USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 6 სექტემბერს?
дата:  331

6 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი მამაჲ ჩვენი სერაპიონ საკვირველთმოქმედი,
ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1747)

ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.

ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, - თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო“.

სხვა დროს ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.

სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში.

მღვდელმოწამე ევტიქი - მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I)

მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ტატიონე (+305)

წმიდა მოწამე ტატიონე ცხოვრობდა ბითვინიაში. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები წმიდანი, რომელიც ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა (+ 305 ).

წმიდა მოწამე სირა ქალწული - სპარსელი (+558)

წმიდა მოწამე სირა ქალწული VI საუკუნეში ცხოვრობდა სპარსეთში. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო: სწავლობდა ლოცვებსა და ფსალმუნებს, მარხულობდა და თანდათან ეცნობოდა საღვთო წერილსა და ქრისტიანულ მოძღვრებას.

გავიდა ხანი და სირა ავად გახდა. იგი ქრისტიანულ ტაძართან მივიდა და ხუცესს სთხოვა, ცოტაოდენი მტვერი მიეცა მისთვის ეკლესიიდან - იმედოვნებდა, რომ ის განკურნავდა. მღვდელი წმიდა ქალწულს იცნობდა, როგორც კერპთმსახურს და უარით გაისტუმრა. საკუთარ უღირსობაში ღრმად დარწმუნებული სირა ოდნავადაც არ განრისხებულა, პირიქით, უფრო სასოებით აღივსო, რწმენით შეეხო ხუცესის შესამოსელს, როგორც ოდესღაც სისხლმდინარე დედაკაცი - მაცხოვრის სამოსლის „ფესვს“ (მთ. 9, 20-22) და მაშინვე განიკურნა. ნეტარის ახლობლები ხედავდნენ მის დამოკიდებულებას ქრისტიანობასთან და ყოველნაირად ცდილობდნენ, დაებრკოლებინათ იგი. მათ სირას დედინაცვალს სთხოვეს, ხელი აეღებინებინა მისთვის ამ განზრახვაზე. დედინაცვალმა მოატყუა წმიდანი, მეც ფარული ქრისტიანი ვარო - და უთხრა, ჭეშმარიტი სარწმუნოება გულით ეტარებინა, გარეგნულად კი ცეცხლთაყვანისცემა განეგრძო, რადგან, შეიძლება მას ვერ გაეძლო წამებისთვის და უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. ქალწულმა ყოყმანი დაიწყო - ნათელეღო და განცხადებულად ეღიარებინა ქრისტე, თუ ისევე დარჩენილიყო - საქმით ქურუმი და გულით ქრისტიანი. ამ სულიერ ბრძოლაში თვითონ უფალი გამოეცხადა წმიდანს. სასწაულებრივი ხილვით გაოგნებულმა სირამ გააკეთა საბოლოო არჩევანი - ეპისკოპოსთან მივიდა და ნათლისღება სთხოვა. მღვდელმთავარმა ქალწულის სურვილის შესრულება გადადო: შიშობდა, მოგვებისთვის ქრისტიანთა დევნის საბაბი არ მიეცა, თან ფიქრობდა, მამის რისხვით შეშინებულმა ასულმა, შესაძლოა, უარყოსო კიდეც ქრისტე. მან სირას ურჩია, ჯერ აშკარად ეღიარებინა თავისი სარწმუნოება ნათესავების წინაშე.

ერთხელ, დილის მსხვერპლშეწირვის დროს, წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი, სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილს დიდხანს აწამებდნენ დილეგში, მაგრამ, უფლისგან განმტკიცებულს, მაცხოვრის სასოება ოდნავადაც არ განელებია. ერთხელ სირამ მოისყიდა საკანის მცველები, ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა. წამებით მოუძლურებული წმიდანი სასიკვდილოდ დაავადდა. იგი შესთხოვდა უფალს, სნეულებით არ მოეკლა და მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გაეხადა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განკურნა. საღსალამათი ქალწული რომ იხილეს, საკნის მცველმა და ციხისთავმა გადაწყვიტეს, ძალა ეხმარათ მასზე, მაგრამ ზეგარდმო სასჯელმაც არ დააყოვნა: ერთი ლოგინად ჩავარდა, მეორეს კი სული აღმოხდა. წმიდა სირას დახრჩობა გადაუწყვიტეს.

სასიკვდილო სასჯელი განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით აღასრულეს - დროდადრო თოკს უშვებდნენ და მარტვილს ეკითხებოდნენ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლია და ცოცხლებში დარჩენა ხომ არ გსურსო. სულთმობრძავი ქრისტეს ტარიგი უარით პასუხობდა და ითხოვდა, დაეჩქარებინათ განაჩენის სისრულეში მოყვანა. სირას სხეული ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ სიწმიდეს პირი არ დააკარეს. უფლის სათნომყოფელის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს (+558).

ღირსი გიორგი ლემნოსელი (VIII)

ღირსი გიორგი ლემნოსელი დაიბადა კუნძულ ლემნოსზე. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას თმებზე ცეცხლი წაუკიდეს და, სახედამწვარს, ცხვირი მოაჭრეს. ღირსი გიორგი გარდაიცვალა დაახლოებით 716 წელს ღრმა მოხუცებულობაში.

 

аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати