაშვილის, მეორე - ალექსანდრე ჭავჭავაძის.  ეს წიგნები წაიკითხე და მერე გადაწყვიტე, ლექსების წერაო - მითხრა დედამ ( იცინის)    

როდესაც მამა აიყვანეს მე ორი წლის ვიყავი. როგორც მერე  გავიგე,  როდესაც  მამას წასაყვანად მოსულან ავად ვყოფილვარ. მამას უთქვამს, მერაბს რომ ვაკოცო, გაიღვიძებს, ალბათ დილას დამაბრუნებენო. იმ კაცს, ვინც იყო მოსული კგბ- დან  უთქვამს, აკოცე, აკოცეო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მამა აღარ დაბრუნდებოდა და ასეც მოხდა. მას მიუსაჯეს  გადასახლება.  დედა ცდილობდა მამასთან შეხვედრას,  მაგრამ ვერ ახერხებდა.   მამაჩემთან გაქრა ყველანაირი  კავშირი, ჩვენთან  არც წერილი მოდიოდა,  არც არაფერი.  12-13 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, შენ უკვე დიდი ხარ და უნდა იცოდე,რომ მამა ალბათ მამა აღარ არის ცოცხალი, სხვანაირად შეუძლებელია, რამე ცნობა არ მიგვეღო მის შესახებო. 1956 წელს ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ მამა ეტაპირების დროს, მატარებელში გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, თუმცა არავინ იცის  რეალურად რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.  

როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება მოსკოვში, სადაც თქვენი თაობის ბევრი ცნობილი ქართველი რეჟისორი და მსახიობი სწავლობდა?  
- ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი.   პირველი წელი დაქირავებულ ბინაში  ვცხოვრობდი,  ჩემთან მოდიოდა მთელი ქართველი  სტუდენტობა და  არა მარტო ქართველი, მოდიოდნენ ესტონელი, ლიტველი სტუდენტები. ვინაიდან მარტო ვცხოვრობდი,  ყველა ჩემთან რჩებოდა. ზოგი იატაკზე იწვა, ზოგი სად, ვინ  - სადაც მოახერხებდა. მეორე კურსიდან  გადავედი საერთო საცხოვრებელში, რომელიც მაშინ გაიხსნა. ჩვენს ოთახებს „ქართულ  კომუნას“ ეძახდნენ, ორი ოთახი გვქონდა, სადაც ყველა   ერთად ვცხოვრობდით. ეს იყო  არაჩვეულებრივი თაობა. იურა ქავთარაძეს უკვე დამთავრებული ჰქონდა  სარეჟისორო ფაკულტეტი.  იურა მაშინ უაღრესად ცნობილ რეჟისორ, გერასიმოვთან მუშაობდა მეორე რეჟისორად.  ჩვენთან ერთად იყო ერთი ესტონელი ბიჭი, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო და ერთიც, თბილისელი რუსი,  ალექსეი სახაროვი, რომელიც შემდეგ მოსკოვში ძალიან კარგ ფილმებს იღებდა. ის,  ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა ერთ კურსზე სწავლობდნენ.  ელდარი ჩვენს მოპირდაპირე  ოთახში ცხოვრობდა, იქ ცხოვრობდა გიორგი შენგელაიაც.  ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ოთარ იოსელიანიც,  იქვე ახლომახლო ოთახში იყო  ოთარ აბესაძე,  ბაადურ წულაძე.  მესამე კურსზე  ვიყავით, როდესაც მოსკოვში  ჩამოვიდა ლანა ღოღობერიძე, უნიჭიერესი ადამიანი. ლანა  ბინაში  ცხოვრობდა, მაგრამ  მთელ დროს ერთად ვატარებდით. ყოველ საღამო მიდიოდა აზრების გაცვლა-გამოცვლა, რა გავიგეთ, რა ვისწავლეთ. ერთად ავღნიშნავდით დაბადების დღეეებს, ვაწყობდით ქეიფებს. სტიპენდიებს ვდებდით და ვაგროვებდით,  რადგან  სულ მშივრები ვიყავით და ფული სხვა რამეში რომ არ დაგვეხარჯა.  კომუნის თავმჯდომარე იყო ელდარი.  მე კულტურის მინისტრად დამნიშნა. ფინანსთა მინისტრი  ესტონელი გვყვდა, ელდარმა თქვა: ქართველი მფლანგველია და  ფინანსთა მინისტრად  არ შეიძლებაო.  ესტონელი გვაჭმევდა და  გვასმევდა მთელ კომუნას, როდესაც თამაზ მელიავა მოდიოდა,  რომელიც  ძალიან კარგ  ბოღლამას აკეთებდა, საოცარი  სუფრები  იშლებოდა. თამაზი იყო  უნიჭიერესი, როგორც შემოქმედი და რეჟისორი და ასევე უნიჭიერესი, როგორც  თამადა.  იყო ზეიმები, სიმღერები, როდესაც ჩვენ ვქეიფობდით,  მთელი საერთო საცხოვრებელი ჩუმდებოდა და ჩვენ გვისმენდნენ.  

