USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 26 სექტემბერს?
Date:  324

26 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის
წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335)

ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში. ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.

70 წელს რომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) დაიპყრო იერუსალიმი, დაარბია იგი და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძარი ისე დაანგრია, რომ, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ (მკ. 13,1-2), ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ მოოხრებული იერუსალიმის ადგილას გააშენა ახალი ქალაქი, რომელსაც საკუთარი სახელი - ელი-ადრიანე უწოდა და მისი ძველი სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; გოლგოთაზე, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, 119 წელს ვენერას წარმართული ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ ამაზრზენი მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა ბილწი ორგიების თანხლებით. ბეთლემში, იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი იშვა ყოვლადწმიდა ქალწულისაგან, უსჯულო მეფემ ადონისის კერპი აღმართა. ყველაფერი ეს წინასწარგანზრახვით კეთდებოდა: სურდათ, რომ ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილებიც გადაევიწყებინათ მათთვის, სადაც იგი ცხოვრობდა, ქადაგებდა, ევნო, მოკვდა და აღდგა დიდებით.

მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), პირველმა რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ცნო ქრისტიანული რელიგია, დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა, აეგო ახალი ტაძარი, მაცხოვრის ხსოვნასთან დაკავშირებული ადგილები წარმართული საკულტო ნაგებობებისგან გაეწმინდა და ხელახლა ეკურთხებინა. ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარი I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმიდეების განახლების საქმისთვის. წმიდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა. იესო ქრისტეს ჯვრის მოძიების სურვილით ანთებულმა ელენემ დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა. იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს, რომლის მახლობლადაც სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. ამ ჯვრებში სასწაულებრივ გამოარჩიეს ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, რომელიც პატრიარქმა მაკარიმ სხვა სასულიერო პირთა თანხლებით აამაღლა შემოკრებილი ურიცხვი ხალხის დასანახად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი).

წმიდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. როგორც იოანე მახარებელი ამოწმებს, ეს ორი ადგილი ერთმანეთის სიახლოვეს მდებარეობდა (ინ. 19,41-42). აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმიდა ელენე (+327) მის განსრულებას ვერ მოესწრო. იერუსალიმში ყოფნისას კეთილმსახურმა დედოფალმა ააგო ეკლესიები ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას.

მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად „მარტირიონად“ სახელდებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღსრულებულ სატფურებას განსაკუთრებით საზეიმო ელფერი ჰქონდა.

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი, კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

წმიდა კორნილიოს ასისთავი (I)

წმიდა კორნილიოს ასისთავი მაცხოვრის ჯვარცმისა და ამაღლებიდან მცირე ხნის შემდეგ თრაკიის იტალიიდან პალესტინის კესარიაში გადასახლდა. ამ დროისათვის იგი წარმართი იყო, მაგრამ „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ. ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის“ (საქმე; 10,2). უფალმა არ დააგდო ჭეშმარიტების მაძიებელი მისი სული და ქრისტეს სარწმუნოების ნათლით გაანათლა.

ერთხელ, როცა კორნილიოსი საკუთარ სახლში ლოცულობდა, ანგელოზი წარდგა მის წინაშე, ახარა, უფალმა შენი ლოცვა შეისმინაო და უბრძანა, იოპიაში, სვიმონ მეპრატაკესთან გაეგზავნა კაცები სვიმონ-პეტრეს მოსაყვანად. კორნილიოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ზეციური კურთხევა. როცა მისი წარგზავნილები ქალაქს მიუახლოვდნენ, „ჟამსა მეექუსესა“, პეტრე მოციქული ბანზე ავიდა და ლოცვად დადგა. უეცრად მან იხილა განხმული ციდან გარდამომავალი, ოთხივე კიდით „ზეცით ქუეყანად ზე-დამოკიდებული“ ტილოს მსგავსი ჭურჭელი, „რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი“. ზეგარდმო გაისმა ხმა, რომელიც მოციქულს უბრძანებდა, დაეკლა და ეჭამა ყველაფერი, რასაც ხედავდა. პეტრემ გაიოცა და იუარა, პასუხად კი მიიღო: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს“. ასე განმეორდა სამჯერ (საქმე, 10; 1-16). ამ ხილვით უფალმა თავის მოციქულს წარმართთა შორის ქადაგებისკენ მოუწოდა: ფრინველები და ქვეწარმავლები სწორედ წარმართთა სახე იყო, ტილოს სამგზის „შთამოსვლა“ კი „სამგზის შთაყოფასა მოასწავებდა წყალსა მას შინა ნათლისღებისასა“. მოციქული პეტრე წარმოგზავნილების თანხლებით კორნილიოსთან ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ სულიწმიდის მადლით კორნილიოსს ერწმუნა განკაცებული მესია და ახლობლებთან ერთად მონათლა იგი.

ამის შემდეგ წმიდანი თან გაჰყვა პეტრე მოციქულს სახარების საქადაგებლად და მისივე ხელით იკურთხა ეპისკოპოსად. როცა პეტრე წმიდა ტიმოთესა და კორნილიოსთან ერთად ეფესოში ჩავიდა, შეიტყო, რომ სკეფსეოსში განსაკუთრებით ძლიერი იყო კერპთაყვანისმცემლობა. წილი ჰყარეს, თუ ვის ექადაგა ამ ქალაქში. უფალმა კორნილიოსი გამოარჩია.

ქალაქ სკეფსეოსის მთავარი იყო ვინმე დიმიტრი, რომელიც ბერძნულ ფილოსოფიაში იყო განსწავლული, სძულდა ქრისტიანობა და წარმართულ ღვთაებებს, განსაკუთრებით კი აპოლონსა და დიოსს (ზევსს) სცემდა თაყვანს. როცა მან კორნილიოსის ჩამოსვლა შეიტყო, მსწრაფლ მოუწოდა თავისთან და ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. ნეტარმა მიუგო: „მონაჲ ვარ ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ და მოვლინებულ ვარ აქა, რაჲთა აღმოგიყვანო შენ სიღრმით და სიბნელით უმეცრებისაჲთ და შეგაერთო ნათელსა ჭეშმარიტსა“. მთავარმა ვერ გაიგო მისი სიტყვების არსი და უბრძანა, გარკვეული პასუხი გაეცა შეკითხვებზე. მაშინ წმიდანმა მოუთხრო, ვინ იყო, როგორ შეუდგა უფალს და განუმარტა: შევიტყვე, რომ შენ და შენი სამთავრო „დიდსა საცთურსა შინა მყოფ ხართ და მოვედ, რაჲთა საცთურისაგან გიჴსნნე“ - ჭეშმარიტი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ვიქადაგოო. კადნიერმა პასუხმა დიმიტრი განარისხა და კორნილიოსს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწირა მსხვერპლი კერპებისთვის.

წარმართულ ტაძარში შეყვანილმა უფლის რჩეულმა აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი, მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა. უეცრად საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ზევსის ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც ნამსხვრევებად იქცა. მომხდარი სასწაულის მხილველი ხალხი შეძრწუნებამ მოიცვა, მთავრის რისხვას კი რისხვა დაემატა. მან ახლობელ კარისკაცებთან დაიწყო თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ დაეღუპა კორნილიოსი. ხელფეხშებოჭილი წმიდანი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ამასობაში ერთ-ერთმა მსახურმა დიმიტრის აუწყა, რომ მისი მეუღლე ევანთია და ერთადერთი ძე დიმიტრიანე საკერპოს ნანგრევებში მოჰყვნენ. მთავარს ეს რომ ესმა, „დაიპო სამოსელი თჳსი და დიდი გლოვითა შეპყრობილ იქმნა“. აცრემლებულმა ბრძანა, ნანგრევები გაეთხარა და მისი უსაყვარლესი ადამიანების ძვლები ეპოვნათ. მთელი ქალაქი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალე ქურუმთა თავმა ვარვატამ, რომელსაც დაევალა ტაძრის თხრა, სასიხარულო ამბავი ამცნო ყველას - ნანგრევებიდან ევანთიასა და მისი ძის ხმა ისმისო: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მძჳნვარისა ამის განსაცდელისაგან თჳსისა მონისა კორნილიოსის მიერ“. საკვირველი ცნობით გახარებული დიმიტრი საპყრობილისკენ გაეშურა, რომ გაეთავისუფლებინა მისი ცოლ-შვილის მხსნელი, მაგრამ წმიდანი ანგელოზს უკვე დაეხსნა საკვრელთაგან - იგი წიგნით ხელში მიმოდიოდა საკანში და ადიდებდა უფალს. მთავარმა კორნილიოსის წინაშე ქრისტე აღიარა ჭეშმარიტ ღმერთად და სთხოვა, ნანგრევებიდან ამოეყვანა ევანთია და დიმიტრიანე. ამის შემდეგ მთავარმა დიმიტრიმ მთელი სახლეულითა და კარისკაცებითურთ ნათელიღო და სულ მალე ცოლ-შვილითურთ მოწამეობრივი აღსასრულიც ჰპოვა ქრისტესთვის (იხ. 11 სექტემბრის საკითხავი). კორნილიოსი დიდხანს ცხოვრობდა სკეფსეოსში, მრავალი სატანჯველი დაითმინა, ბოლოს კი მთელი ქალაქი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. მისი წმიდა ცხედარი დარღვეული საკერპოს მახლობლად დაკრძალეს.

წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი (+დაახლ. 237)

წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის (235-238) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმიდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე სელევკე (III)

წმიდა მოწამე სელევკე გალატელი იყო. ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულოებმა იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად მხეცებს დააგლეჯინეს (III ს.).

წმიდა მოწამე სტრატონიკე (III)

წმიდა მოწამე სტრატონიკეს აიგივებენ წმიდა სტრატორთან.

წმიდა მოწამენი: მაკრობიოსი და გორდიანე (IV);

წმიდა მოწამენი: ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე (+320)

წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ და გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. შემდეგ ქრისტიანობის მხნე აღსარებისთვის მარტვილები სკვითიაში გადაასახლეს, სადაც შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას - უფლის ერთგულ მონებს. პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულენ ქრისტესთვის. მათ შემდეგ, დაახლოებით 320 წელს, ეწამნენ ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე. ერთი ცნობით, ვალერიანეს მარტვილთა ცხედრებთან მწუხარებასა და ტირილში ამოხდა სული.

მღვდელმოწამე იულიანე ხუცესი (IV)

მღვდელმოწამე იულიანე ხუცესი (IV) გალატიის ანკვირიიდან იყო. ნეტარი 12 სექტემბერსაც იხსენიება და მისი ცხოვრება ამ დღის საკითხავშია ჩართული.

ღირსი პეტრე ატროელი (IX)

ღირსი პეტრე ატროელი აზიის ოლიმპოს მახლობლად, ქალაქ ატროაში მოსაგრეობდა. ნეტარი ყოველთვის რკინის ჯაჭვებს ატარებდა. ღირსმა პეტრემ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასისა (784-806) და იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) დროს, წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი იეროთეოსი (+1745)

ღირსი იეროთეოსი 1686 წელს დაიბადა საბერძნეთში. იგი ცდილობდა, ღვთაებრივი სიბრძნე მოეძია მეცნიერებებშიც და მონაზვნურ ცხოვრებაშიც. გულისხმიერებითა და გულმოდგინებით გამორჩეული ჭაბუკი ღრმად დაეუფლა რომაულ და ბერძნულ ფილოსოფიას. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან ათონის მთას მიაშურა. თავდაპირველად ერთ განდეგილს დაემოწაფა წმიდა არტემის (ხს. 20 ოქტომბერს) სენაკის მახლობლად, შემდეგ კი ივერთა მონასტრის საძმოში დამკვიდრდა და ბერად აღიკვეცა. მალე იეროთეოსი მონასტრის საქმეებზე კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, შემდეგ ვლახეთში მოხვდა, სადაც, უფლის მითითებით, შეწყვეტილი განათლება განაგრძო. ნეტარმა თავისი ღვთისმოშიშებით სოფიელი მიტროპოლიტის, ავქსენტის კეთილგანწყობა მოიპოვა და დიაკვნად იქნა ხელდასხმული. შემდგომ მან ვენეციაში განაგრძო განათლება, ბოლოს კი კვლავ ათონის წმიდა მთას დაუბრუნდა. იეროთეოსი ივერთა მონასტრის მახლობლად, ჰაგის უდაბნოში დამკვიდრდა. თანამედროვეთა მოწმობით, ღირსი მამა საოცრად მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ივერთა მონასტრის იღუმენის შუამდგომლობით წმიდანი სავანეში დასასვენებლად ჩასულმა ნეოკესარიელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ხუცესად აკურთხა.

მღვდელმსახურთა გარეშე დარჩენილ კუნძულ სკოპელის მკვიდრთა თხოვნით მოსაგრემ დატოვა განმარტოებული ცხოვრება, ღვთისმსახურებას აღასრულებდა მათ შორის და ბევრს ქადაგებდა.

წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება და სამ მოწაფესთან ერთად მიაშურა კუნძულ იურას, რომელიც სამუდამო პატიმრობამისჯილი დამნაშავეებით იყო დასახლებული. ღირსმა იეროთეოსმა აქ შეჰვედრა სული უფალს 1745 წელს. მოწაფეებმა ნეტარის ნეშტი კუნძულზე დაკრძალეს, სამი წლის შემდეგ კი მისი პატიოსანი თავი ივერთა მონასტერში გადააბრძანეს.

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way