USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
რომელი წმინდათა ხსენების დღეა 15 სექტემბერს?
дата:  320

15 სექტემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა - რუფინე (III)

წმიდა მოწამე მამაი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინეს ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა მისი მშობლები შეიპყრეს და კაბადოკიის კესარიის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. უწყოდა რა საკუთარი ხორციელი უძლურების შესახებ, თეოდოტე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, წამებამდე მიეღო მისი სული. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა და იგი დილეგშივე გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა რუფინემ, რომელიც იმ დროისათვის ფეხმძიმედ იყო, უჟამოდ შვა ძე, ღმერთს შეავედრა იგი და მეუღლის გვერდით აღმოხდა სული. ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ამიამ, რომელმაც სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო ამის შესახებ, მიწას მიაბარა წმიდა ცხედრები, მათი ახალშობილი ყრმა კი თან წაიყვანა. ხუთი წლის ასაკში დედობილმა იგი წერა-კითხვის შესასწავლად მიაბარა _ „ფრიად სურვილითა სწავლისაჲთა მან მრავალთა თანამოჰასაკეთა სძლო სწავლულებითა“.

იმ ხანებში ტახტზე ავიდა უსჯულო ავრელიანე (270-275). იგი ყრმებსაც კი აიძულებდა, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. „ადვილ წარსატყუენველ ჰგონებდა მათ ვერაგი იგი სიჩოჲსათჳს ჰასაკთა მათთაჲსა“. ბავშვები, „ვითარცა ჭეშმარიტად ყრმანი“, ემორჩილებოდნენ ბილწი თვითმპყრობელის ნებას, გონებით ბრძენი მამაი კი მტკიცედ ერთგულებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და გვერდით მყოფ თანატოლებსაც ასწავლიდა, მხოლოდ ყოვლისმპყრობელი ღვთისთვის შეეწირათ „მსხუერპლი, სიტყჳერი და სულიერი“. როცა ამის შესახებ მმართველ დემოკრიტეს მოახსენეს, ყმაწვილი შეიპყრეს. მამაის ბრწყინვალე წარმომავლობის გამო დემოკრიტემ მისი წამება ვერ გაბედა და იმპერატორთან გაგზავნა. ავრელიანე ჯერ ალერსით, შემდეგ მუქარით ეცადა მის გადმობირებას, მაგრამ ამაოდ: წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და უშიშრად ამხილა უსულო კერპების თაყვანისმცემელთა უგუნურება. გააფთრებულმა მტარვალმა სასტიკი სატანჯველები დაატეხა თავს მარტვილს. ბოლოს, ყელზე ლოდგამობმული, ზღვაში გადააგდეს; მაგრამ ანგელოზი შეეწია უფლის რჩეულს, დახრჩობას გადაარჩინა და უბრძანა კესარიის მახლობლად, უდაბნოში მდებარე მთას შეხიზნვოდა.

ორმოცი დღე მამაიმ უჭმელ-უსმელად გაატარა, შემდეგ ღვთისგან სასწაულებრივ კვერთხი ებოძა რომელიც ზეგარდმო ბრძანების თანახმად მიწას დაჰკრა და მისი წიაღიდან წმიდა სახარება ამოვიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მცირე ტაძარი ააგო და აქ ცხოვრობდა მარხვითა და ლოცვით.

მალე წმიდა აღმსარებელს ბუნების ძალებზე საკვირველი ხელმწიფება მიენიჭა: უდაბნოში მკვიდრი მხეცები მის სამკვიდრებელთან იკრიბებოდნენ და სახარების კითხვას უსმენდნენ. ნეტარი ქურციკებისა და ირმების რძით იკვებებოდა, მოყვასთა გასაჭირსაც არ ივიწყებდა და ამ რძისგან დამზადებულ ყველს გლახაკებს ურიგებდა.

მალე ხმა წმიდა მამის ღვთივსათნო ცხოვრების შესახებ მთელ კესარიას მოედო. შეშფოთებულმა მმართველმა მხედართა რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად. უფლის რჩეული წინ მიეგება მეომრებს, თავისთან მიიწვია და კეთილად უმასპინძლა. ამის შემდეგ მამაიმ თავისი ვინაობა გაუმხილა სტუმრებს და ჩაბარდა. მმართველმა ალექსანდრემ საშინელი და ხანგრძლივი სატანჯველებით აწამა ნეტარი, შემდეგ ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ უვნებელი დარჩა, მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ მათ კრძალვით თაყვანისსცეს და ამბორს-უყვეს... ეს სასწაულები „ქვისაცა მოლბობად კმა-იყვნეს“, მაგრამ მმართველი კიდევ უფრო გაფიცხდა და ერთ-ერთ მკლავმაგარ ქვეშევრდომთაგანს რკინის სამთითით მისი განგმირვა უბრძანა. სასიკვდილოდ დაჭრილმა მარტვილმა გაჭირვებით მიაღწია ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს, მიწვა და მიიძინა საუკუნო ძილით. წმიდანის აღსასრულის წინ „ჴმაჲ ზეგარდამო მოიწია, რომელი მოუწოდდა მოღუაწესა საყოფელთა მიმართ მკჳდრ წარუვალთა“.

მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი მისი მიცვალების ადგილზევე დაკრძალეს.

ღირსი იოანე მმარხველი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+595)

ღირსი იოანე IV მმარხველი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (582-595), ბავშვობიდანვე საოცარ ლტოლვას გრძნობდა მონაზვნობისკენ. კეთილმსახური ცხოვრებისთვის იგი დიაკვნად აკურთხეს, რამდენიმე ხანში კი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსადაც დაადგინეს. მღვდელმთავრობის წლების მანძილზე წმიდანს არ დაუგდია ცხოვრების ის წესი, რომელიც ყველაზე ასკეტი მეუდაბნოე მამებისთვის იყო დამახასიათებელი, ამიტომაც ეწოდა „მმარხველი“.

წმიდა მამა საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითით ასწავლიდა მორწმუნეებს ვნებების მოთოკვასა და თავის ფლობას. როცა კონსტანტინოპოლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სულთმოფენობის დღესასწაულის მიმწუხრზე დოღის ცქერით დამტკბარიყვნენ და ეს, რა თქმა უნდა, შეამცირებდა დღესასწაულის აღქმას, ნეტარი მღვდელმთავარი მუხლებზე დაეცა და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს მისი სამწყსოს ეს უსჯულო განზრახვა განექარვებინა. და, აი, როგორც კი კონსტანტინოპოლელებმა ასპარეზზე თავი მოიყარეს, უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ატყდა ჭექა-ქუხილი, ძლიერ წვიმას სეტყვა მოჰყვა და სანახაობაც ჩაიშალა. წმიდა იოანეს ისე უყვარდა გლახაკები, რომ უშურველად ურიგებდა მათ ყველაფერს, რაც გააჩნდა და, როცა მიიცვალა, ძველი სამოსლის გარდა არაფერი დარჩენია. ნეტარმა მამამ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი.

წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულნი (III-IV)

წმიდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე ნიკომიდიაში აწამეს ქრისტესთვის იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305) დროს. ისინი იყვნენ ალექსანდრიელები, რომელთაც ქრისტე მაცხოვარი ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, პეტრეს (ხს. 25 ნოემბერს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ირწმუნეს. წმიდანები ოჯახებით ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. დიოკლეტიანე თავდაპირველად ცდილობდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფაზე დაეყოლიებინა აღმსარებლები, მაგრამ მათი შეურყევლობა რომ იხილა, ბრძანა, ყველასთვის თავები მოეკვეთათ, სხეულები კი ხრამში გადაეყარათ. უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები მრავალი წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი საღვთო გამოცხადებით.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати