9 ივლისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მომსვლელს. უვნებლობას მიღწეულ, მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.
ღირსი დავითი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 540 წელს.
წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.