USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 24 ივნისს?
Date:  634

24 ივნისს  მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (596)

 24 (06.06) მაისი

ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების, იოანესა და მართას ოჯახში. მისი დაბადება და ღვთის სამსახურში ჩადგომა იოანე ნათლისმცემლის გამოცხადებით წინასწარ ეუწყა დედას - წმიდა მართას (ხს. 4 ივლისს). ყრმა 2 წლის იყო, როცა მონათლეს.

6 წლის სვიმეონს ანტიოქიაში მომხდარი მიწისძვრისას მამა გარდაეცვალა. ამ დროს ბავშვი ეკლესიაში იყო. ტაძრიდან გამოსულს, გზა დაებნა და ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეიფარა. ნეტარ მართას კვლავ წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილის ადგილსამყოფელი აუწყა. ამის შემდეგ წმიდა მართა წმიდა სვიმეონთან ერთად ანტიოქიის გარეუბანში დასახლდა, სადაც ყრმას რამდენჯერმე გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მომავალი განუცხადა.

6 წლის სვიმეონი უდაბნოში გავიდა, გარკვეული ხანი მარტოობაში გაატარა, შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოსმა განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი - აბბა იოანეც სვეტზე იყო დაყუდებული. მან სიყვარულით მიიღო ყრმა.

გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა 7 წლის წმიდანი და თვით აიყვანა სვეტზე. ღვთისგან განძლიერებული ნორჩი მოღვაწე სულიერად სწრაფად იზრდებოდა და მალე გაასწრო თავის გამოცდილ მოძღვარს. განსაკუთრებული ღვთისმოშიშებისთვის და ფიცხელი მოღვაწეობისთვის წმიდა სვიმეონმა ღვთისგან კურნების ნიჭი მიიღო. მალე მისი სახელი შორს გავარდა.

11 წლის სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. მასთან მივიდნენ ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსები, დიაკვნად დაასხეს ხელი და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

ღირსი სვიმეონი მხურვალედ ევედრებოდა უფალს სულიწმიდის მადლის მონიჭებას. წმიდანის ლოცვა შესმენილ იქნა, მასზე სულიწმიდა გარდამოვიდა ანთებული სანთლის სახით და წმიდანი ღვთაებრივი სიბრძნით აავსო. ღირსი მამა დაუზარებლად მოძღვრავდა რჩევა-დარიგების მსურველებს, გარდა ამისა, წერდა ეპისტოლეებს სინანულზე, ბერ-მონაზვნობაზე, ქრისტეს განკაცებაზე, მომავალ სამსჯავროზე.

იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა სვიმეონმა ასეთი ცხოვრების წესი დაუდგინა საკუთარ თავს: მზის ამოსვლიდან მეცხრე ჟამამდე ლოცულობდა, შემდეგ მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს და წერდა, ღამეს ლოცვაში ათევდა, მცირეოდენი შესვენების შემდეგ კი კვლავ თავიდან იწყებდა ლოცვას.

ღირსი სვიმეონი ღვთის მინიშნებით გადავიდა საკვირველ მთაზე, მონასტერში კი საძმოს წინამძღვრად გამოცდილი ბერი დატოვა. საკვირველ მთაზე ასულ წმიდანს კლდის ქიმზე მდგარი უფალი გამოეცხადა. სვიმეონმა მოღვაწეობა ამ გამოცხადების ადგილზე დაიწყო: ჯერ ქვაზე იდგა, შემდეგ კი იმ ადგილას აგებულ სვეტზე დაეყუდა.

ღირს სვიმეონს უფლისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭი მოემადლა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის ეფრემის გარდაცვალება, აგრეთვე ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა, რომელსაც უფლისგან სასჯელად მიიღებდა თავისი უმოწყალობის გამო. ღირსმა სვიმეონმა წინასწარგანჭვრიტა აგრეთვე მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დააარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 560 წელს 39 წლის მოღვაწეს სელევკიის ეპისკოპოსმა დიონისემ მღვდლად დაასხა ხელი.

წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა (ხს. 7 მაისს) ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და რწმენა-შერყეული ივერიელების განსამტკიცებლად.

75 წლის წმიდანს უფლისგან ეუწყა ხორცთაგან განსვლის მოახლოება. მან უკანასკნელად დამოძღვრა თავისი სულიერი შვილები და უფლისა მიმართ მიისვენა 596 წელს, სვეტზე გაატარა 68 წელი.

წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (218)

 24 (06.06) მაისი

წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალინიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (+218).

რომის იმპერატორის ანტონ ჰელიოგაბალის (218-22) ზეობის ჟამს წმიდა მოწამე მელეტი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა. ის ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და გაავებული ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმიდა მელეტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმიდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც წამებით მოკლეს. მასთან ერთად დასაჯეს წმიდა მოწამენი - სტეფანე და იოანე.

პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილით მოწყვიდეს. წამებით მოკლეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით - 11000 (+დაახლ. 218). წმიდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლით დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კირიაკე და ქრისტიანე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელი, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინი, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი.

წმიდა მოწამე სერაპიონი ეგვიპტეში დაიბადა. ის გალატიაში იმყოფებოდა წმიდანთა მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს. მათი მხნეობისა და ქრისტესადმი ერთგულების მხილველმა თავადაც იწამა სახარებისეული სწავლება, რისთვისაც დაატუსაღეს და წამებით ამოხადეს სული.

 

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way