USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
რუსეთ-უკრაინის ომის შეჯამება 17 სექტემბრის დილის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
Date:  253
- უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსეთში, ბელგოროდში ცნობილი რუსი სამხედრო პროპაგანდისტი და რუსული პირველი არხისა და "ზვეზდას" კორესპონდენტი ალეკსანდრე კორობოვი მოკლა. იგი უკრაინის წინააღმდეგ არამხოლოდ ომის მხარდაჭერას არამედ გადამწვარ და განადგურებულ ქალაქებში ეთნიკურ წმენდას ამართლებდა. მკვლელობის დეტალები უცნობია, თუმცა თავის არეში დაზიანებაზეა საუბარი. ზოგადად, ასეთი სამხედრო პროპაგანდისტების მკვლელობა და თან რუსეთის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სიგნალია დანარჩენი სამხედრო დამნაშავეებისათვის, რომ სასჯელი ნებისმიერ ადგილას მისწვდებათ.
- საინტერესო კომენტარი გააკეთა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კრემლი ომის დასრულებას 2025 წლის ბოლომდე ან 2026 წლის პირველ ნახევარში ცდილობს. ამის მიზეზი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. რუსეთს ეკონომიკის თითქმის ნახევარი სამხედრო წარმოებასა და საბრძოლო მოქმედებებზე აქვს მიმართული, ისევე როგორც შრომისუნარიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (მეომრები 18-50 წლის შუალედში არიან). ამას ემატება ქვეყნიდან უწყვეტი მიგრაცია. შესაბამისად, ომის დასრულება კრემლს ეჩქარება, მაგრამ თავისი პირობებით. ეს კი უკრაინისათვის მიუღებელია. რუსეთს ომის დასრულება თუ სურს დეოკუპაცია უნდა მოახდინოს.
- უკრაინელები კურსკის ოლქში აქტიურ იერიშს აწარმოებენ დასახლება ვესელოეზე. ამ მიმართულებაზე უკრაინელები მესამე დღეა აქტიურობენ და საკმაოდ წარმატებითაც. დღეს უკრაინელთა მხრიდან მოხერხდა საზღვრის კიდევ ერთ წერტილში გარღვევა და დასახლება მედვეჟეს დაკავება. ცნობილია ისიც, რომ ვესელოეს ნაწილი უკრაინელებმა უკვე დაიკავეს. მეორე ნაწილში ჩარჩენილ რუსულ ნაწილებს კი აქტიურად ბომბავენ. რამდენიმე წერტილში დიდი რაოდენობით რუსული ცოცხალი ძალა განადგურდა. ვესელოეს აღების შემდეგ უკრაინელებისათვის გზა რაიონულ ცენტრ გლუშკოვოზე იხსნება. ამასთან, რუსებს უკან დასახევი ბევრი არ აქვთ. მდინარე სეიმზე გადასასვლელები დაბომბილია. კორენოვოზე გზა კი გახსნილია მაგრამ სრული საცეცხლე კონტროლი უკრაინელების ხელშია. შესაბამისად, უკრაინელთა წარმატებული წინსვლის შემთხვევაში შეძლებენ თუ არა რუსები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანას სათუოა.
- უკრაინელებმა რუსულ იერიშებს კონტრიერიშით უპასუხეს კორენოვოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათ კონტროლი აღადგინეს ოლგოვკასაზე ხოლო პატარა დასახლება კრემიანოეში გაურკვეველი რაოდენობის რუსები მოაქციეს ალყაში. რა ბედი ეწევათ მათ ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა სავარაუდოა, რომ რუსების შემადგენლობა დიდი არ იქნება და ტყვეების რიგებში აღმოჩნდებიან ისინიც.
- კურსკის ოლქში რუსებმა ხომუტოვსკასა და რილსკის რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ახალი ტალღა დაიწყეს. ორივე რაიონი არსებული საბრძოლო მოქმედებების ჩრდილოეთით მდებარეობს. როგორც ჩანს რუსები უკრაინელების დარტყმას ამ მიმართულებითაც არ გამორიცხავენ.
- კურსკის ოლქში უკრაინელებმა რუსი ტყვეების რამდენიმე ახალი პარტია იგდეს ხელთ. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ გაწვეული წვევამდელები, რომლებიც უკრაინელთა ხელში ოპერაციის დასაწყისში აღმოჩნდნენ და მოგვიანებით გაიცვალნენ, ახლა ისევ ფრონტის ხაზზე დააბრუნეს რუსებმა.
- ზოგადად: ბოლო 4 დღეა კურსკის ოლქში უცნაური ვითარებაა - რუსებიც ცდილობენ ინიციატივის დაბრუნებას და უკრაინელებმაც გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები. რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება ვითარება.
- აშშ-სა და ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებები უკრაინისათვის დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ დასრულდა. დეტალები უცნობია, თუმცა იწერება, რომ ბრიტანეთმა მწვანე შუქი აუნთო კიევს Storm Shadow ფრთოსან რაკეტების რუსეთის მთელს ტერიტორიაზე გამოყენებას. როგორც აღნიშნავენ, ამის დასტური ის იქნება, როდესაც პირველი Storm Shadow რუსეთის ტერიტორიას დაეცემაო.
Storm Shadow-ს 250 კილომეტრის დაშორებით (155 მილზე) არსებული სამიზნის განადგურება შეუძლია. რაკეტის მაქსიმალური სიჩქარე 323 მეტრია წამში. გაშვების შემდეგ მას მართვა აღარ სჭირდება.
მისი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ Storm Shadow მყარ სამიზნეზე მოხვედრისთანავე კი არ ფეთქდება, არამედ დარტყმიდან რამდენიმე მილიწამის შემდეგ. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ ხვდება სამიზნეს, შედის შიგნით და შემდეგ ფეთქდება ის.
მისი დამანგრეველი ეფექტის მიღმა მას რამდენიმე საიდუმლო თვისებაც აქვს, რომელზეც საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა სავარაუდოდ, ის მიზანთან მიახლოებისას სპეციალურ სატყუარებს უშვებს, რაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას აბნევს.
- რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, შებეკინო-ბელგოროდის გზა და მისი შემოგარენი აქტიურად იბომბება. ამ გზას რუსები უკრაინის ხარკივის (ხარკოვის) ოლქში სასაზღვრო ტერიტორიის ოკუპაციისათვის იყენებენ. ზოგადად, 2024 წლის მაისში ამ მიმართულებაზე წამოწყებული და რამდენიმე კვირაში სრულად შეჩერებული რუსული შეტევა კრემლს იმაზე ძვირად დაუჯდა, ვიდრე სარგებელი მიიღო.
- გაცვლის შედეგად 103 უკრაინელი დაბრუნდა სახლში. მათ შორის არიან მარიუპოლის მცველებიც. რაც უფრო დიდი რაოდენობით რუსი ტყვე ჰყავს უკრაინას მით უფრო მეტის გამოხსნა/გაცვლა შეეძლება რუსული ტყვეობიდან.
- რუსეთმა შავი ზღვის პორტ ნოვოროსისკიდან საკუთარი ფლოტის დიდი ნაწილი გაიყვანა. ისინი უკრაინულ დარტყმებს ელოდებიან. მაგრამ ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ უკრაინელები უკმაყოფილოები არიან, დროში ისე გაიწელა დასავლური შეიარაღების რუსულ ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ მოლაპარაკებები, რომ რუსებს საკმარისი დრო მიეცათ ფლოტის გასაყვანადო. უცნობია ის, თუ სად გადაისვრიან რუსები ფლოტს.
- უკრაინელებმა დონეცკის ოლქში რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს კურახივკასთან სიახლოვეს, დონეცკის ოლქში, ქალაქი დონეცკიდან 15 კილომეტრის დასავლეთით.
- პოკროვსკის მიმართულებაზე, ყველაზე რთულ წერტილში, რუსული შეტევა თითქმის სრულად შეჩერდა. სამაგიეროდ ისინი შვერილი სოლისებური პლაცდარმის სამხრეთით გაფართოებაზე გადავიდნენ. სამხრეთი ფლანგის გამაგრებასთან ერთად მათ სწორედ კურახივკასა და კორახოვეს აღება სურთ, ისევე როგორც ვუჰლედარის დაკავება. ზოგადად, პოკროვსკის მიმართულებაზე შეჩერების ფონზე ისინი ცდილობენ სხვა მხარე გააქტიურონ.
- უკრაინამ 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების აქტიური წარმოება ააწყო. ამაში მას ნორვეგია ეხმარება.
- რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ძალის დემონსტრირებისათვის იქნებ საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი გამოვცადოთ და დასავლეთს ძალა ვანახოთო. აქამდე ისინი ბარენცის ზღვაში, გაყინულ ნოვაია ზემლიაზე ცდიდნენ იარაღს ხოლმე. რამდენად იზამენ ახლა ამას საკითხავია, რადგან ბირთვული იარაღის გამოცდის საინფორმაციო ეფექტი რამდენიმე კვირა თუ გასტანს. შემდეგ კი მასაც შეეჩვევიან. არადა ბირთვული იარაღის მუქარის მთელი არსი სწორედ მისი პოტენციური გამოყენების მოლოდინია. უსაფუძვლო მუქარებითა და დაუსახლებელ ტერიტორიებზე გამოცდებით შოკის ეფექტი კლებულობს, როგორი საშიშიც არ უნდა იყოს უშალოდ გამოცდის სურათი. ამიტომაა, რომ კრემლის მხრიდან ომის დაწყებიდან დღემდე რამდენიმე ათეულჯერ გაჟღერებული მუქარის სერიოზულად აღქმა იმაზე ბევრად შემცირებულია, ვიდრე ეს ომის პირველ კვირებში იყო. ამას ემატება ისიც, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას მოახდენს რუსეთის წინააღმდეგ, რაც კრემლს ასეოდენ არ სურს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა ვიხილოთ ეს.
სხვათა შორის ჯონ ბოლტონმა, აშშ-ს ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში და გამორჩეულმა მცოდნემ აგრესიულ რეჟიმებთან მიმართებით, საინტერესო რამ თქვა ინტერვიუში: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მის შუბლზე სამიზნის განთავსებას ნიშნავსო. ამიტომ იგი არ გამოიყენებს მასო.
ცხადია რეალურად გამოყენება ომში და ტესტირება საკუთარ ტერიტორიაზე ორი სრულიად განსხვავებული რამაა, მაგრამ მაინც ეშინია დასავლეთის მხრიდან ამ ყველაფერმა იმაზე მეტი მობილიზება არ მოახდინოს, ვიდრე ახლა მას ეს სურს. ნათელია რომ ბირთვული იარაღის მუქარა ბლეფივითაა - ან დააშინებ მოწინააღმდეგეს, რაც მოწინააღმდეგეზე გარკვეული ხანი იმუშავებს, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდება რომ შიში უარესია, რადგან აგრესორს კიდევ უფრო მეტი მუქარისაკენ უბიძგებს; ან ვერ დააშინებ და პირიქით, კიდევ უფრო უბიძგებს მილიტარიზაციისაკენ, რათა არ ჩამოგრჩეს და სუსტი არ გამოჩნდეს.
region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way