16 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.
ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“ ელინთა ენისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, „კეთილად ზრახვენ ანუ მართალი წარმუნოებაჲ უპყრიეს“. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“
ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხს. 12 ივლისს) და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე (ხს. 13 მაისს).
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი
წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (+დაახლ. 286). მოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. სოფელ პერაპიაში (ეგვიპტის თებაიდა) მცხოვრები წმიდა ტიმოთე მღვდლის შვილი იყო და მედავითნედ მსახურობდა. მის მორჩილებაში შედიოდა საღვთისმსახურო წიგნების დაცვა და გადაწერა. ბოროტმა ენებმა ტიმოთე მმართველ არიანესთან დაასმინეს: იმპერატორის მიერ აკრძალულ წიგნებს ინახავსო. არიანემ შეაპყრობინა წმიდანი და საეკლესიო წიგნების ჩაბარება მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ბრძანა, ეწამებინათ იგი. ტიმოთე მამაცურად იტანდა საშინელ ტკივილებს და მადლობდა უფალს. ჯალათებმა წმიდანი ფეხებით დაკიდეს და ლოდი გამოაბეს. შემდეგ არიანემ გაიგო, რომ მოწამეს ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, სახელად მავრა და ისიც დაატუსაღებინა. წმიდანმა ცოლი გაამხნევა და მოუწოდა, მასთან ერთად ეღიარებინა ქრისტე. ქრისტეს ტარიგმა მიუგო: „მზად ვარ შენთან ერთად მოვკვდე“. არიანეს ბრძანებით ქალს თმები დააგლიჯეს და ხელის თითები დააჭრეს. წმიდა მავრამ სიხარულით დაითმინა წამება. შემდეგ წმიდანი ადუღებულ წყალში ჩააგდეს, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია, უვნებლად იქნა დაცული. მმართველმა იფიქრა, რომ მსახურებმა ქვაბში ცივი წყალი ჩაასხეს და მავრას მოსთხოვა, მისთვის ხელზე დაესხა წყალი. როცა მოწამემ ბრძანება შეასრულა, არიანემ ტკივილისაგან ამოიგმინა, შეცბუნდა მომხდარი სასწაულით, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მავრას გათავისუფლების განკარგულება გასცა, მაგრამ ისე ძლიერი იყო ეშმაკის ძალა მასზე, რომ უკან წაიღო სიტყვა და ბრძანა უფრო სასტიკი სატანჯველებით აწამებინა ქრისტეს აღმსარებელი. აღშფოთებულმა ხალხმა მმართველს მოსთხოვა, შეეწყვიტა უდანაშაულო ქალის ტანჯვა. წმიდა მავრა ხალხს მიუბრუნდა და დაამშვიდა: „ნუ მიცავთ, ჩემი ერთადერთი დამცველი ღმერთია, რომელსაც მე ვსასოებ“.
ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.
წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744) საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.
ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.
წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საუკუნეებში. იგი ღვთისმოშიში ოჯახის შვილი იყო: ჯერ მისი მშობლები, შემდეგ კი ძმები - პავლე, დიონისე და პლატონი - ბერებად აღიკვეცნენ. წმიდა პეტრემ გულმოდგინე მოღვაწეობა დაიწყო. მისი მსახურების შესახებ ეუწყა იტალიის ეპისკოპოს ნიკოლოზს (895 წლიდან კონსტანტინეპოლის პატრიარქს), რომელმაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა მოინდომა, მაგრამ წმიდა პეტრემ უღირსად მიიჩნია თავი და შორს დაიჭირა ეს წინადადება. მაშინ ნიკოლოზმა პეტრეს ძმას, პავლეს დაასხა ხელი კორინთოს ეპისკოპოსად, წმიდანი კი მასთან ცხოვრობდა, მდუმარების ღვაწლს შედგომილი. ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოს პავლესთან მოვიდნენ არგოსელები და ითხოვეს, მათ ეპისკოპოსად წმიდა პეტრე დაედგინათ. ხანგრძლივმა და მხურვალე ვედრებამ გაჭრა: წმიდანი დათანხმდა. ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.
ღირსი თეოდოსი იღუმენი (+1074) რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი, დაიბადა კიევთან ახლოს, ვასილიევოში. ის სიყრმითგანვე ასკეტურად ცხოვრობდა მშობლიურ სახლში. 14 წლისას მამა გარდაეცვალა და დარჩა მკაცრი და ძალაუფლებისმოყვარე დედის ზედამხედველობის ქვეშ. მოსაგრეობისკენ მიწრაფებისთვის მან არაერთხელ დასაჯა შვილი, მაგრამ ღირსი თეოდოსი მტკიცედ ადგა არჩეულ გზას. 24 წლისამ მალულად დატოვა სახლი და ღირსი ანტონის კურთხევით ბერად აღიკვეცა კიევის მღვიმეთა მონასტერში. 4 წლის შემდეგ დედამ მიაგნო შვილს და ცრემლებით შეევედრა, სახლში დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდა თეოდოსიმ თვითონ დაარწმუნა დედა, დარჩენილიყო კიევში და მონაზვნად შემდგარიყო წმიდა ნიკოლოზის სავანეში.
წმიდა თეოდოსი სავანეში სხვებზე მეტს საქმიანობდა და ძმათა საქმეებსაც თვითონ ასრულებდა. ყველაზე ადრე მიდიოდა ტაძარში და ღვთისმსახურების დამთავრებამდე ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. 1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ, მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. ის დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს მოხდა მისი კანონიზაცია.