USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 5 ივნისს?
дата:  1501

მღვდელმოწამე დოროთე, ტვირელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)

5(18) ივნისი

 

წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. სახარებისეული შეგონების მიხედვით: „რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მთ. 10,23), მან დატოვა ტვირი და განერიდა მტარვალებს. კონსტანტინე დიდის (306-307, ხს. 21 მაისს) მეფობისას ის დაუბრუნდა თავის საეპისკოპოსო კათედრას და 50-ზე მეტი წლის განმავლობაში ერთგულად განაგებდა სამწყსოს. როცა იულიანე განდგომილის (361-363) დროს ქრისტიანთა დევნა განახლდა, წმიდა დოროთე უკვე 100-ზე მეტი წლის იყო. მან კვლავ დატოვა ქალაქი ტვირი და მიზიის ქალაქ უდს (დღევანდელ ვარანს) მიაშურა. აქ იგი მეფის კარისკაცებმა შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ მტარვალები შეეცადნენ სატანჯველებით მოედრიკათ მხცოვანი აღმსარებელი. წმიდანი წამების დროს გარდაიცვალა (+დაახლ. 362 წელს).

წმიდა მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინე, ირინეოსი და პავმონე (IV)

5 (18) ივნისი

წმიდა მოწამენი: მარკიანე, ნიკანდრი, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სულინი, ირინეოსი და პავმონე (IV) ეგვიპტელები იყვნენ. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ისინი სასტიკად აწამეს. ცოცხალმკვდარი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. აქ მათ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და წყლულებისგან განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შიმშილისა და წყურვილისაგან დაუძლურებული წმიდანები საპყრობილეში აღესრულნენ.

ღირსი თეოდორე მეუდაბნოე (VI)

5 (18) ივნისი

ღირსი თეოდორე მეუდაბნოე ცხოვრობდა VI საუკუნეში. მან ახალგაზრდობაში დატოვა ეს სოფელი და იორდანის უდაბნოში განმარტოვდა. წმიდანს უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. ერთხელ კონსტანტინეპოლისკენ ხომალდით მგზავრობისას, ღირსი თეოდორეს ლოცვით ზღვიდან ამოღებული წყალი სასმელად ვარგისი გახდა და წყურვილი დაუოკა მის თანამგზავრებს. როცა მგზავრებმა ღირსი მამის მიმართ მადლიერების გამოხატვა დაიწყეს, წმიდა თეოდორემ მათ მიმართა: უფალმა მოწყალე თვალით მოხედა უწყლობით გათანგულ ადამიანებს და ამიტომ შეისმინა ჩემი ლოცვაო.

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)

5 (18) ივნისი

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეუდაბნოე IV საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ მან დააარსა მცირე საძმო, სადაც ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი (ხს. 27 აგვისტოს). ერთხელ ავაზაკებმა სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპეს შეაფარეს თავი, თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მთელი კვირის განმავლობაში ღირსი ანუბი ყოველ დილით წარმართულ ქანდაკებას სახეში ესროდა ქვას, საღამოობით კი ეუბნებოდა: „ვცოდე, შემინდე!“ კვირის თავზე ძმებმა აბბა ანუბის ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი ქცევა. მოძღვარმა უპასუხა, „ქანდაკება არ ბრაზდებოდა, როცა ქვას ვესროდი, და არც ამაყდებოდა, როცა პატიებას ვთხოვდი. ასე უნდა იცხოვროთ თქვენც“.

 

მიცვალებამდე სამი დღით ადრე ღრმად მოხუცებული წმიდანი მოინახულეს მეუდაბნოე მამებმა და სთხოვეს, მოეთხრო თავისი ცხოვრება ქრისტიანთა დასამოძღვრად. ღირსმა ანუბიმ უპასუხა, დიდებული და საქებარი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ბოლოს ხანგრძლივი და მხურვალე ვედრებით ბერებმა მაინც დაიყოლიეს თავმდაბალი მეუდაბნოე. ღირსი ანუბის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯალათების წინაშე ქრისტე აღიარა, მისი ბაგეები ამაო სიტყვებს არ შეუბილწავს, რადგან არ სურდა, ერთხელ ჭეშმარიტი აღსარების შემდეგ, სიცრუე ეთქვა, გულით მუდამ ღვთისკენ მიილტვოდა, არაერთხელ უხილავს უფლის საყდრის წინაშე წარმდგარი ანგელოზები და ღვთის სათნომყოფელნი; ხედავდა მართალთა საუკუნო ნეტარებას სასუფეველში და სატანისა და მის მიმდევართა ტანჯვასაც ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში. მესამე დღეს ღირსი ანუბი მიიცვალა. მისი სული ანგელოზთა გალობის თანხლებით ამაღლდა ზეცად.

ღირსი აბბა დოროთე სურიდის სავანიდან (+620)

5 (18) ივნისი

ღირსი აბბა დოროთე (VI) წმიდა იოანეს (ხს. 6 თებერვალს) მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში.

 

სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა - იგონებდა შემდგომ - წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა. არავის შეეძლო ჩემი მიზიდვა ტრაპეზზე რომელიმე მეგობართან, კითხვის გამო სასაუბროდაც არ გავდიოდი მათთან, თუმცა ყველა ძლიერ მიყვარდა. როცა ფილოსოფი გაგვათავისუფლებდა, მივდიოდი ბინაში და არ ვიცოდი, რას შევჭამდი, რადგან მენანებოდა დროის ხარჯვა სადილისთვის თადარიგის დასაჭერად“. ასე ისრუტავდა აბბა დოროთე წიგნიერ სიბრძნეს. კიდევ უფრო დიდი მოშურნეობით შეუდგა წმიდანი მონაზვნურ ღვაწლს უდაბნოში გასვლის შემდეგ. „როცა მონასტერში მივედი, - წერდა იგი, - საკუთარ თავს მივმართე, თუ გარეშე სიბრძნისათვის ამდენი სიყვარული და სითბო აღმოგაჩნდა, სათნოებებისთვის უფრო მეტი უნდა იქონიო! - და ამან განმამტკიცა“.

 

ღირსი დოროთეს მორჩილების უპირველესი საქმე მონასტერში მოსული მომლოცველების დახვედრა და მოწყობა-დაბინავება იყო. ერთ-ერთი ძმის სახსრებით ღირსმა დოროთემ ააგო საავადმყოფო, რომელშიც თავად იყო ერთი მომსახურეთაგანი. იგი იგონებდა: „მძიმე შრომისაგან ახალი გათავისუფლებული ვიყავი, როცა, მიმწუხრისას მონასტერს მწირები მოადგნენ. მთელი საღამო სტუმრებთან გავატარე. შემდგომ მექარავნეები მოვიდნენ. მათთვისაც გავამზადე ყველაფერი, რაც საჭირო იყო; ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ დასაძინებლად ახალწამოწოლილს მაღვიძებდნენ, ამასობაში ღამისთევის ლოცვების დროც მოაწევდა“. ძილს რომ შებრძოლებოდა, აბბა დოროთემ ერთ ძმას სთხოვა, მსახურების დასაწყისისთვის გაეღვიძებინა იგი, მეორეს კი ევედრა, ლოცვების დროს ჩათვლემის საშუალება არ მიეცა მისთვის. „და მერწმუნეთ, - ამბობდა წმიდა მამა, - მე ისეთ პატივს ვცემდი ამ ბერებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული ჩემი ცხონება“.

 

ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო. იგი მანამდეც გულწრფელად აღიარებდა თავის ზრახვებს წმიდა მამის წინაშე, ახლა კი მთლიანად მიანდო თავი მის ნებას და არანაირ მწუხარებას არ გრძნობდა; ამასთან შიშობდა, რომ ვერ სათნოეყოფოდა უფალს, რომელიც მწუხარებათა სრულიად დამთმენებს აღუთქვამს ცხონებას, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა: „ნუ წუხარ, შესაშფოთებელი არაფერი გაქვს, მამების მორჩილებაში მყოფნი უზრუნველობითა და სიმშვიდით ნეტარებენ“. ღირს დოროთეს უდიდეს ბედნიერებად მიაჩნდა ახოვანი მოსაგრის მსახურება. აბბა სერიდის მონასტრის მოძღვრების გარდა აბბა დოროთე თავის თანამედროვე სხვა დიდ მამებს, მათ შორის აბბა ზოსიმესაც ნახულობდა და გულმოდგინედ ისმენდა მათ დარიგებებს.

 

ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით. წმიდა მამა ხშირად მიმართავდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის რჩევებს. მორჩილება და თავმდაბლობა, შერწყმული ღვთისა და მოყვასის ღრმა სიყვარულთან, ის სათნოებებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სულიერი ცხოვრება, - ეს აზრი მსჭვალავს მის თხზულებებს. მათ მიღმა ნათლად ჩანს ავტორის პიროვნება, რომელსაც ღირსი დოროთე (ხს. 19 თებერვალს) ასე გვიხასიათებს: „თანამოსაგრეებთან დამოკიდებულებაში ის იყო მორცხვი, მორჩილი, ალერსიანი, მისთვის უცხო იყო ამპარტავნება და თავხედობა; ახასიათებდა სიკეთე და უბრალოება, კამათის დროს უკანდახევა უყვარდა, რაც სათავეა მოკრძალებისა, კეთილმოსურნეობისა და თაფლზე უტკბესი ერთსულოვნებისა - ყოველგვარ სათნოებათა დედისა“.

 

აბბა დოროთეს სწავლებები სანდო სახელმძღვანელოა სულიერ ღვაწლს შემდგართათვის და ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს ცხონება.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати