USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 2 აგვისტოს?
Date:  

2 აგვისტოს, ახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

 

წმიდა სალომე ქართველი, სპარსთაგან წამებული (XIII)

წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: „ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი“.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსლვაში“ აღნიშნავს, რომ „მუნ (ე.ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიესთ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მჴნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი“. როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმიდა ლუკა იერუსალიმელის (+1227, ხს. 12 თებერვალს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

 

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907)

 წმიდა ილია მართალი (ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე) 1837 წლის 27 ოქტომბერს (ძველი სტილით) დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო: დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში. ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. მშობლები მას ადრე გარდაეცვალა და დაობლებული ოჯახის მეურვეობა მამიდა მაკრინემ იტვირთა.

 1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ძველი ქართული წიგნებით იყო დაინტერესებული. აკადემიური მოსწრებაც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ილიას იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა არ აინტერესებდა. მან მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და 1861 წელს ღრმად და მრავალმხრივ განსწავლული დაბრუნდა საქართველოში.

 „რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?.. შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და ამ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?“ - ეკითხებოდა ოცდაოთხი წლის ყმაწვილი საკუთარ თავს. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას საქართველოსთვის არ ეფიქრა. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა... ილიაც არ ერიდებოდა მწარე მხილებას.

 ილიას მიაჩნდა, რომ „როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა“, რომელსაც „აღარ ახსოვს ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისე არად სახსენებელი  არ არის იგი, რომელსაც... თავისი ისტორია არ ახსოვს“, ამიტომაც ახსენებდა თანამემამულეებს წარსულ დიდებას, ქართველთა თავდადებას რწმენისა და მამულის დასაცავად: „რა არ გარდაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გევუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავინ შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?... დრო-ჟამი ამას გვიქადის“ („რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“)...

 ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ - „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.

 დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის... გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა“... ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.

 ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.

 ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.

 ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს...

 1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

 მთელი საქართველო დასტიროდა წმიდა ილიას ცხედარს.

 კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

 „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;

არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…

არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,

შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.

 

წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელი (IX საუკუნე ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი ელია - ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.

 ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და კერპებს მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა: ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა... უფალმა ელიას უბრძანა, წასულიყო „ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა“. აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხანგრძლივი გვალვის გამო წყარო ქორათშიც დაშრა, წინასწარმეტყველმა ღვთის ბრძანებით სიდონის მახლობლად მდებარე სოფელ სარეფთას მიაშურა. აქ იგი ერთი ქვრივი დედაკაცის სახლში დაბინავდა, რომელსაც ელიას იქ ყოფნისას სასწაულებრივად არ ელეოდა ფქვილი და ზეთი. ამ დროს სარეფთელი ქვრივის ერთადერთი შვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა ყრმა და დედას დაუბრუნა.

 სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმილის მთაზე რვაასორმოცდაათმა ქურუმმა მოიყარა თავი. ელიამ მათ შესთავაზა, თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოზე ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავიანთი ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის მოვლინებას: „მაღლადრე უხმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუ თუ განცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს“, - ეუბნებოდა მათ ელია. საღამოს თავად წინასწარმეტყველმა აღადგინა კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი მსხვერპლზე და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და თხრილში წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი: „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ (3 მეფ. 19.4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ (3 მეფ. 19.10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.

 უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way