USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 9 აგვისტოს?
Date:  459

9 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი (+305)

დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის“, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი - „ყოვლად ლომი“ დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, „განსწავლა იგი სიბრძნესა და მწიგნობრობასა“, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს, რომელიც „ჰკურნებნ მეფესა და ყოველსა ერსა პალატისა მისისასა“.

გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე (ხს. 26 ივლისს) ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, პატიოსანმა მამამ უთხრა: „შვილო ჩემო, ასკლიბიოს და ბაგრატ და გალიანოს არარანი იყვნენ, რამეთუ მსახურებდეს ამაოებასა; და ღმერთნიც, რომელთა ჰმონებდეს მეფ ჱ თქუენი, არარანი არიან“, შემდეგ კი ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.

ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, „განცუიბრდა და მცირედ განდგა კიდე“, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: „ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაჲთა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაჲ ესე სახელითა შენითა!“ ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. „მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ“, მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.

ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. „შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეჲ იგი მისი“ და მიზეზს ეძიებდნენ ნეტარის დასაღუპავად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული „ჰკურნებს... მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაჲსა“, და თუ დროზე არ წარწყმედ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაჰკიდეს, რკინის სამთითებით „ხუეტეს“ და „დაბძარეს“ ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი - ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: „აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაჲ“, უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ „წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტჱსსა“.

გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ „ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა“, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს ნეტარი, მიიყვანეს „ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაჲ წმიდისაჲ მის“ და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი „არარაჲ ევნო“. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, „ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ“.

ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: „უკუეთუ თქუენ არა ჰყოთ ესე, არა გაქუს ჩემ თანა ნაწილი“. მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს, „და ესრეთ მოჰკუეთეს თავი მისი“. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფებით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305). უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასოჲ და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ.

დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.

ღირსი ანთისა იღუმენია (VIII)

ღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში. იგი ადრევე განერიდა ამსოფლიურ ამაოებას და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმიდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ვაჟისა და ქალის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს. ნეტარმა დედამ ღვთივსათნოდ განვლო მიწიერი ცხოვრება და წმინდანთა დასს შეერთო.

მოციქულთასწორნი: კლიმენტი ეპისკოპოსი (+916), ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი (X)

წმიდა მოციქულთასწორნი: კლიმენტი ოჰრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები იყვნენ, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მოწაფეები. თავდაპირველად ისინი მორავიის განსანათლებლად იღვწოდნენ. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურობდნენ.

სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა მისიონერთა ძლიერი ლათინ-გერმანული ჯგუფი, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები - და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც - სამსჯავროს გადასცეს. წმიდა მამები სასტიკად აწამეს: გაშიშვლებულებს ათრევდნენ ეკალ-ბარდებზე, შემდეგ კი დიდხანს ტანჯავდნენ საპყრობილეში ისევე, როგორც მათ სულიერ მამას - წმიდა მეთოდეს.

886 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი - ახალგაზრდები ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას.

მალე წმიდა ანგელარი გარდაიცვალა, წმიდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში - კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შემსრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიჭირა.

მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ამასთან, იგი დაუცხრომლად ეძიებდა რჩეულებს სლავურენოვანი მრევლიდან და ღვთისმსახურებად ამზადებდა. წმიდა მწყემსმთავარი ღრმა სიბერემდე იღვწოდა უფლის სადიდებლად. როცა დაუძლურდა, წმიდანი ოჰრიდში, მის მიერვე დაარსებულ მონასტერში გაემგზავრა დასასვენებლად. აქ იგი განაგრძობდა მთარგმნელობით მოღვაწეობას - თარგმნა ზატიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. მალე ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს და ოჰრიდის წმიდა პანტელეიმონის მონასტერში დაფლეს.

წმიდა კლიმენტი ითვლება პირველ სლავ მწერლად: მან არა მარტო განაგრძო კირილესა და მეთოდეს მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მოღვაწეობა, არამედ დაგვიტოვა ორიგინალური ნაწერებიც - სლავური სასულიერო მწერლობის პირველი ნიმუშები.

ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი - მისივე სახელობის მონასტარში, ოჰრიდის ტბის მახლობლად.

ღირსი გერმანე ალასკელი (+1837)

ღირსი გერმანე ალასკელი დაიბადა მოსკოვისპირა ქალაქ სერპუხოვში, ვაჭრის ოჯახში 1757 წელს. მისი ერისკაცობის სახელი და გვარი უცნობია. ნეტარი თექვსმეტი წლის იყო, როცა ამსოფელს განერიდა. თავდაპირველად იგი პეტერბურგის მახლობლად, ფინეთის ყურესთან მდებარე სერგის წმიდა სამების სავანეში მოსაგრეობდა; დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ კი, განმარტოებისა და მდუმარების მაძიებელმა, ვალაამს მიაშურა: ლადოგის ტბის სანაპიროზე გაშენებული ეს მონასტერი წელიწადში თითქმის რვა თვის მანძილზე მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.

სხვადასხვა მორჩილების საქმეებით საგულდაგულო გამოცდის შემდეგ იღუმენმა ნაზარმა ჭაბუკ მოსაგრეს ტყეში, განკრძალულ ადგილას დაყუდების კურთხევა მისცა.

ფიქრობენ, რომ ღირსი გერმანე 1778 წელს დამკვიდრდა ვალაამზე. იმავე წელს მივიდა საროვის უდაბნოში ნეტარი სერაფიმეც. წმიდა გერმანეს ცხოვრება ვალაამის კუნძულზე ზედმიწევნით ჩამოჰგავს დიდი საროველი საკვირველთმოქმედის ღვაწლს. ღირსი სერაფიმეს მსგავსად, ვალაამელი მოსაგრეც საღვთო წერილისა და მსოფლიო ეკლესიის წმიდა მამების ნაწერების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩეოდა.

ვალაამზე თხუთმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ უფალმა წმიდა გერმანეს მოციქულებრივი ღვაწლისკენ მოუწოდა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაგზავნა ალასკის ნაკლებდასახლებული, მკაცრი მხარისა და მისი მიმდებარე კუნძულების წარმართი მოსახლეობის გასანათლებლად. ამ მიზნით 1793 წელს შეიქმნა სასულიერო მისია. მის ხელმძღვანელად დაინიშნა არქიმანდრიტი იოასაფი (ბოლოტოვი), ვალაამის მონასტრის ბერი. მისიის თანამშრომლებს შორის კიდევ ხუთი ვალაამელი მამა იყო და მათ შორის - ღირსი გერმანეც.

კუნძულ ვადიაკზე ჩასული მისიონერები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას და ქადაგებას. ახალ სამოღვაწეო ადგილას მამა გერმანე თავდაპირველად საცხობში აღასრულებდა მორჩილებას და მისიის სამეურნეო ნაწილს განაგებდა.

1799 წელს, ქარიშხლის დროს არქიმანდრიტი იოასაფი თანამგზავრებთან ერთად ოკეანეში დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილ მისიონერთა დასახმარებლად 1804 წელს მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელ-მონაზონი გედეონი გაგზავნეს ალექსანდრე ნეველის ლავრიდან. 1807 წელს მამა გედეონმა საბოლოოდ დატოვა მისიონერთა ბანაკი და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ღირს გერმანეს, რომელიც აღსასრულამდე მინდობილი მისიის სულიერი მამა და მოძღვარი იყო და ერთგულ დარაჯად ედგა პირმეტყველ ცხოვართა სულებს. ნეტარ მამას ჯერ მღვდელ-მონაზვნად, შემდეგ კი არქიმანდრიტად უპირებდნენ კურთხევას, მაგრამ მან თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და უბრალო ბერად დარჩა.

ღირსი გერმანე ჭეშმარიტად კეთილ მწყემსად მოევლინა ადგილობრივ მოსახლეობას. ღირს მამას წინასწარ განეცხადა თავისი აღსასრულის დრო და დაიბარა, როგორ დაეკრძალათ. 1837 წლის 13 დეკემბერს მან მოწაფეებს სთხოვა, ხატების წინ სანთლები დაენთოთ, „საქმე მოციქულთას“ კითხვა დააწყებინა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს წმინდანი ოთხმოცდაერთი წლისა იყო.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way