USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 25 მაისი?
Date:  1028

25 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403)

 12 (25) მაისი

წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403) წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, სპარიდრიონის უდაბნოში განმარტოვდა. იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. წმიდანმა თავისი მადლმოსილი სიტყვით ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაანთავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმიდა ეპიფანემ ის მონასტერში მოიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. წმიდა ეპიფანეს მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი გავრცელდა ხალხში, ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმიდანს, ზოგი იქვე რჩებოდა. ასე დაარსდა ახალი სავანე.

რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ეპიფანემ და იოანემ გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა წმიდა ადგილთა მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლივიუსი გაგზავნეს წმიდა ეპიფანესთან და სთხოვეს, ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა - პათიის უდაბნოში წავიდა წმიდა ილარიონთან (ხს. 21 ოქტომბერს), ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმიდანებმა ორი თვე გაატარეს მოუკლებელ ლოცვაში, შემდეგ წმიდა ილარიონმა წმიდა ეპიფანე სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე. წმიდანი მოძებნეს. წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანე იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმიდა ეპიფანემ 367 წელს.

წმიდა ცხოვრებისათვის ეპიფანემ მიიღო ლიტურღიის შესრულებისას წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმიდა საიდუმლოს შესრულებისას წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ-ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: „გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას“.

წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინეპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 14 სექტემბერს და 13 ნოემბერს). წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინეპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და 403 წლის 12 მაისს პატივით დამარხეს წმიდანის მიერ აშენებულ ეკლესიაში.

მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმიდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა.

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740)

 12 (25) მაისი

წმიდა გერმანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+740) დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ბრძანებით. ყრმა გერმანე ეკლესიაში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსი მტკიცედ დადგა ხატმბძროლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელსაც იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-741) ხელმძღვანელობდა. ძალები არათანაბარი იყო. წმიდა გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა წმიდა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინეპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში.

მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ (787) წმიდა პატრიარქ გერმანეს სახელი წმიდათა დიპტიხში შეიტანა.

წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი

 12 (25) მაისი

წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V) დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა გაიგო ღირსი ეპიფანე კვიპრელის მოღვაწეობის შესახებ, საბიანე მასთან გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ის ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა უდაბნოში წმიდა ეპიფანესთან ერთად, შემდეგ კი აღწერა მისი ცხოვრება. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბიანეს მღვდლად დაასხა ხელი. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბიანე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმიდანი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან.

წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V)

 12 (25) მაისი

წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, დაყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.

წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინეპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: „წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე“. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულეთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა წარმოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულეობაში.

წმიდა ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი (+1612)

 12 (25) მაისი

წმიდა ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი მოწამეობრივად აღესრულა 1612 წელს. რუსეთის ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა 1913 წლის 12 მაისს წმიდანად შერაცხა ნეტარი მამა და დაადგინა მისი მოსახსენებელი დღეებიც: 17 თებერვალი - მიცვალება (ცნობები წმიდა ერმოგენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ დღის საკითხავშია ჩართული) და 12 მაისი - კანონიზაციის დღე.

წმიდა მოწამე პანკრატი ფრიგიელი (+304)

 12 (25) მაისი

წმიდა მოწამე პანკრატი (+304) წარმოშობით ფრიგიელი იყო. 14 წლის ყრმა მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს აღსარებისათვის 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. წმიდანი დასაფლავებულია რომში, მისივე სახელობის ტაძარში.

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way