USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება 30 აგვისტოს მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
дата:  1937
- უკრაინაში F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც გამოცდილი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის მიზეზი ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა პილოტის შეცდომამ ან ე.წ. "მეგობრულმა ცეცხლმა" გამოიწვია (ანუ უკრაინელებმა შესაძლოა შემთხვევით ჩამოაგდეს). შემთხვევა მოხდა რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვის მოგერიების დროს. ამ მოვლენის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაათავისუფლა ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკი. ოლეშჩუკის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების მოქმედ მეთაურად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივონოჟკო.
- უკრაინული სამხედრო ძალების წინსვლა კურსკის ოლქში გრძელდება, რაც რუსეთს აიძულებს დამატებითი თავდაცვის ზომები მიიღოს. რუსულმა მხარემ ლგოვის, კურჩატოვისა და უშუალოდ ქალაქი კურსკის გარშემო ახალი ზღუდეები და სანგრები გააკეთა. ეს ქმედებები მიზნად ისახავს უკრაინული შეტევების შეჩერებას და ოლქის სტრატეგიული პოზიციების დაცვას. აშკარაა, რომ რუსები კვლავ ფიქრობენ, რომ უკრაინელთა ახალი შეტევა გამორიცხული არ არის.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალებიც განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს, მაგრამ ზურგში მყოფი დანაყოფები აგრეთვე თხრიან სანგრებს და ემზადებიან თავდაცვისათვის.
- კურსკის ოლქში უკრაინელები კვლავ ცდილობენ ოპერატიულ ალყაში მყოფი გლუშკოვოს რაიონის დაკავებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო ხიდები - პონტონები - არსებობს, უკრაინელები ცდილობენ მათ აღმოჩენას და საარტილერიო დამუშავებას. რუსები ჩივიან, რომ ფრონტის ხაზის გვერდის ავლით კვლავ გამოჩნდნენ უკრაინული მცირე, მობილური დივერსიული ჯგუფები.
- რუსული ძალები უტევენ დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვეს სიახლოვეს. კუხაროვე ქალაქი დონეცკიდან დასავლეთით მდებარეობს, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წყლის რეზერვუარიცაა წარმოდგენილი. მიუხედავად ინტენსიური შეტევის მცდელობებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებისა, უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული იერიში ამ მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე უკრაინულმა ძალებმა წინა წლიდან შექმნილი მტკიცე თავდაცვის ზღუდეები გაამყარეს, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად გაუმკლავდნენ რუსეთის შეტევებს.
- პოკროვსკის მონაკვეთზე სიტუაცია კვლავ რთულია. უკრაინული ძალები რუსული ნაწილების ინტენსიურ იერიშებს უპირისპირდებიან. რუსები უტევენ მცირე დანაყოფებით, 5-10 კაციანი რაზმებით, რათა შეტევას უწყვეტი ხასიათი ჰქონდეს და გარკვეულ მონაკვეთებში ალყის იმიტაცია შეიქმნას. თუმცა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რუსული დაწოლა სელიდოვესა და ჰროდივკაზე შეფერხდა - უკრაინელებმა იერიშები მოიგერიეს. ეს შეჩერება უკრაინულ ძალებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ თავიანთი პოზიციები უფრო ღრმად, უშუალოდ პოკროვსკისაკენ.
- ბელარუსმა 2024 წლის 3-27 სექტემბერს დასავლეთ უკრაინის და პოლონეთის საზღვართან, კერძოდ ბრესტის რეგიონში, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაგეგმა. ამ მანევრებში ჩართულია მექანიზებული სამხედრო ძალები. აღნიშნული წვრთნები უფრო ფსიქოლოგიური დაძაბულობის გაზრდას ემსახურება უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა რეალისტურად ნაკლებად სავარაუდოა რაიმე სამხედრო ქმედება მოჰყვეს. უშუალოდ ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ეს წვრთნები მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს, თუმცა უკრაინისა და პოლონეთის წარმომადგენლები ამ ქმედებებს აფასებენ როგორც პოტენციური აგრესიულ ნაბიჯს და აფრთხილებენ კიდეც არც განიხილოს რუსულ აგრესიაში რაიმე ფორმით ჩარევა.
ბელარუსმა 2023 წელს დიდი რაოდენობით ტექნიკა გადასცა რუსეთს, რამაც მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო დაასუსტა. სავარაუდოა, რომ კურსკის ოპერაციის შემდეგ რუსეთმა კიდევ მოსთხოვა მინსკს შეიარაღების გადაცემა. რაც ზრდის დეფიციტს. ბელარუსის მთელი არმია 60 ათასი სამხედროსაგან შედგება, რომელთაგანაც მიჩნეულია რომ 20 ათასამდე თუა საბრძოლო მზადყოფნაში. აქედან გამომდინარე ლუკაშენკას მხრიდან ასეთ მანევრებს მართლაც მოჰყვეს რაიმე ნაკლებ სავარაუდოა.
- რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე, პაველ პოპოვი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. როგორც გამომძიებლებმა განაცხადეს, პოპოვს ბრალად ედება მოსკოვის მახლობლად მდებარე სამხედრო თემატიკის პარკ "პატრიოტის" რესურსების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლისთვის. კორუფცია რუსეთის არმიაში ისედაც ენდემურია და ყველაა ჩართული ამ პროცესში. თუ გასვრილი არ ხარ და კომპრომატი არ აქვთ შენზე ვერ დაწინაურდები და ვერც პოზიციას შეინარჩუნებ.
ახლა პოპოვის დაკავება ერთის მხრივ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, გერასიმოვის კლანის დასუსტებას ემსახურება, ხოლო მეორეს მხრივ პუტინის მხრიდან პერიოდული წმენდების ნაწილია. შეგახსენებთ, რომ წელს ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო მაღალი რანგის პირების დაპატიმრებები. თუკი 2023 წელს ვაგნერის მაღალჩინოსნებისა და მათი მხარდამჭერების წმენდა მოხდა, ახლა შოიგუს კლანი სუსტდება. ჯერ იყო ტიმურ ივანოვი, ახლა პოპოვი.
- გერმანიის ქალაქ ტროისდორფში, თავდაცვის საწარმო Diehl Defence-ზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა როდესაც მიმდინარეობდა შემოწმება. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყოს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს ინციდენტი შეიძლება რუსული დივერსიის შედეგი იყოს, რადგან ცოტა ხნის წინ, მაისის დასაწყისში, იგივე კომპანიაში, ბერლინში, ცეცხლი გაჩნდა, სადაც უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი იწარმოებოდა. ამის მსგავსი ინციდენტები ევროპის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე მოხდა.
- რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკივზე მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს და 12 სართულიანი კორპუსი დაბომბეს. არის მსხვერპლი და ეს კვლავ მშვიდობიან მოსახლეობაშია. რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულები გრძელდება. ამას უკრაინულმა მხარემ მყისიერად უპასუხა: უკრაინის საპასუხო სამიზნე რუსეთის ქალაქი ბელგოროდისა და ქალაქი კურსკის შემოგარენი იყო.
- ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩადის, მიუხედავად იმისა, რომ მასზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ ძებნაა გამოცხადებული, ხოლო მონღოლეთი ICC-ს სტატუტის ხელმომწერია. პუტინის მონღოლეთში ვიზიტი კრემლის ძალის დემონსტრაციის მცდელობაა და იმავდროულად ხაზს უსვამს ჰააგის სასამართლოს გავლენის სისუსტეს. ამ ფონზე, დასავლეთმა უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოს და მინიმუმ, უკრაინისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას.
ახლა კი მინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო კურსკის ოლქში უკრაინელთა პოტენციური მიზნები და შედეგები:
>> უკრაინელებისათვის პრიორიტეტი იყო საბრძოლო მოქმედებებისას ინიციატივის დაბრუნება და მორალის ამაღლება. ორივე შედგა.
>>უკრაინელებისათვის ღირეული გახლდათ გაწვეული წვევამდელების ხელში ჩაგდება და გასაცვლელი სამხედროების რაოდენობის ზრდა. ამასთან გაწვეულების დატყვევება მოწინააღმდეგის დემორალიზაციაზე განსაკუთრებულად იმოქმედა. ეს შედეგიც მიღწეულ იქნა.
>> უკრაინელებისათვის აუცილებელი იყო ერთ მიმართულებაზე მაინც რუსული დაწოლის შემცირება. ხარკივის ოლქის სასაზღვრო რაიონებში რუსული იერიშები შეჩერდა, დავარდა ტემპი ხარკივი-ლუგანსკის ოლქების საზღვარზეც, ხოლო ზაპორიჟიადან რუსული ნაწილების მოხსნამ, რობოტინესთან უკრაინული მდგომარეობა გააუმჯობესა.
>> უკრაინელებისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ კრემლის მიერ დადგენილი კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთილიყო და გამოჩენილიყო რომ რუსული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მაშინაც კი ცარიელი აღმოჩნდა, როდესაც ომმა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია.
>> უკრაინელებისათის პრიორიტეტი იყო ყოველგვარი საუბარი კონფლიქტის გაყინვაზე გაჩერებულიყო. ამ იდეას დასავლეთში კრემლი აქტიურად ავრცელებდა. კურსკის ოლქის ოპერაციის შემდეგ მსგავსი საუბარი შეჩერდა. ეს მიზანიც მიღწეულია.
>> უკრაინელებისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ რუსეთს ეგრძნო ომი საკუთარ თავზე. იგრძნო კიდეც - 200 ათასამდე დევნილით, დაბომბილი ინფსრასტრუქტურითა და ოკუპირებული ტერიტორიებით, 1944 წლის შემდეგ პირველად.
>> უკრაინელებისათვის სასურველი იყო სუმის ოლქისათვის დამცავი ფარის გაკეთება და რუსების მხრიდან მაისში დაწყებული ხარკივის სასაზღვრო ოპერაციის მსგავსი რამის არდაშვება. ეს მიზანიც შედგა.
>> ნებისმიერი ტერიტორიის ფლობა მნიშვნელოვანია შემდგომი პოტენციური მოლაპარაკებებისას. გაცვლა თუ გინდა ჯერ რაღაცას უნდა ფლობდე. ეს მიზანიც მიღწეულია.
დანაკარგებს რაც შეეხება: შეტევითი ოპერაციის პირობებში უკრაინელებს იმაზე ნაკლები აქვთ დანაკარგები, ვიდრე თავდაცვაში ყოფნისას აქვთ იგივე დონბასში. ხოლო შეტევა და ინიციატივის დაბრუნება დანაკარგის გარეშე არ არსებობს.
კურსკის ოპერაცია ომში სამხედრო თვალსაზრისით სტრატეგიულ გარდატეხას ვერ შეიტანდა და ვერც შეიტანს, მაგრამ პროგრამა მინიმუმიც მიღწეულია და პროგრამა შუალედურიც, განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით.
мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати