23 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I)
10 (23) მაისი
წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში.
წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.
წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.
წმიდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე (III)
10 (23) მაისი
წმიდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე (III) იტალიელები იყვნენ. ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე - იტალიის მმართველის ვიტალიუსის ვაჟები იყვნენ. ისინი ქრისტიანობაზე მოაქცია წმიდა ონისიმემ. იმპერატორმა ლიკინიუსმა გამოსცა ბრძანება, მოეძებნათ და ეწამებინათ ჭეშმარიტი ღვთის მოსავები. ძმები ონისიმესთან, ერაზმთან და სხვა 14 ქრისტიანთან ერთად რომში წაიყვანეს. რომში წმიდა ონისიმე ქვებით მოკლეს. ერაზმს და 14 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს. ძმები სიცილიაში, ქალაქ მესოპოლში აღესრულნენ. წმიდა ალფიოსს ენა ამოგლიჯეს და სისხლისგან დაიცალა, წმიდა ფილადელფოსი და წმიდა კვიპრიანე კი გახურებულ ქვაბში ჩააგდეს. 1517 წელს მოხდა მისი წმიდა ნაწილების აღმოყვანება.
მოწამე ივსიხი (ანტიოქიელი) (IV)
10 (23) მაისი
წმიდა მოწამე ივსიხი ანტიოქიელი (IV) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს და იმპერატორის კარზე საპატიო მდგომარეობა ეკავა. მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანები იდევნებოდნენ სამხედრო სამსახურიდან. ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა, მეომრის სარტყელი უნდა მოეხსნა, უარი ეთქვა წოდებაზე და გამხდარიყო დაქირავებული მსახური. წმიდა ივსიხი ერთგული დარჩა თავისი სარწმუნოებისა. მაქსიმიანემ მას უბრძანა, განეძარცვა დიდებულის სამოსელი, უხეში ხამის ტანსაცმელი ჩაეცვა და სამოახლოში ემსახურა. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორმა დაიბარა წმიდა ივსიხი და ჰკითხა: „ნუთუ არა გრცხვენია, ასეთ უპატიობაში ყოფნა?“ წმიდანმა უპასუხა: „პატივი, რომელიც შენგან მქონდა, დროებითია“. მაქსიმიანეს ბრძანებით წმიდა ივსიხი მდინარეში ჩაახრჩვეს.
ღირსი ისიდორა სალოსი (IV)
10 (23) მაისი
ღირსი ისიდორა სალოსი (IV) მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავერნის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
ერთხელ მეუდაბნოე ბერს, ღირს პიტირიმს უფლის ანგელოსი გამოეცხადა და უთხრა: „წადი ტავერნის მონასტერში. იქ იხილავ დას, რომელიც ჩვარს ატარებს თავზე. ის ყველას სიყვარულით ემსახურება და მორჩილად ითმენს მათ ზიზღს. გული და გონება მისი მარად ღმერთთანაა, შენ კი მარტოობაში მყოფობ და ფიქრით მთელ სამყაროში მიმოიქცევი“.
ბერი ტავერის მონასტერში წავიდა, მაგრამ შეკრებილ დათა შორის ვერ იპოვა ღვთაებრივ ხილვაში მითითებული მოღვაწე. როცა ისიდორა მიჰგვარეს, სალოსი მუხლებზე დაემხო მის წინაშე და კურთხევა სთხოვა. ღირსმა პიტირიმმა თვითონ დაუჩოქა და უთხრა: „ჯერ შენ მაკურთხე, წმიდაო დედაო!“ გაოცებული დების შეკითხვებზე ღირსმა მამამ უპასუხა: „ისიდორა უპირატესია ღვთის წინაშე!“ დებმა სინანულით სთხოვეს პატიება ღირს ისიდორას. მოულოდნელი დიდებით შეწუხებული წმიდანი მალულად წავიდა სავანიდან. მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. ვარაუდობენ, რომ ღირსი დედა გარდაიცვალა არაუადრეს 365 წლისა.
ნეტარი ტაისია (V)
10 (23) მაისი
ნეტარი ტაისია (V) ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვას, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული, უარყო ყველაფერი, რაც წარსულ ცოდვილ ცხოვრებასთან აკავშირებდა და უდაბნოში გაჰყვა ბერს. დაღამდა, ბერმა ტაისიას ღამის გასათევი ადგილი მოუმზადა, თვითონ კი მოშორებით გავიდა, ილოცა და დაიძინა. შუაღამისას ღირსი იოანე გააღვიძა ნათელმა, რომელიც ზეციდან ეშვებოდა იმ ადგილამდე, სადაც ტაისიას ეძინა. ნათლის სვეტში იხილვებოდნენ ანგელოზები, რომელთაც ზეცაში აჰყავდათ ტაისიას სული. როცა იოანე ტაისიასთან მივიდა, ნახა რომ იგი აღსრულებულიყო. ღირსმა მამამ ლოცვით მიაბარა მიწას ნეტარის გვამი, სავანეში დაბრუნდა და ძმებს მოუთხრო ყველაფერი. ბერები მადლობდნენ უფალს ტაისიასადმი გამოჩენილი სახიერებისათვის, რომელიც კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად სინანულში ჩავარდნისთანავე იქნა აღყვანებული ცათა სასუფეველში.