იმ წლებში საფუძველი ჩაეყარა  ჩვენს დიდ მეგობრობას, რომელიც დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ,   დავკარგეთ ბევრი ჩვენი შესანიშნავი მეგობარი, შესანიშნავი რეჟისორები. ჩვენ გვერდით  აღარ არის ოთარი, ბაადურ წულაძე, ასევე  გიორგი შენგელაია, რომელიც ძალიან   ნიჭიერი ადამიანი იყო, შესანიშნავი  ფილმები შექმნა. ჩვენი შემკრები, საზოგადოების სული და გული იყო თამაზ მელიავა.   გიორგიც, ელდარიც, ოთარიც საოცარი  იყვნენ ურთიერთობაში, მათთან ყოფნას არაფერი სჯობდა.  ელდარი  გამორჩეული იყო თავისი სიმართლით. ის  იყო ბრწყინვალე რეჟისორი,  ასევე  საოცარი ადამიანი, თბილი, ყველას მოყვარული, სიმართლით სავსე, თავს გადადებდა  ადამიანისთვის.  ერთ ისტორიას გავიხსენებ. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა რაღაც  საშინელი  წვნიანი გვაჭამა.  ელდარმა უთხრა, ეს რა საჭმელია, ამისთანა არაფერი მინახავსო. ხვალ უარესი იქნებაო - „დაგვამშვიდა“ ესტონელმა მეგობარმა. როგორც გაირკვა, ჩვენი კომუნის წევრმა,  ბორის ანდრონიკაშვილმა, რომელიც ელდარის დეიდაშვილი იყო,  ისესხა კომუნის ფული და უკან ვეღარ დააბრუნა, ამიტომაც  ვჭამეთ ის საშინელი საჭმელი.  გაბრაზდა ელდარი. ბორია  გარიცხა კომუნიდან, ბორიამაც  აიღო  თავისი გიტარა და წავიდა (იცინის)  

 - როდესაც დიდი რეჟისორები გახდით  თქვენმა მეგობრობამ  პროფესიულ   კონკურენციას გაუძლო?   

- რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობა ისეთი მყარი იყო, პროფესიული კონკურენცია  მას ვერ შებღალავდა.  თუ თვალს გადავავლებთ,  თუ რას აკეთებდა თითოეული ჩვენთანაგანი,  ჩვენი ფილმები აბსოლუტურად განსხვავებულია ინდივიდუალობის თვალსაზრისით.  ყველა თავისებურად ფიქრობდა, ამაშია მთელი მშვენიერება - ჩამოყალიბდა ინდივიდუალიზმი, რის გარეშეც ხელოვნება არ არსებობს.   წარმოიდგნეთ ოთარ იოსელიანი თავისი ირონიით, სიმართლით, ხანდახან სიმწარით, ელდარი თავისი გაქანებით, როდესაც მან  შესანიშნავი იგავური ფილმები გააკეთა, ან გიორგი შენგელაია თავისი მიუზიკლებით და თან „ალავერდობით“, სადაც საოცარი სიმართლეა.  იგივე ლანა ღოღობერიძის, მიშა კობახიძის, რეზო ესაძის, რეზო გაბრიაძის ფილმები, ეს იყო საოცარი პერიოდი.  გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიყვარდა კინო და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მაქსიმალურად შეგვესწავლა ყველაფერი, რისი სწავლაც შესაძლებელი იყო, ჩვენ ვიყავით ქართველები და   წამით არ დაგვიკარგავს ეროვნულობა. თუ  ფილმებს გადახედავთ, იმ ოსტატობასთან ერთად, რაც მრავალ ფილმშია,  წამყვანი ხაზი სწორედ ეროვნულობაა. მაშინ ხელოვნება იყო ის დარგი, სადაც შესაძლებელი იყო სიმართლის თქმა.  თავისთავად ცხადია, ნიჭიერი ადამიანი   ამისკენ მიისწრაფის. 60 იანი წლები იმით არის საინტერესო, ეს იყო პიროვნების სიმართლის ხანა, ისე როგორც იყო ეს 20 ანი წლების ბოლოს, როდესაც გადაიღეს  ბრწყინვალე მუნჯი ფილმები ჯერ ნიკოლოზ შენგელაიამ, ლანა ღოღობერიძის დედამ,  მიხეილ კალატოზიშვილმა.  ქართველი ადამიანი რომ  ხელოვნებაში განსაკუთრებით ნიჭიერია,  ამას არ უნდა ლაპარაკი.   

საბჭოთა ცენზურა და ქართული კინო. როგორ ახერხებდით კინოში იმის თქმას, რაც თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი იყო?

- სწორედ იმ პერიოდში, როცა მეკრძალებოდა იმის გადაღება, რაც ძალიან მინდოდა და  ეს 10-12 წელი გაგრძელდა,  სტრესისგან  ინფარქტი დამემართა.   1978 წელი იყო, ინფარქტი ახალი გადატანილი მქონდა,  როდესაც ტელევიზორში ვნახე, როგორ გამოვიდა   საქართველოში ენის დაცვისთვის  მთელი სტუდენტობა.   მაშინ მივხვდი და ვირწმუნე, რომ შეიძლებოდა აქ  ბევრი რამ შეცვლილიყო  და დავწერე“ ცხელი ზაფხულის სამი დღის“ სცენარი  არქეოლოგზე, რომელიც იძულებული ხდება თავის აღმოჩენას ბულდოზერით მიწა მიაყაროს.  

იმ პერიოდში რეჟისორებს ძალიან გვიჭირდა  მუშაობა.  ყველასთვის, ვინც აქედან წავიდა იძულებითი წასვლა იყო, ასე დაემართა მიშა კობახიძეს,  ასე წავიდა საქართველოდან   ოთარ იოსელიანი. ოთარი   გრძნობდა, რომ აქ ძალიან გაუჭირდებოდა თავისუფლების თვალსაზრისით. ის წავიდა  საფრანგეთში, სადაც  შესანიშნავი ფილმები გადაიღო, თუმცა მე ძალიან მიყვარს მისი ქართული ფილმები. მე ვერ წავიდოდი ვერსად, ძალიან გამიჭირდებოდა სხვაგან ცხოვრება, თუმცა მომიწია მუშაობა უცხოეთში.  80 -ანი წლების ბოლოს ოთარ იოსელიანმა მიმიწვია საფრანგეთში.  ის მაშინ  იღებდა სამსერიან ფილმს ქართულ ისტორიაზე. მითხრა, შენ უკვე გადაღებული გაქვს  დოკუმენტური ფილმი საქართველოს ისტორიაზე და  ჩამოდი, შენი აქ ყოფნა დამჭირდებაო. ორი თვე ვიყავი ოთართან, დავეხმარე,  ძალიან კარგი ფილმი გააკეთა.  90 იან წლებში  ისრაელშიც გადავიღე ფილმი, ეგვიპტეშიც, მაგრამ დიდი ხნით ვერსად ვერ დავრჩებოდი.  

