USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 17 აგვისტოს?
თარიღი:  159

17 აგვისტოს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

შვიდნი ყრმანი ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე (+დაახლ. 250)

შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე, ცხოვრობდნენ უსჯულო დეკიუსის (249-251) ზეობისას. წმიდა მაქსიმილიანე ეფესოს ქალაქის თავის ძე იყო, დანარჩენი ექვსი ჭაბუკი კი - სხვა ეფესელ დიდებულთა ვაჟიშვილები. ისინი სიყრმიდანვე მეგობრობდნენ და ერთად მსახურობდნენ. როცა მრისხანე იმპერატორი ეფესოში ჩავიდა, ბრძანა, ყველანი კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად გამოცხადებულიყვნენ. ბრძანების პასუხად უამრავი ხალხი შეიკრიბა წარმართულ ტაძრებთან. „კუამლსა ბოროტსა შეეცვა ქალაქი იგი, და ბნელსა და არმულსა გებისა მის მათისასა დაეპყრა ქუეყანაჲ, რომელსა-იგი უგებდეს ცუდთა ღმერთთა“.

ქრისტიანები, რომლებიც მეფის ბრძანებას არ დამორჩილდნენ, შეიპყრეს და სასტიკ სატანჯველებს მისცეს. მხედრები სამალავებშიც აგნებდნენ მათ, წამებით ხდიდნენ სულს, შემდეგ კი წმიდა ცხედრებს ქალაქის ქუჩებში ათრევდნენ, ციხე-გალავნებზე ჰკიდებდნენ ფრინველთა საჯიჯგნად, მოკვეთილ თავებს ძელებზე აცვამდნენ სხვათა დასაშინებლად... უსჯულოების ზეობის გამო მწუხარებას მოეცვა მართლმორწმუნეები. წუხდნენ ეფესელი ყრმებიც, რომლებიც „ღამის-თევასა და ლოცვასა დადგრომილ იყვნეს“. ბოლოს, ჭეშმარიტების მტრებმა ისინიც დაასმინეს - დეკიუსს მოახსენეს: „რომელნი-იგი შორს არიან, მოაახლებ გებად ღმერთთა, და აჰა მახლობელნი შენნი შეურაცხ-ყოფენ მეფობასა შენსა და მცნებათა შენთა“.

განრისხებულმა თვითმპყრობელმა თავისთან მოიხმო მხედრები და უბრძანა, დაუყოვნებლივ შეეწირათ მსხვერპლი კერპებისათვის. მაქსიმილიანემ მეგობრების ნაცვლადაც მიუგო: „გუაქუს ჩუენ ღმერთი ფარული, რომლისა დიდებითა ცაჲ და ქუეყანაჲ სავსე არიან, და მოვართუამთ მას ფარულად მსხუერპლსა აღსარებისა ჩუენისასა და საკმეველსა სულნელსა... ჩვენ ყროლასა მას კუამლისასა შესუარულსა წინაშე კერპთა არ შევწირავთ და გინებათა ეშმაკისათა არა შევავლინოთ სიწმიდ ჱ სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ“.

დეკიუსმა ბრძანა, პატივის აყრის ნიშნად აღმსარებლებისათვის მხედრული სარტყლები შეეხსნათ. მაგრამ არ დაუტუსაღებია ისინი - სალაშქროდ გამზადებულს, იმედი ჰქონდა, რომ სანამ ეფესოში მობრუნდებოდა, ჭაბუკები გონს მოეგებოდნენ და საქციელს შეინანებდნენ.

როგორც კი დრო მიეცათ, მაქსიმილიანემ და მისმა მეგობრებმა ქონება გლახაკებს დაურიგეს, დატოვეს ქალაქი და ოქლონის მთის გამოქვაბულს შეეხიზნნენ - სურდათ, დეკიუსის დაბრუნებამდე განკრძალული ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისათვის. ყველაზე უმცროსი მათ შორის - იამბლიქო გლახაკის სამოსელში გადაცმული მიდიოდა ხოლმე ეფესოში და პურს ყიდულობდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან შეიტყო, რომ იმპერატორი უკვე დაბრუნებულიყო და მათ ეძებდნენ. მაქსიმილიანემ მოუწოდა მეგობრებს, ნებსით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე, მაგრამ, ღვთის ნებით, შვიდივეს მიეძინა „ტკბილითა სიკუდილითა“; „არა აგრძნეს დაწოლაჲ იგი ძილისა მათისაჲ და გამოსულაჲ სულთა მათთაჲ. და ესრეთ დაიძინეს ქუეყანასა ზედა და შეჰვედრნეს სულნი თჳსნი ღმერთსა“. როცა უსჯულო ხელისუფალმა ნეტართა ადგილსამყოფელი გაიგო, ბრძანა, მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოექოლათ, რომ ყმაწვილები შიგ შიმშილითა და წყურვილით ამომწყდარიყვნენ, „რამეთუ ჰგონებდა მეფე და ყოველი ქალაქი, ვითარმედ ცოცხალ არიან წმიდანი იგი“. ორმა ფარულმა ქრისტიანმა, საჭურისებმა თევდორემ და ვარგოსმა ლოდებს შორის დაბეჭდილი ლუსკუმა ჩადეს, რომელშიც ორი კალის ფირფიტა იდო წმიდა ყრმათა სახელებითა და მათი ღვაწლისა და სიკვდილის გარემოებათა აღწერით.

 განვლო თითქმის ორმა ასწლეულმა. ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს გამოჩნდნენ მწვალებლები, რომლებიც უარყოფდნენ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას. აი, სწორედ ამ დროს გზადაბნეულთა მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა სასწაულის აღსრულება ინება: მისი ჩაგონებით, იმ მიწის მფლობელმა, სადაც ოქლონის მთა მდებარეობდა, ცხოვართათვის ბაკის მშენებლობა განიზრახა. მისმა მონა-მსახურებმა მღვიმის პირთან დახვავებული ქვები და ლოდები გადააგორეს და შესასვლელი გათავისუფლდა. ეფესელმა ყრმებმა ხანგრძლივი ძილისაგან გამოიღვიძეს. მათი სხეულები სრულიად უხრწნელი იყო. წმიდანებმა არც იცოდნენ, თუ რა დრომ განვლო მათი მიძინების შემდეგ და იამბლიქო კიდევ ერთხელ გაგზავნეს ქალაქში პურის საყიდლად. როცა ყრმა ეფესოს მიუახლოვდა, გაოცებამ შეიპყრო: ბჭეებზე ჯვრის ნიში იყო აღმართული; ქალაქში ქრისტეს სახელსაც თავისუფლად წარმოთქვამდნენ... ყოველივე ამან იგი დააეჭვა, გზა ხომ არ ამბნევია, სხვაგან ხომ არ მოვხვდიო, სურდა, ჩქარა მიბრუნებულიყო უკან, მაგრამ როცა პურის გამყიდველებს ვერცხლის დიდი მონეტა გაუწოდა დეკიუსის გამოსახულებით, იგი დააკავეს „ძუელთა მეფეთა საუნჯის“ პოვნისა და გადამალვისათვის.

ნეტარი მიჰგვარეს ქალაქის თავს, რომელთანაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსი იმყოფებოდა. უსმენდა რა ყრმის დაბნეულ პასუხებს, მან გაიფიქრა: „გამოცხადებაჲ რაჲმე უნებს ღმერთსა ჩუენდა დღეს ჴელითა ამის ჭაბუკისაჲთა“, და ქალაქის ხელისუფლებთან და ხალხთან ერთად იამბლიქოს გამოქვაბულისკენ გაჰყვა. მღვიმის შესასვლელთან, ქვების გროვებში მღვდელმთავარმა დაბეჭდილი ლუსკუმა იპოვა, გახსნა და კალის დაფებზე გაკეთებული წარწერები წაიკითხა. ყველამ ერთობლივ ადიდა ღმერთი „და ესრ ჱთ შემართეს ქუაბად და პოვნეს წმიდანი იგი მსხდომარენი სიხარულითა დიდითა ფრიად და პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზ ჱ“. ეპისკოპოსმა, ქალაქის თავმა და ერის სიმრავლემ თაყვანი სცა წმიდანებს, „და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან ღირს-ყვნა იგინი ხილვად დიდებულსა ამას ხილვასა“. ყველა ხვდებოდა, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა ნეტარი მარტვილების საუკუნო ძილისაგან გამოფხიზლებით ეკლესიას მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო გაუცხადა. თავად იმპერატორი თეოდოსიც ჩავიდა ეფესოში და ესაუბრა ყრმებს. „შეხედვიდა მათ მეფ ჱ და ადიდებდა ღმერთსა და გული მისი იხარებდა აღსარებითა“. საუბრის დროს ყველას თვალწინ უფლის სათნომყოფელებმა „კუალად მიიდრიკეს თავნი მათნი ქუეყანად და დაიძინეს“, ამჟამად - საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე. იმპერატორს სურდა, წმიდათა ცხედრებისათვის ოქროს ლუსკუმები შეემზადებინა, მაგრამ იმავე ღამეს ყრმები ძილში ეჩვენნენ მას და უთხრეს: „მიწისაგან აღდგეს გუამნი ჩუენნი და არა ოქროჲსაგან და არცა ვეცხლისაგან. ამისთჳს ადგილსა ჩუენსა, სადაცა ვართ, ქუაბსა მას, მიწასა მას ზედა გჳტევენ ჩუენ, რამეთუ ღმერთმან მიერ მიწით კუალად მერმე აღმადგინნეს ჩუენ“.

შვიდი ეფესელი ყრმის ხსენება მეორედ 22 ოქტომბერს აღინიშნება. გადმოცემით, წმიდანებმა ამ დღეს მეორედ მიიძინეს, სხვა ცნობით კი მათ პირველად 4 აგვისტოს მიეძინათ, 22 ოქტომბერს კი გამოიღვიძეს.

 

ღირსმოწამე ევდოკია (+362-364)

 ღირსმოწამე ევდოკია - დიდებული რომაელი ქალბატონი - IV საუკუნეში ცხოვრობდა. სპარსეთის მეფე საპორმა სხვა ცხრაათას ქრისტიანთან ერთად იგი ტყვედ ჩაიგდო. ტყვეობაში ნეტარი დედა ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა სპარსელ ქალებს შორის და მრავალი მათგანი მოაქცია. ამისათვის უფლის რჩეული ხანგრძლივი და მრავალგვარი სატანჯველებით აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 362-364).

 

წმიდა მოწამე ელეფთერი (IV)

 წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-310) ერთ-ერთი უახლოესი მსახური იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლის კარს, ქალაქგარეთ მდებარე თავის მამულში განმარტოვდა და სახლში ტაძარი მოაწყო. სასახლეში თავის არყოფნას წმიდანი ავადმყოფობით ხსნიდა. ერთ-ერთმა მსახურმა იმპერატორს აცნობა, რომ ელეფთერი ქრისტიანი გახდა. განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. მარტვილმა მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. წმიდა ელეფთერის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში იყო დაცული, შემდეგ კი იტალიაში, ქალაქ ტეატში გადაასვენეს.

მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (+1779)

მოციქულთასწორი ღირსმოწამე კოზმა (ერობაში _ კონსტანტინე) ეტოლიიდან იყო. თავდაპირველად ის სამშობლოში განისწავლა მთავარდიაკონ ანანია დერვიშანის ხელმძღვანელობით, შემდეგ კი ათონის მთაზე მდებარე ვათოპედის სასწავლებელს მიაშურა.

 სასწავლებლის დასრულების შემდეგ წმიდანი ათონზე დარჩა, ფილოთეოსის სავანეში. აქ იგი ჯერ ბერად აღკვეცეს კოზმას სახელით, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოძმეთა სარწმუნოებაში განმტკიცების სურვილით ანთებულმა მოღვაწემ სულიერი მამებისაგან კურთხევა გამოითხოვა და კონსტანტინოპოლში წავიდა საქადაგებლად.

 წმიდა კოზმას მოციქულებრივი ღვაწლი 1779 წელს მოწამეობრივად დასრულდა: სამოცდახუთი წლის ასაკში იუდეველებმა მას ცილი დასწამეს და თურქებს ჩაუგდეს ხელში, მათ კი დაახრჩვეს წმიდანი და მდინარეში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ხუცესმა მარკოზმა იპოვა ნეტარის ცხედარი და სოფელ კალიკონტასის მახლობლად, არდევუზის მონასტერში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში დაკრძალა. მოგვიანებით მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სხვადასხვა ადგილებში იქნა დაბრძანებული.

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.