USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება 5 სექტემბრისათვის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
თარიღი:  614
- რუსული შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებაზე შენელდა. უკრაინელები ლოკალურ კონტრშეტევაზეც გადავიდნენ და რამდენიმე დაკარგული პოზიცია დაიბრუნეს. ქალაქი სელიდოვეს აღება რუს მოიერიშეებს არ გამოუვიდათ, მიუხედავად მოლოდინისა, რომ ქალაქი შეიძლება რამდენიმე დღეში დაცემულიყო. ბრძოლა ჯერ კიდევ სელიდოვეს შესასვლელში მიმდინარეობს. მსგავსი სიტუაციაა ქალაქ ჰროდივკასთანაც, რომელსაც რუსული შემტევი ნაწილები განსაკუთრებით ინტენსიურად უტევენ, მაგრამ უკრაინელებს დასახლება ძალიან კარგად აქვთ გამაგრებული. თუკი სელიდოვე რუსული სოლისებური იერიშის სამხრეთ-დასავლეთ წერტილი მდებარეობს, ჰროდივკა ჩრდილო-დასავლეთითაა. ორივე მათგანის აღება რუსეთისათვის მნიშვნელოვანია თუკი პოკროვსკისაკენ წინსვლა სურს.
საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელებმა დამატებითი რეზერვები იხმეს ამ მიმართულებაზე და სიტუაცია დაასტაბილურეს, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია დროც - უკრაინელებმა შეანელეს რუსული წინსვლა და ზურგში, პოკროვსკი-მირნოჰრადის გასწვრივ ახალ თავდაცვის ზღუდეებს აგებენ. ევაკუაციაც საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს.
- დონეცკის ოლქის ქალაქი დონეცკის დასავლეთის მიმართულებაზე რამდენიმე რუსული სამხედრო კოლონა მოჰყვა დაბომბვაში. თუკი პოკროვსკის მონაკვეთზე რუსები მცირე დანაყოფებით (ათეულების დონეზე) უწყვეტად უტევენ და ქმნიან გამუდმებული შეტევის განცდას, ქალაქი დონეცკის მიმართულებაზე რუსები უფრო დიდი კოლონებითა და ჯავშანტექნიკით გადაადგილდებიან. მცირე, მობილური ჯგუფებით უწყვეტი იერიშის უპირატესობა ისაა, რომ ამით დაცვაში მყოფი ძალა იღლება, როტაციას ვერ ასწრებს და იფიტება, ხოლო მცირე ძალების გაშლა და ბევრი წერტილიდან იერიში რკალისებური ალყის განცდას ქმნის. ერთი მცირე დანაყოფის განადგურება კი არაფერს ცვლის, რადგან მას მეორე ათეული მოჰყვება, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. ანუ, მცირე ძალები კონკრეტული იერიშისას არიან მცირე რაოდენობის, თორემ საერთო ჯამში მათი შემადგენლობა ძალიან დიდია.
კურახოვესა და კრასნოჰორივკას დასავლეთით უკრაინულ პოზიციებს რუსები დიდი ძალებით უტევენ. ორივე დასახლება ქალაქ დონეცკს ემიჯნება. კრასნოჰორივკა რუსების ხელშია, კურახოვე უკრაინელების. რუსული იერიში ამ მიმართულებებზე ჯერჯერობით უშედეგო გამოდგა. უკრაინულმა არტილერიამ და დრონებმა ეფექტურად გაართვეს თავი.
- დაცვაში მყოფმა უკრაინელებმა დრონების გამოყენებით აალებადი ნივთიერება თერმიტის გამოყენება დაიწყეს და მოწინააღმდეგეს თავზე აფრქვევენ. ეს სამავალებსა თუ სანგრებში მყოფ რუს სამხედროებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსული სამხედრო უნიფორმა უკიდურესად აალებადი მატერიისაგანაა შექმნილი.
- რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელებმა კონტროლი დაამყარეს დამატებით სამ პატარა დასახლებაზე - ორლოვკაზე, ნოვაია სოროჩინასა და მარევკაზე. უკრაინელთა მხრიდან დასახლებებზე კონტროლის მოპოვება იმ ფაქტს მიანიშნებს, რომ მიუხედავად რუსული ნაწილების რაოდენობრივი უპირატესობისა - შეფარდება ერთი სამზე - ისინი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ინიციატივის დაბრუნებას ამ მიმართულებაზე. ერთი თვე სრულდება რაც რუსეთი - სახელმწიფო რომელიც კიევის აღებას სამ დღეში გეგმავდა - საკუთარ ტერიტორიებს ვერ იბრუნებს.
- გუშინ პოლტავაში უკრაინის სამხედრო საგანმანათლებლო ცენტრზე რუსული ბალისტიკური სარაკეტო იერიში იქნა განხორციელებული, რასაც 51 სამხედრო-კადეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 250. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, თუ როგორ მიიღეს რუსებმა ინფორმაცია ამ წერტილის შესახებ? სავარაუდოდ კვლავ აქტიურია უკრაინაში რუსული აგენტურული ქსელი, რომელთა დაკავება და გამოაშკარავება პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კრემლისათვის ზოგიც ფულის გამო, ზოგიც იდეოლოგიური თანხმობით მუშაობენ. სავარაუდოდ პოლტავაშიც იგივე მოხდა - მონაცემები გადაეცა რუსეთის სამხედრო ძალებს და რუსებმა განახორციელეს იერიში. ასეთი იერიშები ომის პირველ თვეებში უფრო აქტიურად ხდებოდა, მაგრამ რუსულ სპეცსამსახურებზე მომუშავეების გამოვლენის გარეშე მსგავსი შეკრებები და ღონისძიებები მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება.
- პუტინი მონღოლეთში ჩავიდა. იგი არ დაუკავებიათ, მიუხედავად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს განჩინებისა. ეს ძალიან ცუდი და დამაზარალებელი პრეცედენტია აღნიშნული ინსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლისათვის. პუტინის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მონღოლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას კი არ ემსახურებოდა, არამედ ძალის დემონსტრირებას და იმის ჩვენებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებსა და სამართალს ძალა არ აქვს. რუსული აგრესიის ფონზე საერთაშორისო პოლიტიკა დღეს შესამჩნევად მძიმე მდგომარეობაშია და მისდამი ნდობა შემცირებულია. თუკი ეს ყველაფერი დარჩა ასე, მაშინ ამ რეალობაში საერთაშორისო ნორმები მხოლოდ შერჩევითად თუღა იმუშავებს. სხვა სიტყვებით, ვიღებთ უსამართლო და უთანასწორო გარემოს, სადაც ომი და ძალადობა ბუნებრივი ხდება, ხოლო მოძალადე - დაუსჯელი. ამიტომაცაა აუცილებელი კრემლის დამარცხება ამ ომში. პრეცედენტულად.
მონღოლეთში მის ვიზიტს თან დემონსტრაციები მოჰყვა. დემონსტრანტები პუტინის დაკავებას ითხოვდნენ და ამასთან იმ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ, რომელიც რუსეთმა მათ მოუვლინა - კრემლმა ხომ სწორედ მონღოლეთი აირჩია ამ დაუსჯელობის პრეცედენტის დასამტკიცებლად და ამით დაამცირა ქვეყანა. სხვათა შორის მონღოლეთი დემოკრატიული ინდექსით დემოკრატიულ სახელმწიფოდაა მიჩნეული. არადა მას რუსეთი და ჩინეთი ესაზღვრება - ორი ტოტალიტარული სახელმწიფო.
- უკრაინის მთავრობაში ცვლილებებია: თანამდებობები დატოვეს უკრაინის საგარეო საქმეთა, იუსტიციის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა. გადაყენებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც. გადაყენების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მინისტრები მთავრობაში კვლავ დარჩებიან ოღონდ სხვა მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას. ხოლო თუკი მინისტრმა თავისი თავი ამოწურა ან/და ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი, მისი შეცვლა შესაძლოა ნაყოფიერი იყოს. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება პოლონეთში ვიზიტისას საკმაოდ უსიამოვნო პრობლემას გადააწყდა, როდესაც პოლონეთ-უკრაინის 1940-ნი წლების დაპირისპირებაზე მიდგა საქმე. ცნობილია რომ ვოლინის ტრაგედია ჯერაც ბოლომდე მოუშუშებელი საკითხია ამ ორ ქვეყანას შორის ახლა კი ამ ტრაგედიის მსხვერპლთა გადასვენების საკითხი გახდა გაურკვევლობის საფუძველი. სავარაუდოა, რომ ეს თემა მალე მოგვარდება კიევსა და ვარშავას შორის.
- პოლონეთი ნატოს პარტნიორებისაგან დამოუკიდებლად განიხილავს რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების აუცილებლობას პოლონეთის საჰაერო სივრცეში ან მის სიახლოვეს. ეს ძალიან სწორი ნაბიჯია და ერთგვარი ზეწოლაცაა დანარჩენ პარტნიორებზე, რომლებიც მაქსიმალურად დისტანცირდებიან აღნიშნული თემიდან. არადა ნათელია, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ეშინია და ის შეგნებულად არღვევს ხოლმე ნატოს საჰაერო სივრცეს და ამით ძალის დემონსტრირებასთან ერთად გაურკვევლობა შეაქვს მოკავშირეთა რიგებში.
- ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე რუსეთმა დღეს გამთენიას ქალაქი ლვივი (ლვოვი) დაბომბა. დაღუპულები მშვიდობიანი მოსახლეობაა. საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა რუსეთის მხრიდან არაახალია. საშიში კიდევ ისაა, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივი არ უნდა გახდეს. ძალიან მძიმე პრეცედენტები იქმნება კრემლის მიერ წარმოებულ გენოციდურ ომში.
საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.