USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რუსეთ-უკრაინის ომი შეჯამება (21.08.2024) - გიორგი კობერიძე
თარიღი:  1201
- რუსები ჩივიან რომ სასაზღვრო შეტაკებები მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ბრიანსკის ოლქის კლიმოვსკის რაიონში, რომელიც თავისმხრივ ბელარუსსაც ესაზღვრება. რთულია იმის დადგენა რა მასშტაბის შეტაკებებთან გვაქვს საქმე ან სულაც ეს ყველაფერი რუსული პროპაგანდის ნაწილი ხომ არაა, შემდგომ "დიდი უკრაინული შეტევის" მოგერიების შესახებ რომ უპატაკონ კრემლს, მაგრამ თუკი იერიშები მართლაც მიმდინარეობს ეს მნიშვნელოვანი იქნება ორი რამით: 1. რაც მეტ წერტილში აიძულებენ რუსებს ძალების დაქსაქსვას, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს; 2. ბრიანსკის ოლქი რუსულ-ბელარუსს შორის და ბელარუსის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, ჰომელისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
- წუხელ მასირებული იერიშები განხორციელდა რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს კურსკის, როსტოვისა და ბელგოროდის ოლქები, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოსკოვი იყო, რომლის შემოგარენსაც კი მისწვდნენ უკრაინელები. აფეთქებების შედეგად გაჩნდა ხანძარი. მოსკოვზე იერიშს სამხედროსთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. რუსულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ელიტამ თუ იგრძნო რომ ომი მათგან შორს არაა, ეს პუტინის ძალაუფლებას შეარყევს.
უშუალოდ როსტოვის ოლქში კი დაბომბვისას ნოვოშახტინსკიში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S300 დაიბომბა.
- ოთხი დღის წინ დაბომბილ როსტოვის ოლქის პროლეტარსკის ნავთობტერმინალი დღესაც იწვის და ცეცხლი ახალ-ახალ რეზერვუარებს ედება. რუსი მეხანძრეები მას ვერ აქრობენ. აღნიშნული ნავთობტერმინალი როგორც ომის წარმოებისათვისაა მნიშვნელოვანი, ისე რუსული ბაზრისთვისაა ღირებული. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ნათელია, რომ რუსეთი ეფექტური თავდაცვითი ომისთვის არაა მზად და ძალიან დიდ საფასურს იხდის.
- კურსკის ოლქში უკრაინელებმა დასახლება რუსკაია კონოპელკა დაიკავეს. ეს ნიშნავს, რომ კურსკის ოლქში, დასახლება კორენევოში მყოფი რუსული ნაწილების ალყაში მოხვედრის საშიშროება არსებობს. ბრძოლა უშუალოდ დასახლებაში და მის შემოგარენში კვლავ აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
- კურსკის ოლქში მდინარე სეიმის სამხრეთით, გლუშკოვოს რაიონში მყოფი რუსული ნაწილების საარტილერიო დამუშავება დაიწყო. უკრაინული HIMARS აქტიურად ბომბავს რუსულ პოზიციებსა და სამხედრო პონტონურ ხიდებს. რეალურად არსებობს საფრთხე, რომ რუსები ამ სექტორში იმაზე მეტ მსხვერპლს მიიღებენ, ვიდრე კურსკის ოპერაციის სხვა ნებისმიერ მიმართულებაზე მიიღეს, რადგან ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდა, რომ რუსებს რამდენიმე ბატალიონი ჰყავთ ამ მიმართულების დაცვაზე გადასროლილი. პონტონური ხიდების გარეშე ან მათზე პერმანენტული იერიშებით, გლუშკოვოს რაიონში ჩარჩენილი რუსები დიდი ხნით ვერ დარჩებიან, ხოლო თუ დარჩებიან მნიშვნელოვან მსხვერპლს გაიღებენ.
- უშალოდ უკრაინაში, დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და ტორეცკეს მიმართულებაზე რუსები ტალღებად აგრძელებენ შეტევას. ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის ვითარებას წააგავს, სადაც საბჭოთა კავშირი საკუთარ მოსახლეობას ტალღებად უშვებდა იერიშებზე. ერთი ნაწილის განადგურების შემდეგ კი ხალხის მეორე ტალღა მოსდევდა. ახლაც ამ მიმართულებაზე სწორედ დიდი მასით ცდილობს რუსეთი უკრაინელთა დაჯაბნას. 2023 წლის შემოდგომიდან რუსებმა დაახლოებით 100 ათას კაციან დაჯგუფებას მოუყარეს თავი და ბახმუტის (ახლა უკვე ჩასივ იარის), ტორეცკესა და ავდიივკა (ახლა უკვე პორკოვსკის) სექტორზე გადაანაწილეს. სწორედ ოქტომბრიდან დაწყებული უწყვეტი იერიშების გაგრძელებას ვადევნებთ ახლა თვალს. ცხადია რუსების დანაკარგებიდან გამომდინარე რუსული ნაწილების რაოდენობამ იკლო, მაგრამ გაწვევებისა და მობილიზების ხარჯზე მაინც ხერხდებოდა შევსება. ახლა რუსების რიგები ნაკლებადღა ივსება და შეტევების გასაგრძელებლად ბოლო რეზერვებსაც რთავენ. მათი მიზანი პოკროვსკისა და ტორეცკეს აღებაა, რომლის შემდეგაც - 1. პოკროვკის მიმართულებაზე დონეცკის ოლქის დასავლეთ საზღვართან მიღწევა იქნება შესაძლებელი; 2. ხოლო ტორეცკეს სექტორში კოსტიანტინივკამდე მისვლა, რომელიც ჩასივ იართან ერთად, ერთგვარი ფარია ორი დიდი უკრაინული ქალაქისა - კრამატორკის და სლავიანსკის. ცხადია, ამ ყველაფერს დიდი რესურსების სჭირდება, რაც რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ პუტინს კურსკში მარცხის გამო გამარჯვებები ესაჭიროება, რის გამოც შეიძლება მართლაც უწყვეტი ტალღოვანი შეტევა, რუსული ნაწილების შეწირვა და მასობრივი განადგურება ვიხილოთ.
არის მეორე ვარიანტი და ეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებაა. როგორც წერენ ამაზე კრემლში მიმდინარეობს საუბრები, მაგრამ ორი განსხვავებული პოზიცია არსებობს - ეკონომიკური და სამხედრო. ეკონომიკური პოზიცია ნათელია - მასობრივად გაწვეული ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოქალაქეები ისედაც დეფიციტურ მუშახელს კიდევ უფრო შეამცირებს. ომს კი მხოლოდ ბრძოლებში ვერ მოიგებ. მას ეკონომიკა და სახალხო მხარდაჭერა/ნება უნდა უმაგრებდეს ზურგს. ახალი და საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში მოსახლეობის გადინების ახალი ეტაპი იქნება. და იმაზე მძიმე ვიდრე ნაწილობრივი მობილიზაციისას იყო. ეს ვითარება კი არცერთი სახელმწიფოსათვის არაა ადვილად გადასატანი. მით უფრო რომ რუსეთიდან ბოლო ორი წელია მილიონობით ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი მოქალაქე გარბის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუკი ეკონომიკა დასუსტდება ან ჩამოიშლება ფრონტის ხაზზე მომარაგებაც ჩამოიშლება. ეკონომიკურ სირთულეებს პოლიტიკური სირთულეებიც მოსდევს ხოლმე - უკმაყოფილო მოსახლეობა, რომელსაც დეფიციტი ექნება პროდუქციაზე და მსხვერპლი საკუთარ გარემოში, ომის მხარდამჭერად არ გამოდგება. ეს ყველაფერი რუსეთმა უკვე გამოიარა ერთხელ, პირველი მსოფლიო ომის დროს და ძალიან დიდი ფასიც გადაიხადა.
