USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 16 აგვისტოს?
дата:  167

16 აგვისტოსახალი სტილითმართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული (+457)

წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ (ხს. 30 ნოემბერს) სპარსეთის მეფის ჰორმიზდ III-ის ასული ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა. ვახტანგ მეფემ სოფელნი და აგარაკნი მიანიჭა და „საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი“.

წმიდა რაჟდენი ხშირად დადიოდა ეკლესიაში, ისმენდა საღვთო წერილს და ქადაგებებს. ნათისღების შემდეგ იგი კიდევ უფრო ამაღლდა სათნოებით და თავის სულში აღანთ მასზე მოფენილი სულის მადლი. იგი შენატროდა მოწამეთა ცხოვრებას, მათ აღსასრულს და ლოცულობდა, რათა თვითონაც ღვთის ნებით წამების ღვაწლისა და უკვდავების სასმელის შესმის ღირსი გამხდარიყო. ღვთისმსახურებით შემკულმა ნეტარმა რაჟდენმა სიყრმიდან ღვთისმსახურებაში აღზრდილთ გაუსწრო.

ვახტანგ მეფე იღვწოდა ეკლესიის გაძლიერებისათვის: ჩამოაყალიბა საქართველოში საეკლესიო იერარქია, საქართველოს ეკლესიას მოუპოვა დამოუკიდებლობა და მყარი მშვიდობა, სამეფოდან გააძევა სპარსელები, დახურა მაზდეანთა სამლოცველოები.

მცხეთელ მოგვთა გასაჭირი რომ გაიგეს, სპარსელებმა არ დააყოვნეს, პეროზ მეფემ დიდძალი ჯარი დაძრა საქართველოსკენ. ვახტანგ გორგასალმა წინასწარ გაამაგრა ციხე-ქალაქები, თვითონ კი მცხეთაში დადგა თავისი ჯარით.

მტერი მცხეთის მახლობლად დაბანაკდა. დაიწყო ხანგრძლივი ომი. ქართველ მებრძოლთა რაზმები მოულოდნელად ესხმოდნენ სპარსელებს თავს და მუსრს ავლებდნენ. ასე გრძელდებოდა ხუთი თვის განმავლობაში.

ომის დროს თავი ისახელა „ახოვანმან წყობათა შინა და გამოცდილმან, რჩეულმან მებრძოლმანა“ - რაჟდენმა, რომელიც ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი სარდალი იყო. ღვთის შეწევნით მან მრავალჯერ აგემა დამარცხება მტერს. განრისხებულმა პეროზ მეფემ ბრძანა, ცოცხლად შეეპყროთ გაქრისტიანებული სპარსი.

ერთ-ერთი შეტევის დროს სპარსელებმა გზა შეუკრეს რაჟდენს, მოულოდნელად შემოერტყნენ გარს, შეიპყრეს და შეკრული მიჰგვარეს სპარსთა მეფეს. პეროზმა დიდად გაიხარა ქართველთა რჩეული მხედრის ხელში ჩაგდებით და მხიარულად მიმართა ტყვექმნილს: „გიხაროდენ, მხნეო რაჟდენ, მშვიდობა შენდა! სად უკუე იყავ ესოდენთა ამათ ჟამთა, რაჲსათჳს უარ გიქმნიეს მამული შჯული და შედგომილ ხარ სჯულსა უცხოსა, რომელი არა გასწავეს მამათა შენთა და ბრწყინვალისა მზისა წილ და ცეცხლისა და სხუათა მათ მნათობთა მსახურებ ჯუარცმულსა კაცსა, რომელი ჰურიათა მოაკუდინეს და შენ იგი ღმერთად შეგირაცხიეს, ანუ არა ესე ყოველი ესრეთ არსა?“

რაჟდენმა გაბედულად მიუგო: „ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტეანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმრთოებაჲ და არღარა თაყუანის-ვსცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათჳს სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი, რაჲ არს მათ შინა ხილულნი ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს“.

პეროზ მეფე გულისწყრომით აღივსო, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ფიქრობდა, რომ დაყვავებით და პატივით მოიგებდა რაჟდენის გულს და უთხრა: „ისმინე, რაჟდენ, და დაუტევენ უხმარნი ეგე სიტყუანი და ერჩდი ბრძანებათა ჩუენთა და მიგანიჭნეთ პატივნი და დიდებანი უფროჲს პირველისა და გყოთ თანაზიარ დიდებისა ჩუენისა და იყო საკუთარ მეგობარ და საყუარელ ჩუენდა. და უკუეთუ არა ყო, სიკუდილითა მწარითა და სატანჯველითა მრავალფერითა მოგაკუდინოთ შენ“.

რაჟდენმა მშვიდად მოუსმინა მეფეს, შემდეგ კი მიუგო: „რაჲ არიან ნიჭნი და პატივნი შენნი, მეფეო, არა საწუთრონი არიან და მსგავსად სიზმრისა განქარვებადნი და აჩრდილებრ წარმავალნი? ხოლო სული უკუდავ არს და უკუდავადაც ჰგიეს, და უკუეთუ ვისმინო ბრძანებისა შენისა და ვერჩდე თქმულთა შენთა, არა მოვკუდეა მეცა, ვითარცა ზოგად ყოველნი კაცნი და მერმე საუკუნოდ ვიტანჯებოდე ცეცხლსა შინა უშრეტსა და სიმდიდრე შენი აქავე დაუტევო, ხოლო უკუთე მოვკუდე ქრისტესთჳს, უკვდავ ვიქმნე საუკუნოდ და მის თანა ვსუფევდე“.

განრისხდა უსჯულო მეფე და ბრძანა, სასტიკად ეცემათ წმიდანი. წამების ოსტატებმა ძირს დასცეს წმიდა რაჟდენი და საშინლად სცემეს, კბილები ჩაულეწეს, სახე სისხლით შეუღებეს, ციცაბო კლდეზე ათრიეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

დილეგში მყოფი წმიდანი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა მოთმინებისა, რომ არ ეღალატა ქრისტესთვის. სპარსელები საპყრობილეშიც ბევრს ეცადნენ წმიდანის გადაბირებას, მაგრამ ამაოდ.

რაჟდენის ტყვედ ჩავარდნის და წამების ამბავი მყისვე გაიგეს მცხეთაში. პეროზ მეფეს რამდენიმე წარჩინებული ქართველი ეახლა და მცირე ხნით რაჟდენის განთავისუფლება სთხოვა. პეროზმა რაჟდენს უკან დაბრუნების ფიცი ჩამოართვა და მცხეთაში გაუშვა.

პირველად მეფეს ეწვია რაჟდენი. გაიხარა ღვთისმოყვარე მეფემ, ამბორს უყო და სიყვარულით მოიკითხა. სიხარულით აივსო სახლეული, რადგან არ ელოდნენ მის ხილვას. როცა ცოლმა გაიგო, რომ რაჟდენი ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო, შეევედრა მეუღლეს: „რად ესრეთ განგიწირავს ცხორებაჲ თჳსი და მიგიცემიეს თავი შენი სიკუდილად და ჩუენცა სრულიად ოხერ და ობოლ გუყოფ? ჰყოფდი ბრძანებასა მათსა და იხსენ თავი შენი და ჩუენცა, რათა არა ბოროტად მოკუდე შენ და ჩუენ სიკუდილითა შენითა მივეცნეთ განსაცდელსა მწარესა და მწუხარებასა ძნელსა“. წმიდა რაჟდენმა რბილად უსაყვედურა ცოლს: „რად ესრეთ ბოროტისა განმზრახ მექმნები, დედაკაცო, ვითარცა ევა, ანუ ვითარცა ცოლი იგი იობისი, რაჲთამცა ვისმინე შენი და ვიქმნეცა ვითარცა ადამ, უკუდავებისა წილ მოკუდავ და უხრწნელებისა წილ განხრწნილ და მიწად ქცეულ...“

წმიდა კვლავ უკან დაბრუნდა. მობრუნებულს გზად მის შესაპყრობად გამოგზავნილი მხედრების რაზმი შემოეყარა. წმიდა რაჟდენმა ახოვნად აღიარა, რომ იგი იყო, ვისაც ეძებდნენ. უღმერთოებმა შეიპყრეს იგი, ისევ უწყალოდ სცემეს ჯოხებით, შეკრეს, გაიგდეს წინ და მეფეს მიჰგვარეს. პეროზი ისევ შეეცადა რაჟდენის გადაბირებას, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდა, მაგრამ რაჟდენმა კადნიერად მიუგო: „ვერარამან განმაშოროს სიყუარულსა ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ პყრობილებამან, სიკუდილმან ანუ ცხორებამან, სიმდიდრეთა ანუ სიგლახაკეთა, ვერარამან შეუძლოს განყენებაჲ ჩემი სიყუაისავე დათმენად“.

განრისხებულმა პეროზმა ბრძანა, წრომს დაბანაკებულ სარდალთან გაეგზავნათ რაჟდენი, თან შეუთვალა: უკუეთუ ისმინოს, პატივით გაისტუმრეთ, თუ არა - ისე აწამეთ, დასამარხადაც არ ვარგოდეს მისი ხორციო.

წრომში მყოფ სარდალს ადრევე ჰქონდა გაგებული რაჟდენის მამაცობის ამბავი, ამიტომ დიდად გაუხარდა, როდესაც პირადად ნახა იგი და ტკბილი სიტყვებით შეეცადა მის გადაბირებას. წმიდანმა მტკიცედ მიუგო: „რაჲსა მაიძულებთ, უსჯულონო, ცხოველისა ღმრთისა დატევებად, რომელმან დაბადა ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა... მე პატიჟნი თქუენნი და ნიჭნი გინებად შემირაცხიან, რომელი დღეს არს და ხვალე არღარა. აწი რომელიცა გენებოსთ, ყავთ იგი, რამეთუ მე მზა ვარ დათმენად ყოველთა ძჳრთა ქრისტესთჳს“.

განრისხებულმა მთავარმა სასტიკად აწამა წმიდა რაჟდენი. თავ-პირში ურტყეს, კბილები ჩაუმსხვრიეს, ღაწვნი დაუმტვრიეს. ნეტარი კი ისევ მადლობას სწირავდა ღმერთს და სულით ხარობდა, რომ ქრისტეს მსგავსად იტანჯებოდა.

ხელფეხშეკრული წმიდა რაჟდენი კვლავ შეაგდეს საპყრობილეში. მაცხოვარი არ შორდებოდა მას, ანუგეშებდა და აძლიერებდა. წმიდა რაჟდენს სულ უფრო და უფრო ემატებოდა სიმხნე მომავალი ღვაწლის მიმართ.

მრავალჯერ აწამეს იგი, მრავალგზის შესთავაზეს საჩუქრები და პატივი, მაგრამ ვერა და ვერ დაიყოლიეს. როცა საბოლოოდ გადაეწურათ მისი გადაბირების იმედი, ჯვარცმით სიკვდილი გადაუწყვიტეს.

„ვინაჲთგან ძელსა ზედა მოკლულისა მიმართ აქუს სასოებაჲ, რაჲთა ესეცა ძელითა აღესრულოს“, - გამოუტანეს განაჩენი წმიდანს, შემდეგ კი „აღმართეს ძელი იგი და მას ზედა დამსჭუალეს ტარიგი ქრისტესი“. მის გვერდით ძელებზე ჩამოჰკიდეს ხუთი ავაზაკი, როგორც იესო ორ ავაზაკს შორის. ჯვარზე გაკრულ წმიდა მოწამეს ისრები დაუშინეს. ნატყორცნ ისრებს, სხულიდან ამოაძრობდნენ და ისევ ურჭობდნენ. მთელი სხეული ჭრილობებით დაუსერეს. წმიდანის ბოლო სიტყვები იყო: „ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა“. ეს მოხდა 457 წლის 3 (16) აგვისტოს.

წმიდა რაჟდენის წამებისა ჟამს ისევე, როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა, ამოვარდა სასტიკი ქარი, გაფანტა ყველა იქ შეკრებილი, მათ შორის მცველნიც, ურჯულო მთავარმა რომ დაადგინა, რათა ქრისტიანებს არ წაეღოთ მისი ცხედარი და არ დაეფლათ მიწაში, ფრინველებს და მხეცებს რომ შეეჭამათ იგი.

ღამით იქაურმა ქრისტიანებმა მოიყვანეს მღვდელი, გარდამოხსნეს, ჯვრიდან წმიდა მოწამის გვამი და ფარულად მიწას მიაბარეს.

რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში მშვიდობა დამყარდა. წმიდა ვახტანგ გორგასალმა წმიდა რაჟდენის ნაწილთა მოძიება დაიწყო. არავინ უწყოდა დაკრძალვის ადგილი მღდლის გარდა. ერთ ღამეს წმიდანი დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილი ეჩვენა მღვდელს და უთხრა: ხუცეს, აღდეგ, ნუღარ აყოვნებ, მეფეს სურს იხილოს ჩემი ნაწილნი და შემეგებოს, წადი, აუწყე სად ასვენია და სადაც თვით ენებოს, იქ დაასვენოს ისინი.

შიშითა და სიხარულით აღსავსე ხუცესი მყის წავიდა მეფესთან და აუწყა როგორ, როდის და სად იყო დაკრძალული წმიდა რაჟდენი, როგორ ეჩვენა მას და რა ამცნო.

ამის გამგონე მეფე გამოუთქმელი სიხარულით აღივსო, მადლი შესწირა ღმერთს და სანატრელ მოწამეს. მან მყის მოუხმო თავისი სამეფოს ეპისკოპოსებს და სხვა სამღვდელო პირებს. მიავლინა ისინი უამრავი საჩუქრებით სოფელ წრომს, სადაც დაკრძალული იყო ღვაწლმოსილი მოწამის მრავალმოღვაწე გვამი.

მიაღწიეს წრომს, ამოასვენეს შიშით და კრძალვით მოწამის ცხედარი. ენით უთქმელი სურნელება მიმოეფინა მთელ იმ მიდამოს. წმიდანის ნეშტი წაასვენეს გალობით, სანთლებით, კერეონებით და საკმველეთა სურნელებით ნიქოზს, ვახტანგ მეფის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო ეკლესიაში. მეფე და დედოფალი შორს მიეგებნენ დიდი სურვილით და სარწმუნოებით, ცრემლით ეამბორნენ მთავართა და დიდებულთა თანხლებით. ისინი ქვეითად მიჰყვებოდნენ წმიდანის ცხედარს.

ამის შემდგომ მოწამის სურვილითა და მოწოდებით მეფემ წმიდა რაჟდენის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგო უჯარმის ციხეში და ერთი სხვა ეკლესია უჯარმის ველზე, რომელსაც სამგორს უწოდებენ.

ტროპარი

ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრსიტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალელსა, მორწმუნეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ მორწმუნენო ძნობითა საღმრთოითა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნეთ განსაცდელთაგან.

კონდაკი

მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასუფეველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩვენ მაქებელთა შენთა.

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (+1625)

1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის არმია. ოცდაათი ათასი სპარსელიდან მხოლოდ სამი ათასი გადაურჩა სიკვდილს. მარტყოფის ბრძოლაში დაეცა შაჰ-აბასის ბევრი სახელგანთქმული სარდალი.

ამ გამარჯვებამ გააერთიანა ქართლ-კახეთი. ქართველთა ძლევამ შაჰისაგან დაპყრობილი სხვა ხალხებიც გაამხნევა და „ყველგან შფოთი გაჩნდა“ ... გააფრთებულმა შაჰ-აბასმა საქართველოსკენ უზარმაზარი სპარსული ურდო დაძრა, რომელმაც ისა-ხან ყორჩიბაში სარდლობდა. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაბანაკდნენ ოციათასიანი ლაშქრით. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი კი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა.

გათენდა 1625 წლის 1 ივლისი. საზიარებლად გაემზადა ქართველთა ლაშქარი: წესისამებრ, მეომრები ომის დაწყების წინ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ ცოდვათა მისატევებლად და ბრძოლაში წარმატების საწინდრად.

მეომართა გვერდით იარაღით შეჭურვილი სამღვდელოებაც დამდგარიყო, რადგან ესეც წესად იყო დადებული: ყოფნა-არყოფნის ზღვართან მყოფ საქართველოს ჯვრით და მახვილით იცავდა ერი და ბერი. მროველი ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი წარდგა ლაშქრის წინაშე წმიდა ბარძიმით ხელში. ლაშქარმა ერთხმად შესძახა: „უკუეთუ დღეს აღიღებ მახჳლსა ბრძოლად, უბრძანე, რათა გვაზიაროს სხუამან, და უკუეთუ არა, უმჯობეს არს შენ მიერ“. მროველი ჩაფიქრდა და თქვა: „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისსტეს მცნებისა და არა ჩემ ზედა, ამისათჳს არა ვყო, უკუეთუ უწინარეს თქუენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახჳლის ამღებმან“.

რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. გორგასლიან-დავითიან-თამარიან დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად.

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. წინ რჩეული ცხენოსანი ჯარი წავიდა, უკან ქვეითი მიჰყვა. იგრიალა თორმეტი ათასმა სპარსულმა თოფმა და ზარბაზანმა, მაგრამ მამულისათვის და ქრისტესთვის მებძოლ რაინდთა შეჩერება ვერავინ შეძლო - ქართველები მტრის ბანაკში შეიჭრნენ, ლაშქარს დაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, „ჴმალთა და ლახტთა მუზარადებზედ ჴეთქინება“.

მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით... ქართველები შედრკნენ. ამას ზედ დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. „განჴდა ჴამდა ჰგონეს ყოველთა კახთ-ბატონის სიკუდილი და ივლტოდენ კახნი და ქართველნი“, მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი - რუსთველი და ხარჭაშნელი.

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ - ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

მზის ჩასვლამდე იბრძოდა თეიმურაზ მეფე, რომელმაც იმ დღეს „დაამტვრია ყოველი საბრძოლო იარაღი და არღარა შემორჩომოდა რა. ბეჭდებიცა დაემტვრია მუშტის ძგერებით“. დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა გმირულად იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.

ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები - რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი  და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.

 

ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო (IV-V)

ღირსი მამები ისააკი, დალმატი და ფავსტო დალმატის სავანის იღუმენები იყვნენ. ერობაში ღირსი დალმატი წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ლაშქარში მსახურობდა. დაახლოებით 381-383 წლებში ნეტარი მამა განერიდა ამქვეყანას და ძესთან, ფავსტოსთან ერთად მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, საკვირველთმოქმედი მამის, ისააკის (ხს. 22 მარტს და 30 მაისს) სავანეს მიაშურა კონსტანტინოპოლის მახლობლად. ღირსმა ისააკმა მამა-შვილი ბერად აღკვეცა, რის შემდეგაც ორივენი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას შეუდგნენ. ერთხელ დიდმარხვაში ღირსმა დალმატიმ ორმოცი დღე გაატარა საზრდელის გარეშე. სიკვდილის წინ, 383 წელს, წმიდა ისააკმა იღუმენად დაადგინა ღირსი დალმატი, რომლის სახელიდანაც სავანეს დალმატისა ეწოდა.

 

ღირსი დალმატი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას 431 წელს გამართულ ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ნესტორის მწვალებლური სწავლება. კრების შემდეგ წმიდა მამა დალმატის სავანის არქიმანდრიტად იქნა ნაკურთხი და ამ ხარისხში აღესრულა კიდეც 446 წელს, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიღწეული.

წმიდა ფავსტოს შესახებ ცნობილია, რომ მამის მსგავსად, ისიც დიდი ასკეტი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ სავანეზე ზრუნვა მან გადაიბარა.

ღირსი კოზმა განდეგილი (VI)

ღირსი კოზმა განდეგილი VI საუკუნეში ცხოვრობდა პალესტინაში, ფარანის უდაბნოში. მონათხრობს წმიდა კოზმას შესახებ ვხვდებით იოანე მოსხის „ლიმონარში“. ნეტარი მამა მკაცრი მმარხველი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და საეკლესიო დოგმატების მტკიცე დამცველი იყო, ღრმად ერკვეოდა წმიდა წერილში და ეკლესიის მამათა ნაშრომებში. კოზმას განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა გააჩნდა ათანასე დიდის ნაწერებისადმი და ამბობდა: „თუ წმიდა ათანასეს სიტყვას გადაეყრები და ეტრატი არ გექნება, საკუთარ სამოსელზე ჩაწერე იგი“.

ღირსი ანტონი რომაელი, ნოვგოროდელი საკვირველთმოქმედი (+1147)

ღირსი ანტონი რომაელი 1067 წელს დაიბადა რომში. მდიდარმა და ღვთისმოშიშმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ჭაბუკი ჩვიდმეტი წლისა იყო, როცა დედ-მამა გარდაეცვალა. დაობლებული ანტონი მამათა ნაშრომების შესწავლას შეუდგა ბერძნულ ენაზე; შემდეგ ქონების ნაწილი გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კასრში ჩადო და ზღვას გაატანა, თავად კი ბერად აღიკვეცა ერთ-ერთი უდაბნოს სკიტში, სადაც ოცი წელი მოღვაწეობდა. ლათინთა მიერ მართლმადიდებელთა დევნამ საძმო აიძულა, დაფანტულიყო. ღირსი ანტონი ადგილიდან ადგილზე გადადიოდა. ბოლოს ზღვის უკაცრიელ სანაპიროზე ერთი დიდი ლოდი ჰპოვა და წელიწადზე მეტ ხანს მასზე მოსაგრეობდა. 1105 წლის 5 სექტემბერს უეცრად მოვარდნილმა საშინელმა ქარიშხალმა და ღელვამ ლოდი ზღვაში გაიტანა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სასწაულებრივად გადარჩენილი წმიდა ანტონი ნოვგოროდიდან სამი ვერსის დაშორებით, მდინარე ვოლხოვის სანაპიროზე, სოფელ ვოლხოვსკთან აღმოჩნდა. ამ ადგილას წმინდა მღვდელმთავარ ნიკიტა დაყუდებულის (+1109) კურთხევით ღირსმა ანტონიმ ღვთისმშობლის შობის სავანე დააარსა. ერთხელ მეთევზურთა ბადეს ზღვიდან ამოჰყვა კასრი წმიდა მამის მემკვიდრეობით. ნეტარმა ანტონიმ დაასახელა, რაც ჩადო მასში მრავალი წლის წინ, განძი წაიღო და სავანისათვის მიწები შეისყიდა. 1131 წელს მღვდელმთავარმა ნიფონტმა ღირსი ანტონი მონასტრის იღუმენად დაადგინა. ღვაწლმოსილი მოსაგრე 1147 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати