USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება (22.08.2024) - გიორგი კობერიძე
Date:  1244
- წუხელ ვოლგოგრადის ოლქში, ახალგარემონტებული, სტრატეგიული მნიშვნელობის მარინოვკას აეროდრომი დაიბომბა. აეროდრომზე მრავალფუნქციური ბომბდამშენები ს-34-ები იყო განთავსებული. მსგავსი სტრატეგიული ობიექტის დაბომბვა და ავიაციის განადგურება/დაზიანება/გამოთიშვა ომის მიმდინარეობაზე ისახება და მნიშვნელოვნად აქვეითებს რუსეთის შემტევ პოტენციალს. მაგრამ აღნიშნულ წერტილზე იერიში კიდევ ერთ რამეზეც მიუთითებს - რუსეთი საკმაოდ ცუდადაა დაცული - მისი ტერიტორიული სიდიდე მის პრობლემად იქცა, რადგან ყველა წერტილსა და ყველა მონაკვეთს ვერ დაიცავ.
- კურსკის ოლქში, უკრაინელებმა კრასნოოკტიაბრსკოე აიღეს მდინარე სუმის ნაპირზე. გლუშკოვოს რაიონში ნელ-ნელა დაიწყო ოპერატიულ ალყაში მოქცეული რუსული ნაწილების განადგურება და დატყვევება. რუსები დამატებით ცდილობენ სამხედრო ხიდებით - პონტონებით - ჩარჩენილი რუსი სამხედროების მომარაგებას, მაგრამ უკრაინული არტილერია და ავიაცია ძალიან აქტიურად ურტყამს მათ. რეალურად, რუსების მდინარე სეიმის სამხრეთით ოპერატიულ ალყაში ჩარჩენა (ამ ეტაპზე, მიზანმიმართული არ გაყვანა) უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ვიდრე სამხედრო, იმ გაგებით, რომ გენშტაბს კრემლთან დასამტკიცებელი აქვს, უბრძოლველად არ დაგვითმია ეს ტერიტორიაო. მაგრამ მისი შენარჩუნებისათვის ბრძოლა იმაზე ძვირად შეიძლება დაუჯდეს კრემლს, ვიდრე უშუალოდ ამ ტერიტორიის მნიშვნელობაა. ზოგადად, ომში ყველაფერს თავისი ფასი აქვს და ზოგჯერ მხოლოდ უგუნურებაა გაიღო ყველაფერი იმაზე ნაკლებისთვის, ვიდრე რაიმე ღირს. მაგრამ რუსეთში პოლიტიკური პოზიცია ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მეტად ფასობს.
- კურსკის ოლქში უკრაინული შეტევის შესაჩერებლად რუსეთის გენშტაბმა ელიტური ნაწილებიც კი ჩართო. საჰაერო სადესანტო ძალები და საზღვაო ქვეითები კალინინგრადის გარდა ყირიმიდანაც კი ჰყავთ გადმოსროლილი. მაგრამ მოცემულ რეალობაში უკრაინული წინსვლის შეჩერებას ამით ვერ ახერხებენ.
- ქერჩის ხიდის სიახლოვეს, კრასნოდარის ოლქის მხარეს უკრაინელებმა პორტ "კავკაზის" სანაპიროზე რუსული სამხედრო-სატვირთო ნავთობმზიდი ჩაძირეს, რომელსაც 30 ცისტერნა საწვავი გადაჰქონდა. იმ ფონზე, რომ როსტოვის ოლქში მეხუთე დღეა რუსული ნავთობტერმინალი ჩაუქრობლად იწვის, მსგავსი იერიში ყირიმის ხიდის სიახლოვეს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო და ფსიქოლოგიური დარტყმაა რუსული ლოჯისტიკისა და სამხედრო-პოლიტიკური ნების წინააღმდეგ. გავიმეორებ: ბრძოლას იგებენ სამხედროები, ომს კი ლოჯისტიკა. საწვავის გარეშე საბრძოლო მანქანა უბრალოდ ჯართია.
- უკრაინის მესამე მოიერიშე ბრიგადა ხარკივის (ხარკოვის) ოლქში შეტევაზე გადავიდა და ორი კილომეტრით წაიწია ლუგანსკის ოლქის მიმართულებით. ეს მონაკვეთი რუსეთის საზღვართან არ მდებარეობს, სადაც ვოვჩანსკის ჩრდილოეთ ნაწილში კვლავ აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არამედ სამხრეთით, მდინარე ჩრდილოეთის დონეცსა და კუპიანსკს შორის. რუსები ამ მონაკვეთზე წელიწადზე დიდი ხანია აქტიურობენ.
- ზაპორიჟიას ოლქის გაგრძელებაზე (ტექნიკურად, მიკოლაივის ოლქში), უკრაინელებმა კინბურნის ცელაზე რუსული იარაღის საწყობი გაანადგურეს. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმით, რომ სანაპირო ზოლის შვერილს წარმოადგენს და ძალიან ღრმად შედის შავ ზღვაში, ხერსონისა და მიკოლაივის სიახლოვეს. ბოლო თვეებში არაერთი დაბომბვა თუ საზღვაო-სამხედრო ოპერაცია განახორციელეს უკრაინელებმა ცელაზე მყოფი რუსული ნაწილების წინააღმდეგ. ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად შერეული შედეგით დასრულდა.
რასაც ბოლო ორი კვირაა აქტიურად ვხედავთ არის ის, რომ ომი სრულმასშტაბიანად გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე.
შეჯამების ბოლოს მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის წითელი ხაზები, რომელიც კრემლმა დახაზა და ყველა ღიმილისმომგვრელი და ფუჭი გამოდგა:
- კრემლი იმუქრებოდა იარაღს თუ მიაწვდით უკრაინას ეს წითელი ხაზი იქნებაო. - უკრაინამ მიიღო დასავლური შეიარაღება;
- კრემლი იმუქრებოდა - უკრაინა თუკი ყირიმში რუსულ ნაწილებს დაბომბავს ეს წითელ ხაზს გადაკვეთსო. - თითქმის ყველა სახის იარაღით რამდენჯერმე დაიბომბა რუსული ნაწილები ყირიმში;
- კრემლი იმუქრებოდა ყირიმის ხიდს არაფერი დაემართოსო - ორჯერ იქნა ხიდი აფეთქებული/დაზიანებული.
- კრემლი იმუქრებოდა ნატო აღარ უნდა გაფართოვდესო თორემ წითელი ხაზი გადაიკვეთებაო - ომის დაწყებიდან დღემდე ფინეთი და შვედეთი შევიდა ნატოში და რუსეთ-ნატოს საზღვარი 1350 კილომეტრით გაიზარდა;
- კრემლი იმუქრებოდა რუსეთის ტერიტორია არ დაიბომბოს, წითელი ხაზიაო - აგერ ყოველდღიურად იბომბება რუსეთი;
- კრემლი იმუქრებოდა რუსეთის ტერიტორიაზე ომი არ გადავიდესო - უკრაინელები კურსკის ოლქში არიან და შეტაკებებია ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო ზონებში.
tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way