ჩემს ფილმებს შორის განსაკუთრებულად  მიყვარს  „მიხა“. მისი სცენარი 1956-57 წლებში უკვე დაწერილი მქონდა,  თითქოს დამაწყებინეს  კიდეც მუშაობა, მაგრამ  ფილმი მხოლოდ 1964  წელს გადავიღე.  „დიდი მწვანე ველის“ გადაღების  შემდეგ,   ფილმი წლები ვერ გავიდა ეკრანზე.  ერევანში გავიტანეთ ფესტივალზე, სადაც მიიღო პრემიები,  მაგრამ  ფილმი საქართველოში 1975 წლამდე არ გაუშვიათ, ესეც მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანელმა კინოკრიტიკოსმა  ცოლ -ქმარმა   დასავლეთ ბერლინში  მოაწყვეს ქართული კინოს დღეები, სადაც მოხდა  ჩემი ფილმის ჩვენებაც, თუმცა  აქ უთხრეს, „დიდ მწვანე ველს“  ვერ გაგატანთო. გერმანელებმა  თქვეს,  მაშინ კვირეული საერთოდ არ ჩატარდებაო.  კვირეულზე ჩემი ფილმი წარადგინა  სცენარისტმა და მწერალმა  გიუნტერ გრასმა,  რომელიც შემდგომ წლებში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.  ფილმის წარდგენას ვესწრებოდით მე და დოდო აბაშიძე, რომელიც ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი და ისეთი სილამაზით გამოირჩეოდა,  ყველა გამოჩენაზე  ტაშს უკრავდნენ. 

-  მრავალი წელი ქართული კინოს  გამორჩეულ  ვარსკვლავებთან მოგიწიათ მუშაობა, როგორ ფიქრობთ,   დღეს ყველაზე მეტად ვინ აკლია ქართულ კინოს?

იმდენი  დიდი მსახიობი, რეჟისორი, ოპერატორი გვყავდა მათი ცალკე დასახელება და გამორჩევა  გამიჭირდება. ისინი ყველა ინდივიდუალური, თავისთავადი ადამიანები იყვნენ. როგორ შეიძლება დაივიწყო ზურაბ ქაფიანიძე, კახი კავსაძე, დოდო აბაშიძე,  ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა პაპუაშვილი და სხვები და სხვები. ისინი მატარებელი არიან იმ თვისებების, რაც სხვას ნაკლებად აქვს.  იგივე შემიძლია ვთქვა, ელდარ შენგელაიასა და  გიორგი შენგელაიაზე. მათ სხვა ადამიანებიც აღმოუჩინეს ქართულ კინოს. წარმოიდგინეთ ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა  რეზო გაბრიაძე, შემდეგ რეზო ჭეიშვილი, ასე აღმოაჩინა ოთარ იოსელიანმა  ნიჭიერი დრამატურგი ამირან ჭიჭინაძე, მათ ერთად გააკეთეს   ფილმი „გიორგობისთვე“, არ შემიძლია არ გავიხსენო სულიკო ჟღენტი. ასეთი გამორჩეული  ადამიანი ძალიან ბევრი გვყავდა. სხვათაშორის „ქართულ ფილმს“ ძალიან კარგი დირექტორები  ჰყავდა, მაგალითად, მიხეილ კვესელავას დირექტორობის დროს და  ცოტა  უფრო ადრეც,  „ქართულ ფილმში“  მოვიდა ახალგაზრდა  მწერლების საოცარი თაობა: ერლომ ახვლედიანით დაწყებული, რეზო ინანიშვილი, მერაბ ელიოზიშვილი, ნოდარ დუმბაძე და სხვები. ყველანი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდნენ რედაქტორებად,  ხშირ შემთხვევებში ჩვენ მათთან ერთად ვწერდით სცენარებს.  

დოდო აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე და სხვები და სხვები  შემოქმედები იყვნენ ცხოვრებაშიც. როდესაც დოდო სახლიდან გამოდიოდა, იწყებოდა მისი შემოქმედებითობა ყველაფერში და  ყველასთან ურთიერთობაში. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ერთხელ ქუჩაში მივდივარ, ვხედავ წინ მიდის რამაზ ჩხიკვაძე. ვიფიქრე, დავეწევი მეთქი. უცებ ვხედავ, რამაზი კი არა ვიღაც მიდის გლეხი კაცივით. დავეწიე, ვხედავ, რამაზის  წინ მიდის ადამიანი, რომელსაც რამაზმა  მიბაძა და ისე წავიდა, როგორც ის მიდიოდა.  უცებ იქცა იმ ადამიანად. ამ მსახიობებისთვის სიცოცხლე იყო უწყვეტი შემოქმედება, ამიტომაც მათთან მუშაობა ძალიან იოლი  იყო. იგივე შემიძლია ვთქვა კახი კავსაძეზე, ლია კაპანაძეზე, ზურაბ ქაფიანიძეზე, რომელიც უაღრესად  დიდი და მართალი მსახიობი იყო. ეს ხალხი საოცარი  იყო პირად ურთიერთობაში, სიყვარულით, სიკეთით  იყო სავსე ჩვენი მეგობრობა.  დოდო ისეთი გულიანი და კეთილი იყო, ერთხელ უცხოეთში უნდა წავსულიყავით ფესტივალზე,  გავარდა და  ახალი კოსტუმი მიყიდა (იცინის)   

 - რა იყო თქვენი პირველი სამსახური და  რეჟისორის „ოქროს წესი,“ რასაც არასდროს არღვევდით?  

-  როდესაც საქართველოში ჩამოვედი მუშაობა დავიწყე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. კინოსტუდიას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ შესანიშნავი  ადამიანები, მათ შორის  აკაკი ძიძიგური, მიხეილ კვესელავა, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა  ყველა ჩვენგანისთვის, შემდეგ იყო რეზო ჩხეიძე. ქართულ კინოში ბევრი უაღესად დადებითი პიროვნება და კარგი შემოქმედი მუშაობდა, ისე როგორც კინოკომიტეტში. რომ არა ეს ადამიანები, მათ შორის ისინი, ვინც პარლამენტის დეპუტატები გახდნენ,  შესაძლებელია, ქართული კინო ისე ვერ განვითარებულიყო, როგორც განვითარდა. ბევრ მათაგანს   თავი ჰქონდა  გადადებული, რომ რეჟისორს კარგი ფილმი გადაეღო. მაგალითად, რომ არა ელდარ შენგელაია, რომელმაც მოსთხოვა შევარდნაძეს მხარი დაეჭირა „ცხელი ზაფხულის სამი დღის“  აკრძალული სცენარისთვის,  შეიძლებოდა, ეს ფილმი საერთოდ ვერ გადაგვეღო.

ედუარდ შევარდნაძე ჭკვიანი და მოხერხებული ადამიანი იყო.  „ცხელი ზაფხულის სამი დღის“  გადაღებებზე მხოლოდ მას შემდეგ დაგვრთეს ნება, რაც ედუარდი ვიღაცას ელაპარაკა მოსკოვში. გადავიღეთ ფილმი, მაგრამ დიდხანს  არ გაუშვეს. როგორც კინოსტუდიის დირექტორი რეზო ჩხეიძე, ისე კაკო დვალიშვილი, რომელიც კინოკომიტეტის თავმჯდომარე იყო, ძალიან ღელავდნენ. ფილმს კარგი გამოხმაურება ჰქონდა.  წარმოიდგინეთ,  ჭაბუა ამირეჯიბმა და თენგიზ აბულაძემ მითხრეს: იცოდე,  კინოში ახალი ხანა იწყებაო.ამის მიუხედავად, ფილმი ეკრანებზე არ გადის  თითქმის ნახევარი წელიწადი,  ცხადია რომ ფილმი აკრძალულია. მაშინ ეროვნული მოძრაობის გამოსვლები უკვე დაწყებული იყო და  როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძე სახიფათოდ მიიჩნევდა  იმ დროს ფილმის გაშვებას. შევხვდი ედუარდს, წერილიც მივწერე, მან  მითხრა, კარგი ფილმია, არც ერთ სანტიმეტრს არ ამოვჭრით, მაგრამ ვაჩვენებთ მაშინ და ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდო. ვერაფრით მივხვდი, რას ნიშნავდა მისი სიტყვები. 8 -  9 თვე იყო გასული,  როცა გაზეთში წავიკითხე, რომ კინოთეატრ ამირანში ჩემი ფილმის გაშვება იწყებოდა. მე და ჩემი მეუღლე პირველივე დღეს დილის სეანსისთვის მივედით „ამირანში.“  ბილეთის საყიდლად სალაროში ფული მივაწოდე,  მოლარემ მითხრა, ეს ცოტაა, უნდა დაამატოთო. გამიკვირდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. კაცო, ორი სერია არის, თუ არ გინდა წადიო - მითხრა სალაროს თანამშრომელმა. რა ორი სერია, რის ორი სერია, გამიკვირდა,  მაგრამ რა უნდა მექნა და  დავდე „მეორე სერიის“ ფულიც. შევარდნაძე მოხერხებული  პოლიტიკოსი იყო - იცით რა გააკეთა? ჯერ გაუშვეს დოკუმენტური ფილმი ქართულ არქეოლოგიაზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე,  რის შემდეგაც გაუშვეს ჩემი ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟი არქეოლოგია. შევარდნაძემ ცენზურის ახალი მეთოდი გამოიყენა იმისათვის, რომ ფილმი გასულიყო  (იცინის)   

როგორც  რეჟისორი, სხვების მიმართ სიმკაცრეს არ ვიჩენდი, მკაცრი ვიყავი ჩემი თავის  მიმართ, ყოველთვის მინდოდა მაქსიმალური გამეკეთებინა,   რეჟისორის სამუშაო რთული საქმეა, მაგალითად, როდესაც ფილმ  „მწვერვალს“ ვიღებდით, პამირზე, 6 ათას მეტრზე, ურთლეს პირობებში გვიწევდა გადაღებები. რეჟისორი ვალდებულია, ისეთი ქმედება მოუნახო მსახიობს, რაც მას გაახარებს.  ეს ერთ-ერთი საფუძველია როგორც მსახიობის,  ისე არამსახიობის მუშაობისთვის.

კინოში ცხოვრებისეული სიმართლის გარეშე მუშაობა ძალიან რთულია. თუნდაც შენ რაღაცას თამაშობდე, ეს უნდა იყოს უაღრესად დამაჯერებელი.  დიდხანს ვეძებდი მსახიობს „ცხელი ზაფხულის სამი დღის“  მთავარი პერსონაჟისთვის.  როდესაც რეჟისორი  მსახიობს დაეძებ, ეძებ ადამიანს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად რამდენად შეესაბამება იმას, რაც უნდა გააკეთოს, ან შეიძლება მთლად არ შეესაბამება, მაგრამ მან თავისებურად გააკეთოს ის, რაც შენ გაწუხებს.   ერთ დღეს მივდივარ პლეხანოვზე.  ჩემს წინ გაჩერდა მანქანა, სანამ ახლოს მივედი, მანქანიდან გადმოვიდა კახი, გააღო უკანა კარი,  გადმოიყვანა ხელში აყვანილი მეუღლე, ბელა მირიანაშვილი, რომელიც ავად იყო და ვერ დადიოდა,  ფეხით მიხურა მანქანის კარი, შევიდა სადარბაზოში, ლიფტი გამოიძახა იდაყვით და ასე ხელში აყვანილი აიყვანა მეუღლე  ზევით. კახის,  რა თქმა უნდა ვიცნობდი, მიყვარდა კიდეც, მაგრამ  ის უფრო თამაშობდა კომედიურ  ჟანრში,  შესაბამისად მასზე არ მიფიქრია.  იმ სცენის შემდეგ, იმ დამოკიდებულებით,  რაც მე ვნახე საკუთარი თვალით,  თუ როგორ შეიძლება  უყვარდეს  ადამიანს და ყველაფერი გააკეთოს ახლო ადამიანისთვის,   მივხვდი, რომ   კახი უნდა გადამეღო ამ როლზე.   კახი საოცარი ადამიანი იყო, ძალიან მინდოდა მისი და  გივი ბერიკაშვილის  გადაღება  გოდერძი ჩოხელის მოთხრობის „ყვავის“ მიხედვით,  ანიმაციურ ადამიანური ფილმი უნდა ყოფილიყო, ორივე  მთავარ როლში  უნდა გადამეღო, მაგრამ  სამწუხაროდ ორივე გარდაიცვალა. გივი პირველად „მიხაში“  გადავიღე  ზურაბ  ქაფიანიძესთან ერთად.  გივი უაღესად  ნიჭიერი იყო, როგორც ეკრანზე ისე ცხოვრებაში. ფილმში  ორი სხვადასხვა ეპიზოდიური როლი ითამაშა, ერთი  ახალგაზრდა ადამიანის,მეორე  -  ასაკოვანის და  ეს ისე შეძლო, რომ  ვერც კი მიხვდებით, რომ  ასაკოვანი პერსონაჟიც  გივია.  

 -  80 - 90 იან წლებში ბევრი თქვენი კოლეგა ხელოვანი  წავიდა  პოლიტიკაში,  გახდა პარლამენტის წევრი, თქვენ რატომ არ გააკეთეთ ეს არჩევანი?  

-  ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო პოლიტიკაში  წასვლა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ  ის რაც მიყვარს  და რასაც ვაკეთებ,  იმით უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. როდესაც  შემოგვთავაზეს პარტიის წევრობა,  ბევრი  ჩვენგანი არ შევიდა პარტიაში, მაგრამ კარგად მახსოვს,  ჩემთვის უაღრესად ძვირფასი ადამიანის  ნათქვამი სიტყვები: საჭიროა  შიგნიდან დაინგრეს ის უბედურება, რაც ჩვენ გვჭირსო.  ის გახდა პარტიის წევრი, მან და  ბევრმა სხვა  ადამიანმა, ვინც შევიდნენ პარტიაში, მართლაც ბევრი რამ  გააკეთეს პარტიის ნგრევის თვალსაზრისით -  უაღრესად მართალი ფილმები გადაიღეს.  ერთ ისტორიას გავიხსენებ. ბერლინში ჩვენი ფილმის პრემიერის შემდეგ  გაიმართა დიდი სუფრა,  სადაც იყვნენ კინოკრიტიკოსები და  ჟურნალისტები. ერთი ჟურნალისტი  ჩააცივდა  დოდო აბაშიძეს.  თქვენი საბჭოთა ხელოვნების პრინციპი  არის სოციალისტური შინაარსი  ნაციონალური ფორმით. ასე ამბობს საბჭოთა იდეოლოგია და ეს  რას ნიშნავსო.  ჩააცივდა დოდოს, არ დაანება თავი. წამოდგა დოდო,  ჩოხაში ჩაცმული, პარტიის წითელი ბარათი ამოიღო, ხელები გაშალა და გაღიმებულმა, მორცხავად თქვა: აი მე ვარ  ადამიანი ნაციონალური ფორმით და სოციალისტური არსითო. დარბაზში ისეთი ამბავი მოხდა, დაიხოცა ყველა სიცილით. დოდო უდიდესი კულტურის ადამიანი იყო. კულტურის გარეშე ქვეყანაში არაფერი გამოდის. ახლა პოლიტიკური უკულტურობის გამო ვართ ასეთ უბედურ მდგომარეობაში. ვერ მოულაპარაკებიათ მხარეებს,  იმიტომ რომ აღარ არის პოლიტიკური კულტურა. ჩვენ ეს დავკარგეთ ამ 30 წლის განმავლობაში. არსებობს კულტურის კანონები, რაც არ შეიძლება არ აღასრულო. როგორ შეიძლება ქვეყანა აქამდე მიიყვანო, რომ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ?   ამას ყველაფერს  განათლება სჭირდება.  დროს ყოველთვის მოაქვს თავისი განსაკუთრებული ურთიერთობები.   მართალია  ადამიანური  ურთიერთობები ჩვენი, ქართველთა  ერთ-ერთი საფუძველთა საფუძველია, მაგრამ დრომ მოიტანა განსხვავებული დამოკიდებულებები.   დღეს ეს დამოკიდებულებები იმდენად არის დაკავშირებული ტექნოლოგიებთან, თუ ქართულმა სახელმწიფომ  არ იფიქრა, თუ  როგორ უნდა იყოს გამოყენებული ეს ტექნოლოგია, ეს ჩვენ ბევრ რამეს დაგვაკარგინებს.  საჭიროა ფიქრი იმაზე, რა უნდა იყოს ჩადებული იმ ინფორმაციებში,  რასაც ტექნოლოგიებით ვიღებთ, იმისთვის რომ ჩვენი  ყველაზე მთავარი თვისებები, რაც პირველ რიგში ურთიერთსიკეთეშია,  არ დაიკარგოს. ამ ტექნოლოგიაში უნდა შევიდეს ყველაფერი, რაც ჩვენს კულტურაშია, ეს  იქნება საბავშვო თამაშები, ზღაპრები თუ ფილმები. არ შეიძლება ყველაფერი ინფორმაციაზე იყოს აგებული,  იმაზე, რაც იმ წუთში მოქმედებს შენზე და მეორე წუთში გავიწყდება.  ჩვენი ეროვნულ არ უნდა დაიკარგოს.  ყველაფერი,  რაც ჩვენი ქართველობის გამომხატველია, ადრე ცოცხლად იყო ჩვენს ეზოებში, ჩვენს სახლებში,  ჩვენს აივნებზე.  ჩვენ უფრო კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, ამიტომაც  გვქონდა ნამდვილი, რეალური ურთიერთობები.  როგორც გითხარით,  დედა მუსიკოსი იყო და   ჩვენთან სახლში მოდიოდნენ მოწაფეები, ძალიან კარგი ხმის პატრონი ქართველი ახალგაზრდები. მე ძალიან მიყვარდა კითხვა,  სკოლაში წასვლაზე ვზარმაცობდი და თერმომეტრს გავახურებდი ხოლმე, თითქოს  ავად ვიყავი, რომ სახლში დავრჩენილიყავი და   წიგნები მეკითხა.  დედას ჰყავდა ერთი მოწაფე, გვარად კეკელია, რომელიც საოცარი  ხმის პატრონი  იყო. ერთ დღეს დედა  მას ამეცადინებს,  აბესალომის და მურმანის დუეტს სწავლობს „აბესალომ და ეთერიდან“. უცებ ჩვენს სახლში საიდანღაც  მურმანის ხმა „შემოვიდა“.  გაიღო კარი და   დავით გამრეკელი!  ისეთი  კონცერტი გამოუვიდათ, რომელიც დასრულდა  კარგი ქეიფით და პურმარილით, ახლაც კი მახსოვს.  ეს იყო მაშინ თბილისი.  დღეს ასეთი ურთიერთობები აღარ არის.  დღეს მობილურებმა ისე დააშორა ადამიანები, ერთად შეკრებილებიც კი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან და ტელეფონებში არიან თავჩარგულები. ეს ძალიან სამწუხაროა.  უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ვკარგავთ რაღაცას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.    

ხელოვნებაზე  და კულტურაზე ფიქრი სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის უმთავრესი უნდა იყოს, რაც მათ დავიწყებული აქვთ. ჰგონიათ,  თუ ხელფასი  მოგემატება, ეს არის  ყველაზე მთავარი, არ არის ასე.  მთავარი არის ის, რამაც აქამდე მოიყვანა საქართველო.  როგორია  ქართველი ადამიანი,  რომელსაც შეუძლია ყველაფერი ეს მშვენიერება,  რაც გახარებს, შეინახოს.  როდესაც  ვიხსენებ ჩემს მეგობრებს წარსულიდან,  ჩვენი ერთად ყოფნა   ისეთი მშვენიერება იყო, ამას არაფერი სჯობდა. თუ  კი რამე მენატრება, ეს ადამიანები არიან.  ერთ ჩემს ფილმში ვთქვი ჩემი სათქმელი. ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟი ამბობს: ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. თუ ბოლომდე დაიხარჯები სიკეთით, ეს არის ის, რაც ცხოვრებას მშვენიერს და ბედნიერს ხდის. ეს ეხება ყველაფერს: სამშობლოს, ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, საქმეს.   რასაკვირველია ყოველთვის ვერ ვახერხებთ  ბოლომდე დახარჯვას, ეს ხან გამოგვდის, ხან - არა, მაგრამ  ამისთვის  თუ არ იბრძვი,  ვერ იქნები მშვიდად და ვერც ცხოვრება იქნება მშვენიერი და ბედნიერი.    

თამუნა ნიჟარაძე

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way