USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 29 მაისი?
Date:  464

29 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 

ღირსი თეოდორე განწმენდილი (348)

 16 (29) მაისი

ღირსი თეოდორე განწმენდილი (+368) წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმი დიდის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმიმ, რომელსაც უფლისაგან წინასწარ განეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ გაიგო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმი დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.

 

ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორა მას. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა და მოაკლდით სულიწმიდის მადლს“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.

 

ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს წმიდა თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მას კარგად იცნობდა წმიდა ათანასე ალექსანდრიელი. წმიდა თეოდორე აღესრულა ღრმად მოხუცი, 368 წელს.

 

ნეტარი მუზა ქალწული (V)

 16 (29) მაისი

ნეტარი მუზა ქალწული (V) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა: „გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო?“ „მსურს“, - უპასუხა გოგონამ. „ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. 30-ე დღეს მოვალ და წაგიყვან“. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მისი საქციელით გაკვირვებულ მშობლებს ნეტარმა მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. „მოვდივარ, დედოფალო“, - დაიძახა გოგონამ და მიიცვალა.

 

მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (303)

 16 (29) მაისი

 

წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (+303) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. წმიდა მოწამე ვიტე იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასის ვაჟი. უფალმა ვიტეს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ის სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამ დროს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ. წმიდა ვიტე სამსჯავროზე გამოიძახეს. აღმსარებლობისათვის წმიდანი უმოწყალოდ ცემეს. ვალერიანეს მოულოდნელად ხელი გაუშეშდა. წმიდანის ლოცვით მმართველმა კურნება მიიღო, სასამართლო შეწყვიტა, შვილი გილასს გააყოლა სახლში და უბრძანა, ქრისტიანობისაგან განეყენებინა იგი.

 

ხორციელი ცოდვით რომ დაცემულიყო, გილასმა შვილი ფუფუნებით აავსო და ლამაზი გოგონები მოუყვანა. წმიდანთან საუკეთესო საჭმელები მოჰქონდათ, ნადიმებს აწყობდნენ. მაგრამ ვერანაირმა ხერხმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. წმიდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და შეწევნას შესთხოვდა უფალს. წმიდანს ანგელოზები ეცხადებოდნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. ერთხელ შვილთან შესულმა გილასმა ანგელოზები იხილა და დაბრმავდა. გილასმა აღთქმა დადო, რომ უარყოფდა კერპებს და წმიდა ვიტეს ლოცვით თვალები აეხილა, მაგრამ განკურნების შემდეგ სიძულვილით აღივსო შვილის მიმართ და მისი მოკვლა გადაწყვიტა. წმიდანის გადასარჩენად ფარულმა ქრისტიანებმა, მისმა აღმზრდელმა წმიდა მოდესტომ და ძიძამ, წმიდა კრისკენტიამ წმიდა ვიტე მალულად გაიყვანეს მშობლების სახლიდან, უფლის ანგელოზისაგან დაცულნი განმარტოვდნენ იტალიის ერთ-ერთ მხარეში, ლუკანიაში და დიდხანს ფარულად ცხოვრობდნენ. წმიდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს, წარმართებს აქრისტიანებდა. მისი სასწაულების ამბავი მთელ ქვეყანაში გახმაურდა.

 

წმიდა ვიტე და მოდესტო იმპერატორის წინაშე დაასმინეს. წმიდა ვიტემ ამხილა კერპთაყვანისმცემლობის სიცოფე და განკურნა ბოროტი სულისაგან შეპყრობილი იმპერატორის ვაჟი. დიოკლეტიანე წმიდა ვიტეს სარწმუნოების უარყოფის ფასად სთავაზობდა პატივს, დიდებას, სიმდიდრეს, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ წმიდა მოდესტოსთან ერთად იგი დილეგში ჩააგდეს. მხურვალე ლოცვის შემდეგ წმიდანები საკვრელთაგან გათავისუფლდნენ. დიოკლეტიანემ ეს სასწაული ჯადოქრობად ჩათვალა და ბრძანა, გახურებული კალით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ ვიტე. უფალმა თავისი რჩეული უვნებლად დაიცვა. შემდეგ წმიდა ვიტე ლომს მიუგდეს. მან პირჯვარი გადასახა და მხეცი მორჩილად დაწვა მის ფეხებთან. წმიდა მოწამეები ბოძზე ჩამოკიდეს და რკინის კაუჭებით დასერეს. ამ საშინელების მხილველი წმიდა კრისკენტია გამოეყო ხალხს, ქრისტიანად გამოაცხადა თავი და იმპერატორი უღმრთოებასა და სისასტიკეში ამხილა. ამისათვის ისიც სასტიკად გვემეს. წმიდა ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: „ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ძალითა შენითა და დაგვიფარე ჩვენ“. მოულოდნელად მიწა იძრა და ბევრი წარმართი დაიღუპა შენობების ნანგრევებში. ანგელოზმა მოწამეები ბოძიდან გარდამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმიდა ვიტე უფალს შეევედრა, მშვიდობით მიეღო მათი სულები. უფალმაც ისმინა მათი ვედრება. წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. მათი წმიდა ნაწილები გადაასვენეს პრაღაში. წმიდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმიდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმიდა მოწამეთა ნაწილები.

 

წმიდა გიორგი მიტილინელი (IX)

 16 (29) მაისი

წმიდა გიორგი მიტილინელი (IX) ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში.

 

წმიდა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსი (213-250)

                               

ღირსი მამანი წმიდა საბას ლავრაში გვემულნი (614) (IV)

 

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925)

 16 (29) მაისი

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი კონსტანტინეპოლელი პატრიარქი იყო, ზედწოდება მისტიკოსი (საიდუმლო საბჭოს უმაღლესი მოხელე) მას სამეფო კარზე ამ საბჭოში მსახურებისათვის ეწოდა. საპატრიარქო ტახტზე იგი 895 წელს აღსაყდრდა. 905 წელს მეოთხედ უკანონოდ დაქორწინებული იმპერატორის, ლეონ I-ის ეკლესიიდან განკვეთისთვის წმიდა ნიკოლოზს ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. 911 წელს, უსჯულო თვითმპყრობელის მიცვალების შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა კათედრას და აღსრულებამდე მშვიდობით განაგებდა ეკლესიას.

 

წმიდა მოწამენი: აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული (+418)

 16 (29) მაისი

წმიდა მოწამენი აბდა, აბდიისუს ეპისკოპოსი და მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი და 7 ქალწული სპარსელები იყვნენ. ისინი ქრისტეს აღსარებისათვის ეწამნენ 418 წელს, მეფე იეზდიგერდის ზეობისას.

 

წმიდა მოწამე პეტრე (+716)

 16 (29) მაისი

წმიდა მოწამე პეტრე, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი, 761 წელს, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის დროს აწამეს ხატმებრძოლებმა. მას ხარის ძარღვების ცემით ამოხადეს სული.

 

წმიდა ახალმოწამე ნიკოლოზ მეჩეველი (+1617)

 16 (29) მაისი

წმიდა ახალმოწამე ნიკოლოზ მეჩეველი 1617 წელს დაწვეს თურქებმა. მისი პატიოსანი თავი ინახება ბარლაამის მონასტერში.

 

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I)

 17 (30) მაისი

 

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.

 

მე-5 საუკუნეში იმპერატორთა არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმიდა ნაწილთა აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი.

 

წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893)

 17 (30) მაისი

წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893) იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა, მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინეპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.

 

წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305)

 17 (30) მაისი

წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305). წმიდა სოლოხონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ივნო იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონიაში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სამმა მხედარმა - სოლოხონმა, პამფამირემ და პამფალონმა - უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პამფამირე და პამფალონი წამებისას გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოხონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა კბილები, რომ ხმალი მოიღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ სოლოხონი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. 3 საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოხონი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისგან გონდაკარგულმა კამპანმა კვერთხი ჩაარტყა წმიდა მოწამეს თავში. წმიდა სოლოხონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოხონმა ილოცა და სული განუტევა.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way