30 ივლისს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა დიდმოწამე მარინე (IV)
წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი.
ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.
მეორე დღეს წმიდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ.
საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გაბრწყინდა, ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარდგა მსაჯულის წინაშე.
მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმიდანს, ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და, კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპარქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ ათასხუთასი ქრისტიანი ეწამა. წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს.
ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინოპოლის აღებამდე წმიდა მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იმყოფებოდა. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. ათონზე, ვათოპედის მონასტერში დაცულია დიდმოწამის პატიოსანი მკლავი; მეორე მკლავი კი საქართველოში ინახება.
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა
ღირსი ლაზარე გალისიელი (+1053) ეფესოს მახლობლად, გალისიის უდაბურ მთაზე მოღვაწე მესვეტე ბერი იყო. 17 ივლისს აღინიშნება ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება (ცხოვრება იხილეთ 7 ნოემბრის საკითხავში).
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.