15 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
15 (28) ივნისი
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა ათ ტომს კი კერპთაყვანისმცემელი იერობოამ II განაგებდა. მან ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და უსჯულოებაში ჩავარდნილ მთელ თავის სამეფოსთან ერთად მას ეთაყვანებოდა.
წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზა შეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.
წმიდა მოციქული სტეფანე (I)
15 (28) ივნისი
წმიდა მოციქულ სტეფანეს პავლე მოციქული ახსენებს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში (1 კორ. 16,15-18). იგი წერს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი, რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა, ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფორტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი“.
წმიდა მოწამე დულა კილიკიელი (+დაახლ. 305-313)
15 (28) ივნისი
წმიდა მოწამე დულა კილიკიელი ქალაქ პრეტორიადაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და კილიკიის ოლქის მმართველ მაქსიმესთან წარადგინეს სამსჯავროზე. სასამართლოს დაწყებამდე წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, კერპთაყვანისმცემლობის მხილების ძალა მიენიჭებინა მისთვის.
დაკითხვებში ნეტარი მარტვილი ახოვნად აღიარებდა ქრისტეს და გაბედულად განაქიქებდა წარმართთა ცრუ სჯულს. მმართველი გულმოდგინედ ცდილობდა, უარეყო ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ვერ პოულობდა ძალას დულას მადლმოსილი სიტყვების წინააღმდგომად. ამით გააფთრებულმა უსჯულომ დაუნდობლად აწამა წმიდანი, ბოლოს კი საპყრობილეში გამოამწყვდია. ყოველ ახალ დაკითხვაზე მარტვილი სულითა და ხორცით გამხნევებული და განცხოველებული ცხადდებოდა. მსაჯულის წინაშე უკანასკნელად წარმდგარს ქვედა ყბა მოგლიჯეს, წვივები გადაუმტვრიეს, მმართველის ეტლს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. ასე აღმოხდა სული უფლის სათნომყოფელს.
დულას დაფლეთილი სხეული მდინარეში გადააგდეს. ტალღებმა იგი წმიდანის მშობლიური ქალაქის ნაპირებთან გამორიყა. წმიდანის ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას.
ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი (+380)
15 (28) ივნისი
ღირსი ორტისი ტაბენისიოტელი (+380) პახუმი დიდის (+348; ხს. 15 მაისს) მოწაფე იყო. მან ახალგაზრდობაშივე ისეთი დიდი სულიერი გამოცდილების დაგროვება მოასწრო, რომ მოძღვარმა ხენოვოსის კინოვიის იღუმენობა მიანდო. ერთხელ პახუმიმ ბერებს ღირსი ორტისის შესახებ უთხრა, იგი ოქროს სასანთლესავით ბრწყინავსო უფლის სახლში. პახუმი დიდის სიკვდილის შემდეგ წმიდა ორტისი საკუთარი ნების წინააღმდეგ ტაბენისიოტელი ძმების წინამძღვრად დაადგინეს. რადგან სავანის ბერების რიცხვი თანდათან მატულობდა, ღირსმა მამამ თავის თანაშემწედ თეოდორე დანიშნა, შემდეგ მონასტრის მამასახლისობა მთლიანად მას გადააბარა, თვითონ კი ხენოვოსის კინოვიას დაუბრუნდა. 365 წელს, ღირსი თეოდორეს სიკვდილის შემდეგ, მღვდელმთავარი ათანასე დიდი ღირს ორტისის და საძმოს წერდა: „ნუ სტირით, საყვარელო ძმებო, თეოდორეს გამო: იგი კი არ მომკვდარა, სძინავს. ნურავინ იცრემლება. ყველამ მიჰბაძოს მას. არ ეგების ტირილი მის გამო, ვინც იქ დაემკვიდრა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება. შენ კი, საყვარელო და ძვირფასო ორტისი, გწერ: „რადგან მან მიიძინა, სავანეზე ზრუნვა შენ იტვირთე, მისი მაგივრობა გაუწიე ძმებს. სანამ თეოდორე ცოცხალი იყო, თქვენ ხომ ერთსულ და ერთხორც იყავით“. ღირსმა ორტისიმ მღვდელმთავარ ათანასეს თხოვნა შეასრულა.
წმიდა მამა საღვთო წერილში ღრმად იყო ჩახედული და მჭევრმეტყველების საოცარი ნიჭი ჰქონდა. „მის სიტყვას, - წერდა ნეტარი მოსაგრის თანამედროვე, - თითქოს თანდათან ემატებოდა ძალა ძმათა ნუგეშინისსაცემად“. აბბა ორტისიმ სიკვდილის წინ ანდერძივით დატოვა წიგნი, სადაც თითქმის მთელი ძველი და ახალი აღთქმა იყო განმარტებული მონაზვნური საჭიროებებისათვის დართული მოკლე შენიშვნებით.
ღირსი დულა მეგვიპტელი
15 (28) ივნისი
ღირსი დულა ეგვიპტის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. სიმშვიდით, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამორჩეული მოწესე სავანის ზოგიერთი ძმისგან 20 წლის მანძილზე ითმენდა დაცინვასა და შეურაცხყოფას. თავდაპირველად ძლიერ უჭირდა, მაგრამ შემდგომ ისეთ განურისხველობას მიაღწია, რომ გულწრფელად უყვარდა თავისი მტრები.
სიცოცხლის მიწურულს წმიდანს განსაცდელი დაატყდა თავს: ერთმა ბერმა საეკლესიო ჭურჭელი მოიპარა და გადამალა. როცა იღუმენმა საძმოსთან ერთად დამნაშავის მოძებნა გადაწყვიტა, მტრებმა ქურდობაში დულას დასდეს ბრალი. ისინი ამბობდნენ, სწორედ იმ დღეს დულა შუაღამიანზე არ გამოცხადდა, მაშინ, როცა სხვა დროს მას ვერავინ დაასწრებდაო მოსვლას. სინამდვილეში ამ მსახურებაზე წმიდანის არყოფნის მიზეზი მისი ავადმყოფობა იყო. ღირსი მამა ამტკიცებდა, ამ ცოდვაში ბრალი არ მიმიძღვისო, მაგრამ მტრები კრიჭაში ჩაუდგნენ - ყველაფერი საკუთარი თვალებით ვნახეთო. როცა დულა დარწმუნდა, რომ მისი არავის სჯეროდა, თავის მართლება აღარ განაგრძო და თქვა: „შემინდეთ, წმიდანო მამანო, ცოდვილი ვარ!“ მაშინ იღუმენმა ბრძანა, საბერო შესამოსელისგან განეძარცვათ ნეტარი მამა. დულა ხმამაღლა ქვითინებდა და ღაღადებდა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შენი სახელისთვის შევიმოსე ეს სამოსელი, ახლა კი, ცოდვების გამო განვიმოსები მისგან!“
ღირს მამას ბორკილები დაადეს. იკონომოსი მას სასტიკად გვემდა - სურდა გამოეტეხა, სად გადამალა ჭურჭელი, უცოდველი მარტვილი კი იმეორებდა: „ვცოდე - შემინდეთ!“ მაშინ ბერი საერო სასამართლოს გადასცეს განსასჯელად, სადაც წამება დაუწყეს. მოსაგრე ამაოდ ირწმუნებოდა, მე არა მაქვსო ვერცხლი და არც დაკარგული ჭურჭელი. ბერებმა ნება დართეს ქალაქის ეპარქს, ისე მოქცეოდა განსასჯელს, როგორც კანონი ავალდებულებდა და დულასაც ორივე ხელის მოკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებამდე მმართველმა ღირს მამას მიმართა: „გვითხარი, სად არის ჭურჭელი და სასჯელისგანაც განთავისუფლდები“. წმიდანმა მიუგო: „გინდა, რომ ის მათქმევინო, რაც არ ჩამიდენია? მე აღარ მსურს ვიცრუო, რადგან ყოველგვარი ტყუილი ბოროტისგანაა“. დულა დასასჯელად გაიყვანეს და მაშინ, როგორც იქნა, ნამდვილმა ქურდმა იგრძნო სინდისის ქენჯნა: იღუმენთან მივიდა და ითხოვა, შეეჩერებინათ ჯალათები.
ღირსი მამა მონასტერში დააბრუნეს. ბერები პატიებას სთხოვდნენ, ის კი სულაც არ ბრაზობდა, პირიქით, მადლობას უხდიდა ყველას იმისთვის, რომ ვნებათა დათმენით ცოდვების გამოსყიდვის საშუალება მისცეს. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა მტრებისთვის. სამი დღის შემდეგ ღირსი მამა აღსრულებული იპოვეს - მას ლოცვის დროს, მუხლმოყრილს შეევედრებინა სული უფლისათვის. დაკრძალვა იღუმენისა და მეზობელი ლავრის ძმების მოსვლამდე გადადეს. მანამდე კი წმიდა ცხედარი ტაძარში გამოკეტეს. როცა ყველანი შეგროვდნენ და ეკლესიაში შევიდნენ, შიგ მიცვალებულის სამოსლისა და სანდლების გარდა არაფერი დახვედრიათ.
ღვთის განგებით, წმიდა დულას შეურაცხმყოფელთ არ მიეცათ წმიდანის დაკრძალვისა და მასთან ქრისტიანულად გამომშვიდობების საშუალება.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (+420)
15 (28) ივნისი
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი ქალაქ სტრიდონში (დალმაცია და პანონია) მცხოვრებ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. განათლების მისაღებად მშობლებმა ჭაბუკი რომში გაგზავნეს, სადაც იგი საერო მეცნიერებებს სწავლობდა. დედაქალაქში ჩასული იერონიმე თავდაპირველად ქალაქური ფუფუნებითა და ახალგაზრდული თავაშვებულობით ცხოვრობდა, მაგრამ მალე მასში ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი მომწიფდა. მომავალი წმიდანი 20 წლის იყო, როცა მოინათლა. ამის შემდეგ იგი გალიაში ჩავიდა, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა, ღვთისთვის მიეძღვნა თავი და ბერად აღკვეცილიყო.
დაახლოებით 372 წელს იერონიმე მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; დედ-მამა გარდაცვლილი დაუხვდა და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად. საღვთო შურით ანთებულს ბერად აღკვეცის გადადება მოუხდა. ამ ხანებში იგი გულმოდგინედ სწავლობდა საღვთო წერილს.
საოჯახო საქმეების მოწყობის შემდეგ ნეტარი მამა აღმოსავლეთში გაემგზავრა. იგი ხუთი წელი ცხოვრობდა სირიის ერთ-ერთ მონასტერში. აქ იერონიმე ძირითადად წმიდა წერილზე მუშაობდა და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. იერონიმემ საფუძვლიანად შეისწავლა ებრაული და ქალდეური ენები. ამ დროს დაიწყო მისი მიმოწერა მრავალ პირთან სხვადასხვა საკითხზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 120-მა წერილმა. მალე ანტიოქიაში ეპისკოპოსების: მელეტის, პავლინისა და ვიტალის მომხრეებს შორის წარმოქმნილმა შფოთმა და უთანხმოებამ იმ სავანეშიც იჩინა თავი, სადაც ნეტარი იერონიმე იღვწოდა, ამის გამო მას მონასტრის დატოვება და ანტიოქიაში წასვლა მოუხდა. აქ ეპისკოპოსმა პავლინმა წმიდანი მღვდლად აკურთხა. შემდეგ იერონიმე კონსტანტინეპოლში ჩავიდა, სადაც ესაუბრა წმიდა მღვდელმთავრებს: გრიგოლ ღვთისმეტყველსა და გრიგოლ ნოსელს, 381 წელს კი რომში გაემგზავრა. აქ მან სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო. წმიდა პაპმა დამას I-მა (366-384), რომელიც ასევე წმიდა წერილის შესწავლით იყო დაკავებული, დაიახლოვა ნეტარი მამა, მაგრამ იერონიმეს მამხილებელი სიტყვით გაგულისებულმა რომაელმა ქრისტიანებმა მოიძულეს იგი და სამი წლის შემდეგ იძულებული გახადეს, დაეტოვებინა ქალაქი. წმიდანმა ძმასთან, პავლინიანესთან და მეგობრებთან ერთად მოილოცა წმიდა მიწა, მოინახულა ნიტრიის უდაბნოს ბერები, 386 წელს კი ბეთლემში, იმ გამოქვაბულის მახლობლად დამკვიდრდა, სადაც ქრისტე იშვა, და მკაცრ ღვაწლს შეუდგა.
ეს იყო ნეტარი მამის შემოქმედებითი მოღვაწეობის აყვავების ხანა. თავისი დროის გამოჩენილმა მეცნიერმა ეკლესიას მდიდარი წერილობითი მემკვიდრეობა დაუტოვა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ-ასკეტური ნაწერები, წმიდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. მისი უმთავრესი ნაშრომია ძველი და ახალი აღთქმის საღვთო წიგნების ხელახალი თარგმანი ლათინურ ენაზე. ეს თარგმანი, რომელსაც ვულგატა უწოდეს, დასავლეთის ეკლესიაში საყოველთაო ხმარებაშია.
წმიდა იერონიმე ბეთლემის გამოქვაბულში თავის კელიაში აღესრულა დაახლოებით 420 წელს. მისი წმიდა ნაწილები რომში გადაასვენეს.
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე (+1389)
15 (28) ივნისი
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ეს ის დრო იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ.
წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნეს, შემდეგ კი, 1372 წელს, მეფედ აკურთხეს. წმიდანი დაუცხრომლად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს, შეეწეოდა მონასტრებსა და საქველმოქმედო დაწესებულებებს. 1380 წელს კეთილმსახურმა მთავარმა როვანცის სავანე ააშენა. მისი შუამდგომლობით კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე. ლაზარეს მმართველობის 10 წლის მანძილზე მთელს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა. შემდეგ დაიწყო ომი თურქებთან და 1389 წლის 15 ივნისს, სულთან ბაიაზეთის ბრძანებით, წმიდა ლაზარეს თავი მოჰკვეთეს. 1391 წელს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები როვანიცას მონასტერში დაასვენეს, თურქების მიერ ამ სავანის დანგრევის შემდეგ კი, 1683 წელს, ისინი ფრუგის მთაზე, ნოვაია როვანიცას მონასტერში გადააბრძანეს.
წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის
მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი (+1461)
15 (28) ივნისი
წმიდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი დაიბადა ქალაქ გალიჩში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა მონასტერში წავიდა. წმიდანი ჯერ გალიჩის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მოსკოვის სვიმეონის სავანეში დამკვიდრდა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა მორჩილების საქმეს. ერთხელ სვიმეონის მონასტერი მოსკოველმა მიტროპოლიტმა, წმიდა ფოტიმ (ხს. 27 მაისსა და 2 ივლისს) მოინახულა. პარაკლისის შემდეგ მან დალოცა არქიმანდრიტი თავისი საძმოთი და იმ ბერების კურთხევაც მოისურვა, რომლებიც ამ დროს სხვადასხვა მორჩილების საქმეს აღასრულებდნენ. პურის საცხობში შესულმა მღვდელმთავარმა დაინახა იონა, რომელსაც, მძიმე სამუშაოებისაგან დაქანცულს, ჩასძინებოდა, მარჯვენა კი მაკურთხებელ ჟესტში გასჩერებოდა. ფოტიმ ითხოვა, არ გაეღვიძებინათ ბერი, აკურთხა მძინარე და იწინასწარმეტყველა, რომ იგი რუსეთის ეკლესიის დიდი მნათობი გახდებოდა და ბევრს დააყენებდა ცხონების გზაზე. მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ მომავალ წმიდანს რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
1431 წელს მღვდელმთავარი ფოტი გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ, კეთილმსახურებისა და წმიდა ცხოვრებისათვის, იონა სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად აირჩიეს. როცა ახალარჩეული მიტროპოლიტი კონსტანტინეპოლის პატრიარქ იოსებ II-სთან (1416-1439) ჩავიდა ხარისხის დასამტკიცებლად, გაირკვა, რომ რუსეთის ეკლესიის წინამძღვრად უკვე დაენიშნათ ბრძენი და ცბიერი უცხოტომელი ისიდორე. ისიდორემ მცირეოდენი ხანი დაჰყო კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი ფლორენციის კრებაზე (1438 წ.) გაემგზავრა, სადაც მხარი დაუჭირა უნიას. რუსი მწყემსმთავრებისა და სამღვდელოების თავყრილობამ მართლმადიდებლობის ორგულ მსახურს ხარისხი აჰყარა და იგი იძულებული გახდა, რომში გაქცეულიყო (+1462). წმიდა იონა ერთსულოვნად იქნა დადგენილი სრულიად რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ის იყო პირველი მიტროპოლიტი, რომლის ხელდასხმაც კონსტანტინეპოლელი პატრიარქის გრიგოლ II (1445-1450) კურთხევით რუსმა მღვდელმთავრებმა აღასრულეს მოსკოვში. წმიდა მამა 1448 წლის 15 დეკემბრიდან შეუდგა სამწყსოს გამგებლობას. ეკლესიის წინამძღვრის მძიმე ჯვრის ზიდვის მიუხედავად, წმიდანს ოდნავადაც არ შეუნელებია პირადი ასკეტური ღვაწლი. ყოველივე ამისთვის უფალმა სასწაულთქმედების და განჭვრეტის ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს.
1451 წელს მოულოდნელად თათრები მოადგნენ მოსკოვს, მისი შემოგარენი გადაწვეს და ქალაქზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ. მიტროპოლიტი იონა ღვთისმსახურთა დასთან ერთად ლიტანიობას აღასრულებდა მოსკოვის გალავნის ირგვლივ და ცრემლებით შესთხოვდა უფალს ქალაქისა და მისი მცხოვრებლების შეწყალებას. უეცრად მან ჩუდოვოს მონასტრის მხცოვანი და კეთილმსახურებით გამორჩეული ბერი, ანტონი შენიშნა და ასე მიმართა: „შვილო და ძმაო ჩემო ანტონი! ილოცე ღვთისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ, რომ დაიხსნან ქალაქი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი!“ თავმდაბალმა ბერმა მიუგო: „დიდო მეუფეო! მადლობა შევწიროთ უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: მან შეისმინა შენი ვედრება და თავის ძეს შეგვავედრა; შენი ლოცვებით ქალაქი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გადარჩება, მე, ერთადერთს, მიწერია მტრის ხელით სიკვდილი“. ამ სიტყვების დასრულებისთანავე ისარმა განგმირა ღვთის სათნომყოფელი. 2 ივლისს კი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის დადების დღესასწაულზე, მამა ანტონის წინასწარმეტყველებისამებრ, მტრის რიგებში შფოთი ატყდა: ისინი გაურკვეველმა შიშმა შეიპყრო და ზარდაცემულები თავქუდმოგლეჯით უკუიქცნენ. მადლობის ნიშნად მღვდელმთავარმა იონამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის დადების სახელობის ტაძარი ააგო.
ნეტარი მამა 1461 წლის 31 მარტს მიიცვალა. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1472 წელს მოხდა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება და მათი კრემლის მიძინების ტაძარში გადასვენება.
წმიდა მიხეილი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი (+992)
15 (28) ივნისი
წმიდა მიხეილი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი, მღვდელმსახურთა დასთან ერთად 989 წელს ჩავიდა კორსუნში ახალნათელღებულ (988 წ.) მოციქულთასწორი მთავარ ვლადიმირთან (ხს. 15 ივლისს). რუსეთის პირველ მიტროპოლიტს მძიმე, მაგრამ მადლმოსილი მსახურება ხვდა წილად. ბრძენმა მშვიდმა, მკაცრმა და სამართლიანმა მღვდელმთავარმა 992 წლის 15 ივლისს მშვიდობით დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება.
ღირსმოწამენი: გრიგოლ და კასიანე ავენგელები (+1392)
15 (28) ივნისი
ღირსმოწამენი გრიგოლ და კასიანე ავენგელები ვოლოგდის მიწაზე, მდინარე სუხონთან მოსაგრეობდნენ. ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ავენგის სავანეში 1392 წლის 1 ივნისს, თათართა შემოსევის დროს.