USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 9 სექტემბერს?
дата:  557

9 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი პიმენ დიდი (+დაახლ. 450)

ღირსი პიმენ დიდი დაახლოებით 340 წელს დაიბადა ეგვიპტეში. ანგელოზებრივი ცხოვრების მაძიებელმა, ძმებთან - ანუბისა (ხს. 5 ივნისს) და პაისისთან ერთად დატოვა ეს სოფელი, ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ მოსაგრეებს დედამ ჩააკითხა, მაგრამ ისინი სენაკებიდან არ გამოვიდნენ. ქალი დიდხანს იდგა და ტიროდა. ბოლოს პიმენმა დახურული კარებიდან გამოსძახა: „თუ ჩვენთან დროებით განშორებას გადაიტან, მომავალ ცხოვრებაში კვლავ გვიხილავ; ღვთის კაცთმოყვარეობის იმედი გვაქვს!“ დედა ამ სიტყვებზე დამშვიდდა და ნუგეშინისცემული დაბრუნდა შინ. ერთხელ, როცა ხმა ღირსი პიმენის ღვაწლისა და სათნოებების შესახებ მთელ ქვეყანას მოედო, ოლქის მმართველმა მისი მონახულება ისურვა. ბერმა იფიქრა, თუ დიდებულებმა დაიწყეს ჩემთან სიარული, მთელი ხალხიც მათ მიჰბაძავს, რაც ხელს შემიშლის მდუმარებაში და, ალბათ, ამპარტავნებაშიც ჩამაგდებსო და გამოგზავნილები უარით გაისტუმრა. მმართველი დამწუხრდა; მაგრამ ისე ძლიერ სურდა დიდი მოსაგრის ხილვა, რომ მან წმიდანის დატუსაღებული დისწულის გათავისუფლება აღუთქვა მშობლებს წმიდა პიმენის მასთან შეხვედრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პყრობილის სიკვდილით დასჯით იმუქრებოდა. მწუხარებისგან გონდაკარგული და სირბილით მივიდა წმიდანთან დახმარების სათხოვნელად. მან კარებიც არ გაუღო და ყვედრების პასუხად ეს მიუგო მხოლოდ: „პიმენს შვილები არა ჰყავს - ამიტომ არ ტკივა გული“. მწარე პასუხით სასოწარკვეთილი დედა ტირილითა და ძმის წყევლით გაბრუნდა უკან; მთავარს კი ღირსი მამის ხილვის იმედი საბოლოოდ რომ გადაეწურა, თქვა, რამე მომწეროსო მაინც. ეს თხოვნა კი შეუსრულა მეუდაბნოემ - მისწერა: „თუ თქვენი ხელმწიფება ჭაბუკის საქმის გადასინჯვას ინებებს და დარწმუნდება, რომ იგი სიკვდილს იმსახურებს - მოკვდეს, რომ დროებითი სასჯელით საუკუნო სატანჯველებს გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაულს სიკვდილი არ შეეფარდება, შესაფერი განაჩენი გამოუტანეთ და გაათავისუფლეთ“. წმიდანის ხელნაწერის მიღებით გახარებულმა მმართველმა ყმაწვილი დაუყოვნებლივ გაუშვა საპყრობილიდან.

ღირსი პიმენი მკაცრი მმარხველი იყო და კვირების, ზოგჯერ მეტი ხნის მანძილზეც არ ღებულობდა საზრდელს; სხვებს კი ურჩევდა, ყოველდღე ეჭამათ, მაგრამ არა სიმაძღრემდე. ერთ ბერს, რომელიც საკუთარ თავს ნებას აძლევდა, მხოლოდ ყოველ მეშვიდე დღეს მიეღო საჭმელი, ძმებს კი ურისხდებოდა, წმიდანმა უთხრა: „ექვსდღიანი მარხვა გისწავლია, მრისხანებისაგან კი ერთი დღეც ვერ იკავებ თავს“. კითხვაზე, რაა უკეთესი - ლაპარაკი თუ დუმილი, მეუდაბნოემ უპასუხა: „ვინც ღვთის სადიდებლად ლაპარაკობს, - კარგს აკეთებს, და ვინც დუმს ღვთისთვის - ისიც კარგად იქცევა“; „ხდება ხოლმე, - ამბობდა ნეტარი მამა, - რომ ადამიანი გარეგნულად სიტყვაძვირი ჩანს, მაგრამ თუ ის გულში სხვებს განიკითხავს, მაშინ ყოველთვის ლაპარაკობს. არიან ისეთებიც, ენით მთელი დღე რომ საუბრობენ, მაგრამ შინაგანად მდუმარებენ, რადგან არავის განიკითხავენ“. ბერების შეკითხვაზე: „როცა ღვთისმსახურების დროს მთვლემარე ძმას ვნახავთ, უნდა ვუბიძგოთ მას, რომ გამოვაღვიძოთ?“ ნეტარმა უპასუხა: „ამგვარ შემთხვევაში მე მის თავს კალთაში ჩავიდებდი, რომ უფრო ტკბილად დაესვენა“.

„ადამიანს სამი რამ მართებს: ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და კაცთათვის სიკეთის კეთება“, - ამბობდა ღირსი პიმენი. „ბოროტება ბოროტებით არ აღმოიფხვრება. თუ ვინმემ გიმტრო, სიკეთით უპასუხე, და შენი სიკეთე დათრგუნავს მის ღვარძლს“. ნეტარ მამას ჩვევად ჰქონდა სამოღვაწეო ადგილის ხშირი ცვლა, რითაც კაცთამიერი დიდების საფრთხეს არიდებდა თავს. ერთხელ იგი მოწაფეებთან ერთად ეგვიპტის უდაბნოში ჩავიდა და სავანე დააარსა. ამ დროს აქ ცხოვრობდა ბერი, რომელსაც მტკიცე სარწმუნოებისა და კეთილმსახურების გამო ყველანი თაყვანს სცემდნენ და თავიანთ მეოხად თვლიდნენ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მორწმუნეები მისგან ლოცვა-კურთხევისა და რჩევების მისაღებად; მაგრამ როცა სიახლოვეს პიმენი გამოჩნდა, ხალხის უმეტესობამ მას მიაშურა. ამან მეუდაბნოე განარისხა, ჩამოსულისადმი შურით აღივსო და მის ყოველ საქციელში მხოლოდ ცუდს ხედავდა. ეს რომ შეიტყო, პიმენი მეტად დამწუხრდა და მოწაფეებს უთხრა: „ძმებო! რა ვუყოთ ამ ქარაფშუტა ხალხს, ასეთი წმიდა მოსაგრე რომ დატოვა და ჩვენთან, არაფრის მაქნისებთან მოდის? რითი ვუწამლოთ დიდი მამის რისხვას?! - წავიდეთ, ვევედროთ, იქნებ გული მოვულბოთ“. წმიდანი ძმებთან ერთად მიადგა ბერის სენაკს ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. გულნატკენმა მამამ უარი განაცხადა სტუმრების მიღებაზე, მაგრამ პიმენი და მისი ძმები საშინელ პაპანაქებაში მანამ იდგნენ ფეხმოუცვლელად, სანამ მათი თავმდაბლობითა და მორჩილებით შეძრულ მასპინძელს ბოღმა სრულიად არ განუქარდა და სიყვარულით არ გაუღო კარები. მნახველებთან საუბრის შემდეგ ბერმა თქვა: „მართლაც რომ ჭეშმარიტება ყოფილა, რაც თქვენზე მსმენია; მეტიც, მე თქვენში ასჯერ უფრო მეტ სიკეთეს ვხედავ!“

 ერთხელ წმიდა მეუდაბნოესთან შორეული ქვეყნიდან ბერი მოვიდა სულიერი სარგებლის მისაღებად. ნეტარი ტკბილად შეხვდა მოსულს, მაგრამ როცა მან ამაღლებულსა და ძნელადმისაწვდომზე დაიწყო საუბარი, თვალები დახარა და მისი ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. სტუმარი დაემშვიდობა წმიდანს და, სენაკიდან გამოსულმა, პიმენის მოწაფეს შესჩივლა: „ამაოდ დავშვერი! მინდოდა რამე მესწავლა, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე!“ როცა ეს ღირს მამას გადასცეს, მან თქვა: „ის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საგნებზე საუბრობდა. მათ შესახებ მე რისი სწავლება შემეძლო? ადამიანურ სისუსტეებზე რომ ელაპარაკა, სიამოვნებით ვუპასუხებდი“. მაშინ ქედმაღალი ბერი კვლავ შებრუნდა სენაკში და, სირცხვილეულმა, დაიწყო: „მამაო, რა ვქნა, სრულიად დამიტყვევეს ვნებებმა!“ პიმენმა მას კეთილი და მხიარული მზერა შეაგება: „ახლა კი კარგ და სასარგებლო საქმეზე ხარ მოსული!“ შემდეგ დიდხანს, საღამომდე საუბრობდა მოსულთან და ისიც სულით განმხიარულებული დაბრუნდა თავის უდაბნოში.

ღირსი პიმენი გარდაიცვალა 450 წელს, ასათი წლის ასაკში.

წმიდა ოსია აღმსარებელი, კორდუბელი ეპისკოპოსი (+359)

წმიდა ოსია აღმსარებელი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სამოცზე მეტი წლის მანძილზე წინამძღვრობდა კორდოვის (ესპანეთი) ეკლესიას. წმიდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337) დიდ პატივს სცემდა მას და თავის უახლოეს მრჩევლადაც გაიხადა. სწორედ ოსიას რჩევით მოიწვია ღვთისმოყვარე ხელისუფალმა ნიკეის I მსოფლიო კრება 325 წელს. წმიდა მამა ამ კრების ყოველი დადგენილების ქვეშ პირველი აწერდა ხელს. 347 წელს იგი თავმჯდომარეობდა სარდის ადგილობრივ კრებას. წმიდა კონსტანტინე დიდის მიცვალების შემდეგ ოსია მტკიცედ იცავდა მღვდელმთავარ ათანასე ალექსანდრიელს არიანელი იმპერატორის კონსტანციუსისაგან (337-361), რისთვისაც სირმიაში გაასახლეს. უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა 359 წელს, კორდოვაში დაბრუნების შემდეგ.

წმიდა ლიბერიოსი, რომის პაპი (+366)

 წმიდა ლიბერიოს აღმსარებელი, რომის პაპი 352 წელს, პაპი იულიუსის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში რომის ეკლესიას. იგი გაბედულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას არიანელთაგან. მწვალებლობისკენ მიდრეკილმა იმპერატორმა კონსტანციუსმა (337-361) ვერ შეძლო პაპი ლიბერიოსი მართლმადიდებლობის უარყოფაზეც დაეყოლიებინა და იგი ბერიაში (თრაკია) გადაასახლა, მაგრამ მალე რომაელთა დაჟინებული მოთხოვნით უკანვე გამოიწვია. დაბრუნებამდე მღვდელმთავარი ლიბერიოსი სირმიაში შეკრებილ მესამე, ნახევრად არიანულ კრებაზე გამოიძახეს და აიძულეს, ხელი მოეწერა მის დადგენილებებზე. შემდგომში წმიდა მღვდელმთავარი საშინლად ნანობდა თავის ამ საქციელს და სინანულის ღირსი ნაყოფის გამოსაღებად კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით იღვწოდა რომში მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. ნეტარი ლიბერიოსი 366 წელს მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი პიმენ პალესტინელი (+დაახლ. 602)

ღირსი პიმენ პალესტინელი VI საუკუნეში ცხოვრობდა რუბის უდაბნოში. მის შესახებ მოგვითხრობენ ნეტარი მამები სოფრონი და იოანე „ლიმონარის“ ასსამოცდამეშვიდე თავში. ერთხელ, ზამთარში, ღირს პიმენთან ბერი აღათონიკე მივიდა სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად და ღამე მეზობელ მღვიმეში გაათია. დილით მან წმიდანს უთხრა, ღამის სუსხში საშინლად გავიტანჯეო, რაზეც პიმენმა მიუგო: სიცივე არც მიგრძვნია, რადგან ლომი მოვიდა, გვერდით მომიწვა და გამათბოო. „მაგრამ, - დაამატა მოსაგრემ, - უწყოდე, რომ მე მხეცები დამფლეთენ, იმიტომ, რომ როცა ერში ვცხოვრობდი და ცხვრებს ვმწყემსავდი, ჩემმა ნაგაზებმა მახლობლად მიმავალი ერთი კაცი დაფლითეს. მე შემეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სწორედ მაშინ მეუწყა, რომ ამგვარივე სიკვდილით მოვკვდებოდი“. ასეც მოხდა: სამი წლის შემდეგ პიმენ პალესტინელი მხეცებმა დაგლიჯეს. ეს მოხდა VI საუკუნის მიწურულს.

ღირსი ანთისა

 ღირსი ანთისა ქრისტეს აღსარებისთვის ღრმა ჭაში ჩააგდეს. ზოგ ძეგლებში, სხვა წყაროებისაგან განსხვავებით, მას ახალს უწოდებენ, მაგრამ არ არის ცნობილი, თუ სად და როდის მოღვაწეობდა.

ღირსი საბა

ღირსი საბა ბენეთალექში მოსაგრეობდა. ამ ადგილის მდებარეობა და ნეტარი მამის მოღვაწეობის დრო უცნობია.

ღირსი საბატი სოლოვკელი (+1434)

 

 

Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати