USD 2.6984
EUR 2.9939
RUB 2.9708
თბილისი
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება 6 სექტემბრისათვის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
თარიღი:  250
- უკრაინული აზოვის ბრიგადა დონეცკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილში ოპერატიული ალყა გაარღვია და ბრძოლით ჩარჩენილ უკრაინელებამდე გავიდა. ამით კი ქალაქის დასავლეთ ნაწილზე უკრაინული კონტროლი აღდგა. ეს ის დასახლებაა, რომლის ტრაფარეტიც რუსმა პროპაგანდისტებმა ტელევიზიებში აფრიალეს და ალყითაც იწონებდნენ თავს. ოპერატიული ალყა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც მოწინააღმდეგეს რამდენიმე მხრიდან გარემოცული აქვს ქალაქი, ხოლო დარჩენილ შესასვლელ-გასასვლელს საცეცხლე პოზიციებიდან აკონტროლებს.
აზოვის ბრიგადა უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფია. მის ჩამოყალიბებაში კრიტიკული როლი სწორედ ქართველებს მიუძღვით. მათი რიგები უკრაინელი ნაციონალისტებისაგან შედგება, რომლებიც მაღალი სამხედრო მორალით გამოირჩევიან. მისი წევრები ბრიგადაში შესვლის წინ ფიცს დებენ, რომ თავს გასწირავენ უკრაინისათვის და უკან არ დაიხევენ მტერთან ბრძოლაში. ბრიგადის ხელმძღვანელი უკრაინის ეროვნული გმირის წოდების მქონე დენის პროკოპენკოა, რომლის წინაპრებიც ფინური წარმოშობისანი არიან და რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი იყვნენ. კარელიასა და ფინეთს რუსული ტირანია რამდენჯერმე დაატყდა თავს.
აზოვის ბრიგადა 10 წლისაა და მისმა წევრებმა თავი 2014 და 2022 წლის მარიუპოლისათვის გამართულ სამ სხვადასხვა ბრძოლაში გამოიჩინეს, ისევე როგორც შახტარსკისა და ილოვაისკისათვის შეტაკებებში. ამ უკანასკნელში რუსებმა მუხანათურად დაარღვიეს მშვიდობიანი დერეფნის შეთანხმება და უკანდახეულ უკრაინულ დანაყოფებს ჩაუსაფრდნენ და მათი ნაწილი დახოცეს. არადა შეთანხმებისამებრ რუსებს უსაფრთხო მწვანე დერეფანი უნდა გაეკეთებინათ უკანდახეული უკრაინელებისათვის. აზოვის დანაყოფი მაშინ ბრიგადის ზომისა იყო და 500 სამხედროსაგან შედგებოდა, ახლა კი 5000 სამხედროს აღწევს.
- უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებაზე პრაქტიკულად შეჩერებულია. მანვე დაამატა, რომ რუსებს ამ მონაკვეთზე ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი ნაწილები ჰყავთ მობილიზებული. მიუხედავად ამისა, რუსებმა სწრაფი იერიშის დაგვირგვინება და პოკროვსკამდე ჩასვლა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს. პროცესში კი იფიტებიან. არადა რუსი პროპაგანდისტები სექტემბრის ბოლოსათვის ქალაქის აღებას პროგნოზირებდნენ და დონეცკის ოლქის საზღვარზე გასვლასაც აანონსებდნენ.
- კურსკის ოლქში უკრაინული ლოკალური შეტევები გრძელდება. ისინი რუსებს ინიციატივის დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. ამასობაში კი ზურგში სანგრების თხრა და ფორტიფიკაციებისების მომზადება გრძელდება. კორენევოს ირგვლივ უკრაინული იერიში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, ისევე როგორც რაიონულ ცენტრ ლგოვის მიმართულებაზე, მალაია ლოკნიას ჩრდილო-აღმოსავლეთით. თავად რუსები ამბობენ ლგოვზე უკრაინული საფრთხე არ მოხსნილაო.
რუსული ნაწილები კურსკის ოლქში იმ დასახლებებს ძარცვავენ, რომელთა დაცვაც ევალებათ. ხოლო იმ დასახლებებს, რომელიც უკრაინელებმა დაიკავეს 500 კილოგრამიან საავიაციო ბომბებს უშენენ. არადა ამ დასახლებებში თავად მათივე მოქალაქეები ცხოვრობენ. ზოგადად, კრემლისათვის მოსახლეობას არავითარი ფასი არ აქვს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით უკრაინელებმა კურსკის ოლქში 6000 რუსი გაანეიტრალეს - მოკლულების, ტყვეებისა და დაჭრილების სახით.
- რუსული ნავთობის ფასი 69 დოლარზე ჩამოვიდა. რუსულ ეკონომიკასა თუ სამხედრო ინდუსტრიას თუკი რაიმე კვებავს არამხოლოდ გაზის გაყიდვისაგან შემოსული თანხა, არამედ სწორედ ნავთობია. ზოგადად, გრძელვადიანად, ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის პირობებში რუსულ ეკონომიკას რთული მომავალი აქვს.
- აშშ-მ 250 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაანონსა, რომელშიც შედის:
+ სტინგერები - ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი;
+ HIMARS-ის სისტემები და ამუნიცია;
+ ყველაზე ხშირად გამოყენებული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები;
+ ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინები;
+ ბრედლის ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
+ საპატრულო ნავები;
+ MRAP მანქანები, რომლებიც ნაღმის აფეთქებას უძლებს;
+ სათადარიგო ნაწილები.
ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების ნაწილია. თუმცა აუცილებელია აშშ-ს მხრიდან აინთოს მწვანე შუქი ამერიკული იარაღის რუსეთის მთელს ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ. რუსეთისათვის დაუსჯელობა მხოლოდ წამაქეზებელია გააგრძელოს უკრაინული მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა.
- უკრაინელებისათვის ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი რუსული დრონები იყო. ახლა უკრაინული დრონები რუსულ დრონებზე ნადირობენ და თან საკმაოდ წარმატებით და იაფად. ყარაბაღის ომიდან მოყოლებული ნათლად გამოჩნდა, რომ თანამედროვე ომში დრონებს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება.
უცნობი ნაცნობი
მიხეილ რამიშვილი: მამას სიმღერები აკრძალული იყო, მახსოვს, როგორ ჩამოხსნეს მისი კონცერტის აფიშები

ადვოკატ  მიხეილ რამიშვილს საზოგადოება გახმაურებული საქმეებით იცნობს,  რომელთა  შორის განსაკუთრებით რეზონანსული სანდრო გირგვლიანის, თამარ ბაჩალეიშვილის და ე.წ, ცინიდის საქმეები იყო. ყველა ამ საქმემი მიხეილ რამიშვილი, როგორც ადვოკატი, დაზარალებულთა ინტერესებს იცავდა, თუმცა მის მიერ გაკეთებული თამამი სამოქალაქო განცხადებებით, მისი გზა  ადვოკატობიდან პოლიტიკამდე მივიდა. ახლახან ის პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ წევრი გახდა და  საკუთარ ძალებს უკვე  პოლიტიკურ ასპარეზზე მოსინჯავს.  

მიხეილ რამიშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის ოთარ რამიშვილის შვილია. მუსიკა მის ცხოვრებაშიც მთავარი ისტორია  იყო, თუმცა ადვოკატის საქმემ, რომელიც 25 წლის ასაკში დაიწყო, პროფესიულ მუსიკას მაინც ჩამოაშორა. დღეს   რამიშვილების დინასტიას აგრძელებს მიხეილ რამიშვილის შვილი ლიზა რამიშვილი, რომელიც ძალიან ცნობილი ჩელისტია და წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს.  

საყვარელი საქმის, მუსიკის და ოჯახური ისტორიებით მიხეილ რამიშვილი  „თბილისი პოსტის“ სტუმარია.    

მიხეილ რამიშვილი: გარემო, რომელშიც გავიზარდე, იყო ძალიან ტრადიციული. ეს ტრადიციები  მოგვყვებოდა ჩემი ბებია -ბაბუადან,  რომელთაც გამორჩეული ოჯახი ჰქონდათ. ბაბუა მიხეილ რამიშვილი იყო კარგი პოეტი, ბებია იყო მარი მაისურაძე. დიდი ბებია მაშო მაყაშვილი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ. ბებია ულამაზესი ქალი იყო, ძალიან დახვეწილი, ჩვენს ოჯახში იმ პერიოდიდან არსებობდა სიმღერა, პოეზია. ბაბუა კომუნისტებმა 17 წლის ასაკში გადაასახლეს, მან გადასახლებაში შეისწავლა ვოკალი, როცა თბილისში დაბრუნდა, ისეთი მონაცემები ჰქონდა ოპერის მომღერლობა შესთავაზეს, თუმცა ბაბუა ამაზე არ დათანხმდათ. ის წლები იყო მთავარი ბანკის რევიზორი.  კავსაძეზე, სახლში  სადაც დაიბადნენ მამა და მამიდა, ყოველდღე იმართებოდა პოეზიის, მუსიკის საღამოები.  მათთან იკრიბებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქში ურთიერთობების, გემოვნების, ქცევის წესებს ამკვიდრებდნენ.   ეს ყველაფერი ძალიან აისახა მამაჩემზე და მამიდაჩემზე. მამა ძალიან ცელქი ყოფილა, პატარა იყო,  დაავლებდა თურმე ხელს მამამისის გიტარას და ვაკის ქუჩებში, ეზოდან ეზოში გიტარით დადიოდა, მთელი უბანი მას ეძებდა თურმე.  როდესაც  სამამულო ომი  დაიწყო,  ძმებმა მამაჩემი  და ბაბუას ერთ-ერთი ძმისშვილი გურიაში გაუშვეს, თითო -თითო შვილი კი  აქ, თბილისში დაიტოვეს. მამა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო ფარცხმაში იზრდებოდა. იქ დაწერა თავისი პირველი სიმღერა“ მითხარ რად ხარ მოწყენილი“, სიმღერა მიუძღვნა გოგოს, რომელიც იქ ძალიან შეჰყვარებია. ომის დასრულების შემდეგ  ბიჭები დაბრუნდნენ თბილისში, მამამ, ცელქი ხასიათის გამო გურიიდან წამოიღო მეტსახელი „კვაჭიჭო“ ასე დააარქვა ბიოლოგიის მასწავლებელმა, რომელიც თურმე ვერ აჩერებდა გაკვეთილებზე (იცინის)

- რა გავლენა მოახდინა მამამ თქვენს ცხოვრებაზე და რა განსაზღვრა იმან, რომ პოპულარული მომღერლის შვილი იყავით?

- ყველაზე მძაფრად რაც მახსოვს ადრეული ბავშვობიდან, არის სტუმრები ჩვენს ოჯახში. დღე-ღამის რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენთან სულ იყო სტუმარი, სიმღერა, ქეიფი. მამასთან  მოდიოდნენ საოცარი ადამიანები. მათგან ვსწავლობდი, როგორ უნდა გყვარებოდა ქვეყანა, როგორ  უნდა მოქცეულიყავი ქალთან, როგორი უნდა ყოფილიყავი მტერთან, როგორ უნდა გეცხოვრა თბილისში, როგორი უნდა ყოფილიყავი  რაიონში, თუ სტუმრად ჩახვიდოდი, როგორ უნდა გამოგეხატა პატივისცემა ადამიანების მიმართ. ეს იყო  ნამდვილი აკადემია, შესაძლებლობა  - მესწავლა  ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ მამა აკრძალული იყო ანტისაბჭოური  სიმღერების გამო, ჩვენთან  სახლში  იკრიბებოდნენ სხვადასხვა რანგის ადამიანები, ცეკას მდივნები, კანონიერი ქურდები, მეცნიერები, ხელოვანები, ზოგი არც იცნობდნენ ერთმანეთს,   ყველას ერთმანეთი პროფესორი ეგონათ (იცინის) კაგებეს ერთ-ერთი პოლკოვნიკი მოგვიანებით თავის მოგონებებში წერდა, რომ უშიშროების თანამშრომელს ინაურისთვის შეუტანია მამას სიმღერების კასეტა, რომელიც  არალეგალურად ვრცელდებოდა. უკითხავს ინაურისთვის, რა მოვუხერხოთ ამ კაცსო. ინაურს მოუსმენია კასეტა, მერე მაგიდის უჯრაში ჩაუდია და უთქვამს: რას ერჩით ამ კაცს, დაანებეთ თავიო. მამას სიმღერები დიდხანს იყო აკრძალული. პირველად კონცერტზე იმღერა 1982 წელს, როდესაც გიზო ნიშნიანიძის საღამო  „პაემანი ვერაზე“  გაიმართა, რაზედაც ძალიან იბრძოლეს თავად გიზო ნიშნიანიძემ და დორიან კიტიამ. კომუნისტების ლიდერები, თურმე თავს იკლავდნენ, ოთარის ასე საჯაროდ სცენაზე გამოყვანა  არ შეიძლებაო. მაგრამ მათ მაინც თავისი გაიტანეს.  მამას მაინც იცნობდა მთელი ქვეყანა. მამიდაჩემი მღეროდა ტრიოში, სადაც მათ გიტარით აკომპანიმენტს მამა უწევდათ, დადიოდნენ გასტროლებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით.  1985 წელს დაგეგმილი იყო მამას სოლო კონცერტი, მაგრამ არც ეს კონცერტი არ შედგა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ჩამოხსნეს მამას კონცერტის  აფიშები.   

იმ დროს მე და ჩემი ორივე  ძმა პატარები ვიყავით, მაგრამ მაინც  ვგრძნობდით, რომ მამა განსხვავებული იყო, ხანდახან საუბრებსაც მოვკრავდით ხოლმე ყურს. მამას ცხოვრების გამო ყველასთვის მისაღებები არ ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის პრობლემა. ჩვენ ვაკეში გავიზარდეთ, სადაც მძიმე 90 იან წლებშიც კი, რომელიც გავიარეთ, სრულიად სხვა წესები იყო. ერთმანეთზე მტრად გადაკიდებული ადამიანებიც კი მარტივ წესებს იცადნენ, არ გაუსწორდებოდნენ დაპირისპირებულ ადამიანს, თუ ის ქალთან,  ბავშვთან, ოჯახთან  ერთად იყო. ეს არაა ლეგენდა. ეს იყო ცხოვრების წესი, რომელსაც ქმნიდნენ ქართლოს კასრაძე, ნიაზ დიასამიძე, სხვები და სხვები. მამაც დიდი დამცველი იყო ამ წესების, რომელიც მაშინ ახასიათებდა თბილისს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს. მაშინ არ არსებობდა ჭორაობა, არ უნდა დაგეჩაგრა ადამიანი, არ უნდა გაგეყიდა მეგობარი. ადამიანებს არ ჰქონდათ დაუსჯელობის სინდრომი, ყველამ იცოდა, რომ თუ არასწორად მოიქცეოდა და რამეს დააშავებდა,  ჯერ ერთი მარტო რჩებოდა და მეორეც, აუცილებლად მიიღებდა  პასუხს  ადამიანებისგან, რომელთაც სიტყვაც ეთქმოდათ და ავტორიტეტი ჰქონდათ. ყველამ იცოდა, რომ თავისი ქცევით იყო პასუხისმგებელი  თავის  ღირსებაზე და  მომავალზე.  

ოთარი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, მოდიოდნენ  ბავშვები ჩვენთან  მამებთან ერთად, თუმცა შემდეგ გაირკვეოდა ხოლმე  რომ ეს „ყურადღებიანი“  მამები ჩვენს სახლში მამაჩემის ცხოვრების შესასწავლად დადიოდნენ კაგებეს დავალებით, ზოგი თვითონაც კაგებეს თანამშრომელი იყო. მიდიოდა შესწავლა, თუ როგორ ვცხოვრობდით, როგორები ვიყავით, რაზე ველაპარაკებოდით ბავშვებს. წლები რომ გადიოდა ალალად გვიყვებოდნენ  რაც ხდებოდა. მამას ეს წინააღმდეგობები ვერ აჩერებდა. ვერ იტანდა უსამართლობას და სასტიკად ებრძოდა, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დასაცავად ცხრა მთას გადაივლიდა, ყველაფერს გააკეთებდა, ყველას შეაწუხებდა და მაინც დაეხმარებოდა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უსამართლობასთან შეუგუებლობა და ბრძოლა მამაჩემისგან გადმომეცა „მემკვიდრეობით“  

228083213_4639187999447956_8272943878168240914_n

- როდესაც პროფესიული არჩევანი იურისტის პროფესიაზე გააკეთეთ, მამას როგორი რეაქცია ჰქონდა?   

