USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 20 ივლისს?
дата:  193

20 ივლისს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსი თომა მალეელი (X)

7 (20) ივლისი

ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.

ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმიდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).

ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმიდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.

უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.

ღირსი აკაკი მორჩილი, „კლემაქსსა“ შინა მოხსენებული (VI)

7 (20) ივლისი

ღირსი აკაკი მორჩილი - „ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა“ ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი „არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას“. წმიდა მამას, იოანე საბაწმინდელს უთქვამს: „მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა“. ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა.

აკაკიმ ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან და მიიცვალა. „დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა“. დასაფლავებიდან ხუთი დღის შემდეგ აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდე-ბულ ერთ წმიდა მამასთან მივიდა და მშუხარებით ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო: „გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი“. მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა ბერი. წმიდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა: „ძმაო აკაკი, მოკვედაა?“ ნეტარმა კი სიკვდილის შემდგომაც მორჩილება გამოიჩინა - საფლავიდან გაისმა: „ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა“. ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო მორჩილი ბერის სულიერი მამა და „დავარდა პირსა ზედა თვისსა დიდითა ტირილითა“. ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: „კაცის კვლა მიქმნიეს“.

ეს გადმოცემა თავის „სათნოებათა კიბეში“ მოთმინებისა და მორჩილების მაგალითად მოიყვანა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა (ხს. 30 მარტს).

წმიდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე (II)

7 (20) ივლისი

წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე იტალიელები იყვნენ. ისინი იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ დირაქიაში.

წმიდანები წარმართი რომაელების ხელით ჯვარცმული ეპისკოპოსი ასტიოსის (ხს. 4ივნისს) წამებას ესწრებოდნენ და საჯაროდ განადიდებდნენ ნეტარი მამის სიმტკიცესა და ახოვანებას. ამისთვის ისინი შეიპყრეს და ზღვაში დაახრჩვეს. ტალღებმა ნაპირზე გამორიყა მოწამეთა ცხედრები, ქრისტიანებმა კი ისინი ქვიშაში დაფლეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ უფლის სათნომყოფელნი ალექსანდრიის ეპისკოპოსს გამოეცხადნენ და უბრძანეს, წმიდა ნაწილები დაეკრძალა. მღვდელმთავარმა შეასრულა ზეგარდმო კურთხევა და მარტვილთა სამარხზე ტაძარიც ააგო.

ღირსმოწამენი: ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი (+290)

7 (20) ივლისი

ღირსმოწამენი ეპიქტეტე ხუცესი და ასტიონე მონაზონი უსჯულო თვითმპყრობლის, დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ცხოვრობდნენ რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. კეთილმსახურმა ხუცესმა სიყმაწვილეშივე განუკუთვნა თავი უფალს და დაუცხრომელი ღვაწლისათვის სასწაულთქმედების, კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა.

ქალაქის თავის ვაჟი, ასტიონე წარმართულ გარემოში იზრდებოდა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სეირნობისას იგი გადააწყდა ტყეში მდგარ პატარა ქოხს, რაღაც იდუმალმა ძალამ მიიზიდა მისკენ, მოსწყდა გალაღებულ თანატოლებს და კარზე დააკაკუნა. მასპინძელი მხცოვანი და პატივსაცემი ხუცესი - ეპიქტეტე აღმოჩნდა. მან სიყვარულით მიიღო ჭაბუკი, ვინაობა გამოჰკითხა, შემდეგ კი წინასწარმეტყველურად უთხრა: „როგორც ვხედავ, შენი ნეტარი სული სათნოეყო თავად ქრისტე მაცხოვარს, რომელსაც თავის მსახურად გამოურჩევიხარ“. ეპიქტეტემ საოცარი მოწიწება იგრძნო იესო ქრისტეს სახელის ხსენებისას. ამით გახარებულმა ბერმა სახარებისეული სწავლება მოკლედ განუმარტა სტუმარს. ჭაბუკი გულმოდგინედ უსმენდა ყოველ სიტყვას და ყველაფერს რწმენით იღებდა.

ყმაწვილი კვლავ ესტუმრა ხუცესს და, ამ დღიდან მოყოლებული, სახლიდან სეირნობის საბაბით გამოსული, ყოველ დილა-საღამოს მიდიოდა მასთან. როცა სახარებისეულ ჭეშმარიტებებს ღრმად დაეუფლა, ეპიქტეტე ფარულად მოინათლა. ამის შემდეგ იგი მხურვალედ ევედრებოდა მოძღვარს, სადმე შორეულ ქვეყანაში წასულიყვნენ და მთლიანად უფლისთვის მიეძღვნათ თავი. ეპიქტეტე და ასტიონე ხომალდზე ავიდნენ და სკვითიის მიწას მიმართეს. აქ ისინი დუნაის შესართავთან, ქალაქ ალმარისის მახლობლად დასახლდნენ, წარმართ სლავებს შორის და მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.

განდეგილების ღვთივსათნო ცხოვრება დიდხანს არ დარჩენილა დაფარული ადგილობრივ მკვიდრთაგან. ღირს მამებთან დახმარების თხოვნით ბევრი სნეული მიდიოდა და წმიდანთა ლოცვით იკურნებოდა.

ამ ხანებში ალმარისში ჩავიდა ოლქის მმართველი ლატრონიანე. წარმართმა ქურუმებმა ეპიქტეტე და ასტიონე დაასმინეს მასთან - ხალხს ჯადოქრობით იზიდავენ და თავიანთ სარწმუნოებაზე მოაქცევენო. ნეტარი მოსაგრეები შეიპყრეს. სატანჯველების შემდეგ მოწამეებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+290).

წმიდა მოწამე ასტიონეს მშობლებმა - ალექსანდრემ და მარკელინამ ირწმუნეს ქრისტე და ეპისკოპოს ევანგელეს ხელით ნათელიღეს. უსჯულოებმა ქრისტეს აღსარებისათვის მათაც თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ევანგელე (+284-305)

7 (20) ივლისი

წმიდა მოწამე ევანგელეს დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე კვირიაკია (IV)

7 (20) ივლისი

წმიდა მოწამე კვირიაკია კეთილმსახური ქრისტიანების - დოროთესა და ევსებიას ერთადერთი ასული იყო. მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს და უფლის მსახურებისთვის განამზადეს.

როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ქალწული დედ-მამას დააშორეს: დოროთე და ევსებია მმართველ იუსტის სამსჯავროზე წარადგინეს, კვირიაკია კი დიოკლეტიანეს თანამმართველთან, მაქსიმიანე ჰერკულესთან (284-305; 307-310) გაგზავნეს, ნიკომიდიაში. ქრისტეს ტარიგმა მტკიცედ დაითმინა სატანჯველები. მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა მისი ღვთივრჩეულობა: როგორც კი კვირიაკია საკერპოში შეიყვანეს, ცრუღმერთების ქანდაკები დაიმსხვრა; მოწამის დასაგლეჯად გამოშვებული მხეცები თვინიერად გაწვნენ მის ფეხებთან... ამ საოცრების მხილველი ბევრი კერპთმსახური ქრისტიანობაზე მოექცა. როცა სასიკვდილო განაჩენი წაიკითხეს, წმიდა კვირიაკიამ ლოცვისთვის დრო ითხოვა. ყოვლადსახიერმა ღმერთმა ისურვა, რომაელ ჯალათთაგან დაეხსნა თავისი რჩეული და ლოცვის დამთავრებისთანავე მშვიდობით შეივედრა მისი სული.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати