USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«Hürriyet» (თურქეთი): „ნუ გაუშვებთ შანსს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - საქართველოს - დასათვალიერებლად“
Date:  269

თურქულ გაზეთ „ჰურიეთში“ (Hürriyet) რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნუ გაუშვებთ შანსს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დასათვალიერებლად“ (ავტორი - ფირატ ყარადენიზი), რომელშიც საქართველოში (აჭარაში) მოგზაურობის შთაბეჭდილებებია გადმოცემული და თურქი ტურისტებისთვის ერთგვარ მოკლე გზამკვლევს წარმოადგენს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამინდები სულ უფრო ცხელი ხდება - ზაფხული ძალაში შედის. და თუ თქვენ ეგეოსის ზღვა და საერთოდ, ხმელთაშუაზღვისპირეთი უკვე მოგწყინდათ, დროა თქვენს საექსკურსიო სიაში  ბათუმში მოკლევადიანი მარშრუტი დაამატოთ. ბათუმისა და მთლიანად აჭარის ბუნების სილამაზე ბევრ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში სამოგზაუროდ ვიზა არ დაგჭირდებათ - ჩვენს მეზობელთან უკვე დიდი ხანია მხოლოდ პირადობის მოწმობებით დავდივართ.

ბათუმი საზღვრიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ოდესღაც ჩვენ იქ ძირითადად საბჭოური ტექნოლოგიებით დამზადებული ნივთების საყიდლად დავდიოდით, მაგრამ ახლა ქალაქში, ვარსკვლავური სასტუმროების კაზინოების გარდა, უფრო სხვა მნიშვნელოვანი ღისშესანიშნაობების ნახვა შეგიძლიათ, პლუს ულამაზესი ბუნება, თუ თქვენ ბუნების თაყვანისმცემელი ბრძანდებით.

შავი ზღვის სანაპირო, რომელიც „ალისა და ნინოს“ ფიგურებით არის დამშვენებული. ანბანის კოშკი, რომელიც უნიკალურ ქართულ ანბანს ეძღვნება. დიდი გასართობ-დასასვვენებლი პარკები, სადაც ზაფხულობით უამრავი ფესტივალები და კონცერტები ტარდება - ეს ყველაფერი იდეალური ადგილებია ქალაქის გაცნობისათვის. თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ პიაცას მოედანზე, რომელიც იტალიური არქიტექტურის მიხედვით არის მოწყობილი და სადაც თქვენ ქალაქის ძველ იერ-სახეს ნახავთ. შენობების სტილში ქალაქის მრავალფენიანი ისტორიაა გამოხატული - ოსმანური, რუსულ-საბჭოური და ადრეული დამოუკიდებელი ქართული არქიტექტურა ერთმანეთშია გადახლართული. ბათუმის ისტორია, საერთოდ, რომის იმპერიის პერიოდიდან იწყება და თუ იმდრონდელი შენობების ნანგრევების ნახვა გაინტერესებთ, მაშინ გონიოში (ძველბერძნულ აფსაროსში) გამგზავრება მოგიწევთ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს.

ნამდვილი საგანძური

ბათუმი - ერთი მხრივ, უძველესი და მეორე მხრივ, სუპერთანამედროვე ნაგებობებით... თუმცა, ჩემი აზრით, ბათუმისა და საერთოდ, მთელი ავტონომიური აჭარის ყველაზე დიდ განძს მისი ბუნება წარმოადგენს. რასაკვირველია, მე ჩვენი, თურქეთის შავიზღვისპირა ლამაზი ბუნებაც ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ აჭარის ბუნება, როგორც ამბობენ ხოლმე, „ნამდვილად ხელუხლებელია“.

აჭარის რეგიონი, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება, ღვინის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, პირველყოფილ ზონას წარმოადგენს. ღვინო ქართველებისათვის საამაყო სასმელად ითვლება. ქართველებს ღვინის დაყენებისა და სმის უამრავი ტრადიცია აქვთ. შედით აჭარის  ღვინის სახლში და ქვეყნის კულტურის ისტორიას მოისმენთ... ამ ადგილში, რომელიც მწვანით შემოსილ მთებს შორის მდებარეობს, თავს იტალიურ ტოსკანაში იგრძნობთ.

ზემოთჩამოთვლილებთან ერთად, ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულებაც, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დათვალიერება 20 ლარი ღირს, თუმცა ფასი არაფერია იმ საკვირველებასთან შედარებით, რასაც იქ ნახავთ: ბათუმის ბაღი „მშობლიური სახლია“ ათასობით სახეობის მცენარეებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. აქ არის ბევრი ბილიკი და ტერასებიდან გადასახედები, საიდანაც მოგზაურის წინაშე ულამაზესი ხედები იშლება. მსურველებს შეუძლიათ ბაღში კარავი გაშალონ და დაბანაკდნენ ერთი დღე-ღამით (ფასი 50 ლარი). იმდენად, რამდენადაც ბათუმი და მისი შემოგარენი ფრინველთა მიგრაციულ დერეფანში იმყოფება, აქ მთელი მსოფლიოს ორნიტოლოგები ჩამოდიან დაკვირვების მიზნით. ტარდება გარეული ფრინველების მოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალიც.

თუ ბოტანიკური ბაღის სიმყუდროვე არ მოგეწონებათ, მაშინ ადრენალინის მოყვარულებს შეგიძლიათ ზიპლაინით (დიდ სიმაღლეზე გაჭიმული ფოლადის ბაგირზე გადაადგილებით)  დაკავდეთ, ან ზემოდან გადმოხედოთ ბათუმს პარაპლანით ფრენისას.

სახელგანთქმული ხაჭაპური და ხინკალი

როცა ღვინოზე ვლაპარაკობთ, იქ ხაჭაპურზე და ხინკალზეც ვისაუბროთ. აჭარლებს თავიანთი უნიკალური ღვეზელი აქვთ - აჭარული ხაჭაპური (ანუ ქართული პიცა). თურქეთშიც გვაქვს მსგავსი ღვეზელი, ბევრი მაქვს დაგემოვნებული, მაგრამ აჭარული ხაჭაპური ჩვენსაზე ნამდვილად უკეთესია.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი საჭმელი, რომლის დიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ცნობილი - ხინკალი. მასში ქართული სამზარეულოს მთავარი თვისებები მოჩანს - ქართველთა ეროვნული ხასიათი, მრავალფეროვნება, ტრადიციული კვების პროდუქტები: ხორბლის ფქვილი, ხორცი, ცხარე სანელებლები...

წყარო: https://www.hurriyet.com.tr/seyahat/kuzeydeki-komsumuza-da-sans-verelim-42472334

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way