ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) ჩართულია საარბიტრაჟო დავაში - ამერიკული ენერგოკომპანია Frontera ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან კომპენსაციის სახით $3.5 მილიარდს მოითხოვს.
Frontera საქართველოში 1997 წელს შემოვიდა. 1997 წელსვე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელი მოაწერა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში “XII სალიცენზიო ბლოკზე”.
უფრო კონკრეტულად კი, "ფრონტერას" მოპოვებითი ინფრასტრუქტურა ტარიბანის ველზე, მწარეხევში და სოფელ მირზაანში მდებარეობს (გარე კახეთი). კომპანიას თითოეულ პუნქტში რამდენიმე ჭაბურღილი აქვს განთავსებული. საქართველოს გარდა, კომპანია მოლდოვაშიც საქმიანობს. "ფრონტერა" საქართველოში ორი შპს-ის მეშვეობით შპს „ფრონტერა ისტერნჯორჯიასა” და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”-ს მეშვეობით ოპერირებს.
სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება მოპოვებული პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ (Profit Sharing Agreement) ჩანაწერს შეიცავს, რაც Frontera-ს სახელმწიფოსადმი პასუხისმგებელს ხდის.
შევარდნაძის დროს "ფრონტერასთან" გაფორმებული ხელშეკრულების სახელია - “პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულება” - რაც მიანიშნებს იმაზე, რომ თავის დროზე აღნიშნული კომპანიის მერ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც განიხილებოდა. თავად დოკუმენტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და ის საჯარო არაა.
დღემდე საქართველოში ბუნებრივი აირისა და ნავთობის ადგილობრივი მოპოვება მთლიანი ენერგომოხმარების 1%-ზე ნაკლებს შეადგენს, რაც სათანადო მარაგების არარსებობით/ან მათი დღემდე აღმოუჩენლობით არის განპირობებული.
Frontera-მ საქართველოში ყველაზე ხმამაღალი განცხადება 2016 წლის პირველ თებერვალს გააკეთა. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტს შეადგენდეს და რომ საქართველოს ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვებით ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ექსპორტიორად გახდომა შეეძლო.
ამ განცხადებიდან მალევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა, დროის გასვლის შემდეგ კი ნათელი გახდა, რომ კომპანიის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მაშინ ენერგეტიკის სამინისტროსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, Frontera-მ საკუთარი “აღმოჩენის” ტექნიკური დასაბუთება არ წარადგინა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2016 წლის პირველი აგვისტოსთვის Frontera-ს საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა გადაეხადა $30 მილიონი, რაც შემოსავლის გაყოფის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 2016 წლის ივლისში გაირკვა, რომ "ფრონტერამ" ამ გადახდაზე პასუხისმგებელი კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო.
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში "ფრონტერასა" და გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის დავა მიმდინარეობდა, თუმცა საჯაროდ აღნიშნული დავის შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.
აღნიშნული საჯაროდ მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგების გამოქვეყნებით გახდა ცნობილი.
აუდიტორულ ანგარიშგებაში ეწერა, რომ 2018 წლის ივლისში “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” და “საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” Frontera-ს მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს. საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების PSA (შემოსავლის გაყოფის) მუხლების დარღვევას უკავშირდებოდა. კიდევ ერთი მუხლი აღნიშნულ დავაში, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანება იყო, რომლის გადახდასაც კომპანია თავს არიდებდა.
თუმცა როგორც ირკვევა, 2018 წლის სექტემბერში Frontera-მ საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია სარჩელში 2012-2027 წლების “მიუღებელი მოგების” ანაზღაურებას ითხოვს, რასაც $3.5 მილიარდად აფასებს. KPMG-ის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაცია მიიჩნევს, რომ Frontera-ს სარჩელი უსაფუძვლოა და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მათი პოზიციის გათვალისწინების ალბათობა მინიმალურია.
2019 წლის იანვარში Frontera ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM) მოიხსნა. ვაჭრობიდან მოხსნის მიზეზს საფონდო ბირჟაზე Frontera-ს დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობა კი, თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნას წარმოადგენდა. მაშინ Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა.
იქამდე კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული.
2016 წლის ანგარიშგებაში კომპანიას $3,116,970-ის შემოსავალი (ნავთობისა და გაზის რეალიზაციის შემოსავალი) და $23,606,430-ის სრული ზარალი ჰქონდა მითითებული. "ფრონტერას" ვებგვერდზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიშგება 2018 წლის შუალედური ანგარიშია. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2018 წლის 6 თვეში $1,832,407, ხოლო სრული ზარალი კი - $6,978,138-ს შეადგენდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე დავის შესახებ განცხადებები ვაშინგტონში გაკეთდა.
2019 წლის 28 თებერვალს კონგრესმენმა მარკვეინ მულინმა წარადგინა კანონპროექტი Georgian Fair Business Practices Sanctions Act of 2019. ამ კანონპროექტში წერია: “თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ "ფრონტერას" დავას უკავშირდებოდა.
რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და საქართველოს სახელმწიფოს ამერიკელი ინვესტორის მიმართ სამართლიანი თამაშის წესების გამოყენებისკენ მოუწოდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში BMG-ის განუცხადეს, რომ ამჟამად დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, თავად საქმის განმხილველი არბიტრები კი ორივე მხარის მიერ არის შერჩეული.
"საარბიტრაჟო წარმოება Frontera Resources Georgia Corporation-ის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტიდან გამომდინარე და კონტრაქტით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით.
არბიტრაჟი მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული UNCITRAL-ის საარბიტრჟო წესების მიხედვით. მხარეებმა პარიტეტულ საწყისებზე ჩამოაყალიბეს საარბიტრაჟო ტრიბუნალი. არბიტრაჟის ერთი წევრი კორპორაციისა და სააგენტოს მიერაა დანიშნული, მეორე - Frontera Resources Georgia Corporation-ის მიერ, ხოლო მესამე მათ მიერ შერჩეულია. ამდენად, დავის განმხილველი არბიტრაჟი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
დავის დაწყების დღიდან ქართული მხარე (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო) თავს იკავებს კომპანიის საქმიანობაში ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისგან. ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მოლოდინში ვართ და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამდენად, აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კორპორაციის ან სააგენტოს დევნის ან ექსპროპრიაციის მცდელობებს მიმართავს", - ამბობს GOGC-ის მრჩეველი ვაჟა ხიდაშელი.
ამასთანავე, კორპორაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ კორპორაციამ ფრონტერას" მორიგება შესთავაზა, თუმცა აღნიშნულ წინადადებაზე კომპანიისგან უარი მიიღო.
"საარბიტრაჟო წარმოების დაწყების დროიდან და მანამდეც Frontera Resources მიმართავდა აქტიურ ლობისტურ კამპანიას აშშ-ში, რომლის მიზანი, ჩემი შეფასებით, იყო ქართულ მხარეზე ზეგავლენის მოხდენა და დავის თავიდან აცილება. ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ნავთობისა და გაზის სააგენტოს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის სენატის და წარმომადგეობითი პალატის იმ წევრებს შორის, რომელთაც შეშფოთება გამოთქვეს Frontera Resources Georgia Corporation-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების თაობაზე. მათ მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები. ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საუბარია კომერციული ურთიერთობიდან გამომდინარე დავაზე და რომ ქართული მხარე კანონიერების პრინციპის და მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ნორმების სრული დაცვით მოქმედებს. გადაწყვეტილება საარბიტრაჟო წარმოების დაწყების შესახებ იმას უკავშირდებაა, რომ ქართულ მხარეს სერიოზული საფუძველი აქვს ამტკიცოს „ფრონტერას“ მიერ სახელშეკრულებო პორობების შეუსრულებლობა ფაქტი, თუმცა ჩვენ დაველოდებოდით საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და ჩვენი შემდგომი მოქმედებაც ამ გადაწყვეტილების პატივისცემით და სრული დაცვით წარიმართება. ადრესატებს შორის კონგრესმენი მულინიც იყო, რომელმაც, თუ სწორედ მახსოვს, გამოთქვა მოსაზრება უთანხმოების მედიაციის გზით მოგვარების თაობაზე, რასაც ჩვენ თანხმობით ვუპასუხეთ, თუმცა Frontera Resources Georgia Corporation-ის უარის გამო ეს იდეა ვერ იქნა განხორციელებული", - ამბობს ვაჟა ხიდაშელი.
წყარო:https://bm.ge/