17 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290)
წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303)
მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304)
წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი და მისთანა 40 მოწამე (311)
ღირსი ნიკიფორე (XIV)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290) წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე. პელაგიას ასეთმა პასუხმა განარისხა იმპერატორის მემკვიდრე, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ევნო ქალწულისთვის. წმიდა პელაგიამ დედას სთხოვა, გაეშვა თავის გამზრდელთან, გულში კი ფიქრობდა, მოეძებნა ქრისტიანთა დევნის გამო მთებს შეხიზნული ტარსის ეპისკოპოსი კლინონი და ნათელ-ეღო. წმიდა პელაგიას ძილში გამოეცხადა ეპისკოპოსი და ქალწულმა ზედმიწევნით დაიმახსოვრა მისი სახე. ერთხელ წმიდა ქალწული დედის ბრძანებით ძიძასთან წავიდა მდიდრული ეტლით და მრავალრიცხოვანი ამალით. ღვთის ნებით მის შესახვედრად გამოვიდა ეპისკოპოსი კლინონი. პელაგიამ უმალ იცნო იგი, ფეხებში ჩაუვარდა და მონათვლა სთხოვა. ეპისკოპოსის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. კლინონმა მონათლა წმიდა პელაგია. საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზებმა ნათელი შესამოსელით დაფარეს ღვთის რჩეული. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ეპისკოპოსმა წმიდა პელაგიასთან ერთად ილოცა და განუტევა იგი. გზად მომლოდინე მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მაცხოვარზე იქადაგა და ბევრი მათგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა ქალწულს სურდა, სახარების მადლით გაეთბო თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას. წმიდა ქალწულმა უარყო იმპერატორის წინადადება და უპასუხა: მე არ შევასრულებ შენს ბრძანებას, რამეთუ მყავს ზეციური სასიძო - ქრისტე, არ მსურს ამაო გვირგვინოსნობა, რადგან უფალმა სასუფეველში სამი გვირგვინი მომიმზადა: რწმენისათვის, ქალწულობისათვის და მოწამეობისათვის. დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებლად იქნა დაცული. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. მას უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337), როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.
წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303) სიყრმითგანვე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ერაზმმა გადაწყვიტა გარიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და ქალაქში დაბრუნება უბრძანა. როცა შემხვედრი მხედრები წმიდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმიდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. წმიდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმიდა ერაზმი სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს. საპყრობილეში ჩაკეტილი ქრისტეს აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმიდა ერაზმმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. რომის იმპერიის დასავლეთის მფლობელმა მაქსიმიან პერკულმა ბრძანა წმიდანის შეპყრობა და სამსჯავროზე მიყვანა. წმიდა ერაზმმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმიდანი ცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ, როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. გათავისუფლებულმა ერაზმმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაათავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი.
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე (+304) ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმიდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპმსახურებაზე უარი განაცხადა. წმიდანი აწამეს გახურებული რკინით, უმოწყალოდ ცემეს, მაგრამ ვერ მოტეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს წმიდანები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს
წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი (+312) ერისკაცობაში მეომარი იყო. ზეციური მეუფის მსახურების მსურველი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა სილვანმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნისას წმიდანი მძიმე სამუშაოეზე გაგზავნეს სპილენძის საბადოებში. ამ სამუშაოებმა ეპისკოპოსი მოაუძლურა, მაგრამ სულით გაუტეხელი დაუღლელად ქადაგებდა ქრისტეს. ამან მისდამი წარმართთა სიძულვილი გააძლიერა. მათ წმიდა ეპიკოპოსს და მის მიერ მოქცეულ 40 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი ნიკიფორე წმიდა გრიგოლ პალამას (ხს. 14 ნოემბერს) მოძღვარი იყო. ნეტარი ბერი ათონის მთაზე მოსაგრეობდა XIV საუკუნეში. მას ეკუთვნის ღრმადსულიერი თხზულება იესოს ლოცვის შესახებ.