არის ერთი ფაქტორიც - პუტინი მარტო არ მართავს. მას ოლიგარქები და სილოვიკები უმაგრებენ ზურგს. მათი ნების გათვალისწინება პუტინს მოუწევს.
სამხედრო თვალსაზრისი კი ეკონომიკურის საწინააღმდეგო მოსაზრებაა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ომს ვერ მოიგებს თუკი მასით არ დაჯაბნის მოწინააღმდეგეს. ახლა დაღუპულებში შეფარდება ისეთია, რომ უკრაინის გენშტაბის უფროსს, სირსკის თუ დავეყრდნობით უკრაინას დაახლოებით სამჯერ და ზოგიერთი მიმართულებით ოთხჯერ ნაკლები აქვს დანაკარგი (ლოგიკურია, დაახლოებით თანაბარ პირობებში, როგორც წესი, შემტევი მხარე სამჯერ ან ხუთასჯერ მეტ დანაკარგს იღებს). ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს მობილიზაციის გარეშე ომის მოგების შანსები ბრძოლის ველზე მინიმალური ექნება. ცხადია ომს მხოლოდ ბრძოლის ველზე არ იგებენ და დამარცხებული მხარე ხშირად უბრალოდ ნებას და რწმენას კარგავს გამარჯვებისა, მაგრამ ახლა, კურსკის ოპერაციის ფონზე რუსეთს უფრო აქვს დაკარგული რწმენა და მორალი ვიდრე უკრაინას. ბრძოლის ველზე კი რუსული დანაკარგები ისეთია, რომ საბრძოლო მოქმედებების ამ მასშტაბის გაგრძელების შემთხვევაში, მობილიზაციის გარეშე, ცოცხალი ძალის დეფიციტი გაჩნდება რუსეთის რიგებში. გაწვეული წვევამდელების ეფექტურობაზე დაყრდნობა უშედეგოა. და ეს კურსკში უკვე ვნახეთ რატომაც.
- პუტინი ჩეჩნეთშია. იგი ჩეჩნეთში 2011 წლის შემდეგ პირველადაა ჩასული. ის კადიროვსა და მის გარემოცვას ხვდება და თანაც დიდი პატივით. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა მიზეზით არის საინტერესო. პუტინი თავის გარემოცვას აღარ ენდობა და მათ კონტროლს კადიროველებისა და როსგვარდიის მეშვეობით ცდილობს. ეს კი ინდიკატორია, რომ პუტინს რუსეთში სრული კონტროლის დასამყარებლად ძალის დემონსტრირება და მისი ერთგული ხალხი სჭირდება. კადიროვი არც უბრალო ჩეჩნებს უყვართ და არც რუსებს. შესაბამისად, კადიროველებს ყველაფერი აქვთ დასაკარგი - საკუთარი სიცოცხლეც კი. ამიტომაცაა, რომ ისინი თავის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს იზამენ - ფრონტის ხაზიდან პირველები გამოიქცევიან, მაგრამ რუსეთში კონტროლის შენარჩუნებაში კი დაეხმარებიან პუტინს.
- საინტერესოა რომ რუსმა პროპაგანდისტებმა კურსკის ამბების გაშუქება ისე დაიწყეს, თითქოს ეს ნორმალური პროცესი იყოს. ისინი საზოგადოების შეგუებაზე მუშაობენ. მაგრამ როგორც ქვეყნიდან გაქცეული რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, ეს იმიტომ ხდება, რომ პუტინს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ეშინია. განსაკუთრებით ერიდება უკრაინული არმიის შესვლის შემდეგ კურსკის ოლქში გახარებული და კმაყოფილი რუსების ხილვის, რადგან ფიქრობს, რომ ამან შეიძლება სხვა რეგიონებსაც სტიმული მისცეს წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებს გადახედონ. და რადგან კურსკის ოლქში მარცხის ნორმალიზებას ცდილობს პუტინი, ომში მარცხის შემთხვევაში ამის ნორმალიზებასაც შეეცდება. რუსეთი ხომ მეტწილად პროპაგანდის იმპერიაა.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის