USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 26 მაისი?
Date:  425

26 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი ექვთიმე ათონელი, მთარგმნელი (+1028)

 13 (26) მაისი

ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი დაიბადა X საუკუნის სამოციან წლებში. საოცრად და განსაკუთრებულად დაიწყო წმიდანის ცხოვრება: მამამისი წმიდა იოანე მთაწმინდელი ერისკაცობაში საქართველოს მეფის დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა „ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაჲ გულსა მისსა მძაფრად აღტყინებული“; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამებისაგან მიიღო მონაზვნობის კურთხევა.

იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.

ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი, ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა, სიმამრს კი წყენით უთხრა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ“. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, მას „პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი“, ამიტომ „კუალად უცხოებასავე მიჰმართა“ - თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის (ხს. 5 ივლისს) ლავრაში დაეყუდა.

 სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვედლთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვად დაემხო.

როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა ნელსაცხებლის საამო სურნელი და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. მან მამამისს მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ - „მოვკუდები, დედოფალო“, - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული „აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“.

ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა“. მეფე ჟამით-ჟამამდე შეკვეთას აძლევდა ათონელ მამას.

 ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმინდელი ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.

მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.

მრავალი სასწაული ქმნა მამა ექვთიმემ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამამისი ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხმა თვემ უწვიმრად გადაიარა, ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: „წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაჲსსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაჲ აღასრულეთ“. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი - წვიმა წამოვიდა.

ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა“.

მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.

ეშმაკმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთვისათნო მოღვაწეობა და რაოდენ საოცარია, რომ ბოროტმა ძალამ წმიდა მთაზეც კი იპოვა მისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

 წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

 იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ რომელსაც „დიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს“, წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა, ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: „ვაჲმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!“ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული.

 იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით მოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.

 მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.

 ლოცვით და ღმრთის დიდებისმეტყველებით აღესრულა წმიდა ექვთიმე და „წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა“ (+1028).

 წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალეს „სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისცემლისასა“.

 

წმიდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი (XIII)

 13 (26) მაისი

ათონზე ლათინთაგან მოწყვეტილი წმიდა მამების ხსენების აღნიშვნა წმიდა ათონის მთიდან დაიწყო და შემდგომ თანდათან დამკვიდრდა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში.

 როგორც ცნობილია, ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე X საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყეს დასახლება და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა ივერონად წოდებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი.

ათონის წმიდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები... მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.

ამ დროს ათონის ივერთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერმონაზონთა ახალი თაობა.

მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. მამებმა მხნედ ამხილეს მათი ცთომილება და მომხდურები ერესის ქადაგებისათვის ანათემას გადასცეს.

როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან, მათგან უხუცესნი - ორასამდე ბერი - მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.

ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მიხედვით კი, სავარაუდოდ, 1276-1280 წლებში.

 

წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177)

 13 (26) მაისი

წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორ ანტონინეს (138-161) დროს. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. წმიდა გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმიდანი მზით განათებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახა შუბლზე გამოსახული წმიდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართთა გონზე მოყვანას და ზევსის ქვის კერპის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბიანემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდა წმიდანამდე - უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი. დილით ქალწული საწამებლად გამოიყვანეს. როცა წამება დაიწყო, ჯალათთა შორის უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი შიშით ზარდაცემულნი, მიწაზე განერთხნენ. როცა ჩვენება გაქრა, საბიანეს ბრძანებით წმიდანი საპყრობილეში ჩააბრუნეს, კარები მტკიცედ დაუგმანეს და მმართველის პირადი ბეჭდით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე წმიდა ქალწულთან უფლის ანგელოზს მოჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბიანემ თვითონ გახსნა ბეჭედი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღსალამათი წმიდანი იხილა. საბიანე ირაკლიაში წავიდა და წმიდა გლიკერიაც თან წაიყვანა. წმიდანს წინ შემოეგება ირაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის. ირაკლიაში წმიდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისთვის ტყავი გაეძროთ. სასწაულებრივად შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და წყლულები გაუმთელა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმიდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექცა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმიდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და წმიდანს შეევედრა, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. „შეუდექ ქრისტეს და ცხონდები“, - უპასუხა წმიდა ქალწულმა. ლაოდიკემ წმიდა გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და დამსწრეებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმიდა ქალწულის განკურნებაზე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი ცხედარი და პატივით დაკრძალეს.

წმიდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმიდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფევლის კარები განხმული იყო ქრისტეს სასძლოსთვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმიდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ირაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა

 

წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305)

 13 (26) მაისი

წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი (284-305) ქრისტესთვის აღესრულა IV ს-ის დასაწყისში. ის მხედარი იყო და რომში მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. წმიდა ალექსანდრე 18 წლის იყო, როცა იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა (284-305) გამოსცა ბრძანება, რომ განსაზღვრულ დღეს ყველა მოქალაქე მისულიყო ზევსის ტაძარში და მსხვერპლი შეეწირა. ბავშვობიდან ქრისტიანული სარწმუნოებით გაზრდილმა ალექსანდრემ უარი განაცხადა დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. შეშინებულმა ტიბერიანემ იმპერატორთან დაასმინა წმიდანი. როცა მის შესაპყრობად მოვიდნენ, ალექსანდრეს ეძინა. წმიდანი ანგელოზმა გამოაღვიძა და მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრული აუწყა. მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. როცა დაპირებებმა არ გაჭრა, წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს. იმპერატორის ბრძანებით ტიბერიანე თრაკიაში წავიდა და თან იახლა წმიდა ალექსანდრე. უფლის ანგელოზმა წმიდანის დედას პიმენიას გამოუცხადა შვილის მოწამეობრივი მოღვაწეობა. წმიდა ალექსანდრეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ჯალათმა ხელი ვერ აღმართა წმიდანის მოსაკვდინებლად, რადგან ხედავდა მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს. წმიდა მოწამის ლოცვით ანგელოზები უჩინო იქმნენ და ჯალათმაც თავი წარკვეთა მას. წმიდანის გვამი მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ ოთხმა ძაღლმა ხმელეთზე ამოიყვანა იგი და მხნედ უდარაჯა, სანამ არ მოვიდა დედა და პატივით არ დაფლა შვილის ცხედარი მდინარე ერიგონის ნაპირას. წმიდანის საფლავთან

 

წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინე და შვილი მათნი (IX)

 13 (26) მაისი

წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინა და შვილნი მათნი (IX) აღესრულნენ ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. იმპერატორი თეოფილე აიძულებდა წმიდა გიორგის, უარი ეთქვა ხატთა თაყვანისცემაზე. რაზედაც აღმსარებელმა უარი განაცხადა. იმპერატორის ბრძანებით წმიდანს ქონება წაართვეს, თვითონ კი ყელზე თოკგამობმული კონსტანტინეპოლის ქუჩებში ატარეს და დილეგში ჩააგდეს. ამის შემდეგ წმიდა გიორგი ცოლთან და შვილებთან ერთად კონსტანტინეპოლში გადაასახლეს.

 

წმიდა პავსიკაკოს, სინადის ეპისკოპოსი (+606)

 13 (26) მაისი

წმიდა პავსიკაკოს, სინადის ეპისკოპოსი (+606) ცხოვრობდა სირიის ქალაქ აპამეაში. ბავშვობიდანვე ქრისტიანულად გაზრდილმა ადრევე დაიწყო ასკეტური ცხოვრება. წმიდანს უფლისაგან ხორციელ და სულიერ სენთა კურნებების ნიჭი მიემადლა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კირიკემ (592-606) წმიდა პავსიკაკოსს ხელი დაასხა სინადის ეპისკოპოსად. კონსტანტინეპოლში ყოფნისას წმიდა პავსიკაკოსმა განკურნა იმპერატორი მავრიკიუსი, უკან დაბრუნებულმა უფალს წყალი სთხოვა წყურვილისაგან ქანცგაწყვეტილი თანამგზავრებისათვის. წმიდანის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. პავსიკაკოსი მშვიდობით აღესრულა 606 წელს.

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way