USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 7 სექტემბერს?
дата:  695

7 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი (VI)

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს.

როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში - წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული.

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი - კრეტელი ეპისკოპოსი (I)

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი, კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან; როგორც მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) გვამცნობს, მას ქალწულება დაუმარხავს.

ოცი წლის ასაკში ნეტარს ძილში ჩაესმა ხმა, დაეტევებინა ელინური ამაოდბრძნობა და საცხოვნებელი სწავლება მოეძია. შემდეგაც, ზეგარდმო მიენიშნა, ღვთის წმიდა წინასწარმეტყველთა წიგნებს გასცნობოდა. უფლის რჩეულს პირველად ესაიას წინასწარმეტყველების წაკითხვა მოუხდა.

როცა კრეტამდე მოაღწია ხმამ პალესტინაში გამოჩენილი დიდი წინასწარმეტყველისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ, კუნძულის მმართველმა, ტიტეს ღვიძლმა ბიძამ წმიდანი იერუსალიმში გაგზავნა - სურდა შეეტყო, რამდენად შეეფერებოდა განაგონი ამბები ჭეშმარიტებას. ეს წინასწარმეტყველი იყო თავად უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცი შეისხა ქალწულ მარიამისაგან და ამქვეყნად გარდამოხდა პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად.

იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილა განკაცებული ღმერთი, მოისმინა მისი ქადაგება და ირწმუნა, რომ მის წინ აღთქმული მესია იდგა. ნეტარი, მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულებისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა. სულთმოფენობის დღეს შემოკრებილ ხალხში მდგარ წმიდანს ესმოდა, თუ როგორ ალაპარაკდა სულიწმიდის მადლით თორმეტი მოციქული სხვადასხვა ენაზე (საქმე. 2.11). წმიდა ტიტემ პავლე მოციქულის ხელით იღო ნათელი და მისი უახლოესი მოწაფე შეიქნა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს, მოციქულთა თავმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს. როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისათვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ ჰორტინას დაუბრუნდა.

ერთხელ, ქალღმერთ დიანას დღესასწაულზე ტიტე შემოკრებილ წარმართებს შორის ქადაგებდა. როცა ნახა, რომ მას არავინ უსმენდა, მხურვალედ შესთხოვა უფალს, თვითონ დაერწმუნებინა გზაშეცდომილი ხალხი ცრუღმერთების უსუსურობაში. შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა: დიანას კერპი ჩამოვარდა და ყველას თვალწინ ნამსხვრევებად იქცა. სხვა დროს მოციქულმა უფალს შესთხოვა, არ დაეშვა ზევსის მშენებარე წარმართული ტაძრის განსრულება და იგი, მართლაც, დაინგრა. ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, ოთხმოცდათხოთმეტი წლის ასაკში. სიკვდილის წინ მისი სახე მზესავით გაბრწყინდა.

წმიდანი ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსნი და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი (IV)

წმიდა ბარსისე და ევლოგი - ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი IV საუკუნის მეორე ნახევარში აღესრულნენ. იმპერატორმა ვალენტიმ (364-378), რომელიც არიანული ერესის გავრცელებას ესწრაფოდა, მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქალაქ ედესაში მან კათედრიდან განდევნა სარწმუნოების სიწმიდისათვის მებრძოლი მღვდელმთავარი ბარსისე და კუნძულ არადის საპყრობილეში გაგზავნა. მართლმადიდებელი მოსახლეობა დევნილ მღვდელმთავარს დიდი პატივით შეხვდა. იგი უფრო შორს, ეგვიპტის ქალაქ ოქსირინთში გადაიყვანეს, მაგრამ იქაც ამგვარადვე დაუხვდნენ. მაშინ მღვდელმთავარი იმპერიის საზღვარზე, ქალაქ ფენონში გადაასახლეს, სადაც, გატანჯულმა, სული უფალს შეჰვედრა (+378).

ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწყვიტა მწვალებელთაგან დაპყრობილ ტაძრებში სიარული. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.

როცა ამის შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ეპარქ მოდესტოსს უბრძანა, დაეხოცა ყველა ქრისტიანი, რომელიც იქ გამოცხადდებოდა. ეპარქს შეებრალა ხალხი და მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, ღვთისმსახურებაზე არ მისულიყვნენ. ისინი კი პირიქით მოიქცნენ: ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულები, უკლებლივ შეიკრიბნენ ლოცვის აღსავლენად. ეპარქი მოდესტოსი, ბრძანებისამებრ, შეიარაღებული მხედრებით გაეშურა ამ ადგილისაკენ. გზად მან იხილა ქალი, რომელიც ყრმასთან ერთად მიდიოდა წამების ადგილისაკენ, მარტვილის გვირგვინის მისაღებად. ამ ამბით გაოგნებული მოდესტოსი მეომრებითურთ უკან გაბრუნდა. სამეფო კარზე წარმდგარმა დაარწმუნა იმპერატორი, შეეცვალა ბრძანება ყველა მართლმადიდებლის ამოჟლეტის შესახებ და იგი მხოლოდ ღვთისმსახურებზე გაევრცელებინა.

სასულიერო პირები უხუცესი მღვდლის, ევლოგის წინამძღვრობით იმპერატორს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალი ეცადა, ცრუეპისკოპოს ლუპუსთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა ისინი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაითანხმა. ამის შემდეგ ოთხმოცი ღვთისმსახური ბორკილებასხმული გაგზავნეს თრაკიის საპყრობილეში. გზაში მართლმორწმუნეები დიდი პატივით ეგებებოდნენ წმიდა აღმსარებლებს და საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ ისინი და სხვადასხვა ადგილებში მიმოეფანტათ.

წმიდა ხუცესი ევლოგი და პროტოგენი თებაიდის ქალაქ ანტინოეში გაგზავნეს, სადაც მათ თავიანთი ქადაგებით ბევრი კერპთმსახური მოაქციეს და მონათლეს. როცა იმპერატორი ვალენტი დაიღუპა, ტახტზე ასულმა კეთილმსახურმა მეფე თეოდოსიმ (379-395), დევნის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი აღმსარებლები გადასახლებიდან დააბრუნა.

გარდაცვლილი წმიდა ეპისკოპოსის, ბარსისეს ნაცვლად ხუცესი ევლოგი აკურთხეს ედესელ მღვდელმთავრად, წმიდა პროტოგენს კი მესოპოტამიის ქალაქ კარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდანები ბრძნულად განაგებდნენ სამწყსოს, სანამ IV საუკუნის მიწურულს მშვიდობით არ გავიდნენ ამსოფლიდან.

წმიდა მინა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+552)

წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (536-552) თავდაპირველად ხუცესად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო წმიდა იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას. სათნოებებით უხვად შემკული, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი მამა ერეტიკოს ანთიმოზის (535-536) ჩამოგდების შემდეგ აღასაყდრეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ხელდასხმა აღასრულა იმჟამად კონსტანტინოპოლში მყოფმა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536). მღვდელმთავარ მინას პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში მოხდა სასწაული, რომელიც მთელს ქალაქში გახდა ცნობილი.

ერთი ებრაელის ბავშვი ტაძარში შევიდა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. როცა ამის შესახებ მან სახლში მამას მოუთხრო, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა, ყრმა შეიპყრო და გავარვარებულ ღუმელში შეაგდო, მეუღლისთვის კი არაფერი უთქვამს. სასოწარკვეთილი დედა სამი დღე ტირილით დაეძებდა შვილს და ხმამაღლა უხმობდა, სანამ ბოლოს იგი გახურებული ქურიდან არ შეეხმიანა. დედამ იქიდან გაჭირვებით გამოიყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ბიჭი ყვებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი მოდიოდა ჩემთან, ცეცხლის სიმხურვალეს განაქარვებდა და წყალსა და საზრდელს მიზიდავდაო. ამის შესახებ მღვდელმთავარმა მინამ და წმიდა იუსტინიანე I-მა შეიტყვეს. დედა-შვილი მოინათლნენ, გულგაქვავებულმა მამამ კი იმ დიდი სასწაულის მიუხედავად, რომლის მოწმეც შეიქნა, არ ისურვა ცოდვის მონანიება. მაშინ იმპერატორმა სამსჯავროს გადასცა იგი, როგორც მკვლელი და სიკვდილით დასაჯა. პატრიარქი მინა თექვსმეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმიდა სოფიას ცნობილი ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმიდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати