USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 24 მაისი?
Date:  1340

23 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული (+1771)

 11 (24) მაისი

ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე (+1771) წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი მოიყვანა და ვაჟი ეყოლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონს მეორეჯერ უნდოდა მისი დაქორწინება. ნეტარმა ყურად არ იღო ბატონის ბრძანება, წავიდა მოძღვართან, თავისი გასაჭირი უამბო და რჩევა სთხოვა. მოძღვარმა ურჩია, დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და გარეჯის უდაბნოს შეჰკედლებოდა. სულიერი მოძღვრის სიტყვებით ფრთაშესხმულმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში დაეყუდა. წმიდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ იქმოდა.

 მამა ქრისტესია მოხუცებული იყო, როცა ბერად აღიკვეცა. მას უწოდეს ქრისტეფორე. განდეგილობაში მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: უდაბნოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით იდგა ჭური, რომელსაც ყოველდღე ავსებდა წყლით. იქვე პატარა ქოხი ჰქონდა. მის ზღურბლზე პატარა ჩარექა იყო ჩამოკიდებული. ჩარექა შორიდან ჩანდა და მოგზაურნი ქრისტესია ბერის ჭურთან იკლავდნენ წყურვილს. იქვე პატარა ბოსტანი ჰქონდა გაშენებული ნეტარ მამას მგზავრებისათვის.

წმიდა ქრისტესიას რასაც მისცემდნენ, სხვასაც განუყოფდა. შემოწირული თაფლით და ხორბლით ყოველ შაბათს კოლიოს ამზადებდა სამი ჭურჭლით - ერთით - შემომწირველის მიცვალებულთათვის, მეორეთი - მონასტერში მდებარე შესვენებულ მამათათვის, მესამეთი - ყველა მართლმადიდებლისათვის. როგორც კი გაიგებდა სადმე ჩხუბის ან სიძულვილის ამბავს, წავიდოდა მოშუღლეებთან და ტკბილი სიტყვებით შერიგებისკენ მოუწოდებდა: „შვილნო, უკეთუ არა ისმენთ ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოვედი აქა, წარვალ მწუხარებით სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელსა არა ნებავს მშვიდობა კაცთა და მოაწევს უაღრესსა განსაცდელსა თქვენ ზედა და ვითარცა მოველ მშიერ, მშიერივე წარვალ თქვენგან“. მისი მადლმოსილი ქცევა და სიტყვები გულს უთბობდა მოჩხუბრებს და შერიგებას უადვილებდა.

 ერთხელ მამა ქრისტესია მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში წავიდა. წმიდა ბერი სიცხის გამო დაღამების შემდეგ გაუდგა გზას. ბნელი ღამე იყო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმიდა ქრისტესია გაჩერდა და ილოცა. მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. შეშინებულმა ბერმა ნაბიჯი ვერ გადადგა, ლოცვით შეევედრა უფალს, განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიუძღოდა. ასე იარა მთელი ღამე, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას.

 მისი სენაკი ვიწრო და უბადრუკი იყო. საწოლად ერთი ფიცრისგან შეკრული ტახტი ჰქონდა, საგებლად ცხვრის ტყავი, რომელიც წელამდე ძლივს წვდებოდა, სასთუმლად ქვა ედო, ტანზე ემოსა ცხვრის დაბებკილი ტყავის სამოსი, ფეხთ ქალამანი ეცვა. თუ ვინმე ტანსაცმელს მოუკითხავდა, მყის გლახაკებს მისცემდა, „თავის თავისათვის არარას ზრუნვიდა, საწუთოსათვის და ამაოსა, არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისსა მის საუკუნოისათვის“.

ოთხმოც წელს გადაცილებული წმიდა ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის კელიაში. დასაფლავებულია ეკლესიის წინ, მამათა სასაფლაოზე.

 

მღვდელმოწამე მოკი (III-IV)

 11 (24) მაისი

მღვდელმოწამე მოკი (+295) ცხოვრობდა მაკედონიაში, ქალაქ ამფიპოლში. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმიდანი წარმართული ღმერთის, დიონისეს დღესასწაულზე შეკრებილ კერპთაყვანისმცემლებს მოუწოდებდა, თავი დაენებებინათ უსჯულოებისა და ბიწიერებისთვის, შეენანებინათ, ქრისტეს სწავლებისკენ მოქცეულიყვნენ და წმიდა ნათლისღების საიდუმლო მიეღოთ. წმიდა მოკი შეიპყრეს და მმართველ ლაოდიკს მიუყვანეს სამსჯავროზე. წმიდანმა საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და თქვა: „ქრისტესთვის სიკვდილი უდიდესი პატივია ჩემთვის“. წმიდა მოკი სასტიკად აწამეს. იგი მშვიდად ითმენდა ყოველივეს და თან კერპთაყვანისმცემლებს უსჯულოებაში ამხელდა. დიონისეს სამსხვერპლოზე მიყვანილმა წმიდანმა მოკიმ იესო ქრისტეს სახელით შემუსრა კერპი. ამის შემდეგ წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. უფალმა უვნებლად დაიცვა წმიდა ხუცესი. ღუმელიდან გამოვარდნილმა ალმა კი მმართველი დაწვა. ახალმა მმართველმა კვლავ აწამა წმიდანი, ღვთის ნებით მღვდელმსახურმა ეს სატანჯველიც მშვიდად დაითმინა. მაშინ მტარვალებმა წმიდანი გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომები მის ფეხებთან გაწვნენ. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა მოწამის განთავისუფლება მოითხოვა. მმართველის განკარგულებით მოკი ჯერ პერინთოში წაიყვანეს, იქიდან კი ბიზანტიაში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ იგი მადლობდა უფალს იმისთვის, რომ განსაცდელის ბოლომდე დათმენის ძალა მისცა. „უფალო, მიიღე სული ჩემი მშვიდობით“, - იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. წმიდა მოკი გარდაიცვალა 295 წელს. მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა მოკის წმიდა ნაწილები მისი სახელობის ტაძარში გადაასვენა.

 წმიდა მოციქულთასწორი მეთოდე (+885) და კირილე (+869)

 11 (24) მაისი

წმიდა მოციქულთასწორნი მეთოდე (+885) და კირილე (+869) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ. წმიდა მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა, სავარაუდოა, რომ ბულგარეთს. 10 წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დიდი ნიჭიერებით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა კირილე მოძებნეს, დააბრუნეს დედაქალაქში და გაამწესეს უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად. სრულიად ახალგაზრდა წმიდა კირილემ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმებრძოლთა მეთაური ანიუსი. შემდგომ იმპერატორის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო დისპუტში სარკინოზებთან წმიდა სამების სწავლებაზე, აქაც გაიმარჯვა და წავიდა ძმასთან, წმიდა მეთოდესთან ულუმბოს მთაზე.

 მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ხაზარებთან გაუშვა სახარების საქადაგებლად. ძმები მცირე ხნით გაჩერდნენ ქალაქ კორსუნში და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმიდა მღვდელმოწამის კლიმენტი რომაელის (ხს. 25 ნოემბერს) წმიდა ნაწილები.

 ხაზარეთში ქადაგების შემდეგ წმიდა კირილე დედაქალაქში დარჩა, წმიდა მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.

 მალე იმპერატორთან მოვიდნენ მორავიის მთავრის როსტისლავის ელჩები და სთხოვეს სლავურის მცოდნე მოძღვრების გაგზავნა მორავიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. იმპერატორმა წმიდა კირილეს დაავალა ეს დიდი საქმე. წმიდა მამა ლოცვითა და მარხვით შეუდგა მძიმე მოღვაწეობისთვის მზადებას. თავისი ძმის, წმიდა მეთოდეს და მოწაფეების: მორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმის, ანგელიარის დახმარებით შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა საღვთისმსახურო წიგნები. ეს მოხდა 863 წელს.

 წიგნების თარგმნის შემდეგ წმიდა ძმები მორავიაში წავიდნენ და დაიწყეს ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. ამან გერმანელი ეპისკოპოსების გაბოროტება გამოიწვია, რომლებიც ღვთისმსახურებაში ლათინურ ენას იყენებდნენ. ეპისკოპოსები წმიდა მოციქულთასწორებთან კამათში დამარცხდნენ, მაგრამ რომის პაპთან დაასმინეს ისინი. ძმები რომში დაიბარეს. წმიდანებმა თან წაასვენეს წმიდა კლიმენტი რომაელის ნაწილები. რომის პაპი ადრიანე პატივით შეხვდა ძმებს და ღვთისმსახურების სლავურ ენაზე ჩატარების უფლებაც მისცა.

რომში წმიდა კირილე დაუძლურდა, ღვთისგან აღსასრულის მოახლოება გამოეცხადა და სქემა მიიღო. სქემის მიღებიდან 50 დღის შემდეგ 869 წლის 14 თებერვალს 42 წლის წმიდა კირილე გარდაიცვალა.

 წმიდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა მეთოდეს ხელი დაასხეს მორავიისა და პანანიის მთავარეპისკოპოსად. წმიდა მამა კვლავ აგრძელებდა ქადაგებასა და ღვთისმსახურებას სლავურ ენაზე. გამძვინვარებულმა გერმანელმა ეპისკოპოსებმა მიაღწიეს წმიდა მეთოდეს დაპატიმრებას და გადასახლებას შვაბიაში, სადაც ორნახევარი წელი იტანჯებოდა. რომის პაპის ბრძანებით გათავისუფლებულმა წმიდა მეთოდემ მონათლა ჩეხეთის მთავარი ბორევოი და მისი მეუღლე ლიუდმილა (ხს. 16 სექტემბერს). მესამედ გერმანელმა ეპისკოპოსებმა წმიდა მეთოდეს დევნა გამოუცხადეს ლათინური სწავლების მიუღებლობისათვის სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამოსვლის შესახებ. წმიდა მეთოდე რომში გამოიძახეს. მან პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და კვლავ აღდგენილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.

 სიცოცხლის მიწურულს წმიდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულის კანონი და პატერიკები.

წმიდა მეთოდე აღესრულა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში. წესის აგება შესრულდა სამ ენაზე: სლავურად, ბერძნულად და ლათინურად. წმიდანი დაასაფლავეს ველეგრადის ტაძარში.

 წმიდა ნიკოდომოსი, სერბელი ეპისკოპოსი (+1325)

 11 (24) მაისი

წმიდა ნიკოდიმოსი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1325) ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო. 1316 წელს აკურთხეს მღვდელმთავრად. 1319 წელს სლავურ ენაზე თარგმნა წმიდა საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონი და შეიტანა მსახურებაში.

 წმიდა ნიკოდიმოსი მშვიდობიანად გარდაიცვალა 1325 წელს.

 

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way