USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Hrot» (ჩეხეთი): „თუ დასავლეთი რუსეთის აქტივებს უკრაინას გადასცემს, კრემლი შურს იძიებს“
Date:  578

ჩეხური გამოცემა „ჰროტი“ (Hrot – „სიმაღლე“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თუ დასავლეთი რუსეთის აქტივებს უკრაინას გადასცემს, კრემლი შურს იძიებს“ (ავტორი - ფრენსის ნოვაკი), რომელშიც განხილულია „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების განზრახვა საზღვარგარეთ არსებული რუსული აქტივების (ფინანსების) კონფისკაციისა და  უკრაინისთვის მათი გადაცემის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სურთ ისარგებლონ საზღვარგარეთ არსებული რუსული აქტივებით (მოცულობა - 300 მილიარდი დოლარი) და ეს თანხა მთლიანად უკრაინას გადასცეს ეკონომიკის აღსადგენად. თავის მხრივ, კრემლი, იმუქრება, რომ დასავლეთს თუ რაიმე ქონება კიდევ დარჩა რუსეთში, ჩამოართმევს და სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადებს.

თუ „ძლიერნი ამა სოფლისა“ – „G7“-ის წევრები - აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, კანადა და საფრანგეთი, აგრეთვე ევროკავშირის ხელმძღვანელობა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს გაყინავს, მათი უკრაინისათვის გადასაცემად, მაში კრემლი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს და იგივე გაუკეთებს დასავლეთი აქტივებს რუსეთში - გამოაცხადებს უცხოეთის აქტივების ნაციონალიზებას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

რუსული წყაროების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირდაპირი ინვესტიციები რუსეთში დღეისათვის დაახლოებით 288 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ეს თანხა კიდევ შეიძლება გაიზარდოს „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეთა ფინანსების ხარჯზე, რომლებსაც რუსულ ბანკებში კიდევ რამდენიმე მილიარდი დოლარი აქვთ შენახული.

უცხოელთა თანხა საკმარისი იქნება, რომ რუსეთმა მათი კონფისკაციით შესაბამისი კონპენსაცია მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ „შვიდეული“ თავის განზრახვას შეასრულებს და კრემლის აქტივებს გაასხვისებს.

დასავლეთში არავინ იცის, თუ რამდენი თანხა აქვთ დაბანდებული რუსეთში დასავლურ კომპანიებს და კერძო მოქალაქეებს. კრემლის მონაცემებით, თუ საქმე დასავლეთის ქონების ნაციონალიზაციამდე მივა, ყველაზე ძალიან დაზარალდება ევროკავშირი, რომლის აქტივები რუსეთში 223,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან:

პირველ ადგილზეა კვიპროსის ფირმები, რომლებიც ფლობენ 98,3 მილიარდ დოლარს (კუნძულზე ბევრი რუსი ცხოვრობს კვიპროსის პასპორტით);

მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რომლის კომპანიებს რუსეთში 50,1 მილიარდი დოლარის აქტივები აქვთ;

მესამეზე - გერმანია (17,3 მილიარდი დოლარის აქტივები);

მეოთხეზე - საფრანგეთი (16,6 მილიარდით);

მეხუთეზე - იტალია (12,9 მილიარდი დოლარით).

მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს აგრეთვე შვეიცარია - 28,5 მილიარდი დოლარით, დიდი ბრიტანეთი - 18,9 მილიარდი. აშშ-ის კომპანიების წილი 9,6 მილიარდი დოლარს წარმოადგენს. კანადა, სავარაუდოდ დაკარგავს 2,9 მილიარდ დოლარს, ხოლო იაპონია - 4,6 მილიარდს.

უკრაინის დასავლელი მოკავშირეების განზრახვამ, შეიძლება ითქვას, ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა ძალიან აღაშფოთა: „ჩვენი ფულის უკრაინისათვის გადაცემა ნამდვილი ქურდობაა“, - განაცხადა კრემლის პრესმდივნმა სიმიტრი პესკოვმა.

თავის მხრივ, დასავლეთს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ზუსტად. თუ როგორ განახორციელოს რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი აქტივების კონფისკაციის ლეგალიზება, რომელიც დასავლური ბანკების სეიფებში ინახება. საერთაშორისო სამართლის ბევრი სპეციალისტი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ასეთ უპრეცედენტო ნაბიჯს უკურეაქციის გამოწვევა შუძლია: საქმე ეხება დასავლეთის ნდობის დაცემას მსოფლიო ფინანსური სისტემის დონეზე. საბოლოო ჯამში ინვესტორები, განსაკუთრებით აზიიდან, იფიქრებენ, რომ ამერიკულ და ევროპულ ვალიუტებს, რომლებიც ბევრი ქვეყნებისათვის სარეზერვო ვალუტას წარმოადგენს, მაინცდამაინც მტკიცედ არ უნდა ენდონ.

ამჟამად კრემლი დასავლური კომპანიების რუსული ბაზრიდან წასვლას ბლოკავს და თუ მათ წასვლაზე თანხმობა ეძლევათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდ თანხას გადაიხდიან, ანუ დიდ დანაკარგების ფასად. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირადად აკონტროლებს დასავლეთის ქვეყნების მსხვილი კომპანიების მდგომარეობას და პირობებსაც ის კარნახოსბ, თუ რომელმა რა ქონება უნდა დატოვოს რუსეთში, კრემლის სასარგებლოდ.

წყარო: https://www.tydenikhrot.cz/clanek/rusko-se-bude-mstit-zapadu-planuje-znarodnit-veskera-nepratelska-aktiva

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way