- მე თავიდან  ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი. ეს რა თქმა უნდა მამის გავლენაც იყო. ვიცოდი, რომ უნდა ვყოფილიყავი მუსიკოსი და შინაგანად დღესაც მუსიკოსი ვარ. ვწერ სიმღერებს, ლექსებსაც. 5 წლის ვიყავი, როდესაც უკვე გიტარაზე ვუკრავდი,  ფილარმონიაში გამიყვანეს კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გიტარისტები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან.  შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, საკმაოდ კარგი პოტენციალი მქონდა, ალტისტი ვიყავი. 90 იან წლებში კონსერვატორიაში  გამოცდაზე ჩელოს ფუტლიარით რომ მივდიოდი, პოლიცია  მაჩერებდა და იწყებდა გამოკითხვას, რა მედო ჩელოს ფუტლიარში. ვეუბნებოდი, კაცო ალტი დევს, გამოცდაზე მივდივარ, რა ალტი,  სად შენ და სად  კონსერვატორია, ავტომატი ხომ არ გიდევსო, არ მანებებდნენ თავს (იცინის)   ცუდი დრო იყო. პირადად მეც მეგობრებთან მიმართებაში ბევრ უსამართლობას წავაწყდი, იყო უკანონო დაკავებები და ადამიანის უფლებების  დარღვევები.  იმის მიუხედავად, რომ სულ ვმალავდი ჩემს სახელ-გვარს და არ მინდოდა, რომ მამაჩემის სახელით მესარგებლა,  ხან რას ვიგონებდი, ხან -რას, რომ ჩემი  ვინაობა არ გამემჟრავნებინა, დადგა დრო, რომ უნდა მეთქვა ვინ ვიყავი. ვიფიქრე, რომ  უსამართლობასთან ბრძოლა უფრო კარგად შემეძლო, თუ გავხდებოდი იურისტი. ჩავაბარე უნივერსიტეტში, იურდიულზე. იქამდე  ვუკრავდი ვასო გოძიაშვილის  სახელობის გალა - ორკესტრში, ტელევიზიის ორკესტრში, კვარტეტში, მაგრამ დავანებე ყველაფერს თავი და გავხდი იურისტი. მამა მიხვდა, რატომ მივიღე ასეთი  გადაწყვეტილება და  რატომ გავაკეთე ეს არჩევანი. 2000 წლიდან დავიწყე მუშაობა ადვოკატად. მამას მოწონდა ჩემი საქმიანობა, ხშირად მეუბნებოდა ხოლმე ხუმრობით, დათესე თხილი ამოვა თხილი, რაც მამა არის, ის არის შვილიო, თუმცა მამაჩემი ბევრად მაგარი კაცი იყო, მე მისნაირი ვერასდროს ვერ ვიქნები (იცინის)

-კარიერის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მოგიწიათ მუშაობა, პროფესიულად რას ნიშნავდა თქვენთვის სანდრო გირგვლიანის და თამარ ბაჩალეიშვილის საქმეებზე, ასევე ე.წ. ციანიდის საქმეზე მუშაობა? 

- ყველა ეს საქმე იყო უმძიმესი,  როგორც პირადად  ჩემთვის, ასევე - საზოგადოებისთვის. პირველი იყო, სანდრო გირგვლიანის საქმე,  მე პირველი ადვოკატი ვიყავი, ვინც ამ საქმეზე მუშაობა დაიწყო, ვიცავდი ირინა ენუქიძის ინტერესებს. როდესაც სტრასბურგიდან ჩამოვიდა გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი სისტემა ამხილა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის ჩაფარცხვაში, ეს აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დასასრული. ამ საქმის გამო აღმოვჩნდი დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, რომელმაც 2011 წელს დამაკავა, პროვოკაცია მომიწყვეს და გამიშვეს ციხეში. მამაჩემი ისე გარდაიცვალა და ისე  დაკრძალეს, პანაშვიდზეც კი არ გამომიყვანეს, რომ  მამას დავმშვიდობებოდი. დიდი ბრძოლის შემდეგ გამოვედი ციხიდან. მოვიდა ახალი ხელისუფლება, მერე იყო ციანიდის საქმე, რომლის გამოც  დავუპირისპირდი სუსს, გოგაშვილს. მთელი სისტემა იყო ჩართული ამ საქმეში, მათ შორის საპატრიარქო. დეკანოზს უსამართლოდ მიუსაჯეს  ცხრა წელი და დააინვალიდეს. ამის შემდეგ იყო თამარ ბაჩალეიშვილის ამბავი, ყოველთვის ვამბობ,  რომ  ის მოკლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ  საქმე  არ გახსნილიყო. სტატისტიკურად იმხელა რესურსი ჩადეს ამ საქმის არგახსნაში, რომ არც ერთ საქმეში არ ყოფილა ჩადებული ამხელა რესურსი, რაც კი საქართველოში საგამოძიებო სისტემა არსებობს. ერთხელ ვუთხარი ირაკლი შოთაძეს, მე არ გელაპარაკებით როგორც ადვოკატი, გელაპარაკებით, როგორც მამობილი, რომელსაც შვილობილი მოუკალით-მეთქი. მართლაც ამ საქმის მიმართ განსაკუთრებული ემოციები მქონდა. მე არ ვიცნობდი ამ ოჯახს, როგორც კი მშობლებმა  მოაწყვეს აქცია, სადაც განაცხადეს, რომ  დაკარგულ შვილს ეძებდნენ, წავედი  აქციაზე, როგორც 27 წლის გოგოს და 18 წლის ბიჭის მშობელი. ბაჩალეიშვილებმა მთხოვეს დახმარება, როგორც კი მოხდა ამ საქმეში ჩემი ჩართვა, მეორე დღესვე  მიიყვანეს მანქანა იმ ადგილზე. თამარ ბაჩალეიშვილის საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო. თვალთვალს და მიყურადებას მარტო ჩემზე კი არა, ჩემი ოჯახის წევრებზე, მეუღლეზე, შვილებზე, ძმებზეც კი  ახორციელებდნენ. ერთხელ ჩემმა შვილმა, ლიზიკომ მითხრა: მამა თეთრი „შკოდა“ მომაშორე, 5 დღეა დამდევსო, თუმცა არც ერთ ჩემი ოჯახის წევრს  თვალთვალის არ შეშინებია, ერთი საყვედური არ უთქვამთ ჩემთვის, პირიქით, ლიზა სულ მეუბნებოდა, მიდი მამა მიაწექიო (იცინის) საბოლოდ ისე გამოვიდა, არც ერთი ხელისუფლებისთვის არ აღმოვჩნდი  მისაღები ჩემი პოზიციის გამო.   

435211472_7782050445140472_7456057324438343252_n

- ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პარტიის წევრი გახდით. საბოლოოდ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა? როგორც მახსოვს, წლების წინ   თბილისის მერის არჩევნებშიც აპირებდით კენჭისყრას.

- 2017 წელს, როდესაც თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდა, მე შევხვდი შალვა ნათელაშვილს, სადაც  ოპოზიციური სპექტრიც იყო შეკრებილი. მითხრეს, რომ თუ  ჩემი სურვილიც იქნებოდა, ოპოზიცია  წამოაყენებდა ჩემს  კანდიდატურას და მე  მექნებოდა მათი მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში. მაშინ „ციანიდის საქმეში“ ისე  ვიყავი ჩართული, საქმეს ვერ მივატოვებდი და უარი ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი ქართული პოლიტიკის კულისები. სულ ვამბობ,  რა ღირსებითაც ვცხოვრობ საჯარო სივრცეში, იგივენაირად ვიცხოვრებდი, პოლიტიკაში რომ ვიყო. ვერაფერი შემიცვლიდა ღირებულებებს. არის წესები, რომელსაც მე არ ვემორჩილები. რომ ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო, სიბინძურე ყველგან შეიძლება იყოს, მათ შორის პოლიტიკაშიც, მაგრამ პოლიტიკაც შეიძლება აკეთო სიბინძურის გარეშე. გააჩნია, შენ როგორ უდგები შენს  ცხოვრებას და შენს საქმეს. მამაჩემს ჰქონდა ერთი კარგი ნათქვამი, სანამ ქართველები მარტო საკუთარ თავზე ფიქრს და ზრუნვას  და თხასავით „ მეე მეეს“ ძახილს არ გადავეჩვევით, მანამდე  ჩვენი საშველი არ იქნებაო. მართლაც ასეა.

პარტიაში „ჩვენ“ რომლის წევრიც ცოტა ხნის წინ გავხდი პატიოსანი, წესიერი, ქვეყნის მოყვარული  ადამიანები შედიან. მრავალი  წელია,  დავით ქაცარავა დიდ საქვეყნო საქმეს აკეთებს  საოკუპაციო ხაზთან. ამისი არდანახვა  შეუძლებელია.  მინდა ჩემი მსოფლმხედველობა, გამოცდილება გამოვიყენო  ჩემი ქვეყანის სასიკეთოდ. ძალიან მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყო  ძლიერი, მდიდარი, სამართლიანი,  ვხედავდე  ისეთ საქართველოს,  როგორიც იყო  წარსულში, როცა ადამიანებს ჰქონდათ ბედნიერი, გაღიმებული  სახეები, უხაროდათ სახლში სტუმარი და არ ეშინოდათ მასპინძლობის. მე ასეთი საქართველო მინდა და არა გაღორებული, კორუმპირებული ადამიანების მიერ გაღატაკებული ქვეყანა,  რომლებსაც მხოლოდ    საკუთარი  ოჯახები აინტერესებთ და ატყუებენ  საკუთარ ხალხს. ცდილობენ, დაამონონ, „დააჩმორონ“ ადამიანები,  წაართვან  ღირსება და თავმოყვარეობა. მათ არ იციან, რომ ყველაფერი არ იყიდება, მით უმეტეს სამშობლო არ იყიდება. დღეს არჩევანი დგას ასე - ან თავისუფლება, ან 1921 წელი. რომ გაიძახის ხელისუფლება ომი, ომიო, ვის უნდა ომი?  ომი არავის არ უნდა. ომი მხოლოდ იარაღით ხომ არ ხდება, ავტობანიდან რამდენ მეტრით არის დაშორებული ოკუპანტი, ხელისუფლების რომელიმე წევრი ჩასულა იქ და  უნახავს როგორ ცხოვრობს ხალხი საოკუპაციო ხალხთან?!  სამწუხაროდ, ასეთ მძიმე სიტუაციაში ვართ. არის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადალახო - არც საქმეში და არც ცხოვრებაში, ეს წითელი ხაზები, სამწუხაროდ  ჩვენს ქვეყანაში ბევრმა გადალახა.

-  ოჯახზე მინდა გკითხოთ, თქვენი ქალიშვილი ლიზა რამიშვილი, რომელიც თქვენი ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელია.  

- როდესაც ოთარმა პატარა ლიზას მოუსმინა, მითხრა, დაიმახსოვრე, ლიზა ისეთი მუსიკოსი  დადგება, ყველა რამიშვილს გადაგვიჯოკრავსო. მაშინ ლიზას ახალი დაწყებული ჰქონდა ჩელოზე დაკვრა.15 წლის იყო ლიზა როდესაც გავუშვით  კრონბერგის  აკადემიაში და დამოუკიდებლად ავიდა იმ მწვერვალებზე. გერმანიიდან შვეიცარიაში გადავიდა, როდესაც ჟენევის კონსერვატორიიდან მიიღო მოწვევა. წლები იყო ესპანეთში, დღეს საქართველოში ცხოვრობს, აქედან დადის მოწვევით  კონცერტებზე და ფესტივალებზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ლიზას  ისე უყვარს თავისი სამშობლო, სხვაგან  დიდხანს ცხოვრება,  ალბათ  გაუჭირდება. ჩვენი ოჯახის ყველა სიკეთე ლიზაზე  გადავიდა. ერთხელ გამომიცხადა, შენ აღარ ჩაერიო, ბაბუას შემოქმედებას მე მივხედავო და ყველაფერი გადაიბარა. მამაჩემის  90 წლისთავის გადახდას ვაპირებდით, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ვერ მოვიძიეთ კონცერტისთვის საჭირო რესურსები. დარწმუნებული ვარ, ლიზა მაინც მოაწყობს საოცარ საღამოს,  ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტი, ეს  იქნება ოთარის  საღამო და გახსენება, თუ  როგორ უნდა იცხოვრო სწორად და ღირსებით.   

თამუნა ნიჟარაძე   

1488687_770856473007661_3753533640783965303_n

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.