წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319)
8 (21) ივნისი
წმიდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმიდანმა მსახურს - უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი - იმავე წლის 8 ივნისს პატივით გადაასვენა მისი წმიდა ნაწილები ევესიტში.
ამავე დღეს იხსენიება დიდმოწამის წმიდა ხატის მიერ აღსრულებული ერთი სასწაული, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში მოხდა. საყდარი, რომელიც დამასკის მახლობლად, დაბა კარსატაში მდებარეობდა, სარკინოზებს საცხოვრებლად გაეხადათ. ერთმა მათგანმა ისარი სტყორცნა წმიდა თეოდორეს ხატს და მხარში მოარტყა. უეცრად ამ ადგილიდან სისხლმა იფეთქა. მალე ტაძარში დამკვიდრებული ურჯულოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობენ ანტიოქიის წმიდა პატრიარქი ანასტასი (+599, ხს. 20 აპრილს) და ღირსი იოანე დამასკელი (+დაახლ. 780. ხს. 4 დეკემბერს) (ცნობები წმიდა თეოდორე სტრატილატზე იხილეთ 8 თებერვლის საკითხავებში).
ღირსი ეფრემ, ანტიოქიის პატრიარქი (+545)
8 (21) ივნისი
ღირსი ეფრემი, ანტიოქიის პატრიარქი (+545). ეფრემი მხედართმთავარი იყო ანასტასი (491-518) და იუსტინე (518-527) იმპერატორების დროს. სირიელი ჭაბუკი გამოირჩეოდა სიკეთით, კეთილმსახურებითა და გულმოწყალებით.
526 წელს უფალმა სასჯელი დაატეხა თავს ანტიოქიას ნესტორისა და ევტიქის ერესებისაკენ გადადრეკისათვის: მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია ეს დიდებული ქალაქი. უამრავი მცხოვრები დაიღუპა. პატრიარქი ევფრასიუსი ჩამოქცეულმა სვეტმა იმსხვერპლა.
იმპერატორმა ეფრემი გაგზავნა ქალაქის აღსადგენად. მუშებს შორის იყო ერთი ეპისკოპოსი, რომელსაც ფარული ღვაწლის სურვილით დაეტოვებინა კათედრა. მან წმიდანს პატრიარქობა უწინასწარმეტყველა და სთხოვა, ხელი არ აეღო ქველმოქმედებაზე და მტკიცედ ებრძოლა ერეტიკოსებთან. 527 წელს წმიდა ეფრემი პატრიარქად აკურთხეს. იგი მტკიცედ და ბრძნულად მართავდა სამწყსოს და საკუთარი ცხოვრების წესით, ქადაგებითა და ეპისტოლეებით იცავდა მას მწვალებლურ სწავლებათაგან.
მისი რწმენის სიძლიერეზე მეტყვველებს ერთი შემთხვევა: იეროპოლის მახლობლად მოსაგრეობდა ერთი მესვეტე, რომელიც მწვალებლობაში ჩავარდა. ეს რომ შეიტყო, წმიდა ეფრემი მივიდა ბერთან და მოუწოდებდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. მესვეტე უარზე იყო. მან პატრიარქის დაშინებაც კი სცადა და შესთავაზა, დიდი კოცონი დაენთოთ და ერთად შესულიყვნენ ცეცხლში. კოცონი დაანთეს, მაგრამ ერეტიკოსმა ბერმა ვერ გაბედა შიგ შესვლა. მაშინ პატრიარქი მხურვალედ ევედრა უფალს, დაემოწმებინა, ვისი სარწმუნოება იყო უცდომელი, მოიხსნა ომოფორი და ცეცხლს მისცა. სამი საათის შემდეგ შეშა დაიფერფლა, ომოფორი კი უვნებლად დარჩა. ამ სასწაულის მხილველმა მესვეტემ უარყო ერესი და მართლმადიდებლებს შეუერთდა.
წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა 545 წელს.
თავის ნაშრომებში ღირსი ეფრემი იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ.
ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI)
8 (21) ივნისი
ღირსი ზოსიმე ფინიკიელი (VI) დაიბადა სირიის სოფელ სინადში, ტვირის მახლობლად. ის სრულიად ახალგაზრდა აღკვეცეს ბერად. ზოსიმე მარხვით, ლოცვით, ფიზიკური შრომით და სხვა კეთილი საქმეებით განადიდებდა უფალს. ღირსმა მამამ ღვთისგან განჭვრეტის მადლი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიაში 526 წელს მომხდარი საშინელი მიწისძვრა.
ერთხელ წმიდანს პატრიციუს არქესილაოსი ესტუმრა. მალე სტუმარს მდევარიც მოჰყვა და აუწყა, რომ მის ცოლს თვალში ჩხირი გაერჭო და საშინლად იტანჯებოდა. ღირსმა მამამ დაამშვიდა არქესილაოსი: კესარიელმა მღვდელმთავარმა იოანე ქოზიბელმა (ხს. 3 ოქტომბერს) თქვენი მეუღლე უკვე განკურნაო.
ღირსმა ზოსიმემ სულიერი სრულყოფილების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მას მხეცებიც ემორჩილებოდნენ. ერთხელ, კესარიისკენ მიმავალი წმიდანის სახედარი მშიერმა ლომმა გაიტაცა და შეჭამა. ღირსმა მამამ მოძებნა მხეცი და უთხრა: „მეგობარო, მოხუცი ვარ და არ შემიძლია სიმძიმის ზიდვა. წამიღე ტვირთი, შემდეგ კი უდაბნოში დაბრუნდი და კვლავ იმძვინვარე შენი ბუნების წესისამებრ“. ლომმა მორჩილად მიიტანა ტვირთი კესარიამდე, აქ კი ზოსიმემ იგი გაათავისუფლა.
წმიდა პავლე კაიუმელი (+766)
8 (21) ივნისი
წმიდა პავლე კაიუმელი დაიბადა და აღიზარდა კონსტანტინეპოლში. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმის (740-755) მხილებისთვის ცხვირი მოაჭრეს, ადუღებული ფისი და გოგირდი გადაასხეს, თვალები დათხარეს და ასე ნატანჯი და დამცირებული დიდხანს შეკრული ფეხებით ათრიეს ქალაქის ქუჩებში.
წმიდა პავლე ტანჯვაში აღესრულა 766 წლის 7 ივნისს. 122 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაიუმის მონასტერში დაფლული მისი ნეშტი უხრწნელად იყო დაცული. იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში გადააბრძანეს. 1222 წელს წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლიდან ვენეციაში გადაასვენეს.
ღირსი მელანია (+410)
8 (21) ივნისი
ღირსი მელანია, წმიდა მელანია რომაელის (+431, ხს. 31 დეკემბერს) ბებია იყო.
ღირსი აფრე (V)
8 (21) ივნისი
ღირსი აფრე იყო მოწაფე ღირსი ორე ნიტრიელისა (+390; ხს. 7 აგვისტოს). იგი ეგვიპტეში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა V საუკუნეში.
ღირსი ნავკრატიუსი (+747)
8(21) ივნისი
ღირსი ნავკრატიუსი წმიდა თეოდორე სტუდიელის (ხს. 11 ნოემბერს) მოწაფე იყო. მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისთვის და წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის ნეტარმა მამამ ხატმებრძოლთაგან დევნა და შევიწროება დაითმინა. ამ მწვალებლობის დაგმობის შემდეგ კი პატრიარქმა მეთოდემ გადასახლებიდან გამოიწვია იგი და სტუდიონის მონასტრის იღუმენად დაადგინა. წმიდანი აღესრულა 848 წელს.